საქართველოს ეკონომიკური ზრდა – 2022 წლის შეჯამება

საქართველოს ეკონომიკური ზრდა – 2022 წლის შეჯამება post thumbnail image

2022 წელი საქართველოს ეკონომიკის სექტორისთვის აქტიური და წარმატებული აღმოჩნდა. ქვეყანამ შეძლო და დაიბრუნა ის მდგომარეობა, რაც ფინანსური კუთხით კოვიდ პანდემიამდე ჰქონდა. შესაბამისად, თითოეული თვის მონაცემი, ზრდის დადებით ტენდენციას აჩვენებს, რაც 2021 წლის შედეგების გათვალისწინებით, ექსპერტების მიერ იყო პროგნოზირებული. საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროგნოზები 2023 წლისთვისაც საკმაოდ პოზიტიურია, ვინაიდან უკვე ორი წელია, რაც ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ნიშნულებს ინარჩუნებს.

სტატიაში უფრო დეტალურად წარმოგიდგენთ 2022 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკურ სექტორში გამოხატულ მთავარ ტენდენციებსა და შედეგებს. ასევე შევეხებით 2023 წლის პროგნოზებს, რაც ბოლო მონაცემებით, პოზიტიური და დამაიმედებელია.

2022 წლის დადებითი ტენდენციები

2021 წლის ბოლოს, მთავრობისა და ექსპერტების განცხადებით, მოსალოდნელი იყო რომ ეკონომიკური ზრდის ნიშნულები კვლავ განაგრძობდა დადებით ტენდენციას. საქართველომ 2021 წელი 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დაასრულა, რაც 2020 წელს მომხდარი მოვლენების ფონზე, შთამბეჭდავი შედეგი იყო. პროგნოზები გამართლდა, 2022 წლის პირველი კვარტალი 14.4%-იანი ზრდის ნიშნულით დასრულდა. ინფლაცია ამ შემთხვევაში კვლავ მაღალი რჩებოდა და 13%-ზე მეტს შეადგენდა. რაც შეეხება საბაზისო ინფლაციას, ის დაახლოებით 5.5% იყო.

მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე მთავარი გავლენა აქტიურმა საგარეო ვაჭრობამ მოახდინა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიაზრდა ექსპორტისა და იმპორტის წილი, რაც მნიშვნელოვან სტაგნაციას განიცდიდა 2020 წლის მანძილზე. კონკრეტულად, ექსპორტმა 43%-იანი, ხოლო იმპორტმა 35%-იანი ზრდა აჩვენა. ასევე გაიზარდა შემოსავალი ტურიზმის სექტორიდან. პირველ კვარტალში მთავარი ცვლილება რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება იყო, რასაც დიდი გავლენა ჰქონდა საბოლოო ნიშნულებზე. განაკვეთი 11%-მდე გაიზარდა.

დადებითი ტენდენციები გაგრძელდა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდშიც. აქ განსაკუთრებით დიდი როლი გაზრდილმა ტურიზმმა და უცხოეთიდან შემოსულმა ხშირმა ფულადმა ტრანზაქციებმა ითამაშა. ეს განპირობებული იყო საქართველოში იმიგრაციის მაღალი მაჩვენებლით და მიმდინარე გლობალური პოლიტიკური მოვლენებით.

განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2022 წლის შემოდგომა. კონკრეტულად, ოქტომბერში დაახლოებით 8%-იანი ხოლო, ნოემბერში 9.3%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. საქსტატის განცხადებით, დიდი როლი ითამაშა კერძო სექტორმა, სადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ფინანსური ბრუნვა. საბოლოო მაჩვენებელმა 11.7 მილიარდი ლარი შეადგინა. გასული წლის მონაცემებთან შედარებით, მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით მაღალია. ასევე მნიშვნელოვანი იყო გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, საავტომობილო და სამშენებლო სფეროში. თავისთავად მაღალი იყო ტურიზმის სექტორის ჩართულობა.

აქ, აღსანიშნავია სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის ჩართულობაც, სადაც დაფიქსირდა 417 000 ჯამური ვიზიტი. ეს  მნიშვნელოვანი ზრდა იყო,  გასული წლების მონაცემებთან შედარებით. ერთადერთი მაჩვენებელი, რამაც მნიშვნელოვანი კლება აჩვენა იყო მეტალურგიული მრეწველობა. კერძოდ, მოცემულ პერიოდში დაახლოებით 63%-ით შემცირდა მანგანუმის ექსპორტი რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

დეკემბრის ბოლო საპარლამენტო სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დადებითი პროგნოზები განაცხადა 2023 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან მიმართებით. აღნიშნულში ერთ-ერთი მთავარი წვლილი ბიუჯეტის სწორად დაგეგმარებას მიუძღვის. ასევე  მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების დასახელება და გათვალისწინება, რაც 2023 წელს საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

კერძოდ, შიდა ფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტთან ერთად, ფულადსაკრედიტო პოლიტიკაში ცვლილებები მნიშვნელოვნად აისახება სხვადასხვა ფინანსურ აქტივობაზე. შეხვედრაზე ასევე გაცხადდა სავარაუდო ცვლილებები მონეტარული პოლიტიკის მხრივაც, სადაც მთავარი მიზანი პირობების გამკაცრება და მეტად სამართლიანი გარემოს შექმნაა.

რაც შეეხება გარე მოქმედ ფაქტორებს, გადამწყვეტი როლი აქ ევროკავშირის ქმედებებსა და რუსეთსა და უკრაინას შორის, მიმდინარე ომს ეკუთვნის. ასევე მნიშვნელოვანია ენერგომატარებლები, რომელიც ომის ფონზე, არასტაბილურ სექტორად იქცა. ირაკლი კოვზანაძის, საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის განცხადებით, ევროპის ცენტრალური ბანკის პოტენციური ცვლილებებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში ეკონომიკური ტენდენციების ჩამოყალიბებაზე.

მიუხედავად ამ ფაქტორებისა, სწორი შიდა კოორდინაციით და მონიტორინგით, მთავრობა მიიჩნევს, რომ 2023 წელი კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით იქნება გამორჩეული.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *