არის თუ არა მობაილ ბანკინგი უსაფრთხო?

არის თუ არა მობაილ ბანკინგი უსაფრთხო? post thumbnail image

კომერციული ბანკების მობილური აპლიკაციების გამოყენება ძალიან კომფორტულია. სტანდარტული მობილური აპლიკაცია ბანკისათვის საშუალებას გაძლევთ ყოველ წამს გქონდეთ წვდომა თქვენს საბანკო ანგარიშთან, შეამოწმოთ ანგარიშები, გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, გადარიცხოთ თანხა 24 საათის განმავლობაში სახლიდან გაუსვლელად და ა.შ.  ზოგიერთი ბანკი დამატებით ფუნქციებსაც გვთავაზობს, მაგალითად რიგი საბანკო მომსახურეობის მიღება მობაილ ბანკინგის მეშვეობით, ყოველთვიური დანახარჯების ანალიზი და სხვა. ერთი სიტყვით, მობაილ ბანკების გამოყენება გვიმარტივებს ცხოვრებას და ზოგავს ჩვენს დროს. თუმცა, აქვე არის მნიშვნელოვანი კითხვა – რამდენად უსაფრთხოა მობაილ ბანკინგი თქვენთვის და თქვენი ანგარიშებისათვის? რამდენად მოსალოდნელია, რომ ვინმე შეძლებს თქვენს უნებართვოდ ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრას და სხვადასხვა ტრანზაქციების განხორციელებას მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მობაილ ბანკინგს იყენებთ?

მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი რისკებისგან დაცული იყოთ. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ეგრეთწოდებული ფიშინგი ძალიან პოპულარულია და ჩვენს გარშემო მეტი და მეტი ადამიანი ხდება საბანკო თაღლითობების მსხვერპლი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდებისთვის მობაილ ბანკინგი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ფუნქციას საკმარისზე მეტი დროც ეთმობა.

როდესაც მობაილ ბანკინგის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ორი მხარე. პირველ მხარეს პროვაიდერი ანუ ბანკი დგას. ბანკი პასუხისმგებელია მომხმარებელს შესთავაზოს მობილური აპლიკაცია, რომელიც მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხოა. ხოლო მეორე მხარეს კი მომხმარებელი დგას, რომელსაც შეუძლია გახადოს მობილური აპლიკაცია უფრო უსაფრთხო, ან პირიქით, ადვილად ხელმისაწვდომი თაღლითებისათვის.

ამ სტატიაში ორივე მხარეს განვიხილავთ და გავცემთ პასუხს კითხვას არის თუ არის მობილური ბანკინგი უსაფრთხო მომხმარებლებისათვის. ასევე გაგაცნობთ იმ ხერხებს, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ თავიდან აიცილოთ ყოველგვარი გაუგებრობა და თაღლითობა.

რამდენად უსაფრთხოა ბანკის მობილური აპლიკაციები?

სმარტფონებში ინტერნეტის, ვებსაიტების და სოციალური ქსელების მოხმარების მაჩვენებლმა უკვე დიდი ხანია გადაასწრო ლეპტოპისა თუ პერსონალური კომპიუტერების მოხმარების მაჩვენებელს. სწორედ ამიტომ, ბანკები ცდილობენ თავადაც გადაერთნონ სმარტფონებზე და მომხმარებელს შესთავაზონ ისეთი პროდუქტი, რომელსაც მარტივად გამოიყენებენ. გამონაკლისი არც საქართველოში არსებული კომერციული ბანკები არიან. მათ შორის კონკურენცია საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ისინი ცდილობენ გაგვაკვირვონ ინოვაციური და ამავდროულად მარტივად გასაგები პროდუქტით. ამის შედეგია ხარისხიანი მობილური ბანკინგის აპლიკაციებიც. რამდენადაც საბანკო სექტორი მკაცრად რეგულირებულია, ბანკები მეტად ფრთხილები არიან, როდესაც საქმე ონლაინ ბანკინგს ეხება და ითვალისწინებენ ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომას, იმისთვის, რომ მომხმარებელს მსგავსი პრობლემები არ შეექმნას.

როდესაც მობილური ბანკინგის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ პროვაიდერის მხრიდან ორი მთავარი საკითხია გასათვალისწინებელი. ის თუ ვინ ამზადებს აპლიკაციას და არის თუ არა აპლიკაცია დაცული იმდენად, რომ გაუძლოს სხვადასხვა ვირუსულ პროგრამებს. მარტივად რომ ვთქვათ, აპლიკაცია დამზადებული უნდა იყოს პროფესიონალი დეველოპერების მიერ, მას უნდა ჰქონდეს გავლილი ტესტირების საჭირო პერიოდი და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გაეშვას. ამასთანავე, საჭიროა მობილური ბანკინგის აპლიკაციას ჰქონდეს მაქსიმალური დაცვა, რათა მობილურის ვირუსულმა პროგრამებმა ვერ შეძლონ ინფორმაციის მიღება აპლიკაციიდან ან აპლიკაციაში შეღწევა.

ზოგადად, მობაილ ბანკინგის აპლიკაციები, რომლებიც უშუალოდ ბანკის მიერ არის დამზადებული ყველა საჭირო უსაფრთხოების საფეხურის გავლით, შესაბამისად – უსაფრთხოა. ძირითადი საფრთხე, რაც თქვენს ანგარიშს და თქვენ შეიძლება დაგემუქროთ გამომდინარეობს ისევ თქვენგან.

რამდენად უსაფრთხოა მობაილ ბანკინგი

როგორ დავიზღვიოთ თავი თაღლითობისაგან?

ის მომხმარებელები, რომელთაც აქვთ ინფორმაცია მობილური ბანკინგის უსაფრთხოების დაცვის შესახებ და იციან როგორ მოიხმარონ აპლიკაცია სწორად, ბევრად უფრო ნაკლები რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ის მომხმარებლები, რომელთაც ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ როგორ დაიცვათ თავი თაღლითებისაგან მობაილ ბანკინგის გამოყენებისას.

ნუ დაკარგავთ თქვენს სმარტფონს

ეს რჩევა ნამდვილად სასაცილოდ ჟღერს. მობილური ტელეფონის დაკარგვა ნამდვილად საწყენია. თუმცა, თუ წლების წინ დაკარგულ ტელეფონს თქვენი რამოდენიმე სურათი, კონტაქტების სია და მიმოწერა მიჰქონდა, ახლა საქმე გაცილებით უფრო რთულადაა. ჩვენ თითქმის ყოველ წამს ვიყენებთ ჩვენს მობილურ ტელეფონებს და შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ იქაა თავმოყრილი. სმარტფონის დაკარგვა ახლა ნამდვილი უბედურებაა. მითუმეტეს, თუ მობაილ ბანკინგის აპლიკაცია გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი მობილური არაკეთილსინდისიერი ადამიანის ხელში აღმოჩდნება, იგი ძალიან ახლოს იქნება თქვენს საბანკო ანგარიშთან, ხოლო თუ თქვენ არასაკმარისად დაცული მობაილ ბანკინგი გაქვთ, შესაძლებლობა ექნება თქვენი თანხა წამებში მიითვისოს.

  • იმისათვის, რომ დაცული იყოთ მაშინაც კი, თუ მობილურ ტელეფონს დაკარგავთ, საჭიროა დააყენოთ რთულად გამოსაცნობი პაროლი თქვენს მობილურზე. საუკეთესო შემთხვევაში, ეს უნდა იყოს 6 ან მეტი სიმბოლოსგან შემდგარი პაროლი სადაც გამოყენებულია დიდი და პატარა ლათინური ასოები, ციფრები და სიმბოლოები.
  • თუ ფიქრობთ, რომ რთულ პაროლს ვერ დაიმახსოვრებთ, შეგიძლიათ მობილური ტელეფონის დაცვის სხვა სისტემას მიმართოთ, მაგალითად დააყენოთ სახის ან თითის ანაბეჭდის ამომცნობი.
  • რა თქმა უნდა, ძლიერი და რთულად გამოსაცნობი პაროლი უნდა აარჩიოთ ასევე თქვენი მობაილ ბანკინგის აპლიკაციისათვის. ნუ დაამახსოვრებინებთ აპლიკაციას თქვენს პაროლს, ჯობია ყოველ ჯერზე თავიდან შეიყვანოთ, რადგან ასე უფრო დაცული იქნებით. ასევე  ნუ ჩაიწერთ სმარტფონში თქვენი მობაილ ბანკინგის პაროლს.
  • თუ ჩვენი რჩევის მიუხედავად მობილური ტელეფონი მაინც დაკარგეთ, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ბანკს რათა მიიღონ საჭირო ზომები და შეზღუდონ წვდომა თქვენს მობაილ ბანკინგზე. ეს გააკეთეთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს მობილურსა და მობაილ ბანკინგის აპლიკაციას ყველაზე რთულად გამოსაცნობი პაროლი ადევს.

ნუ გამოიყენებთ მობაილ ბანკინგს საზოგადოებრივი Wi-Fi-ით სარგებლობისას

ეს რჩევა არ ეხება მხოლოდ მობაილ ბანკინგის აპლიკაციებს. როდესაც საქმე ეხება აპლიკაციებს, სადაც ინახება თქვენი  სენსიტიურ მონაცემები, როგორიც მაგალითად მობაილ ბანკინგის მონაცემებია, საერთოდ ნუ გამოიყენებთ მათ საზოგადოებრივი ინტერნეტით სარგებლობისას. საქმე ისაა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში, რომლებიც საშუალებას გაძლევენ გამოიყენოთ Wi-Fi პაროლის გარეშე, როგორც წესი, ინტერნეტ უსაფრთოხების დაცვის სტანდარტი საკმაოდ დაბალია. თუ ჰაკერები გადაწყვეტენ იმ Wi-Fi-ის ან ჰოტსპოტის მონიტორინგს, რომელსაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იყენებთ, ისინი საკმაოდ მარტივად მოხარხებენ ამას და ამასთანავე, შეძლებენ წვდომა ჰქოდნეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე.

ამიტომაც, თუ კაფეში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში თქვენი ანგარიშის შემოწმებას ან რაიმე ტრანზაქციის განხორციელებას გადაწყვეტთ, უმჯობესია გამორთოთ Wi-Fi, ჩართოთ მობილური ინტერნეტი და მხოლოდ შემდეგ შეხვიდეთ მობილურ აპლიკაციაში.

გამოიყენეთ ოფიციალური აპლიკაცია

ეს რჩევა განსაკუთრებით მათთვისაა, ვინც ხშირად არ იყენებს მობილურ აპლიკაციებს. თუ არასდროს გამოგიყენებიათ თქვენი ბანკის მობილური აპლიკაცია და ახლა გსურთ გადმოწეროთ ის, აუცილებლად მოძებნეთ ოფიციალური მობილური აპლიკაცია. გარდა ამისა, თუ მობილურით გადაწყვეტთ თქვენს საბანკო ანგარიშზე შესვლას, აუცილებლად გამოიყენეთ მობილური აპლიკაცია და არა მობილურის ვებ ბრაუზერი. რადგან ვებ ბრაუზერები, როგორც წესი, ნაკლებად დაცულია, ვიდრე ოფიციალური აპლიკაციები.

ფრთხილად იყავით იმეილ თაღლითობებთან

რამდენადაც მობილური ბანკინგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მით უფრო მეტად ცდილობენ თაღლითები ახალ-ახალი მეთოდებით მომხმარებლების მოტყუებას. შესაბამისად, ნუ მისცემთ მათ წვდომას თქვენს საბანკო ანგარიშებზე. ყველაზე ხშირად ასეთი თაღლითობები ელ-ფოსტის მეშვეობით ხდება. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს, თქვენ შეიძლება მიიღოთ ელექტრონული წერილი, რომ ბანკი, რომლის მომხმარებელიც ბრძანდებით, გთავაზობთ შესაძლებლობას მოიგოთ ახალი აიფონი, ბინა ვაკეში ან 10 000 ლარი. ამისთვის მხოლოდ მითითებულ ლინკზე უნდა გადახვიდეთ.  მაცდურად ჟღერს არა? მცირედი დაკვირვებაც საკმარისია, რომ მიხვდეთ საქმე თაღლითობასთან გაქვთ. თუმცა, თუ ლინკზე მაინც გადახვალთ, აღმოაჩენთ თქვენი ბანკის მობაილ ბანკინგის დიზაინის მსგავსი ინტერფეისის მქონე გვერდს, რომელზეც მითითებულია მობაილ ბანკინგის მომხმარებლის სახელისა და პაროლის შესაყვანი ფანჯარა. როგორც კი თქვენს მონაცემებს მიუთითებთ (რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ), ფანჯარა დაიხურება და საიტზე წვდომა შეგეზღუდებათ. ამ დროს კი თაღლითი, რომელიც მთელი ამ ინტერნეტ აფიორის მიღმაა, მიიღებს მთელს თქვენს ინფორმაციას და გადარიცხავს თანხას თქვენი ანგარიშიდან მესამე პირის ანგარიშზე.

ასეთ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, ნუ მიყვებით ლინკებს. ლინკები არამხოლოდ თქვენს საფოსტო ყუთში შეიძლება აღმოაჩინოთ, არამედ სოციალურ ქსელებშიც. მაგალითად, რეკლამის სახით შეიძლება თქვენს ნიუს ფიდზე აღმოჩნდეს ინფორმაცია რაიმე ტიპის გათამაშებაზე. გვერდები, რომლებიც ამგვარ გათამაშებებს არეკლამებენ წარმოადგენენ ბანკების კლონებს, შესაძლოა სახელი ეწეროთ ზედმეტი დეფისით, ქართულის ნაცვლად ლათინური ასოებით და ა.შ.

ფრთხილად იყავით ასეთ თაღლითობებთან, არ გადახვიდეთ არც ერთ საეჭვო ლინკზე და  ნუ დაუჯერებთ მსგავს რეკლამებს. ყოველთვის კარგად შეამოწმეთ ვინ დგას ლინკის თუ რეკლამის უკან და აღმოაჩენთ, რომ ეს თქვენი ბანკი ნამდვილად არ არის.

შეჯამება

არავის არ შეუძლია ზუსტად იმის თქმა, რამდენად დაცულია ბანკინგის აპლიკაციები. რა თქმა უნდა, ბანკები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი აპლიკაციები მაქსიმალურად დაცული იყოს მესამე პირისაგან, თუმცა, მეორეს მხრივ თარლითებიც ვითარდებიან და ცდილობენ ახალი ხერხებით შეაღწიონ თქვენს საბანკო ანგარიშზე.  როგორც წესი, დიდ ბანკებს მეტი საშუალება აქვთ უკეთესი ხარისხის პროდუქტი შესთავაზონ მოსახლეობას, ეს წესი მობაილ ბანკინგზეც ვრცელდება. ამიტომაც, მათ მეტი რესურსი აქვთ შემოგთავაზონ მაქსიმალურად დაცული მობილური აპლიკაცია. თუმცა, თუ თქვენ იყენებთ რომელიმე ბანკის ინტერნეტ ბანკს და ენდობით მას, ლოგიკურია ენდოთ მათ შექმნილ მობილურ აპლიკაციასაც. მობაილ ბანკინგს შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი საკრედიტო ისტორიის გამოსწორებაში რადგან ის თქვენ ფინანსური მდგომარეობის გაკონტროლებაში გეხმარებათ. ასე რომ მობაილ ბანკინგის გამოყენება ნამდვილად ღირს.

ოფიციალური მობილური აპლიკაციები ბანკინგისთვის უსაფრთხოა. ისინი გადიან რამდენიმე ეტაპიან შემოწმებას რათა მომხმარებელი მაქსიმალურად იყოს დაცული სხვადასხვა ტიპის თაღლითობებისაგან. თუმცა, აუცილებელია, მომხმარებელს ჰქოდნეს ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც თან მოყვება მობილური ბანკინგის გამოყენებას. თუ თქვენ გამოიმუშავებთ უსაფრთხო ჩვევებს ონლაინ ბანკინგის გამოყენებისას რისკი იმისა, რომ ვინმე ხელში ჩაიგდებს თქვენს საბანკო მონაცემებს, ძალიან დაბალი იქნება.

დააყენეთ რთულად გამოსაცნობი პაროლი როგორც ბანკინგის აპლიკაციაზე, ასევე თქვენს მობილურ ტელეფონზე. ნუ ჩაიწერთ სმარტფონში აპლიკაციის მონაცმეებს, კერძოდ მომხმარებლის სახელსა და პაროლს. თუ მობილური დაკარგეთ, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ბანკს. საბანკო მომსახურეობით სარგებლობისას გამოიყენეთ მხოლოდ მობილური ინტერნეტი, ნუ შეამოწმებთ თქვენს ანგარიშს და ნუ განახორციელებთ რაიმე ტრანზაქციას მობილური აპლიკაციის საშუალებით თუ საზოგადოებრივ ნეთვორქს იყენებთ.  მობილური აპლიკაციის გადმოწერისას დარწმუნდით, რომ იწერთ აპლიკაციის ოფიციალურ ვერსიას. ნუ მიუთითებთ თქვენი მობილური ბანკის აპლიკაციის მონაცემებს სხვაგან, ნუ გადახვალთ საეჭვო ლინკებზე ან სოციალურ მედიაში მიღებულ რეკლამებზე.

თუ ამ რჩევებს დაიცავთ, თქვენს მობილური ბანკინგის აპლიკაციას კიდევ უფრო დაცულს გახდით მოხმარებისათვის. თუ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც შეგექმნათ რაიმე პრობლემა, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ბანკს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *