ანაბრები საქართველოს კომერციული ბანკებში post thumbnail image

ანაბრები საქართველოს კომერციული ბანკებში

ანაბრები თანამედროვე მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ანაბარი არ აქვს. ასეთ ქვეყნებში ადამიანების უმეტესობა 21 წლიდან იწყებს ფულის დაგროვებას სხვადასხვა გრძელვადიანი მიზნებისათვის. გავრცელებულია ასევე შვილებისთვის ანაბრის გახსნა, მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან რათა წინასწარ დააგროვონ ფული მისი განათლებისთვის, იქნება ეს კერძო სკოლა თუ უნივერსიტეტი. საქართველოში ამგვარი პრაქტიკა არსებობს, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს. მიუხედავად ამისა, არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ანაბრები მხოლოდ მათთვისაა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ანაბრების მნიშვნელობას, ვნახავთ რა ტიპის და რამდენნაირი ანაბარი არსებობს, რა არის სტანდარტულად სარგებელი ანაბარზე საქართველოს კომერციულ ბანკებში და როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო ანაბარი.

რატომ არის ანაბარის ქონა მნიშვნელოვანი

ანაბრის მნიშვნელობა ალბათ ცხადია, თუმცა ამას მცირე დროს მაინც დავუთმობთ. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრ ადამიანს უწევს სწრაფი სესხის აღება მიკროსაფინანსო კომპანიებისაგან ან საბანკო სესხის აღება რათა ჰქონდეს საკმარისი თანხა თვის განმავლობაში ან დაფაროს გაუთვალისწინებელი და განსაკუთრებულად მსხვილი ხარჯები. ხშირია განვადების გაკეთებაც სხვადასხვა მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კომპიუტერისა თუ სმარტფონის შესაძენად. საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მიჩვეულია სურვილების ასრულებას თუ საჭირო ნივთებისა და სერვისების შეძენას ბანკის ფულით და შემდეგ ამ თანხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებას, თანაც პროცენტით. შეიძლება ითქვას ანაბრები საპირისპირო პრინციპით მოქმდებს. თქვენ შეგიძლიათ წინასწარ, ნაწილ-ნაწილ ჩარიცხოთ თანხა ანაბარზე და იმის ნაცვლად, რომ ფულის მოხმარებისთვის თქვენ გადაიხადოთ პროცენტი, მიიღოთ პროცენტული სარგებელი ბანკისაგან.

მაგალითად, თქვენ შეიძლება გსურდეთ ახალი აიფონ 11-ის შეძენა, თუ საკმარისი თანხა არ გაქვთ რომ აიფონი ნაღდი ფულით შეიძინოთ, გაქვთ ორი გზა. შეგიძლიათ გამოიტანოთ სესხი მიკროსაფინანსო კომპანიისგან ან კომერციული ბანკისგან ან შეიძინოთ ის განვადებით. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაიხადოთ ნივთის საფასური მეტობით, ანუ გადაიხადოთ იმაზე მეტი, ვიდრე აიფონი რეალურად ღირს, რადგან თქვენ უხდით პროცენტს მიკროსაფინანსო კომპანიას ან ბანკს იმისათვის, რომ შეიძინოთ ნივთი ფულით, რომელიც არ გაქვთ.

ამის ნაცვლად, შეგიძლიათ გახსნათ ანაბარი, ის თანხა, რაც უნდა გადაგეხადათ სესხით ან განვადებით ნივთის შეძენისას ყოველთვიურად და შეაგროვოთ თანხა. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ თქვენ სესხის დასაფარად გჭირდებოდათ 12 თვე, ფულის დასაგროვებადაც შესაბამისად 12 თვე დაგჭირდებათ, ამ დროს შეიძლება სულაც ახალი ახალი აიფონი გამოვიდეს, რომელიც გაცილებით ძვირი ეღირება.

შესაბამისად, არც ერთი გზა თქვენთვის ოპტიმალური არ არის. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუ ფულის დაგროვება ანაბარზე უკვე დაწყებული გექნებოდათ ერთი ან ორი წლის წინ, ასეთ შემთხვევაში უკვე გექნებოდათ თანხა ახალი აიფონის საყიდლად და თამამად, თქვენი ფულით, ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების გარეშე შეიძენდით მას.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ 10 ან 15 წლის განმავლობაში რიცხავთ თანხას ანაბარზე, ასეთ შემთხვევაში თანხა გაცილებით დიდია. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და არ შეუშინდეთ უეცარ ფინანსურ საჭიროებებს, რაც, ჩემი აზრით, საკმარისია იმისთვის, რომ ვაღიაროთ ანაბრების აუცილებლობა. თუმცა მას ბევრი სხვა დადებითი მხარე აქვს, თქვენ მზად იქნებით ფინანსურად დიდი შენაძენებისთვის, მაგალითად თუ ტექნიკა გაგიფუჭდათ, მოგზაურობა დაგეგმეთ, ან სულაც რაიმე ახლის შესწავლა გადაწყვიტეთ.   რაც ყველაზე მთავარია, ანაბართან ერთად, შEგიძლიათ დაივიწყოთ ფინანსური ვალდებულებები და მასთან დაკავშირებული სტრესი.

თუმცა, აუცილებელია გქონდეთ ისეთი ანაბარი, რომელიც განკუთვნილი იქნება იმისთვის, რასაც ჩვენ შავ დღეებს ვეძახით. უმჯობესია თუ ასეთი ანაბრიდან ფულს საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის არ აიღებთ. აქ შეიძლება იფიქროთ, მეც ვიცი რომ ანაბარი ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია, მაგრამ რა ვქნა, თუ თვეში მხოლოდ 1000 ლარი მაქვს შემოსავალი და ფული ისედაც არაფრისთვის არ მყოფნის? თუ ასე ფიქრობთ, ყურადღებით წაიკითხეთ სტატიის შემდეგი ნაწილი.

როგორ დავიწყოთ თანხის შეგროვება ხელფასის მიუხედავად

საქართველოში, უმდიდრეს ერთ პროცენტად ითვებიან ის ადამიანები, რომელთაც 3500 ლარი და მეტი ხელფასი აქვთ. ალბათ ცხადია, რომ საშუალო შემოსავალი გაცილებით დაბალია, შესაბამისად დასაქმებული ადამიანების უმრავლესობისთვის წარმოუდგენელია ანაბრის შექმნა, რამდენადაც მათთვის საკმარისი არ არის ის შემოსავალი რაც აქვთ და არ იციან როგორ გაანაწილონ შემოსავალი ისე, რომ ყველა ხარჯი დაფარონ და თანაც ანაბარზე თანხის გადარიცხვა მოახერხონ. თუმცა, მთელი ჯადოქრობა თანხის შენახვის პრინციპშია.  მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას არ აქვს საკმარისი თანხა, მისი დიდი ნაწილი იღებს სესხებს ან განვადებას და ახერხებს ყოველთვიურად გადაიხადოს თანხა. მათთვის უფრო მარტივია გადაიხადონ ვალდებულება, ვიდრე, იგივე თანხა ანაბარზე ჩარიცხონ, რადგან ამას არავითარი ფინანსური დაწესებულება არ ავალდებულებს. ამიტომ, საჭიროა, ისწავლოთ როგორ შეინახოთ თავისუფალი თანხა და გადადოთ ის მომავლისათვის. არ არის საჭირო თავიდანვე დიდი თანხით დაიწყოთ, საკმარისია პირველ ეტაპზე შეინახოთ თქვენი ხელფასის 5%, მთავარია, რომ ეს ყოველთვიურად აკეთოთ. თანდათან ისწავლით როგორ არ დახარჯოთ თავისუფალი თანხა და გაზარდოთ თქვენი ანაბარი. ასევე, არ არის საჭირო თავიდანვე გრძელვადიანი ანაბრით დაიწყოთ, შეგიძლიათ დაიწყოთ მცირე ვადიანი ანაბრით და დაგროვილი თანხა გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, ან უბრალოდ გადაიტანოთ გრძელვადიან ანაბარზე.

როგორი ტიპის ანაბრები არსებობს

ყველაზე გავრცელებული ტიპის ანაბარი, რომლის შესახებად მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა იცის, არის გრძელვადიანი ანაბრები, ასეთი ტიპის ანაბრებს აქვთ კონკრეტული ვადა, რომელსაც თავად ირჩევთ. შეიძლება გქონდეთ 3 წლიანი ანაბარი, რომელზეც წლიური სარგებელი გერიცხებათ, რომელსაც მხოლოდ მაშინ იღებთ, თუ ანაბარზე განთავსებულ თანხას ვადის გასვლის შემდეგ გამოიტანთ. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს, რომელთაც საშუალო და დაბალი შემოსავალი აქვთ, ასეთი ანაბრები არ უნდათ, რადგან სურთ მაშინ შეეძლოთ თანხის გამოტანა, როდესაც ფინანსური საჭიროებები გაუჩნდებათ. თუმცა ეს ანაბრების ერთადერთი ტიპი არ არის, არსებობს განსხვავებული ანაბრები, რომლებიც თქვენი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ.

ვადიანი ანაბრები

ვადიანი ანაბარი

ვადიანი ანაბარი, როგორც ავღნიშნე, ანაბრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. რამდენადაც ანაბარი კომერციული ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სერვისია, მას ყველა ბანკი სთავაზობს მომხმარებელს. ვადიანი ანაბრის პრინციპი ძალიან მარტივია. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ 2000 ლარი, რომელიც ახლა არ გჭირდებათ. იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა უმოქმედოთ გქონდეთ თქვენს საბანკო ანგარიშზე, შეგიძლიათ გახსნათ ანაბარი, განათავსოთ თანხა გარკვეული ვადით და ვადის გასვლის შემდეგ მიიღოთ თქვენი თანხა უკან დამატებითი სარგებელით. საქართველოში ვადიანი ანაბრის გახსნა ძირითადად შესაძლებელია სამ ვალუტაში – ლარში, დოლარსა და ევროში, თუმცა, ზოგიერთი ბანკში სხვა ვალუტაშიც შეძლებთ ანაბრის გახსნას.

ვადიანი ანაბარი შეგიძლიათ გახსნათ მინიმუმ სამი თვით და მაქსიმუმ ოცხაოთხი თვით, თუმცა, ზოგიერთ კომერციულ ბანკებს შესაძლოა სხვა ვადა ჰქონდეთ დაწესებული. ნომინალური სარგებელი პროცენტში ლარის ანაბრისათვის იწყება 6%-დან. ესეც თავისთავად, დამოკიდებულია ბანკზე. ვადიანი ანაბრის გახსნა თითქმის ყველა ბანკში უფასოა, პირველად შენატანად ზოგიერთ მათგანში მოთხოვნილია 100 ერთეული – მაგალითად 100 ლარი ან 100 დოლარი, ხოლო ზოგიერთი ბანკი მოითხოვს 500 ერთეულს. ასევე, ზოგიერთ ვადიან ანაბარზე შეგიძლიათ თანხა დაამატოთ თქვენი სურვილის მიხედვით, ზოგიერთ ბანკში კი ამას ვერ გააკეთებთ. განსხვავებულია ასევე თანხის მიღების წესები, თქვენ შესაძლოა გქონდეთ საშუალება მიიღოთ სარგებელი ყოველთვიურად, პერიოდის დასაწყისში ან ვადის დასრულების შემდეგ, თუმცა, ზოგიერთ ბანკში შესაძლოა ვადის გასვლამდე სარგებელი ვერ მიიღოთ.

საბავშვო ანაბრები

საბავშვო ანაბარი

ანაბრებიდან, ასევე გავრცელებულია საბავშვო ანაბარი, რომელიც ზემოთ ერთხელ უკვე ვახსენე. საბავშვო ანაბარზე შეგიძლიათ დააგროვოთ თანხა ბავშვისთვის, მის სრულწლოვანებამდე. საბავშვო ანაბარი გრძელვადიანი ანაბარია, მისი მინიმალური ვადა 2 წელია, მაქსიმალური კი 18, შესაბამისად, შეგიძლიათ ანაბარი გახსნათ ბავშვის დაბადებისას და გამოიტანოთ თანხა სარგებლით, როდესაც თქვენი შვილი 18 წლის გახდება. ანაბარის გახსნა უფასოა, მინიმალური თანხა, რაც ანაბარზე უნდა გადარიცხოთ 10 ერთეულია. შეგიძლიათ ანაბარი იქონიოთ ლარში, დოლარში, ევროში ან ფუნტში. თქვენ შეგიძლიათ გადარციხოთ მინიმალური ოდენობა – 10 ლარი ყოველთვიურად ანაბარზე, ან პერიოდულად ჩარიცხოთ ხოლმე თანხა, თუმცა, დარიცხული პროცენტი უკეთესი იქნება თუ თანხას ყოველთვიურად ჩარიცხავთ. რა თქმა უნდა, არ ხართ შეზუდული თანხის რაოდენობაში, შეგიძლიათ ჩარიცხოთ მინიმუმ 10 ლარი ან 100, 1000 ან მეტი, ეს თქვენზეა დამოკიდებული. საბავშვო ანაბარი ერთ-ერთი საუკეთესო ანაბარია, ის გეხმარებათ მუდმივად შეაგროვოთ თანხა თქვენი შვილის სრულწლოვანობისათვის და ამ დროს მას უკვე ჰქონდეს გარკვეული კაპიტალი სწავლისთვის ან დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. აუცილებელი არ არის თანხა იქამდე აგროვოთ, სანამ ბავშვი სრულწლოვანი გახდება, შეგიძლიათ გქონდეთ ანაბარი მხოლოდ 2 წლით. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია თუ ანაბარს ბავშვის დაბადებისთანავე გახსნით. წარმოიდგინეთ, რომ ასეც მოიქეცით და ყოველი თვის განმავლობაში ანაბარზე 100 ლარი ჩარიცხეთ, ასეთ შემთხვევაში 18 წლის შემდეგ ანგარიშზე მხოლოდ თქვენი თანხა 21600 ლარი იქნება, ამას დაემატება ყოველწლიური სარგებელი 18 წლის განმავლობაში.  საბავშვო ანაბარზე წლიური ნომინალური სარგებელი საქართველოში დაახლოებით 10 პროცენტია. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ინფლაციის ტემპის გათვალისწინებით, უმჯობესია თუ ანაბარი უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში გექნებათ.

ანაბარი

ანაბარი განკარგვის სრული უფლებით

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, როდესაც ანაბარი გაქვთ, უფრო მშვიდად ხართ, რადგან იცით, თუ დამატებითი თანხა დაგჭირდათ, ყოველთვის შეგიძლიათ მისი მიღება თქვენი ანაბრიდან. თუმცა, ვადიან ანაბრებს ის ნაკლი აქვს, რომ სარგებელი მცირდება თუ ანაბრიდან თანხას ვადაზე ადრე გამოიტანთ. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ანაბარზე თანხა ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს თქვენთვის, შეგიძლიათ ისარგებლით ანაბრით განკარგვის სრული უფლებით. ამ ტიპის ანაბარზე, შეგიძლიათ მოათავსოთ თანხა, რომლის გამოტანის უფლება ნებისმიერ დროს გაქვთ. სარგებელი კი დაირიცხება ხელუხლებელ ნაშთზე. ასეთ ანაბარზე თანხის დამატება და ანაგრიშიდან გამოტანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თუმცა სხვა პირობები განსხვავებულია სხვადასხვა ბანკების მიხედვით. ზოგიერთ მათგანში ასეთი ანაბრის გახსნა ფასიანია, ზოგან არა, ასევე არის მომსახურეობის საკომისიო. სხვადასხვაა მინიმალური თანხის რაოდენობა, მისი გამოტანის, სარგებლის დარიცხვის წესი და პროცენტი.

ანაბარი

ანაბარი – ყულაბა

თუ თქვენ ჯერ არ გსურთ ანაბრის გახსნა, რადგან არ იცით რამდენად შეძლებთ თანხის დაგროვებას, შეგიძლიათ დაიწყოთ ანაბრის მარტივი ფორმით. ყულაბა ანაბრების კიდევ ერთი გავრცელებული ტიპია. მისი მოქმედების პრინციპიც ძალიან მარტივია. თქვენ ირჩევთ გარკვეულ თანხას, რაც გსურთ გადარიცხოთ ანაბარზე, როდესაც რაიმე ტრანზაქციას შესარულებთ. ასე, ანაბარზე თანხას დააგროვებთ ისე, რომ თავადაც ვერ მივხდებით. მაგალითად, თქვენ გსურთ ყოველ ტრანზაქციაზე ანაბარზე გადარიცხოთ 5 ლარი, თუ სუპერმარეკტში შეიძენთ პროდუქტებს და გადაიხდით ბარათით, 5 ლარი გადაირიცხება თქვენს ანაბარზე და საერთო ჯამში, თუ პროდუქტების ფასი იყო 15 ლარი, ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ 20 ლარი, 5 ლარი ავტომატურად ჩაირიცხება ანაბარზე. გარდა იმისა, რომ ანაბარზე თანხას დააგროვებთ, უფრო გააზრებულად დახარჯავ ფულს, როდესაც გეცოდინებათ, რომ ყოველ შენაძენზე დამატებით ხუთი ლარი “დაგეხარჯებათ.”

სხვა ტიპის ანაბრები

ზემოთ აღწერილი ანაბრები ყველაზე გავრცელებულია, როგორც წესი, მათ ბანკების უმრავლესობა დაახლოებით ერთი და იმავე პირობებით სთავაზობს მომხმარებელს. თუმცა, ზოგიერთ ბანკს დამატებით აქვს სხვა ტიპის ანაბრებიც, რომლებიც სპეციალურად მათ მიერ არის შექმნილი. ასეთი ანაბრები როგორც წესი მოკლევადიანია და აქვს გარკვეული დატვირთვა. მაგალითად ზოგიერთი ბანკის ანაბრის მეშვეობით შეგიძლიათ დააგროვოთ თანხა გარკვეული პერიოდით მიზნისათვის, მაგალითად შეაგროვოთ ფული დასვენებისათვის და ასე შემდეგ.

როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი ანაბარი

როგორც თავად ნახეთ, ანაბრები ფუნქციებისა და პირობების მიხედვით განსხვავებულია. თუ ანაბრის გახსნა გსურთ, აუცილებელია შერაჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ანაბრის ტიპი საუკეთესო პირობებით.

პირველ რიგში, დაფიქრდით რისთვის გსურთ ანაბარი. ანაბრის გახსნის მიზეზი შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს, მაგალითად გსურდეთ უბრალოდ თანხის დაგროვება მომავალში გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის, რომლებიც არ იცით როდის გამოგიჩნდებათ, ან პირიქით – წინასწარ გქონდეთ განსაზღვრული რა მიზნით აგროვებთ ფულს, შესაძლოა სულაც გარკვეული თანხა გაქვთ, რომელიც ამ მომენტისათვის არ გჭირდებათ. ანაბარი უნდა შეარჩიოთ თქვენი მიზნის მიხედვით, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი.

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ რა ტიპის ანაბარი გსურთ, აუცილებელია შეადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა ბანკის პირობები. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი პირობები ხშირად მსგავსია, შესაზლოა განსხვავება დეტალებში იყოს. მაგალითად თანხის გატანისა და შეტანის წესში, მინიმალური თანხის მოთხოვნაში და სხვა. მცირედ, მაგრამ მაინც განსხვავებულია საპროცენტო განაკვეთები, ამიტომ კარგად გამოიკვლიეთ რას გთავაზობთ ესა თუ ის ბანკი და შემდეგ გახსენით ანაბარი.

უმჯობესი იქნება, თუ ანაბარს გახსნით ბანკში, რომლის მომხმარებელიც ან უკვე ბრძანდებით, ან აპირებთ რომ გახდეთ. ანაბარი, განსაკუთრებით თუ მასზე მსხვილი თანხის შეტანას ან დაგროვებას აპირებთ, უკეთესი პირობების გარანტია სხვადასხვა საბანკო სერვისებისათვის. მაგალითად, თუ ანაბარი X ბანკში გახენით, ადვილი შესაძლებელია, რომ ამ ბანკმა სესხზე უკეთესი პირობები შემოგთავაზოთ. გარდა ამისა, ზოგიერთი ბანკი, რომელიც კლიენტებს პრემიუმ საბანკო პროგრამებს სთავაზობს, ამ პროგრამებში ჩართვას სთავაზობს იმ კლიენტებს, რომელთაც მსხვილი ანაბარი აქვთ ამ ბანკში.

შეჯამება

ანაბარის გახსნა საუკეთესო რამაა, რაც საკუთარ თავს შეგიძლიათ აჩუქოთ მომავალში. მნიშვნელობა არ აქვს მის ზომას, თანხა, რომელიც დააგროვეთ მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ. არ არის აუცილებელი ანაბარზე 5000 ლარი განათავსოთ, შეგიძლიათ თანხის შეგროვება დაიწყოთ ისეთი ანაბრით, რომელიც მცირე თანხების ჩარიცხვის საშუალებას გაძლევთ. მაშინ, როდესაც ანაბარზე თანხა გექნებათ განთავსებული, უფრო დაკვირვებული იქნებით ფულის ხარჯვისას და რაც მთავარია მზად იქნებით სტრესის გარეშე შეხვდეთ დამატებით ხარჯებს.