სადებეტო ბარათების მიმოხილვა
საბანკო ბარათების ორი ყველაზე გავრცელებული სახეობა სადებეტო და საკრედიტო ბარათებია. მათ, ვისაც ბანკთან რაიმე ტიპის ურთიერთობა აქვთ, აუცილებლად აქვთ ან სადებეტო ან საკრედიტო ბარათები, ძალიან ხშირად კი ორივე. ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ სადებეტო ბარათებს თანხის განაღდებისთვის, გადარიცხვისთვის ან ნივთებისა თუ სერვისის შეძენისათვის, თუმცა არც თუ ისე ბევრ ინფორმაციას ვფლობთ სადებეტო ბარათების შესახებ. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის და როგორ მუშაობს სადებეტო ბარათები, რა დამატებითი ხარჯები მოჰყვება სადებეტო ბარათის ფლობას და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი გამოყენებისას. ასევე მიმოვიხილავთ საქართველოში არსებული კომერციულო ბანკების სადეებტო ბარათებსა და პირობებს.
Contents
- 1 რა არის სადებეტო ბარათი და როგორ მუშაობს ის
- 2 რა ტიპის სადებეტო ბარათები არსებობს
- 3 როგორ უნდა აიღო სადებეტო ბარათი
- 4 სადებეტო ბარათების საკომისიო ხარჯები
- 5 რა უნდა გაითვალისწინოთ სადებეტო ბარათის გამოყენებისას
- 6 სხვადასხვა ბანკების სადებეტო ბარათები
- 6.1 ბარათები სკოლის მოსწავლეებისთვის
- 6.2 სტუდენტური ბარათები
- 6.3 თიბისი ბანკის ანგარიშები და სადებეტო ბარათები
- 6.4 საქართველოს ბანკის ანგარიშზები და სადებეტო ბარათები
- 6.5 ვითიბი ბანკის ანგარიშები და სადებეტო ბარათები
- 6.6 ლიბერთი ბანკის ანგარიშები და სადებეტო ბარათები
- 6.7 სატარიფო პაკეტები
- 6.8 ბაზისბანკის ანგარიშები და სადებეტო ბარათები
- 6.9 ბანკი ქართუს ანგარიშები და სადებეტო ბარათები
- 6.10 ფინკა ბანკის ანგარიშები და ბარათები
- 6.11 ტერაბანკის ანგარიშები და ბარათები
- 6.12 ზირაათ ბანკის ანგარიშები და ბარათები
- 6.13 იშ ბანკი საქართველოს ანგარიშები და ბარათები
- 6.14 ხალიკ ბანკი საქართველოს ანგარიშები და ბარათები
- 6.15 პაშა ბანკი საქართველოს ანგარიშები და ბარათები
- 6.16 კრედო ბანკის ანგარიშები და ბარათები
- 6.17 პროკრედიტ ბანკის ანგარიშები და ბარათები
- 7 შეჯამება
რა არის სადებეტო ბარათი და როგორ მუშაობს ის
სადებეტო ბარათი არის საბანკო ბარათების ყველაზე მარტივი ფორმა, რომელიც დაკავშირებულია იმ ფულთან, რომელსაც თქვენ ფლობთ. სადებეტო ბარათზე შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი საკუთარი თანხა, გადარიცხოთ თანხა თქვენი ანგარიშიდან სხვის ანგარიშზე ან პირიქით, თავად მიიღოთ თანხა თქვენს ანგარიშზე. სადებეტო ბარათით შეგიძლიათ გადაიხადოთ პროდუქტისა თუ მომსახურეობის საფასური სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებში, მაგალითად მაღაზიაში, რესტორანში, სამედიცინო დაწესებულებებში და სხვა.
როდესაც თქვენ თანხას იხდით, მაგალითად კონკრეტული პროდუქტისათვის რომელსაც მაღაზიაში ყიდულობთ, აღნიშნული თანხა მომენტალურად გეჭრებათ თქვენი საბანკო ანგარიშიდან. ეს თანხა ხვდება არა შესრულებულ ტრანზაქციებში, არამედ ბლოკირებულ თანხებში. მას შემდეგ, რაც მიმღები ამ ტრანზაქციას დაადასტურებს, ის მიიღებს ამ თანხას და შესაბამისად, ეს აისახება თქვენს შესრულებულ ტრანზაქციაში. როგორც წესი, ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში არ გრძელდება. მობაილ ბანკინგის დახმარებით, კი ეს პროცესი კიდევ უფრო გაიმარტივდა.
როგორც ავღნიშნე, სადებეტო ბარათი დაკავშირებულია იმ თანხასთან, რომელიც თქვენ რეალურად გაქვთ. მაგალითად თუ თქვენ გაქვთ 1000 ლარი, შეგიძლიათ შეიტანოთ ის თქვენს სადებეტო ანგარიშზე და გამოიყენოთ ზუსტად 1000 ლარი. თუმცა, ზოგიერთ სადებეტო ბარათს აქვს საკრედიტო ბარათის პარამეტრები, ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, ბანკის მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი მომსახურეობებით, რაც ხელმისაწვდომია საკრედიტო ბარათზე. ამისთვის არ დაგჭირდებათ ცალკე სადებეტო და საკრედიტო ბარათის ქონა.
რა ტიპის სადებეტო ბარათები არსებობს
სადებეტო ბარათები დაკავშირებულია საკრედიტო ბარათების მწარმოებელ რომელიმე დიდ კომპანიასთან. როგორც წესი, ეს კომპანიებია ვიზა და მასტერქარდი. სწორედ ამიტომ, სადებეტო ბარათებს ან ვიზას ლოგო აქვს ან მასტერქარდის. ეს კომპანიები რეალურად წარმოადგენენ შუალედურ რგოლს, რომლის დახმარებით ხდება ერთი საბანკო ბარათიდან მეორეზე ფულის გადარიცხვა. შესაბამისად, ვიზასა და მასტერქარდის ბარათებს შორის ფუნქციური განსხვავება არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივ ისარგებლოთ ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურეობებით. სადებიტო ბარათს აღებისას ასევე ნაკლები მნიშვმელობა აქვს საკრედიტო ისტორიას.
სადეებტო ბარათების ეს ორი ტიპი ყველაზე გავრცელებულია საქართველოში. კომერციული ბანკები ასევე სთავაზობენ მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის ვიზა და მასტერქარდის ბარათებს. ამ ბარათების დანიშნულება მკვეთრადაა განსაზღვრული მისი ფუნქციონალით. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ აიღოთ სპეციალური სადებეტო ბარათი ბავშვისთვის და თავად ჩაირცხოთ საჭირო თანხა. ასევე გქონდეთ სპეციალური ბარათი ონლაინ შოპინგისათვის, თუ ხშირად ყიდულობთ ნივთებს საზღვარგარეთ ან საქართველოში სხვადასხვა ონლაინ მაღაზიების საშუალებით.
შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ერთი ან რამდენიმე სადებეტო ბარათი, იმის მიხედვით თუ როგორ გსურთ მისი გამოყენება. თითოეულ სადებეტო ბარათს თავისი პირობები და საკომისიო ხარჯები აქვთ, რომელსაც ქვემოთ ვრცლად განვიხილავთ.
როგორ უნდა აიღო სადებეტო ბარათი
იმისთვის რომ სადებეტო ბარათი აიღოთ, პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ რომელი სადებეტო ბარათის აღება გსურთ. შეგიძლიათ მიმართოთ თქვენთვის სასურველი ბანკის ფილიალს. თუ კონკრეტულ ბანკში ანგარიში უკვე გახსნილი გაქვთ, ხშირ შემთხვევაში შეგიძლიათ დამატებით ბარათი საიტის მეშვეობითაც შეუკვეთოთ. ასეთ შემთხევაში მიუთითებთ რომელ ფილიალში გსურთ ბარათის აღება დამზადების შემდეგ და დასახელებული ვადის შემდეგ აიღოთ თქვენი ახალი ბარათი. ბარათთან ერთად თქვენ მიიღებთ პინ კოდს. პინ კოდი დაგჭირდებათ, როდესაც ბანკომატიდან თანხის განაღდებას მოისურვებთ. ზოგიერთი ბარათისთვის აუცილებელია მოცემული პინ კოდის შეცვლა. პინ კოდის შეცვლა ხდება ბანკომატის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ პინ კოდი დაიმახსოვროთ, ნუ ჩაიწერთ მას სხვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. ასევე ნუ გაანდობთ თქვენს პინ კოდს ნურავის, რადგან მათ შეიძლება ეს ინფორმაცია ბოროტად გამოიყენონ. თუ სხვა ადამიანს ეტყვით თქვენს პინ კოდს და ის თქვენი ანგარიშიდან მოხსნის თანხას, ამ თანხას ვერ დაიბრუნებთ.
სადებეტო ბარათების საკომისიო ხარჯები
სადებეტო ბარათებს აქვთ საკომისო ხარჯები და წლიური ღირებულება. საკომისიო ხარჯები განსხვავდება სხვადასხვა ბანკებში სხვადასხვა ტიპის სადებეტო ბარათებისათვის. ყველაზე გავრცელებული სადებეტო ბარათი არის სახელფასო ბარათი. მისი ღირებულება ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და საკომისიო ხარჯები არ აქვს. თუ თქვენ დასაქამებული ხართ კომპანიაში, რომელიც ჩართულია რომელიმე ბანკის სახელფასო სისტემაში, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ სახელფასო სადებეტო ბარათი შესაბამის ბანკში. სახელფასო ბარათის წლიური ღირებულება დაახლოებით 2 ლარია. მას ორი მთავარი უპირეატესობა აქვს. პირველ რიგში, თქვენ არ გაქვთ ბანკომატიდან თანხის განაღდების არავითარი საკომისიო და რაც მთავარია, სახელფასო ბარათზე შემოსავალი ფიქსირდება ხელფასად. შესაბამისად, თუ ამავე ბანკში განვადების ან სესხის აღებას გადაწყვეტთ, უფრო მარტივად შეძლებთ აღებას, რამდენადაც არ მოგიწევთ დამატებით სახელფასო ამონაწერის ან სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
სხვადასხვა ტიპის სადებეტო ბარათები შეიძლება უფასოც იყოს, ამ ტიპის ბარათებია მაგალითად სასკოლო და სტუდენტური ბარათები, რომლებიც შესაბამისად გათვლილია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე. საშუალოდ სადებეტო ბარათის ყოველწლიური ღირებულება 1 ლარიდან იწყება, ხოლო მაქსიმალური ღირებულება კი დაახლოებით 100 ლარია. რაც უფრო მეტი ფუნქცია და დაფარვის ზონა აქვს ბარათს, მით უფრო მეტია მისი ღირებულება. ამასთანავე, არის სადებეტო ბარათები, რომელთაც აქვს საკრედიტო ბარათის პარამეტრები. ასეთ სადებეტო ბარათებს უფრო მაღალი ლიმიტი აქვს, ამასთანავე მეტი შესაძლებლობა გადახდისთვის და ზოგადად მეტი მოქნილობა.
რაც შეეხება ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს, როგორც წესი მინიმალური საკომისიო არის 0.2 პროცენტი, ეს საკომისიო მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თანხას ანაღდებთ იმ ბანკის ბანკომატიდან, რომლის სადებეტო ბარათიდანაც გამოგაქვთ თანხა. ხოლო თუ სხვა ბანკის ბანკომატის გამოყენებას გადაწყვეტთ საკომისიო კიდევ უფრო მეტია.
რა უნდა გაითვალისწინოთ სადებეტო ბარათის გამოყენებისას
როდესაც სადებეტო ბარათი გაქვთ, რა თქმა უნდა, უფრო დაცული ხართ, ვიდრე ნაღდი ფულის ტარებისას, თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა გაითვალისწინოთ რიგი შემთხვევები რათა თაღლითობის მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, პირველ რიგში, უნდა შეინახოთ თქვენი პინ კოდი კონფიდენციალურად და არავის გაანდოთ ის.
თუ ბარათი დაკარგეთ, როგორც კი ამას გააცნობიერებთ მაშინვე დარეკეთ ბანკში, შეატყობინეთ ბარათის დაკარგვის შესახებ და მოითხოვეთ ბარათის დაბლოკვა. ასეთ შემთხვევაში, ვერავინ ვერ შეძლებს თქვენი ბარათით სარგებლობას, ხოლო თქვენ შეგიძლიათ იმავე ანგარიშზე მოითხოვოთ ახალი სადებეტო ბარათი.
დააყენეთ თქვენს ანგარიშზე წერილობითი შეტყობინება. როდესაც რაიმე ტრანზაქციას შეასრულებთ, მაშინვე წერილობითი შეტყობინება მოგივათ. ეს დაგეხმარებათ ერთის მხრივ იცოდეთ რამდენს ხარჯავთ და რაში, მეორეს მხრივ კი თუ შენიშნავთ, რომ რაიმე საეჭვო ტრანზაქცია განხორციელდა, შეძლებთ მომენტალურად დარეკოთ ბანკში და შეატყობინოთ რათა მათ საჭირო ზომები მიიღონ. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ანგარიში დაცული იქნება.
ყურადღება მიაქციეთ სად შეგყავთ თქვენი საბანკო მონაცემები. ბოლო დროს ეგრეთ წოდებული ფიშინგის შემთხვევები ძალიან მომრავლდა. თაღლითი პირები ცდილობენ მომხმარებელი შეიყვანონ შეცდომაში და იყენებენ ამა თუ იმ ბანკის მიმსგავსებულ სახელს, დომეინს, ლოგოსა და ფერებს, იმისთვის რომ მიუთითოთ თქვენი საბანკო მონაცემები. ყოველთვის კარგად დაუკვირდით თითოეულ ასოს თუ სიმბოლოს და დარწმუნდით რომ თქვენი პაროლი, თუ სადებეტო ბარათის მონაცემები შეგყავთ ბანკის საიტზე ან აპლიკაციაში.
ასევე ყურადღებით იყავით სხვა საიტებთანაც, განსაკუთრებით თუ ონლაინ შოპინგის მოყვარული ხართ. თუ რაიმე ნივთებს იწერთ საიტიდან, ან რომელიმე კურსს ან აპლიკაციას ყიდულობთ, დარწმუნდით, რომ ვებსაიტი სანდოა და დაცული ხართ თაღლითობებისაგან. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ვინმემ ბოროტად გამოიყენოს თქვენი მონაცემები და გადარიცხოს თანხა თქვენი ანგარიშიდან თავის ანგარიშზე.
ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ დაზღვევას კონკრეტულ სადებეტო ანგარიშზე. დაზღვევის ყოველწლიური ღირებულება მიზერულია და განისაზღვრება დაახლოებით 4-10 ლარამდე. ბარათის დაზღვევა გიცავთ თაღლითობებისაგან. თუ თაღლითობის მსხვერპლი გახდით, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ბანკს, ისინი მიიღებენ საჭირო ზომებს და წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში დაგიბრუნებენ თანხას.
ამ რჩევების გათვალისწინება დაიცავს თქვენს საბანკო ანგარიშს თაღლითობებისაგან. არაფერია იმაზე ცუდი, როდესაც ანგარიშიდან თანხა ქრება და ირიცხება სხვადასხვა გემბლინგ ვებსაიტებზე ან საიტებზე. ზემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ასეთი გაუგებრობები და უსიამოვნებები და მშვიდად იყოთ.
სხვადასხვა ბანკების სადებეტო ბარათები
რა თქმა უნდა, სადებეტო ბარათებს ყველა ბანკი სთავაზობს მოსახლეობას. თუმცა ბარათების ტიპები და პირობები ასე თუ ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან. ქვემოთ განვიხილავთ ზოგიერთი ტიპის ბარათის პარამეტრებს, რომლებიც შესაძლოა თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყოს.
ბარათები სკოლის მოსწავლეებისთვის
ამ ტიპის ბარათებს საბაკო სექტორში მხოლოდ თი ბი სი და საქართველოს ბანკი სთავაზობს მოსახლეობას. სასკოლო ბარათები სახელიდან გამომდინარე განკუთვნილია სკოლის ასაკის მქონე ადამიანებისათვის. სასკოლო ბარათები კარგი შესაძლებლობაა მშობლებისთვის მისცენ სახარჯო თანხა შვილებს და თან ჰქონდეთ დანახრჯების კონტროლის შესაძლებლობა. ამასთანავე, ბავშვებს აღარ მოუწევთ ნაღდი ფულის ტარება.
საქართველოს ბანკის sCool Card
საქართველოს ბანკის სასკოლო ბარათი არის 6-12 წლამდე და 12 წლის ზემოთ სკოლის მოსწავლეებისათვის. ბარათით შესაძლებელია უფასოდ მგზავრობა მეტროსა და ავტობუსში და სტანდარტული ტარიფით მგზავრობა სამარშრუტო ავტობუსებში. თუმცა სამგაზვროდ გამოყენებაზე არსებობს არაავტორიზებული ოვერდრაფტის შესაძლებლობა. ბარათი ჩართულია სპეციალურ დაგროვებით სისტემაში, ასევე, ზოგიერთ ობიექტში ბარათის მფლობელებზე მოქმედებს ფასდაკლება.
ბარათი დაკავშირებულია მშობლების მობილურთან, შესაბამისად, მშობელი იღებს მესიჯს როდესაც ბარათიდან თანხის განაღდება ან რაიმის ყიდვა ხდება. ამასთანავე მშობლებს შეუძლიათ დააწესონ ყოველდღიური ლიმიტი თანხის გამოყენებაზე, ასევე შეზღუდონ თანხის განაღდების ფუნქცია.
ბარათის პირველადი აღება და ვადის გასვლის შემდეგ განახლება უფასოა, აღდგენა კი 5 ლარი ღირს. არ აქვს მომსახურეობის საკომისიო, ასევე აქვს უფასო sms და ინტერნეტ ბანკინგი. ბარათის ვადა 6-14 წლამდე კლიენტებისათვის 4 წელია, 14-16 წლამდე კლიენტებისათვის 2, ხოლო 16 წლის კლიენტებისათვის 1 წელი.
თი ბი სი ბანკის #1 ბარათი მოსწავლეებისათვის
თი ბი სი ბანკის ბარათი განკუთვნილია 7-18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისათვის. ბარათის აღება განახლება და აღდგენა უფასოა. ბარათი გაიცემა 4 ან 2 წლის ვადით მოსწავლის ასაკის შესაბამისად. ბარათის მფლობელებს შეუძლიათ თანხის განაღდება ან კომერციულ ობიექტებში გადახდა საკომისიოს გარეშე.
ბარათის მფლობელს შეუძლია გახნსას ინტერნეტ ბანკი ამ სადებეტო ბარათისათვის, ასეთ შემთხვევაში ინტერნეტ ბანი გამოუჩნდება მშობელს თავის ინტერნეტ ბანკში, გარდა ამისა, მშობელს შეუძლია მიიღოს sms ბარათიდან თანხის ჩამოჭრასა და ბანკომატიდან თანხის განაღდებაზე.
მშობელს შეუძლია თვეში ერთხელ გადარიცხოს თანხა შვილის ანგარიშზე და დააწესოს თანხის ათვისების ყოველდღიური ლიმიტი.
სტუდენტური ბარათები
სტუდენტურ ბარათებს ასევე საქართველოს ბანკი და თი ბი სი ბანკი სთავაზობს მოსახლეობას. სტუდენტური ბარათით სარგებობა შეუძლია მათ, ვისაც აქვს სტუდენტის სტატუსი.
საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი
საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათის მფლობელებს შეუზლიათ შეღავათიან ფასებში იმგზავრონ მეტროთი და ავტობუსით. ბარათის აღება უფასოა, აღდგენა და განახლება კი 3 ლარი ღირს, ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია. ბარათს არ გააჩნია საბარათე ანგარიშის მომსახურეობის საკომისიო, ასევე მობაილ და ინტერნეტ ბანკის საკომისიო. მფლობელებს ყოველ გადახდილ თანხაზე ერიცხებათ პლუს ქულები.
თი ბი სი “შენი ბარათი” სტუდენტებისათვის
“შენი ბარათი” განკუთვნილია სტუდენტებისათვის. ბარათის აღება შეუძლიათ 18-25 წლამდე პირებს, თუ 25 წელს გადაცილებული ხართ და კვლავ სტუდენტის სტატუსით სარგებლობთ, შეგიძლიათ აიღოთ ბარათი შესაბამისი ცნობის წარდგენის შემდეგ. ბარათით სარგებლობა შესაძლებელეია ნებისმიერ კომერციულ ობიექტებში, ასევე ელექტრონულ კომერციებში. ბარათი უფასოა, ასევე არ აქვს საკომისიო თანხის გამოტანისათვის თი ბი სი-ს ბანკომატებიდან. ამ ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური შეთავაზებებით.
თუ არც სკოლის მოსწავლე ხართ და არც სტუდენტი, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სადებეტო ბარათი თქვენთვის სასურველ ბანკში, არჩევანი საკმაოდ დიდი გაქვთ. მოდით ვნახოთ რას გთავაზობთ ესა თუ ის ბანკი.
თიბისი ბანკის ანგარიშები და სადებეტო ბარათები
თიბისი ბანკში ანგარიშებისა და სადებეტო ბარათების საკმაოდ დიდი არჩევანია.
სატარიფო პაკეტები
შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სატარიფო პაკეტი: გამარჯობა, უნივერსალი ან სტატუსი, იმის მიხედვით თუ რამდენად ხშირად სარგებლობთ საბანკო სერვისებით და გეგმავთ თუ არა ანგარიშზე თანხის შენახვას. შეგიძლიათ საკომისიო გადაიხადოთ როგორც ყოველთვიურად, ასევე ყოველწლიურად. ამ პაკეტების შეძენისას, შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა საკომისიოებზე და გქონდეთ უფრო მაღალი სარგებელი ანაბარზე.
პაკეტი გამარჯობას საკომისიოა თვეში 2 ლარი ან წელიწადში 20 ლარი, ხოლო ბარათის განაღდება ბანკომატებში არის სტანდარტული 2 პროცენტი. პაკეტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბანკთან ურთიერთობას, მათთვის განკუთვნილია ბარათი “მიქსი”
პაკეტი უნივერსალის ღირებულებაა თვეში 4.9 ლარი, ან წელიწადში 50 ლარი, ხოლო ბანკომატიდან თანხის გამოტანა უფასოა. ეს პაკეტი არის მათთვის ვისაც სჭირდება ვიზა კლასიკი ან მასტერქარდ სტანდარტი.
პაკეტი სტატუსის ღირებულებაა თვეში 15.90 ლარი ან წელიწადში 170 ლარი, ბარათის განაღდება კი უფასოა. ეს პაკეტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ხშირად იყენებს საბანკო სერვისებს და სურს სოლიდური თანხების განთავსება ანგარიშზე, ვისაც ესაჭიროება ვიზა გოლდი ან მასტერქარდ გოლდი განაღდებისა და ყიდვის მაღალი ლიმიტით.
სახელფასო ბარათი
თუ თვითდასაქმებული ხართ, ან დასაქმებული ხართ და ხელფასი გერიცხებათ სხვა ბანკში, ან იღებთ ხელზე, ან როგორც ფულად გზავნილს და გსურთ რომ შემოსავლები დაგიფიქსირდეთ თიბისი ბანკში, შეგიძლიათ გახსნათ სახელფასო ბარათი. ბარათის ვადა არის 4 წელი, ხოლო ყოველთვიური საკომისიო 2 ლარი. ბარათის მფლობელებს შეუძლიათ თანხის განაღდება უფასოდ თიბისის და პარტნიორ ბაკონმატებში, ასევე შეუძლიათ ხუთი ძირითადი კომუნალური სერვისის გადახდა უფასოდ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ აღნიშნულ ბარათზე შემოსავლის დაფიქსირება არ მოხდება ზედიზედ 6 კალენდარული თვის განმავლობაში აღნიშნული ბენეფიტები გაუქმდება და ამოქმედდება ვიზა გოლდის სტანდარტული პირობები.
გარდა ამისა, თიბისი ბანკში შეგიძლიათ აიღოთ სხვადასხვა ტიპის ბარათები, მაგალითად კლასიკ და სტანდარტ ბარათები უნივერსალური შემთხვევებისთვის, ამ ბარათების საკომისიო არის წელიწადში 30 ლარი. გოლდ ბარათები, რომელთა საკომისო წელიწადში 90 ლარია. ასევე iCard ბარათი ინტერნეტშოპინგისათვის ან ბარათი მიქსი.
საქართველოს ბანკის ანგარიშზები და სადებეტო ბარათები
საქართველოს ბანკი სასკოლო და სტუდენტური ბარათების გარდა სთავაზობს კიდევ ოთხი ტიპის სადებეტო ბარათს.
ვიზა და მასტერქარდ კლასიკი
თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ვიზა სტანდარტი ან ვიზა კლასიკი. მოცემული ბარათების ვადა არის ერთი ან ორი წელი. ერთწლიანი ბარათის საკომისიოა 40 ლარი, ხოლო ორწლიანის – 50 ლარი.
American Card
შეგიძლიათ აიღოთ American Card, რომლითაც ავტომატურად გახდებით ამერიკან ექსპრესის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბარათი სადებეტოა თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველა იმ პრივილეგიით, რითიც ამერიკან ექსპრესის საკრედიტო ბარათის მფლობელები სარგებლობენ. ბარათის ყოველწლიური საკომისიო 40 ლარია.
ვიზა გოლდი და მასტერქარდ გოლდი
საქართველოს ბანკში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ვიზა გოლდისა და მასტერქარდ გოლდის ბარათები, რომელთა ვადაც ერთი ან ორი წელია თქვენი სურვილის შესაბამისად. ერთწლიანი ვადით ბარათის შეძენის საკომისიო 110 ლარია, ხოლო ორწლიანის 150 ლარი.
Express Universal Card
გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ექსპრესს უნივერსალ ქარდით, რომელიც საშუალებას მოგცემთ არამხოლოდ განათავსოთ თქვენი თანხა ბარათზე, არამედ ისარგებლოთ ბარათით ტრანსპორტშიც. გარდა ამისა, აღნიშნულ ბარათს აქვს საკრედიტო ბარათის პარამეტრები, რაც ნიშნავს რომ ბანკი დაგიმტკიცებთ გარკვეულ ლიმიტს სესხისათვის. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია, საშეღავათო პერიოდი კი 55 დღე. საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 1500 ლარია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სავაჭრო ობიექტებში გახარჯულ თანხებზე 36.6%, თანხის განაღდებისას კი 44.1%.
ვითიბი ბანკის ანგარიშები და სადებეტო ბარათები
ვითიბი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სამი ტიპის ბარათს მასტერქარდის სადებეტო ბარათს, Instant ბარათს და VTB & Unicard ბარათს.
მასტერქარდის სადებეტო ბარათი
მასტერქარდის სადებეტო ბარათის ვადა ორი წელია, დამზადების საფასური 10 ლარი, თუ ბარათს დისტანციურად შეუკვეთავთ, ასეთ შემთხვევაში დამზადების საფასურის გადახდა არ მოგიწევთ. ყოველთვიური საკომისიო ერთი ლარია, თანხის ლარში განაღდების საკომისიო ვითიბი ბანკის ბანკომატებში 0.2 პროცენტი (მინიმალური 1 ლარი), ხოლო საკუთარი ლიმიტის ფარგლებში უფასო.
Instant Card
ინსტანტ ბარატი ვიზა კლასიკის ტიპის არაპერსონიფიცირებული სადებეტო ბარათია, რომელსაც მოთხოვნისთანავე მიიღებთ ვითიბი ბანკის ფილიალში. ბარათით სარგებლობა შეგიძლაით როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ბარათის ღირებულება 10 ლარია, ყოველთვიური საკომისიო კი ერთი ლარი. თანხის ლარში განაღდების საკომისიო ვითიბი ბანკის ბანკომატებში 0%-ია.
VTB & Unicard ბარათი
ეს ბარათი, როგორც სახელი გვთავაზობს უნიქარდისა და ვითიბის საერთო ბარათია. შესაბამისად ის აერთიანებს როგორც ვითიბის სადებეტო ბარათის ასევე უნიქარდის ფუნქციებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სადებეტო ბარათი თავისი დანიშნულებით და ამასთანავე დააგროვოთ უნიქარდის ქულები. ბარათის ვადა ორი წელია. მისი დამზადების ღირებულება ვითიბი ბანკის ფილიალებში 5 ლარია, ხოლო უნიქარდის ოფისებში – უფასო. ბარათს არ აქვს ყოველთვიური საკომისიო, თანხის განაღდება ვითიბის ბანკომატებში ასევე უფასოა.
ლიბერთი ბანკის ანგარიშები და სადებეტო ბარათები
ლიბერთი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სატარიფო პაკეტებს, ასევე საბანკო ბარათს City Pass რომლის გამოყენება შესაძლებელია სამგზავრო ბარათის დანიშნულებითაც და ბარათს sმარტივი UnionPay International – ამ ბარათებზე ინფორმაციის მოძიება ბაკის ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ, აქ კი შეგიძლიათ გაეცნოთ სატარიფო პაკეტების პირობებს.
სატარიფო პაკეტები
ლიბერთი ბანკს სამი სატარიფო პაკეტი აქვს – სტანდარტული, უნივერსალური და პრემიალური.
სტანდარტული სატარიფო პაკეტი
სტანდარტული პაკეტის ყოველთვიური მომსახურეობაა 1.50 ლარი, მასთან მიბმულია ვიზა კლასიკისა და მასტერქარდ სტანდარტის სადებეტო ბარათები, ძირითადი ბარათის დამზადება უფასოა, ხოლო დამატებითი ბარათის დამზადება 10 ლარი ღირს.
უნივერსალის სატარიფო პაკეტი
უნივერსალის სატარიფო პაკეტის ყოველთვიური მომსახურეობის საფასური 4.50 ლარია, ბარათის დამზადება უფასოა. ამ სატარიფო პაკეტთან მიბმულია ვიზა კლასიკის, ვიზა გოლდისა და მასტერქარდ სტანდარტის ბარათები.
პრემიალური სატარიფო პაკეტი
პრემიალური სატარიფო პაკეტის ყოველთვიური ღირებულება განისაზღვრება 14.50 ლარით. მასთან მიბმულია ანგარიშები ვიზა კლასიკი, მასტერქარდ სტანდარტი, ვიზა გოლდი და ვიზა პლატინა.
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სატარიფო ინფორმაციას დეტალურად ლიბერთი ბანკის საიტზე ატვირთულ დოკუმენტში.
ბაზისბანკის ანგარიშები და სადებეტო ბარათები
ბაზისბანკი მომხმარებელს სთავაზობს ვიზა კლასიკისა და ვიზა გოლდის სადებეტო ბარათებს ოვერდარფტის შესაძლებლობებით. ასევე ვიზა ბიზნესს.
ვიზა კლასიკი
ვიზა კლასიკის წლიური მომსახურეობის საფასური წელიწადში 15 ლარია. მინიმალური ნაშთი ანგარიშზე 10 ლარი, ბაზისბანკის ბანკომატით თანხის განაღდების საკომისიო 0.2%-ია.
ვიზა ბიზნესი
ვიზა ბიზნესის ყოველწლიური ღირებულბა პირველ წელს 100 ლარია, ხოლო მეორე წელს 75, ხოლო მინიმალური ნაშთი ანგარიშზე 100 დოლარი. რაც შეეხება ვიზა კლასიკს, მისი ღირებულება პირველ წელს 150 ლარია, ხოლო მეორე წელს 100 ლარი, მინიმალური ნაშთი ანგარიშზე 100 დოლარი,
ბანკი ქართუს ანგარიშები და სადებეტო ბარათები
ბანკი ქართუ მომხმარებელს სთავაზობს VISA Electron/MasterCard Maestro ბარათებს ფიზიკური პირებისათვის. ბარათების ვადა 2 წელია, ძირითადი ან დამატებითი ბარათის დამზადება უფასოა, ასევე ბარათის განახლებაც. წლიური მომსახურეობის საფასური 10 ლარია. ამ ბარათებზე არ არის დადგენილი მინიმალური ნაშთი. ბანკი ქართუს ბანკომატებიდან, ასევე ლიბერთი ბანკის ბანკომატებიდან თანხის განაღდების საკომისიო 0.2%-ია.
სილქროუდ ბანკი
სილქროუდ ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ვიზა სადებეტო ბარათებს. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ Visa Electron, Visa Classic ან Visa Gold-ის სადებეტო ბარათები.
Visa Electron
ბარათი შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მოქმედი ბანკომათებითა და პოს-ტერმინალებით, ასევე გადაიხადოთ ონლაინ, განახორციელოთ გადარიცხვები და ისარგებლოთ დისტანციური მომსახურეობით. ანგარიშის გახსნა უფასოა, ბარათის წლიური საკომისიო 10 ლარია, ხოლო დამატებითი ბარათის წლიური საკომისიო 5 ლარი. დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენის ღირებულება 7 ლარია. ბარათის ვადა 4 წელია და მასზე მინიმალური ნაშთი არ მოითხოვება. ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ოვერდრაფტითაც. ბარათით თანხის განაღდების საკომისიო სილქ როუდ ბანკის ბანკომატებში 0.2%-ია.
Visa Classic
ძირითადი ბარათის მოსმახურეობის წლიური საკომისიო 20 ლარია, ხოლო დამატებითი ბარათის 15 ლარი. დაზიანებული ან დაკარგული ბარათის აღდგენის ფასი ასევე 15 ლარია. ბარათის ვადა 4 წელია, მინიმალური ნაშთი ბარათზე ლარში – 30 ლარი.
სილქროუდ ბანკში თანხის განაღდების საკომისიო ასევე 0.2%-ია.
Visa Gold
ვიზა გოლდის ძირითადი ბარათის წლიური მომსახურეობის საკომისიო 70 ლარია, ხოლო დამატებითი ბარათის – 50 ლარი, ასევე დაზიანებული ან დაკარგული ბარათის აღდგენის ფასიც. მინიმალური ნაშთი რაც შეიძლება ანგარიშზე გქონდეთ დარჩენილი 100 ლარია. ბარათი ვალიდურია 4 წლის განმავლობაში, თანხის განაღდების საკომისიო სილქ როუდ ბანკის ბანკომატებში 0.2%-ია.
ფინკა ბანკის ანგარიშები და ბარათები
ფინკა ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ვიზა ელექტრონის და ვიზა კლასიკის სადებეტო ბარათებს. ასევე აქვს პაკეტური შეთავაზება.
ფინკა ბანკის პაკეტური შეთავაზება
პაკეტური შეთავაზებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს რამდენიმე სერვისით ერთად, კერძოდ ჰქონდეს ვიზა ელექტრონის ან ვიზა კლასიკის სადებეტო ბარათი, ინტერნეტ ბანკინგი, ტელეფონ ბანკინგი და ავტომატური დავალებები.
პაკეტური შეთავაზება გულისხმობს შტარიფებს საბანკო მომსახურეობის პაკეტის არქონის შემთხვევაში და ტარიფებს “Online” პაკეტის ქონის შემთხვევაში.
პირველ შემთხვევაში საბანკო ანგარიშის გახსნის საფასური 10 ლარია, ხოლო ყოველთვიური საკომისიო 1 ლარი. საკომისიო აქვს ინტერნეტ ბანკინგის მომსახურეობას და სმს მომსახურეობასაც, თითოეული განისაზღვრება თვეში 1 ლარით. ასევე, ტელეფონ ბანკინგის საფასური განისაზღვრება 0.50 თეთრით.
ტარიფი “Online” პაკეტის ქონის შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურეობები უფასოა, თუმცა მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს პაკეტის მომსახურეობის ყოველთვიური საკომისიო 2.50 ლარი.
ორივე ტიპის პაკეტის მომხმარებლბებისათვის მიმდინარე ან შემნახველ ბანკის ანგარიშზე თანხის განაღდების საკომისიო 0.5%-ია.
ტერაბანკის ანგარიშები და ბარათები
ტერაბანკი მომხმარებელს სთავაზობს ხუთი ტიპის სადებეტო ბარათს: ვიზა კლასიკი, ვიზა გოლდი, ვიზა პლატინუმი, მასტერქარდ სტანდარტი და მასტერქარდ გოლდი.
ვიზა კლასიკი, ვიზა გოლდი და ვიზა პლატინუმი
ბარათის მოქმედების ვადა ორი წელია, მისი გაცემის საკომისიო 30 ლარი. ბარათზე მინიმალური ნაშთი არ მოითხოვება. ტერაბანკის ფილიალში ან ტერაბანკის ბანკომატებიდან თანხის გატანის საკომისიო ლარში 0.2%-ია. ვიზა გოლდის მიღების საფასური 100 ლარია, მისი მოქმედების ვადა ასევე ორი წლით განისაზღვრება. მინიმალური ნაშთი ამ ბარათისთვისაც არ მოითხოვება და საკომისიო თანხის განაღდებაზე იგივეა.
ვიზა პლატინუმის გაცემის საკომისიო 250 ლარია. ამ ბარათს ასევე აქვს წლიური მომსახურეობის საკომისიო – 50 ლარი. აქაც მინიმალური ნაშთი არ მოითხოვება და ტერაბანკის ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო ლარში 0.2%-ია.
მასტერქარდ სტანდარტი და გოლდი
მასტერქარდ სტანდარტის გაცემის საკომისიო ტერაბანკში 30 ლარია, ბარათის ვადა ასევე ორი წელია, მინიმალური ნაშთი ანგარიშზე არ მოითხოვება, ხოლო ტერაბანკის ბანკომატიდან თანხის ლარში განაღდების საკომისიო 0.2%-ია. ეს პირობები იგივეა მასტერქარდ გოლდისათვის, მისი აღების საფასური 100 ლარია.
ზირაათ ბანკის ანგარიშები და ბარათები
ზირაათ ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზე საბანკო ბარათების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირედაა მოცემული. მაგალითად, საბანკო ბარათების გვერდზე აღნიშნულია, რომ ზირაათ ბანკის სადებეტო ბარათის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გაანაღდოს თანხა როგორც ზირაათ ბანკის ასევე თიბისი ბანკის ბანკომატების საშუალებით. სხვა დეტალები, მაგალითად, ბარათის დამზადების საფასური, მოქმედების ვადა, ბარათის ყოველწლიური მომსახურეობის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საიტზე მოცემული არ არის.
იშ ბანკი საქართველოს ანგარიშები და ბარათები
იშ ბანკი მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ ერთი ტიპის სადებეტო ბარათს – ვიზა ელექტრონს. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია. ბარათის დამზადების, აღდგენის ან ვადაგასული ბარათის განახლების საფასური 10 ლარია, ხოლო ბარათის წლიური მომსახურეობა უფასოა. თანხის განაღდება იშ ბანკის ბანკომატების საშუალებით უფასოდ შეგიძლიათ.
ხალიკ ბანკი საქართველოს ანგარიშები და ბარათები
ხალიკ ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სადებეტო ბარათებს, მათ შორისაა Visa Electron / MasterCard Maestro, ვიზა გოლდი და მასტერქარდ გოლდი, ვიზა პლატინუმი, ვიზა ბიზნესი და მასტერქარდ ბიზნესი და VIP პრემიალური პაკეტი.
Visa Electron / MasterCard Maestro
ბარათის დამზადების საფასურია 10 ლარი, ხოლო მომსახურეობის საკომისო არ აქვს. ასევე დამატებითი ბარათის ღირებულება 10 ლარია და ამ ბარათზეც მოსმახურეობის საკომისიო არ ვრცელდება. თუ ბარათს დააზიანებთ ან დაკარგავთ ახალი ბარათის დამზადების საფასური 10 ლარია. დისტანციური საბანკო მომსახურეობის საფასური 2 ლარია. ხალიკ ბანკ საქართველოს ბანკომატებიდან ფულის განაღდების საკომისიო 0.2%-ია. თქვენ შეგიძლიათ ბარათი აიღოთ 2 ან 4 წლის ვადით.
ვიზა გოლდი და მასტერქარდ გოლდი
ვიზა გოლდის ან მასტერქარდ გოლდის ბარათის ბვადა 2 წელია. ამ ბარათის დამზადების ღირებულება 60 ლარია, როგორც ძირითადი ბარათის, ასევე დამატებითი აბრატის შემთხვევაში. დამატებითი ბარათის მომსახურეობის საკომოსიო არ არის. დისტანციური მომსახურეობის საფასური ამ ბარათის შემთხვევაშიც 2 ლარია. დაზიანებული ან დაკარგული ბარათის აღდგენის საფასური 60 ლარია. რაც შეეხება თანხის განაღდებას ხალიკ ბანკის ბანკომატებიდან საკომისიო ამ ბარათზეც 0.2%-ით განისაზღვრება.
ვიზა პლატინუმი
ვიზა პლატინის ძირითადი ბარათის დამზადების ღირებულება 120 ლარია, ხოლო ძირითადი ბარათის მომსახურეობის საკომისიო 95 ლარი. დამატებით ბარათის დამზადების საფასური 35 ლარია, ხოლო დამატებით ბარათის მომსახურეობის საკომისიო 35 ლარი. თუ ბარათი დააზიანეთ ან დაკარგეთ, მისი აღდგენისათვის 120 ლარის გადახდა მოგიწევთ. დისტანციური მომსახურეობის საკომისიო 2 ლარია. ხოლო ხალიკ ბანკის ბანკომატებიდან თანხის განაღდების საკომისიო 0.2%.
ვიზა ბიზნესი და მასტერქარდ ბიზნესი
ძირითადი და დამატებითი ბარათის დამზადების ღირებულება 50 ლარია, ხოლო ბარათის მომსახურეობა უფასოა. დისტანციური მომსახურეობის საკომისიო 2 ლარია. ხალიკ ბანკის ბანკომატებიდან თანხის განაღდების საკომისიო – 0.2%. ვიზა ბიზნესისა და მასტერქარდ ბიზნესის ვადა 2 წელია.
რაც შეეხება VIP პრემიალურ პაკეტს, ის განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომელთაც შემოსავლის მინიმალური რაოდენობა 3000 ლარი უფიქსირდებათ. ამ პაკეტისა და სადებეტო ბარათის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ხალიკ ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზე.
პაშა ბანკი საქართველოს ანგარიშები და ბარათები
პაშაბანკის ოფიციალურ საიტზე მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა საბანკო სერვისების შესახებ, თუმცა მათ შორის არ არის ინფორმაცია ანგარიშებისა და ბარათების შესახებ. შესაბამისად, პაშა ბანკი ან არ სთავაზობს მომხმარებელს სადებეტო ბარათებს, ან მათ სესახებ ინფორმაცია არ აქვს განთავსებული ოფიციალურ საიტზე.
კრედო ბანკის ანგარიშები და ბარათები
მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსო კრედომ მიიღო ბანკის სტატუსი, ის არ სთავაზობეს მომხმარებელს სადებეტო ანგარიშებსა და ბარათებს. ამ დროისათვის კრედო ბანკის ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია მოცემულია მხოლოდ ავტოსესხის, სტუდენტური სესხისა და სწრაფი სესხის შესახებ.
პროკრედიტ ბანკის ანგარიშები და ბარათები
სამწუაროდ, სტატიის მომზადების პერიოდში პროკრედიტ ბანკის ოფიციალური ვებსაიტი ხელმისაწვდომი არ არის.
შეჯამება
როგორც ხედავთ, საქართველოში სადებეტო ბარათებზე ბანკებს დაახლოებით ერთი და იგივე ტარიფები აქვთ როდესაც საქმე ბარათის საკომისიოს ან ბანკიდან და ბანკომატებიდან თანხის გამოტანას ეხება. თუმცა, მათ შორის განსხვავებებიც არის, მაგალითად, სადებეტო ბარათების ვადა, მინიმალური ნაშთი ანგარიშზე, პარტნიორი ბანკების რაოდენობა, რომელთა ბანკომატებიდან თანხის განაღდება შედარებით დაბალი პროცენტით არის შესაძლებელი. ასევე განსვავებულია მაგალითად დამატებითი ბარათების ღირებულება, დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენის ღირებულება და სხვა. მნიშვნელოვანია განსხვავება არასანქცირებული ოვერდრაფტის პროცენტებშიც.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ბანკთან ურთიერთობა, ან ფიქრობთ შეიცვალოთ ბარათი, აიღოთ ახალი ბარათი დამატებით ან სულაც შეიცვალოთ ბანკი, რომელთანაც მომსახურეობას იღებთ, გირჩეთ, რომ კარგად დაუკვირდეთ თითოეულ დეტალ და შესაბამისად შეარჩიოთ ის ბანკი და ის სადებეტო ბარათი, რომელიც მაქასიმალურად პასუხობს თქვენს მოთხოვნებს.