ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ დაზვევის შესახებ საქართველოში post thumbnail image

ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ დაზვევის შესახებ საქართველოში

თანამედროვე მსოფლიოში დაზღვევა მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გარკვეული გადასახადის სანაცვლოდ შევამციროთ სამომავლო რისკები. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაზღვევა არამხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა. დაზღვევის ყველაზე გავრცელებული სახეობა ჯანმრთელობის დაზღვევაა. თუმცა თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ ბევრად მეტი რამ, ვიდრე თქვენი ჯანმრთელობაა. თუ თქვენ ახალი ხართ დაზღვევის სფეროში და გსურთ გაერკვეთ რა არის დაზღვევა, როგორ მუშაობს ის, ან გინდათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სადაზღვეო პაკეტი ბოლომდე წაიკითხეთ სტატია და გაეცანით ინფორმაციასა და რჩვევებს დაზღვევასთან დაკავშირებით რათა სწორი და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოთ.

სტატიაში წაიკითხავთ

  • რატომ არის საჭირო დაზღვევა
  • რა შეგიძლიათ დააზღვიოთ
  • როგორ მუშაობს დაზღვევა
  • დაზღვევა და სადაზღვეო კომპანიები საქართველოში
  • რამდენი ფულია საჭირო დაზღვევისათვის
  • როგორ უნდა შეარჩიოთ სადაზღვეო პაკეტები

რატომ არის დაზღვევა საჭირო

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, მათ შორის, სამწუხაროდ უსიამოვნო მოულოდნელობებითაც. ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ ყველაფერი და თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო მოულოდნელობები. თუმცა შეგვიძლია შევამციროთ უსიამოვნო შემთხვევებით მიღებული ზარალი და ამასთანავე გვქონდეს მზაობა მარტივად, ზედმეტი ხარჯებისა და დამატებითი სტრესის გარეშე გავუმკლავდეთ მათ. სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს დაზღვევა. როდესაც დილით სამსახურში მიდიხართ თქვენი ახლად შეძენილი მანქანით, ალბათ არ ფიქრობთ რომ დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც თქვენს უკან დაბნეული მძღოლი შემთხვევით დაგარტყამთ და მანქანას დაგიზიანებთ. ამაზე არავინ არ ფიქრობს, თუმცა სავსებით შესაძლებელია ასეთი რამ ნებისმიერ დღეს მოხდეს, რაც არ უნდა გამოცდილი მძღოლი იყოთ თავად. თუკი თქვენ დაზღვეული გყავთ მანქანა, არ არის აუცილებელი დღე გაიფუჭოთ ამ უსიამოვნო მოვლენის გამო, საკმარისია დაუკავშირდეთ თქვენს სადაზღვეო აგენტს და თავიდან აირიდოთ შემდგომი თავისტკივილი და ხარჯები.  დაზღვევა ფინანსური ინსტრუმენტია რომელიც გვეხმარება ვმართოთ რისკები, მოულოდნელი უსიამოვნო შემთხვევის შემთხვევაში შევამციროთ ან სრულად ავირიდოთ თავიდან დამატებითი ხარჯები და საერთოდაც ვიცხოვროთ მშვიდად ჩვენს ჯანმრთელობაზე, სახლზე თუ ავტომობილზე ნერვიულობის გარეშე. სწორედ ამიტომ არის სასურველი და საჭირო გქონდეთ დაზღვევა.  შესაძლოა, თქვენ ფიქრობდეთ, რომ დაზღვევა დამატებითი ხარჯია თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტისათვის, თუმცა როდესაც უსიამოვნო მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდებით, მიხვდებით რომ ყოველთვიურად მცირე თანხის გადახდა ნამდვილად ღირდა.

რა შეგიძლიათ დააზღვიოთ

სქართველოში დაზღვევას ბევრწლიანი ისტორია ნამდვილად არ აქვს, თუმცა ეს სფერო საკმაოდ განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლობთ დაზღვევის სხვადასხვა კატეგორიებით. საერთოდ მსოფლიოში ყველაფერი შეგიძლიათ დააზღვიოთ რაც ღირებულია. ალბათ ყური მოგიკრავთ, ან წაგიკითხავთ სტატიები იმაზე, თუ სხეულის რომელი ნაწილი აქვს დაზღვეული ამა თუ იმ კინოვარსკვლავს. შესაბამისად ფეხებიდან დაწყებული თქვენი საყვარელი კატით დამთავრებული შეგიძლიათ დააზღვიოთ ყველაფერი რაც თქვენთვის ღირებულია.

არსებობს ინდივიდუალური და ბიზნესის დაზღვევა, რომელიც ასევე მოიაზრებს კორპორატიულ დაზღვევასაც. ინდივიდუალური დაზღვევა გულისხმობს პიროვნების მიერ სადაზღვეო პაკეტის შეძენას, ბიზნესის დაზღვევა მოიცავს სხვადასხვა სადაზღვეო პაკეტებს, რომლებიც მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე. კორპორატიული დაზღვევა გულისხმობს კომპანიის თანამშრომლების დაზღვევას. სადაზღვეო პაკეტები განსხვავებულია ბიზნესისა და ინდივიდუალური დაზღვევისათვის.  აქ ძირითადად განვიხილავთ ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტებს და მცირედ შევეხებით სხვა ტიპის სადაზღვეო პაკეტებსაც.  მაშ ასე, რა შეგიძლიათ დააზღვიოთ საქართველოში:

ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში

ჯანმრთელობის დაზღვევა

როგორც ავღნიშნე, მსოფლიოში დაზღვევის ყველაზე გავრცელებული ტიპი ჯანმრთელობის დაზღვევაა. ჯამრთელობი დაზღვევა საშუალებას გვაძლევს ვისარგებლოთ ოჯახის ექიმის მომსახურებით, გეგმიური და გადაუდებელი მომსახურებით და გადაიხადოთ ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მომსახურების ღირებულებაა, ან მოგვიანებით აინაზღაუროთ თანხა. ამასთანავე ისარგებლოთ შემცირებული თანხებით მედიკამენტებზე. ჯანმრთელობის სადაზღვეო პაკეტები განსხვავდება ბევრი მაჩვენებლით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პროვაიდერი კლინიკები, სადაც მომსახურების მიღება შეგიძლიათ. როგორც წესი, სადაზღვეო კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ სხვადასხვა სადაზღვეო პაკეტებს რომლებიც განსხვავდება სადაზღვეო პრემიითა და ანაზღაურებით. გაეცანით ინფორმაციას ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ.

სადაზღვეო კომპანიების ჩამონათვალი

სიცოცხლის დაზღვევა

სიცოცხლის დაზღვევა გიცავთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან. რასაკვირველია, არავის სურს ამაზე წინასწარ ფიქრი, თუმცა სიცოცხლის დაზღვევა შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაზღვეული ოჯახში ერთადერთი ან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემომტანია, როდესაც საქმე ფინანსურ კეთილდღეობას ეხება. დაზღვეულს შეუძლია ყოველთვიური თანხის გადახდით დააზღვიოს სიცოცხლე და დაასახელოს მოსარგებლე, რომელიც მიიღებს სადაზღვეო ანაზღაურებას. გაეცანით ინფორმაციას სიცოცხლის დაზღვევის შესახებ.

ავტოდაზღვევა საქართველოში

ავტოდაზღვევა

ავტოდაზღვევაც, ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად დაზღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. დიდი ხანია ავტომობილი აღარ არის ფუფუნების ნივთი და ყოველდღიური მოხმარების ნივთად გადაიქცა. რადგან ავტოსაგზაო შემთხვევები ძალიან ხშირია,  მნიშვნელოვანია, დაზღვეული იყოთ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ავტომობილს. თუკი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია სხვა ადამიანის მიერ, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება სადაზღვეო კომპანიისგან. ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი პასუხისმგებლობა, როდესაც საჭესთან ხართ, ასევე სურვილის შემთხვევაში დააზღვიოთ მგზავრის უსაფრთხოებაც. გაეცანით ინფორმაციას ავტოდაზღვევის შესახებ.

რა არის დაზღვევა

 უძრავი ქონების დაზღვევა

უძრავი ქონების დაზღვევა გვიცავს ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენებისაგან როგორიცაა მაგალითად ხანძარი, ძარცვა, ვანდალიზმი, ასევე ბუნებრივი კატასტროფებისაგან როგორიცაა გრიგალი, მიწისძვრა, წყალდიდობა და სხვა. თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ როგორც სახლი, ასევე იქ არსებული ქონებაც. ეს დამოკიდებულია თქვენს სადაზღვეო ხელშეკრულებაზე და სადაზღვეო პოლისზე. გაეცანით ინფორმაციას უძრავი ქონების დაზღვევის შესახებ. 

რა ღირს დაზღვევა საქართველოში

მოგზაურობის დაზღვევა

თუ ახალი ქვეყნის აღმოსაჩენად მიდიხართ ალბათ ფიქრობთ რა ადგილები მოინახულოთ, სად ისადილოთ და სად გადაიღოთ ფოტოები შემდეგ ინსტაგრამზე დასადებად. არავის უნდა ფიქრი იმაზე რომ ,მოგზაურობისას რაიმე შეემთხვევა. თუმცა ამ რისკის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ მოგზაურობისთვის დაზღვევა აუცილებელია. მოგზაურობის დაზღვევის დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით და სამედიცინო ტრანსპორტირებითა, ასევე შეგიძლიათ დააზღვიოთ ბარგი და რეისის დაზღვევითაც კი. დაზღვევის პირობები, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც დამოკიდებულია სადაზღვეო პრემიასა და კომპანიაზე რომელსაც ირჩევთ მზღვეველად.

გარდა მოცემული დაზღვევისა, არსებობს დაზღვევის სხვა სახეობებიც, რომლებიც ძირითად ბიზნესისთვისაა განკუთვნილი მაგალითად აგროდაზღვევა, მოსავლისა და დანადგარების დაზღვევა,  ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა, პროფესიული პასუხისმგებლობისა და ფინანსური რისკების დაზღვევა და ა.შ. გაეცანით ინფორმაციას სამოგზაურო დაზღვევის შესახებ.

როგორ მუშაობს დაზღვევა

სანამ განვიხილავდეთ როგორ მუშაობს დაზღვევა, მოდით განვმარტოთ ძირითადი ტერმინები რომლებით გამოიყენება სადაზღვეო სფეროში.

  • დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრას სადაზღვეო პირობებს იდება ზღვეველსა და დამზღვევს შორის. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს დაზღვეის პირობებს, დროსა და ტერიტორიას სადაც დაზღვევა მოქმედებს, ასევე განსაზღვრავს მხარეების ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს.
  • მზღვეველი ეს არის კომპანია ან პირი რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ ქონების დაზღვევას და დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზარალი.
  • დამზღვევი არის პიროვნება, რომელიც ხელშეკრულებას დებს დამზღვევ პირთან ან კომპანიასთან და იხდის თანხას ყოველთვიურად (სადაზღვეო პრემია) დაზღვევით სარგებლობისათვის.
  • დაზღვეული არის პიროვნება, რომელიც სარგებლობს ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ სამოგზაურო დაზღვევით ან/და არის დაზღვეული ქონების (სახლი, ავტომობილი და ა.შ) მეპატრონე. როგორც მიხვდით, დამზღვევი და დაზღვეული შესაძლოა იყოს ერთი და იგივე პიროვნება. თუ თქვენ შეიძენთ ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალურ პაკეტს თქვენ თავად ხართ დამზღვევიც და დაზღვეულიც. თუ თქვენ სარგებლობთ კორპორატიული სადაზღვეო პაკეტით და თქვენი კომპანია უზრუნველყოფს ხელშეკრულების დადებას დამზღვევ კომპანიასთან, ამ შემთხვევაში კომპანია, რომლისთვისაც მუშაობთ არის დამზღვევი, ხოლო თქვენ ხართ დაზღვეული.
  • სადაზღვეო პრემია – სადაზღვეო პრემია არის დაზღვევის საფასური, თანხა რომელსაც იხდით ყოველთვიურად დაზღვევის მომსახურებისათვის.
  • სადაზღვეო შემთხვევა – ეს არის ხელშეკულებაში გათვალისწინებული მოვლენა, რომლის დადგომის შემთხვევაშიც სადაზღვეო კომპანია ვალდებულია აგინაზღაუროთ მოვლენით გამოწვეული ზარალი. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ სახლი დაზღვეული ხანძრისაგან და ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინეთ რომ თქვენს სახლს ცეცხლი უკიდია შეგიძლიათ მოთხოვოთ სადაზღვეო კომპანიას ზარალის ანაზღაურება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის აუცილებელია შედგეს სადაზღვეო შემთხვევის აქტი.
  • სადაზღვევო ანაზღაურება -ეს არის თანხა, რომელსაც მიიღებთ მზღვეველი კომპანიისაგან, იმ შემთხვევაში თუ დადგა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვეო შემთხვევა.

ეს არის ის ძირითადი ტერმინები, რომელთა მნიშვნელობაც აუცილებელია ინდივიდულაური დაზღვევის გამოყენების შემთხვევაში. მოცემული ტერმინების მიხედვით ალბათ უკვე მიხვდით როგორ მუშაობს დაზღვევა. თქვენ ირჩევთ სადაზღვეო პაკეტს და უკავშირდებით სადაზღვეო კომპანიას რათა შეიძინოთ შესაბამისი პაკეტი. დებთ სადაზღვეო ხელშეკრულებას სადაც განსაზღვრულია სადაზღვეო პრემია, ანაზღაურება, სადაზღვეო შემთხვევა და სხვა გარემოებები. ხელშეკრულების დადების შემდეგ კომპანიისგან იღებთ სადაზღვეო პოლისს, რომელიც ადასტურებს რომ დაზღვეული ხართ. სადაზღვეო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში უკავშირდებით მზღვეველ კომპანიას, რომელიც ადგენს შემთხვევის აქტს, რის საფუძველზეც აგინაზღაურებთ ზარალს.

დაზღვევა საქართველოში

საქართველოში სადაზღვეო კომპანიების საქმიანობას არეგულირებებს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც სხვადასხვა სახით არსებობს 1997 წლიდან. სამსახური ზედამხედველობას უწევს სადაზღვეო კომპანიებსა და საპენსიო სქემებს და ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობასთან. დღეისათვის საქართელოს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან დარეგისტრირებულია 17 კომპანია რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სადაზღვეო მომსახურებებს. ეს კომპანიებია: ევროინსი, ალდაგი, ალფა, არდი, იმედი ელ, ირაო, კამარა, თიბისი დაზღვევა,პე-ეს-პე დაზღვევა, პრაიმი, სადაზღვეო კომპანია ტაო, უნისონი, ქართუ დაზღვევა, ჯი პი აი, ბენეფიტს, აი ჯი ჯი და ჰუალინგ დაზღვევა. თითოეული მათგანი სხვადასხვა ტიპის დაზღვევას სთავაზობს მომხმარებელს, ამასთანავე, მათი სადაზღვეო პაკეტები განსხვავდება ერთმანეთისგან. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეული მათგანის შემოთავაზებესა და პირობებს უფრო დაწვრილებით შესაბამის კატეგორიებში მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევა, ან ავტოდაზღვევა.

დაზღვევა საქართველოში

რამდენი ფულია საჭირო დაზღვევისათვის

ამ კითხვაზე ერთი პასუხი არ არსებობს. სხვადასხვა ტიპის დაზღვევა განსხვავებული ღირებულებისაა. ფასები განსხვავებულია მზვეველ კომპანიებთანაც. შესაბამისად, შეუძლებელია უპასუხო კითხვას რა ღირს დაზღვევა საქართველოში. თუმცა აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით საშუალოდ დაზღვევის ღირებულება საქართველოში საკმაოდ მცირეა.  მაგალითად სამოგზაურო დაზღვევის შეძენა 1 ლარითაა შესაძლებელი, თუმცა ჯანმრთელობის დაზღვევა შესაძლოა 60 ლარი ღირდეს. რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლებია სადაზღვეო პრემია, მით უფრო ნაკლებია ანაზღაურებაც. ამიტომ თუ თქვენთვის სადაზღვეო პრემიის რაოდენობა ღირებული არ არის, ნუ აირჩევთ დაზღვევის პაკეტს ყოველთვიური გადასახადის მიხედვით და ყურადღება მიაქციეთ სხვა მაჩვენებლებს. თუმცა, რადგან საერთო ეკონომიკური მდოგმარეობა მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის არასახარბიელოა, სადაზღვეო პრემია ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება იყოს. ასეთ შემთხვევაში კარგად შეადარეთ ერთმანეთს სადაზღვეო კომპანიების მიერ შემოთავაზებული პაკეტენი რათა შეარჩიოთ მაქსიმალურად ხელსაყრელი პოლისი.

როგორ უნდა შეარჩიოთ სადაზღვეო პაკეტი

სადაზღვეო კომპანიების ჩამონათვალი არც თუ ისე მოკლეა. თქვენ უნდა შეარჩიოთ სადაზღვეო პაკეტი  17 არსებული კომპანიიდან, რომლებიც როგორც წესი რამდენიმე ტიპის პაკეტს გთავაზობენ. შესაბამისად, შერჩევა სულაც არ არის იოლი. აი რამდენიმე რჩევა, რომელიც გამოგადგებათ სადაზღვეო პოლისის შესაძენად.

გამოიკვლიეთ სადაზღვეო პირობები

როდესაც სადაზღვეო აგენტი გიკავშირდებათ, ან თქვენ უკავშირდებით მას, რასაკვირველია ის ცდილობს დაგარწმუნოთ მათი სადაზღვეო პოლისის უპირატესობაში. სადაზღვეო პოლისის გაყიდვა მისი საქმიანობაა, ანალოგიურად როდესაც საიტზე ნახულობთ პირობებს იქ პირობები წარმოჩენილია ისე, რომ დაგარწმუნოთ შეიძინოთ ესა თუ ის პაკეტი. თუმცა, ნუ ენდობით ბრმად და კარგად გამოიკვლიეთ რას გთავაზობთ სადაზღვეო კომპანია პოლისის ფარგლებში. აუცილებლად გაეცანით ხელშეკრულებას, თუ ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა გსურთ ყურადღებით გამოიკვლიეთ პროვაიდერი კლინიკები და ნახეთ რა ტიპის მომსხურეობა აგინაზღაურდებათ სრულად, ნაწილობრივ და რა ტიპის მკურნალობა არ აგინაზღაურდებათ. სხვაგვარად, შეიძლება შეიძინოთ სადაზღვეო პოლისი და აღმოაჩინოთ რომ დაზღვევა არ ფარავს იმ მომსახურებებს რომლებიც გაინტერესებთ ან გჭირდრებათ.

ნახეთ რამდენად მარტივი და კომფორტულია კომპანიასთან ურთიერთობა

როდესაც დაზღვევას ყიდულობთ, თქვენ გსურთ თავიდან აირიდოთ დამატებითი თავის ტკივილი. თუმცა სამწუხაროდ ზოგიერთ შემთხევევაში იღებთ უფრო მეტ თავის ტკივილს ზედმეტი ბიუროკრატიით. ალბათ არ გინდათ სადაზღვეო კომპანიამ აქეთ-იქით გარბენინოთ და მაქსიმალურად გაწვალოთ თანხების ანაზღაურებისთვის. ამიტომ დარწმუნდით, რომ მათი მომსახურება დახვეწილი და მთლიანად მომხმარებელზე მორგებულია.

ჰკითხეთ აზრი სხვა მომხმარებლებს

საქართველო მეტისმეტად პატარაა და თქვენს გარშემო აუცილებლად იქნებიან ადამიანები, რომელთაც უსარგებლიათ ან დღემდე სარგებლობენ ამა თუ იმ სადაზღვეო კომპანიის მომსახურებით. ჰკითხეთ მათ არიან თუ არა კმაყოფილები სადაზღვეო კომპანიის პირობებით და მომსახურებით. რამდენად სწრაფად და მარტივად ანაზღაურებენ კომპანიები სადაზღვეო თანხას და რამდენად კეთილსინდისიერად ემსახურებიან მომხმარებელებს. თუ თქვენი ნაცნობი აღარ სარგებლობს კონკრეტული კომპანიის მომსახურებით ჰკითხეთ რა არის ამის მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ თუ არა ამ კომპანიას მომავალში.  ეს დაგეხმარებათ მიიღოთ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილება.

შეადარეთ პირობები ერთამენთს

ბოლოს, აუცილებლად შეადარეთ სხვადასხვა კომპანიების პაკეტები ერთმანეთს. მაგალითად საქართველოში სიცოცხლის დაზღვევას მხოლოდ რამდენიმე სადაზღვეო კომპანია სთავაზობს მომხმარებელს. შეგიძლიათ შეხვიდეთ მათ საიტზე, შეამოწმოთ და შეადაროთ მათი პირობები და ხელშეკრულებები ერთმანეთს რათა შეარჩიოთ საუკეთესო სადაზღვეო პოლისი.