რა არის სიცოცხლის დაზღვევა და რა რისკებისგან გიცავთ ის post thumbnail image

რა არის სიცოცხლის დაზღვევა და რა რისკებისგან გიცავთ ის

ალბათ დამეთანხმებით, რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი რამაა ადამიანისთვის. შესაბამისად, სიცოცხლის დაზღვევა მნიშვნელოვანი სადაზღვეო პროდუქტია. სამწუხაროდ საქართველოში ამ ტიპის დაზღვევა გავრცელებული არ არის ლოგიკური მიზეზების გამო. პირველ რიგში, ქართველი ადამიანების უმეტესობას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა დააზღვიოს ყველაფერი. საქართველოში ყველაზე გავრცელებული დაზღვევის ტიპები ჯანმრთელობის და ავტოდაზვევაა – ანუ ქართველები ირჩევენ იმ ტიპის დაზღვევებს, რომელთა გამოყენების საჭიროება შეიძლება დადგეს გამეორებითად. ასევე იმის ალბათობა, რომ ავტომობილს რაიმე დაემართება- სხვის, ან თავად მძღოლის მიზეზით საკმაოდ მაღალია, ასევე  ადამინს შესაძლოა ხშირად დასჭირდეს ექიმთან ვიზიტი. სწორედ ამიტომ, თუ საქმე მიდგა შეკითხვაზე -რა დავაზღვიო, პასუხი ხშირად ჯანმრთელობა და მანქანაა. საქართველოში ცოტას თუ აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ყველა სადაზღვეო პროდუქტი გამოიყენოს, სიცოცხლის დაზღვევა კი ხშირად ამ სიაში ყველაზე ბოლოა.

მეორე მიზეზი ისაა, რომ ადამიანებს იმის მოლოდინი, რომ მათ რაიმე დაემართებათ, ძალიან დაბალი აქვთ. ეს ლოგიკურია, არავის სურს იფიქროს ცუდზე, განსაკუთრებით როდესაც საქმე მის ჯანმრთელობას და მითუმეტეს, სიცოცხლეს ეხება. მესამე მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. ადამიანებმა არ იციან რეალურად რას ნიშნავს სიცოცხლის დაზღვევა და რა რისკებისგან შეუძლიათ დაიზღვიონ თავი. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის დაზღვევა, რა რისკებს ფარავს ის, როგორი სადაზღვეო პაკეტები არსებობს და მიმოვიხილავთ იმ კომპანიების შემოთავაზებებს, რომლებიც საქართველოში სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობენ.

Contents

რა არის სიცოცხლის დაზღვევა

სიცოცხლის დაზღვევა ერთ-ერთი სადაზღვეო პროდუქტია, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ამერიკის შეეერთებულ შტატებში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და სხვა.  სიცოცხლის დაზღვევა საქართველოში ხშირად ასოცირდება განსაკუთრებით მდიდარი ადამიანებისთვის მისაღებ პროდუქტად, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. ასევე, ჰოლივუდური ფილმებიდან შესაძლოა არასწორი წარმოდგენა გქონდეთ იმაზე, თუ რისგან გიცავთ სიცოცხლის დაზღვევა. როგორც ფილმებში აჩვენებენ, თუ დაზღვეული ადამიანი გარდაიცვლება, მის მიერ სადაზღვეო ხელშეკრულების დადებისას დასახელებული ადამიანი იღებს სადაზღვეო თანხას. დეტექტიური სერიალები თუ გიყვართ, ალბათ ნახავდით რომელიმე სერიას, რომელშიც ეს გარემოება ადამიანის მოკვლის მიზეზიც კი ხდება.

სიცოცხლის დაზღვევა ნამდვილად უნაზღაურებს თანხას გარდაცვლილი დაზღვეულის მიერ დასახელებულ პიროვნებას, თუმცა ეს არ არის ამ სადაზღვეო პროდუქტის ერთადერთი ასპექტი. შესაძლოა ადამიანი დაავადეს მძიმე სენით, უბედური შემთხვევის შედეგად გახდეს შრომისუუნარო დროებით ან სამუდად. ასეთ დროსაც, სიცოცხლის დაზღვევა გვეხმარება შევხვდეთ ასეთ მოვლენებს ფინანსურად მომზადებულები.

რა რისკებისგან გიცავთ სიცოცხლის დაზღვევა

რა თქმა უნდა, სიცოცხლის დაზღვევის დროს, ადამიანი აზღვევ სიცოცხლეს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ანაზღაურება მოხლოდ სიცოცხლის დასრულების შემდეგ ხდება.  რამდენადაც დაზღვეულია დამზღვევის სიცოცხლე, სადაზღვეო შემთხვევა დგება გარდაცვალების, ან კრიტიკული დაავადების აღმოჩენის დროს.
სადაზღვეო კომპანიები თანხას ანაზღაურებენ შემდეგ შემთხვევებში:
დაზღვეული გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით
დაზღვეული გარდაივვალა უბედური შემთხვევის შედეგად
დაზღვეული კრიტიკული დაავადების შედეგად გახდა შრომისუუნარო დროებით ან სამუდამოდ. (ასეთ შემთხვევაში დაზღვევა უზრუნველყოფს დაზღვეულის ოჯახის ფინანსურ დახმარებას).
თუმცა, კონკრეტულად რა რისკებს ფარავს სადაზღვეო კომპანია ეს დამოკიდებულია სიცოცხლის დაზღვევის პოლისზე.

სიცოცხლის დაზღვევის როგორი პაკეტები არსებობს

სიცოცხლის დაზღვევის სამი ძირითადი პაკეტი არსებობს. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ აიღოთ რისკობრივი, დაგროვებადი ან შერეული სადაზღვეო პაკეტი. აი რას ნიშნავს თითოეული მათგანი და რა განსხვავებაა მათ შორის.

სიცოცხლის რისკობრივი დაზღვევა არის ვადიანი დაზღვევა. შესაბამისად, თქვენ საკუთარ სიცოცხლეს აზღვევთ კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის, შესაძლოა ეს იყოს ერთი წელი, ხუთი ან მეტი. ამ პაკეტის თანმახმად, დაზღვეული და დამზღვევი დებენ ხელშეკრულებას, რომ თუკი დაზღვეული გარდაიცვალა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სადაზვეო კომპანია ვალდებული იქნება აანაზღაუროს ზარალი და წინასწარ განსაზღვრული თანხა გადაუხადოს დაზღვეულის ოჯახს.

დაგროვებადი დაზღვება რისკობრივი დაზღვევის საპირისპიროა, ეს უვადო დაზღვევის ტიპია. შესაბამისად, დაზღვეულს სიცოცხლე დაზღვეული აქვს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მნიშვნელობა არ აქვს, როდის დადგება სადაზღვეო შემთხვევა-ანუ გარდაცვალება, სადაზღვეო კომპანია ვალდებულია თანხა გადაუხადოს დაზღვეულის ოჯახს.

კიდევ ერთი სიცოცხლის დაზღვევის პაკეტია შერეული დაზღვევა. შერეული დაზღვევა განსხავდება ორივე ზემოთ მოყვანილი პაკეტისაგან. როდესაც პირს სიცოცხლე დაზღვეული აქვს შერეული პაკეტით, ხელშეკრულებაში განსაზღვრულია სიცოცხლის დაზვევის ვადა. თუ დაზღვეული გარდაიცვალა მოცემულ ვადაში, სადაზღვეო კომპანია ვალდებულია დაზღვეულის ოჯახს გადასცეს ფულადი კომპენსაცია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სადაზღვეო შემთხვევა არ დადგა, ანუ დაზღვეული არ გადაიცვალა, სადაზღვეო კომპანია ვალდებულია თანხა გადაუხადოს დაზღვეულს.

ეს არის სიცოცხლის დაზღვევის პაკეტების ზოგადი აღწერა. თავისებურებებიდან გამომდინარე სიცოხლის დაზღვევის პოლისები ერთმანეთისაგან განბსხვავდება. პირობები შესაძლოა განსხვავებული იყოს ქვეყნიდან და სიტუაციებიდან გამომდინარე. ქვემოთ ნახავთ სადაზღვეო პოლისების ოთხ ყველაზე გავრცელებულ სქემას მსოფლიოში, რომელთაგან საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ორი მოქმედებს.

სიცოცხლის დაზღვევის პოლისები, რომელი პოლისით შეგიძლიათ დააზღვიოთ სიცოცხლე?

მაშინ, როდესაც საუბარია ადამიანის გარდაცვალებაზე ან მძიმე სნეულებასა და მდგოამრეობაზე, რაც ადამიანს იმის შესაძლებლობის გარეშე ტოვებს, რომ იმუშაოს, თავს მთელი რიგი ფინანსური პრობლემები იჩენს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაშავებული თუ გარდაცვლილი ადამიანი ოჯახის ძირითად მარჩენადად ითვლება. ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით ძირითადი პრობლემები შემდეგია:

გარდაცვლილი ადამიანის გარდაცვალების ცერემონიის ხარჯები და ოჯახის გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა
შემოსავლის განახევრება და ზოგიერთ სემთხვევაში განულებაც კი, რაც იწვევს ოჯახის ფინანსური მდოგმარეობის გართულებას.
საკრედიტო ვალდებულებები, რომელიც გარდაცვლილ ადამიანს ჰქონდა აღებული და დარჩა მისი გარდაცვალების შემდეგ.
შრომისუნარიანობის დროებით ან სამუდამოდ დაკარგვის შემთხვევაში, შემოსავლის დაკარგვა და შესაბამისად ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაურესება.

სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარე, სიცოცხლის დაზღვევის სქემებიდან ქვემოთ მოცემული ოთხი სქემა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია.

სიცოცხლის დაზღვევა

სიცოცხლის უვადო დაზღვევა

სიცოცხლის უვადო დაზღვევა დაგროვებითი დაზღვევის კატეგორიას მიეკუთვნება. დაზღვევის ეს პოლისი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც შესაძლებლობა და სურვლი აქვთ დაიცვან ოჯახი ეკონომიკური ზარალისგან მისი გარდაცვალების შემთხვევაში. როგორც სახელი გვანიშნებს, ამ ტიპის დაზღვევას არ გააჩნია ვადა, შესაბამისად, ადამიანი შესაძლოა დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 – 60 წელიწადში გარდაიცვალოს, მაგრამ სადაზღვეო კომპანია ვალდებულია ოჯახს სრულად გადასცეს თანხა მისი გარდაცვალების შემდეგ, როცა არ უნდა მოხდეს ეს. ალბათ ხვდებით, რომ ის სადაზღვეო კომპანიები, რომლებიც სიცოცხლის უვადო დაზღვევას სთავაზობენ პირებს, მოსახლეობაში მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდნენ. საქართველოში ამ ტიპის დაზღვევა ჯერჯერობით არ არსებობს.

სიცოცხლის დაზღვევა

შემოსავლის დაცვის სქემა

შემოსავლის დაცვის სქემა დაზღვევის მნიშვნელოვანი ტიპია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც გარკვეულ რისკთან დაკავშირებული სამუშაო აქვთ, თუმცა არამარტო მათთვის. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს, მაგრამ რაიმე დაავადებისა თუ უბედური შემთხვევის კარგავს შრომისუნარიანობას და იძულებულია დატოვოს სამსახური. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს შემოსავლის დაცვის სქემა. სიცოცხლის დაზღვევის ამ პოლისის მფლობელები იღებენ თანხას სადაზღვეო კომპანიისაგან თუ სადაზღვეო შემტხვევა დადგა, რათა ჰქონდეთ რეგულარული შემოსავალი. დაზღვევის ეს ტიპი, ასევე არ არსებობს საქართველოში.

სიცოცხლის დაზღვევა

სიცოცლის ვადიანი დაზღვევა

სიცოცხლის ვადიანი დაზღვევა, ერთერთი პოლისია, რომელიც შეგიძლიათ ქართული სადაზღვეო კომპანიებისგან შეიძინოთ. სახელიდან გამომდინარე, როგორც ხვდებით, ეს არის დაზღვევა, რომელიც დაზღვეულის სიცოცხლეს დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში აზღვევს. სადაზღვეო ვადის მინიმუმი 1 წელია, მაქიმუმი ვადა დამოკიდებულია დაზვეულზე და სადაზღვეო კომპანიაზე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დაზღვეულის ასაკი სადაზღვეო ვადის გასვლის მომენტისთვის არ აღემატებოდეს 65 წელს. თუ თქვენ დააზღვევთ სიცოცხლეს ვადიანი დაზღვევით 5 წლით და 5 წლის შემდეგ კვლავ მოისურვებთ დაზღვევის ვადის გაგრძელებას მოგიწევთ ხელახლა შეიძინოთ ახალი პოლისი. განმეორებით შეძენილი პოლიი განსხვავებული პირობებით იქნება, რამდენადაც სადაზღვეო პირობების განსაზღვრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ დაზღვეულის ასაკია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შემოსავლის დაცვი სქემა არ არსებობს, სიცოცხლის ვადიანი დაზღვევის პოლისის შეძენისას შეგიძლიათ დამატებითი დაფარვით თავი დაიზღვიოთ დაავადებებისგან. თუ დამატებითი დაფარვა აქვს, კრიტიკული დაავადების შემთხვევაში დაზღვეული მის სიცოცხლეშივე მიიღებს გარკვეულ ფინანსურ ანაზღაურებას სადაზღვეო კომპანიისაგან თუ დაავადების გამო დაკარგავს შრომისუნარიანობას. თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ მოცემული დაფარვა არ ითVალისწინებს უკურნებელ დაავადებებს.

ამ ტიპის დაზღვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანებისათვის, რომლებიც ოჯახში შემოსავლის ერთადერთი ან მთავარი შემომტანია, ასევე ბიზნესის მფლობელებისათვის, ვადიანი დაზღვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში ანაზღაურებს ისეთ რისკებს, როგორიცაა გარდაცვალება ბუნებრივი სიკვდილით ან უბედური შემთხვევით.

სიცოცხლის დაზღვევა

სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა

საქართველოში იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ბანკში კრედიტი არ აქვს. იპოთეკური და სხვა ტიპის კრედიტების რაოდენობა ხშირად ძალიან მაღალია, შესაბამისად, ადამიანები იხდიან ბანკში სესხის შენატანს 10-25 და მეტი წლის განმავლობაში.

უკვე მიხვდებოდით, რომ ეს პოლისი იცავს ოჯახს უეცარი ფინანსური ვალდებულებისაგან, თუკი მსეხებელი დაზღვეულია და სადაზღვეო ვადის გასვლამდე გარდაიცვლება. ძირითადად, ევროპულ ქვეყნებში დაწესებულია ამგვარი დაზღვევის მინიმალური და მაქსიმალური ვადა რაც განისაზღვრება 5-50 წლამდე. თუმცა, საქართველოში ეს ვადა განსაზღვრული არ არის და დამოკიდებულია დაზღვეულისა და სადაზღვეო კომპანიის შეთანხმებაზე.

დაზღვეული ადამიანი, რომელსაც დიდი რაოდენობით საბანკო ვალდებულება აქვს,როგორც წესი აზღვევს საკუთარ სიცოცხლეს იმ ვადაში, რა ვადაშიც საბანკო ვალდებულება უნდა დაფაროს. მაგალითად თუ საბანკო ვალდებულება გადანაწილებულია 20 წელიწადზე, სადაზღვეო ვადა განისაზღვრება 20 წლით. თუმცა, ეს  მხოლოდ მაგალითია და დამოკიდებულია დაზღვეულის სურვილზე. იმ შემთხვევაში თუ დაზღვეული მსესხებელი გარდაიცლვება ბუნებრივი სიკვდილით ან უბედური შემთხვევის შედდეგად, ან დაკარგავს შრომისუნარიანობას და შესაბამისად,  შესაძლებლობას დაფაროს სესხი – სადაზღვეო კომპანია დაფარავს ამ თანხას. მაქისმალური ანაზღაურება 500 000 აშშ დოლარია, თუმცა ზუსტი რიცხვი დამოკიდებულია ისევ და ისევ დაზვეულისა და სადაზღვეო კომპანიის შეთანხმებაზე.

რის მიხედვით დგება სიცოცხლის დაზღვევის ღირებულება?

რამდენადაც ადამიანი აზღვევს სიცოცხლეს, სადაზღვეო რისკი გარდაცვალებაა, უფრო სწორად კი გარდაცვალების დრო. სწორედ ამიტომ, სადაზღვეო კომპანიები სიცოცხლის დაზღვევის ღირებულების დადგენისას ყურადღებას აქცევენ დაზღვეულის ასაკს. მნიშვნელოვანი ფაქტორია დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. გაგიკვირდებათ და სადაზღვეო კომპანიები ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ დაზღვეული ადამიანის სქესს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ფაქტორი დაზღვეულის შემოსავლის რაოდებობაა. რასაკვირველია, თუ ადამიანი ხანდაზმულია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მით უფრო მაღალია რისკი სადაზღვეო კომპანიისათვის, რომ დაზღვეული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გარდაიცვლება, შესაბამისად, სიცოცხლის დაზღვევის ღირებულება ძვირდება.

რომელი სადაზღვეო კომპანიები აზღვევენ სიცოცხლეს საქართველოში და როგორი პაკეტებით

საქართველოში ამ მომენტისთვის 17 სადაზღვეო კომპანია მოქმედებს, რომელთაგან სხვადასხვა ტიპის სიცოცხლის დაზღვევას მხოლოდ ხუთი კომპანია გვთავაზობს, ეს კომპანიებია იმედი ელი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ალდაგი და არდი. ინფორმაცია სიცოხლის დაზღვევის პოლისების შესახებ ზოგიერთი სადაზღვეო კომპანიის საიტზე შეზღუდულია, თუმცა შევეცდები მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ თითოეული პოლისის შესახებ, რათა შეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.

სადაზღვეო კომპანია იმედი L

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს იმედი ელია. სადაზღვეო კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სიცოცხლის დაზღვევას უბედური შემთხვევისაგან. იმედი ელის სადაზღვეო პოლისის შეძენა თვეში რვა ლარად არის შესაძლებელი. სადაზღვეო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში დაზღვეულის ოჯახი მიიღებს ფულად კომპენსაციას 5 000 ლარის ოდენობით, თუმცა საიტზე არ არის ინფორმაცია დაზღვევის მინიმალური და მაქსიმალური ვადების შესახებ.

დეტალური ინფორმაციის მიღება დაზღვევაზე შესაძლებელია სადაზღვეო ხელშეკრულებიდან, რომელიც ატვირთულია საიტზე. თუმცა ხელშეკრულება სტანდარტულია და ინფორმაცია ვადების შესახებ მოწოდებული არ არის. ხელშეკრულებიდან ვიგებთ, რომ სადაზღვეო პრემიის გადახდა შესაძლებელია როგორც ყოველთვიურად, ასევე ერთიანად.

ხელშეკრულებაში მოცემული გამონაკლისი შემთხვევების სრული სია, სადაზღვეო კომპანია არ ანაზღაურებს თანხას, თუ ადამიანის გარდაცვალება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:

  • ომი, დაპყრობა, გაფიცვა, საომარი და სამხედრო ქმედებები და სხვა მსგავსი.
  • მაიონიზირებელი გამოსხივება, გარემოს რადიოაქტიური დაბინძურება, ან ბირთვული საწვავის აალება.
  • ალკოჰოლური სასმელის, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების ქვეშ ყოფნა.
  • თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის მცდელობა, ან განზრახ თვითზიანის მიყენება.
  • გარდაცვალების შედეგი დადგა სადაზღვეო თანხის მიღების მოტივით ბენეფიციარის მხრიდან დაზღვეულის მკვლელობას ან მკვლელობის მცდელობას, ისეთ შემთხვევაშიც, თუ დაინტერესებული პირი უშუალოდ არ იყო ჩართული მკვლელობის აქტში.
  • გარდაცვალება დადგა დაზღვეულის მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას ან ჩადენის მცდელობისას.
  • გარდაცვალება დადგა დაზღვეულის გონებრივი დაბინდვის ან ფსიქიკური ავადმყოფობის შედეგად.
  • გარდაცვალება დაკავშირებულია დაზღვეულის ყოფნასთან ნებისმიერ საფრენ საშუალებაში/ხომალდში, იქ შესვლისას ან გამოსვლისას. (აქ არ იგულისხმება საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება, თუ მოცემული საჰაერო ტრანსპორტს
  • ექსპლუატაციას უწევს ლიცენზირებული საჰაერო გადამზიდავი)
    გარდაცვალება დაკავშირებულია დაზღვეულის ყოფნას პოლიციის სამსახურში, სამხედრო  ძალაში, ან მათ ქმედებებში მონაწილეობასთან.
  • გარდაცვალება პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია დაზღვეულის მხრიდან სიჩქარეში შეჯიბრის მონაწილეობასთან ან გარდაცვალება შედეგად მოჰყვა ამგვარ შეჯიბრს.
  • გარდაცვალება დაკავშირებულია შიდსის ან აივ ინფექციის დაავადებასთან.
  • როდესაც გარდაცვალება მოყვა ადამიანის მხრიდან საკუთარი თავის ხიფათში ჩაგდებას, გარდა ისეთი შემთხვევებისა
  • როდესაც დაზღვეული ამას სიცოცხლის გადასარჩენად აკეთებს.
  • გარდაცვალება მოყვა დაზღვეულის მიერ სანაძლეოს პირობების შესრულებას, აკრობატული ილეთების შესრულებას, რეკორდის დამყარებას ან დამყარების მცდელობას.
  • გარდაცვალება შედეგია მშობიარობასთან ან ორსულობასთან ნაწილობრივ ან მთლიანად დაკავშირებულ გართულებებთან.
  • გარდაცვალება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია ან შედეგად მოჰყვა დაზღვეულის მიერ პროფესიონალური სპორტის სახეობებში მონაწილეობას. აქ იგულისხმება როგორც შეჯიბრი, ასევე წრთვნა და საჩვენებელი გამოსვლა.
  • გარდაცვალება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია ან შედეგად მოჰყვა დაზღვეულის მიერ სამოყვარულო სპორტის სახეობებში მონაწილეობას მაგალითად საბრძოლო ხელოვნებები, კლდეზე ცოცვა, აკვალანგით ყვინთვა, ალპინიზმი, პარაშუტით ხტომა და სხვა.

სხვა პირობებს შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ სადაზღვეო კომპანია იმედი ელის საიტზე.

სიცოცხლის დაზღვევის პოლისის მფლობელებს, შეუძლიათ ისარგებლონ ფასდაკლებებით ზოგიერთ მომსახურეობებზე, მაგალითად ამბულატორიულ მომსახურეობაზე 50 პროცენტიანი ფასდაკლებით, ასევე გეგმიურ და გადაუდებელ სტოამტოლოგიურ მომსახურეობაზე 50 პროცენტიანი ულიმიტო ფასდაკლებით. დაზღვეულებს ასევე აქვთ 20 პროცენტიანი ფასდაკლება მედიკამენტებზე და შეუძლიათ ისარგებლონ პირად ექიმთან 12 უფასო ვიზიტით.

სადაზღვეო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

ჯიპიაი ჰოლდინგი მომხმარებელს სთავაზობს ვადიანი სიცოცხლის დაზღვევას. სადაზღვეო პოლისის მინიმალური ვადა 1 წელია, კომპანია გადასცემს სადაზღვეო ანაზღაურებას დაზღვეულის ოჯახს თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაზღვევის ვადაში დაზღვეული გარდაიცვლება ბუნებრივი მიზეზით ან უბედური შემთხვევისგან.

ჯიპიაი ჰოლდინგი სიცოცხლის დაზღვევის ღირებულებას არ ასაჯაროებს. თუმცა საიტზე მოცემულია, რომ სადაზღვეო კომპანია ითვალისწინებს შემდეგ ოთხ კრიტერიუმს: პირის ასაკს, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ყოველთვიურ შემოსავალს. აქვე მოცემულია მაგალითი. მაგალითის მიხედვით თუ ადამიანს აქვს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არის 30 წლის და აქვს 1000 ლარი შემოსავალი, შესაძლოა სადაზღვეო კომპანიამ შესთავაზოს დაზღვევა მაქსიმუმ 120 000 ლარზე. ასეთ შემთხვევაში ყოველთვიური სადაზღვეო პრემია განისაზღვრება სავარაუდოდ 220 – 250 ლარით.

სადაზღვეო კომპანია ალდაგი

სადაზღვეო კომპანია ალდაგი საიტზე მხოლოდ ზოგად ინფორმაციას ასაჯაროებს. აღწერის მიხედვით, კომპანია სთავაზობს ვადიან სიცოცხლის დაზღვევას. პიროვნებას შეუძლია დაეზღვიოს 1, 5, 10, 15 და 30 წლით. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ უმჯობესია გრძელვადიანი დაზღვევა, რადგან რაც უფრო იმატებს ადამიანის ასაკი, მით უფრო ძვირდება სადაზღვეო პრემია.

სამწუხაროდ სხვა სადაზღვეო კომპანიები ამ სადაზღვეო პროდუტს მომხმარებელს ჯერჯერობით არ სთავაზობენ, ან არ აქვთ მის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული ოფიციალურ ვებსაიტზე.

უნდა დააზღვიოთ თუ არა სიცოცხლე?

როგორც ხედავთ, სიცოცხლის დაზღვევა მნიშვნელოვანი და ამასთანავე სასურველია. განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი ოჯახი ნაწილობრივ ან სრულად ფინანსურად თქვენზეა დამოკიდებული. სიცოცხლის დაზღვევა შესაძლებლობას აძლევს ადამიანს შეუმსუბუქოს ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები მის ოჯახს, გარდაცვალების შემდგომ. სამწუხაროდ, საქართველოში სიცოცხლის დაზღვევის სსქემები და პოლისები შეზღუდულია. არ არსებობს იმ ტიპის დაზღვევები, რაც მაგალითად გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამასთანავე, საქართველოში ადამიანებისათვის სიცოცხლის დაზღვევა ხშირ შემთხვევაში დამატებითი ფინანსური ვალდებულებაა, რომლის შესრულების შესაძლებლობაც ხშირად არ აქვს. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ დაზღვევის პროდუქტების ეს მიმართულება გაფართოვდება და განვითარდება.