ფულადი გზავნილების მიმოხილვა post thumbnail image

ფულადი გზავნილების მიმოხილვა

მსოფლიო ბანკის განმარტებით ფულადი გზავნილები ის პირადი თანხებია, რომელთაც იმიგრაციაში მყოფი პირები გზავნიან თავიანთ სამშობლოში ოჯახის წევრებისა და მეგობრებისათვის. რამდენადაც მრავალი ადამიანი ტოვებს თავიანთ სამშობლოს სასწავლებლად, სამუშაოდ ან უბრალოდ, უკეთესი ცხოვრების ძიებისათვის, ფულადი გზავნილები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია.  ფულადი გზავნილების სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებად ქვეყნებში. როგორც წესი, ასეთ ქვეყნებს უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, რამდენადაც ისინი სამშობლოში ვერ პოულობენ სამსახურს და მის საძიებლად განვითარებულ ქვეყნებში მიდიან. ამ ადამიანებს, სჭირდებათ სწრაფი, სანდო და იაფი საშუალება ოჯახისთვის ფულის გასაგზავნად. რამდენადაც ეს სერვისები ძალიან პოპულარულია, მსოფლიოში და საქართველოშიც, ბევრი პროგრამა არსებობს, რომლებიც ფულად გზავნილებს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამ სტატიაში სწორედ ამ კომპანიებს განვიხილავთ, ვნახავთ რა საჭიროა ფულადი გზავნილები, რა მეთოდით შეგიძლიათ თანხის გაგზავნა ერთი ქვეყნიდან მეორეში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სანამ ფულს გაზგავნიდეთ.

ფულადი გზავნილების მნიშვნელობა

ფულადი გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული ოჯახებისათვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის. ფულადი გზავნილები ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლის ერთ-ერთი მსხვილი წყაროა.  რაც უფრო მეტი უცხოური ვალუტა, მაგალითად დოლარი ან ევრო იგზავნება საქართველოში, მით უფრო მეტია ცირკულაციაში, რაც დადებითად მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე. საქართველოში 2019 წლის აგვისტოში, ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 146.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. რაც ორ რამეს ნიშნავს, ერთის მხრივ, საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობა საკმაოდ დიდი და მზარდია, რაც დადებითად უნდა აისახოს ლარის კურსზე, ხოლო მეორე მხრივ, აქ ძალიან ბევრი ოჯახია, რომლებიც საქართველოდან წასული ემიგრანტების შემოსავლით ცხოვრობს.  შესაბამისად, ფულადი გზავნილების ზრდა აჩვენებს, რომ აქ უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია, მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია წავიდეს საზღვარგარეთ და იქიდან არჩინოს ოჯახი. ეს უარყოფითად აისახება როგორც ეკონომიკურ ასევე სოციალურ ფაქტორებზე.

დავუბრუნდეთ უშუალოდ ფულად გზავნილებს. საქართველოდან წასული მიგრანტების დიდი ნაწილი რუსეთში ცხოვრობს. მამაკაცების უმრავლესობა სამუშაოს სწორედ რუსეთში, უკრაინაში ან აზერბაიჯანში ეძებს, ხოლო ქალების უმრავლესობა წასულია საბერძნეთში, იტალიასა და თურქეთში, ასევე სხვა დასავლურ ქვეყნებში. 2019 წლის მონაცემებით საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები ძირითადად 18 ქვეყნიდან შემოდიოდა, ეს ქვეყნებია იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, კანადა და სომხეთი. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩარიცხული მოცულობის ზრდის ტემპი ძალიან მაღალია ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო სხვა ქვეყნებიდან კი იკლებს. ეს მიუთითებს, რომ იმ ქვეყნების სია, სადაც ქართველი მიგრანტები მუშაობენ და საიდანაც ფულს აგზავნიან თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ იკვეთება ხარისხიანი, უსაფრთხო და სწრაფი ფულადი გზავნილების პროგრამების მნიშვნელობა.

ფულადი გზავნილები საქართველოში და საქართველოდან

ფულადი გზავნილების განხორციელება საქართველოში შესაძლებელია კომერციულ ბანკებში და თითქმის ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. საქართველოში ფულადი გზავნილების რამდენიმე პროგრამა არსებობს, რომელთა მომსახურების მიღებაც სწორედ ბანკებსა და მიკროსფაინანსოებში შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, ფულის გასაგზავნად ერთი ქვეყნიდან მეორეში შესაძლებელია საბანკო ტრანსფერების გამოყენებაც. თუმცა, ეს რამდენიმე სირთულესთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, საბანკო ტრანსფერები უფრო დიდ დროს საჭიროებს, ეს დამოკიდებულია ქვეყნებზეც, საიდანაც თანხას გზავნით და ბანკებზეც, რომელსაც ამ სერვისისთვის იყენებთ. ამასთანავე, ხშირად საკომისიო ხარჯები საერთაშორისო გზავნილებისათვის ძალიან მაღალია. მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ იქ ლეგალური მიგრანტის სტატუსით ვერ სარგებლობენ, შესაბამისად მათთვის დიდი სირთულეა საბანკო ანგარიშის გახსნა და მისი გამოყენება გზავნილებისათვის.  ასევე, პირადი გზავნილებისათვის ხშირად იყენებენ სხვადასხვა პროგრამებს, მაგალითად ფეიფალს, თუმცა, ამ თვალსაზრისით, ფეიფალი დიდად არ განსხვავდება საბანკო ტრანსფერისაგან, ახალ ანგარიშშზე ფიეფალით ტრანსფერს შესაძლოა რამდენიმე დღე დაჭირდეს, თანაც საკომისიო ხარჯები აქაც საკმაოდ მაღალია. სხვადასხვა ტიპის ფულადი გზავნილების პროგრამები კი საშუალებას აძლევს მათ თანხა გამოგზავნონ საქართველოში საბანკო ანგარიშის გახსნის გარეშე მარტივი პროცედურით.

ფულადი გზავნილები არ ხორციელდება მხოლოდ უცხოეთიდან საქართველოში, საქართველოდან საზღვარგარეთ 2019 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების სახით 19.0 მილიონი აშშ დოლარი გაიგზავნა.  როგორც საქართველოდან წასული მიგრანტები უგზავნიან თანხას თავიანთ ოჯახებს საქართველოში, ასე აქ მყოფი იმიგრანტები გზავნიან თანხებს თავიანთ სამშობლოში. ასევე, ხშირია ოჯახების მიერ თანხის გაგზავნა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ოჯახის წევრებისათვის.

შესაბამისად,  ფულადი გზავნილების სერვისი აქტუალურია როგორც თანხის მისაღებად, ასევე გასაგზავნად. მოდით, განვიხილოთ, ყველაზე დიდი პროგრამები, რომელთა საშუალებითაც საზღვარგარეთიდან თანხის მიღება და საქართველოდან გაგზავნაა შესაძლებელი.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფულადი გზავნილების პროვაიდერის შერჩევისას

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ფულადი გზავნილების რამდენიმე ყველაზე პოპულარული პროგრამა არსებობს, მათ შორისაა ვესტერნ უნიონი და მანიგრამი. ასევე არის რამდენიმე პოპულარული პროგრამა ქვეყნების მიხედვით, მაგალითად ზოლოტაია, იუნისტრიმი და ა.შ.

პროვაიდერების წარმომადგენლები და მათი ლოკაციები

როგორც წესი, ფულადი გზავნილების პროგრამები არის მიბმული გარკვეულ ლოკაციებზე. რაც უფრო მეტი პარტნიორი ჰყავს ამა თუ იმ კომპანიას სხვადასხვა ქვეყნებში, მით უფრო მეტ ქვეყანაში არის შესაძლებელი თანხის გაგზავნა ან იქიდან თანხის მიღება. შესაბამისად, შესაძლოა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მეთოდი და აღმოაჩინოთ, რომ მისი საშუალებით სასურველ ქვეყანაში თანხას ვერ გააგზავნით ან ვერ მიიღებთ. შესაბამისად, პირველი რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის ქვეყნები სადაც მოცემული კომპანიები ფუნქციონირებენ. საქართველოში თითქმის ყველა პროგრამა სთავაზობს ფულად გზავნილებს დსთ-ს ქვეყნებში ან ამ ქვეყნებიდან, ზოგიერთი კომპანიის საშუალებით შეგიძლიათ თანხის გაგზავნა და მიღება შორეული საზღვარგარეთიდანაც. როგორც წესი, ყველაზე ცნობილი კომპანიებს მაგალითად ვესტერნ უნიონსა და მანიგრამს დაფარვის ყველაზე დიდი არეალი აქვთ.

როდესაც პროგრამას არჩევთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ ქვეყანას, სადაც თანხის გაგზავნა გსურთ, არამედ ზოგიერთ ქალაქს და ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტულ ადგილსაც კი. ზოგიერთ პროგრამაში დასაზუსტებელია, თუ რომელ ფილიალში აქვს მიმღებს შესაძლებლობა მიიღოს გაგზავნილი თანხა. მაგალითად თუ იტალიიდან საქართველოში გსურთ გამოგზავნა ერთმა პროვაიდერმა შესაძლოა მიმღების ინფორმაციასთან ერთად მოგთხოვოთ მხოლოდ ქალაქის მითითება, ხოლო სხვა პროვაიდერმა კი მოითხოვოს იმ ფილიალის მისამართი, საიდანაც მიმღები თბილისში აიღებს თანხას. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იცოდეთ რამდენი ლოკაცია აქვს აღნიშნულ პროვაიდერს და სად. შესაძლოა თქვენ თანხის გამოგზავნა გსურთ იმერეთში, ხოლო პროვაიდერს კი წარმომადგენელი მხოლოდ თბილისში ჰყავს. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეარჩიოთ ისეთი პროგრამა, რომელსაც მეტი წარმომადგენელი ჰყავს არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. რამდენადაც საქართველოში პროვაიდერები თანამშრომლობენ ბანკებთან და მიკროსაფინანსოებთან, თქვენ უფრო დიდი არჩევანი გაქვთ. რადგან ბანკების ფილიალები ფარავს როგორც თბილისს, ასევე რეგიონებს და შეგიძლიათ უფრო კომფორტულად აიღოთ თანხა. თუ თანხას საქართველოდან გზავნით, მაშინ სთხოვეთ მიმღებს თქვენთვის შესაძლებელი ვარიანტებიდან დაგისახელოთ ის პროგრამა, რომელიც მისთვის ასევე კომფორტულია იმ ქვეყანასა და ქალაქაში, სადაც ის ცხოვრობს.

ფულადი ტრანსფერის დრო

თანხის გაგზავნას გარკვუელი დრო ჭირდება. ეს დამოკიდებულია თავად პროვაიდერზე და იმ ქვეყანაზე, სადაც თანხას აგზავნით. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა თქვენ თანხა მიიტანოთ პროვაიდერის წარმომადგენელთან და რამდენიმე წუთის შემდეგ, მიმღებმა სხვა ქვეყანაში, ამავე პროვაიდერის წარმომადგენელთან მიიღოს თანხა, თითქმის მომენტალურად. თუმცა, ზოგჯერ შესაძლოა ამას მეტი დრო დაჭირდეს. თუ თანხის გაგზავნა ან მიღება გეჩქარებათ, მაშინ ეს პუნქტი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, თუ ფულადი გზავნილი საჩქარო არ არის, შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი პროვაიდერი, რომელსაც უფრო მეტი დრო სჭირდება თანხის გასაგზავნად, თუმცა სამაგიეროდ ნაკლები საკომისიო აქვს. მაგალითად, მიმღებს ფულის გაგზავნიდან მიღებამდე შესაძლოა 12 საათი მოუწიოს ლოდინი, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, თქვენ ნაკლები საკომისიო თანხის გადახდა მოგიწევთ.

თანხის გაგზავნის საკომისიო

როგორც წესი, თანხის გაგზავნა ხდება დოლარის ან ევროს ვალუტაში, ზოგიერთი პროვაიდერი ასევე სთავაზობს ფულად გზავნილებს ლარში. ასევე, რუსული კომპანიების მეშვეობით თანხის მიღება ან გაგზავნა რუბლშიც შეგიძლიათ. თანხის გაგზავნას თან ახლავს საკომისიო ხარჯები, რომლებიც რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს ფაქტორებია თავად პროვაიდერის საფასო პოლიტიკა, ვალუტა, რომელშიც თანხას გზავნით, თანხის რაოდენობა და ქვეყანა, სადაც თანხას აგზავნით.  საკომისიო თანხა შესაძლოა მოცემული იყოს პირდაპირ ნომინალური სახით ან პროცენტით.  მაგალითად, ვესტერნ უნიონით 50 დოლარამდე თანხის გაგზავნისას საკომისიო 13 დოლარია, ხოლო 1000 დოლარიდან 1500 დოლარამდე თანხის საკომისიო 75 დოლარი.  ხოლო დსთ-ს ქვეყნებში თანხის გადარიცხვის საკომისიო მოცემულია პროცენტულად, მაგალითად 200 დოლარამდე თანხის გაგზავნისას საკომისიო 3 პროცენტია, ხოლო 3000 დოლარზე მეტი თანხისათვის 1%. შესაბამისად, როდესაც მსგავსი კომპანიები თავიანთი მომსახურეობის დარეკლამებისას ამბობენ, რომ მათი საკომისიო 0.5% ან 1%-იან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ კონკრეტულ თანხებზეა მოცემული, თუ სხვა რაოდენობის თანხის გაზგავნა გსურთ, უნდა შეამოწომოთ რამდენია საკომისიო კონკრეტულად ამ თანხებზე. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხარჯების თვალსაზრისით, უმჯობესია დიდი რაოდენობის თანხის ერთიანად გაგზავნა, ვიდრე ნაწილ-ნაწილ.

ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ პროვაიდერს საკომისიო აქვს თანხის გამოტანის დროსაც. შესაბამისად, თუ თანხას აგზავნით, თქვენ მოგიწევთ საკომისიო ხარჯების დაფარვა და ასევე იმ პირსაც, ვინც სხვა ქევყანაში ამ გზავნილს მიიღებს. თუმცა, პროვაიდერების უმეტესობას საკომისიო ხარჯები მხოლოდ გაგზავნის მხარეს აქვს.

გამოყენების უსაფრთხოება და კომფორტულობა

როდესაც საქმე ფულს ეხება, აუცილებელია, რომ დარწმუნებული იყოთ თქვენი თანხის უსაფრთხოებაში. ამისთვის, უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი კომპანია და წარმომადგენელი, რომელიც დიდი ხანია რაც ფუნქციონირებს მსოფლიო და ქართულ ბაზარზე. ასევე, ზოგიერთი კომპანია საშუალებას აძლევს გამგზავნსა და მიმღებს აკონტროლოს ფულადი გზავნილის სტატუსი. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს მოწოდებულია, როგორც დამატებითი სერვისი და შესაბამისად, ღირს დამატებითი თანხა. ფულადი გზავნილის სტატუსის კონტროლი აუციელებელი არ არის, როდესაც გზავნილის დრო რამდენიმე წუთია. თუმცა, თუ თქვენს გზავნილს ადრესატამდე მისასვლელად საათები ან ზოგიერთ შემთხვევაში დღეც კი ჭირდება, მაშინ სასურველია თუ ამ საშუალებას გამოიყენებთ. ასე უფრო დაცული იქნებით და თქვენს თანხაზე არ ინერვიულებთ. მიმღებსაც, ზუსტად ეცოდინება გზავნილის სტატუსი და როდის მიიღებს ამ თანხას, თქვენც მშვიდად იქნებით.  შესაბამისად, თუ გაგზავნილი თანხა დიდია და გზავნილის დროც აღემატება რამდენიმე საათს, უმჯობესია ისარგებლოთ კონტროლის სერვისით, მაშინაც კი, თუ ეს დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ უარი თქვათ ამაზე, ან უბრალოდ შეარჩიოთ ისეთი პროვაიდერი, რომელიც დამატებითი თანხის გარეშე გთავაზობთ ამ მომსახურეობას.

როგორ უნდა შეარჩიოთ ფულადი გზავნილის პროვაიდერი

როგორც ხედავთ, ფულის გაგზავნისას ბევრ რამეს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ის თუ რომელი პუნქტია თქვენთვის მნიშვნელოვანი, შესაძლოა დამოკიდებული იყოს გასაგზავნი თანხის რაოდენობაზე და თქვენს მდგომარეობაზე. მაგალითად, თუ თანხის გაგზავნა გეჩქარებათ და ამისთვის მზად ხართ უფრო მაღალი სკაომისიო გადაიხადოთ, მაშინ უნდა შეარჩიოთ ისეთი პროვაიდერი, რომელიც თანხას მოკლე დროში გზავნის. თუ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია დაზოგოთ თანხა საკომისიო ხარჯებზე, მაშინ შეგიძლიათ უფრო ნელ მომსახურეობაზე შეაჩეროთ არჩევანი. თუმცა, აუცილებელია შეარჩიოთ სანდო პროვაიდერი, რომელსაც დიდი გამოცდილება და საერთაშორისო ნდობა აქვს. ასევე, შეარჩიეთ ისეთი წარმომადგენელი, რომელიც თქვენთვის უფრო სანდოა. ყურადღება მიაქციეთ პროვაიდერის დაფარვის ზონას, რომელ ქვეყნებსა და ქალაქებში აქვს მას მომსახურეობა, ამასთანავე, კონკრეტულად სად არის მისი ლოკაციები. თუ ყველა პუნქტს გაითვალისწინებთ, შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო პროვაიდერი და მშვიდად მიიღოთ ან გაგზავნოთ თანხა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში.