პარლამენტმა ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტი დაამტკიცა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადების მიხედვით, სამინისტრო წელს დაღმასვლას ელოდება და არ გამორიცავს იმასაც, რომ ზოგიერთ კომპანიას გაუუარესდება ფინანსური მდგომარეობა. სწორედ ამის შესაჩერებლად და სიტუაციის გასაუმჯობესებლად არის მიმართული სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა. ხოლო რთულ სიტუაციაში მყოფი ბიზნესებისა და კომპანიების დასახმარებლად, ამჟამად მუშავდება ძალიან დიდი პროგრამა, რომელიც არის პოსტკრიზისული სტრატეგია. ამ პროგრამის შემუშავებაზე კი მთავრობა მუშაობს უცხოელ პარტნიორებთან ერთად.
„ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოში არის ძალიან მძიმე. სულ ახლახანს გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი წლევანდელი წლის მსოფლიო ეკონომიკის, რომელიც არის კიდევ უფრო მეტად გაუარესებული. მსოფლიოში მოსალოდენლია სულ მცირე 4,9%-ით ეკონომიკის შემცირება, დაცემა, მათ შორის 10% არის პესიმისტური პროგნოზი. ეს არ შეიძლება არ აისახებოდეს საქართველოზე, საქართველო მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი. დიდად არის ჩვენი კომპანიების მდგომარეობა დამოკიდებული საგარეო ვაჭრობაზე. ბევრი არის ექსპორტზე ორიენტირებული და თუ რა ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ეს მნიშვნელოვანია. ზოგი იმპორტზე არის დამოკიდებული, აქაც მნიშვნელოვანი პრობლემები, შეფერხებებია და რა თქმა უნდა, შიდა ბაზარი ჩვენი, წელს ჩვენ ველოდებით დაღმასვლას. არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულ კომპანიებს გაუუარესდეს ფინანსური მდგომარეობა. სწორედ ამის საწინააღმდეგოდ არის ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა მიმართული. მაქსიმალურად შევეცდებით, დავეხმაროთ“, – განაცხადა ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
ხოლო რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, მისი ბიუჯეტი დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა სულ რამოდენიმე დღის წინ. კენჭისყრამ გამოავლინა, რომ ამ გეგმას ჰყავს 84 მომხრე, და არც ერთი მოწინააღმდეგე პირი. თუმცა, პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია. განახლებული დოკუმენტის მიხედვით, წლის ბოლომდე მთავრობა 16 მილიარდამდე ლარს დახარჯავს ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტზე. ამავდროულად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები მილიარდ ნახევარი ლარით იზრდება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური შოკების შესამცირებლად, აუცილებელი გახდა ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების მობილიზება. ამ მოვლენას კი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შევხვდებით, რაც ნამდვილად არ არის გასაკვრი იქედან გამომდინარე რომ მსოფლიო ბანკიც მსოფლიო ეკონომიკურ რეცესიას ელის.
ამასთან ერთად, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის საჭირო რესურსი 3 მლრდ 4 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა 18 მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის არის: შემოსავლის გარეშე დარჩენილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს, სესხების პროცენტების სუბსიდირებასა და კიდევ რამოდენიმე სხვა მიმართულება.
როგორც ვიგებთ უახლესი ინფორმაცით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 600 მილიონი ლარით მცირდება მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყებას დაფინანსება უმცირდება. სპეციალიზებული დაწესებულებების გარდა მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯები, მაქსიმალურად შეიზღუდება ახალი თანამშრომლების მიღება და პრემიები. ეს სულ რამოდენიმეა იმ შედეგებიდან, როემლსაც გამოიწვევს ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედება და ფუნქციონირება.
ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვალის მოცულობა მშპ-ს 55%-ს მიუახლოვდება. ეკონომიკური ზრდა კი მინუს 4 პროცენტი იქნება. რაც საკმაოდ ბევრი ნისნულით ჩამორჩება იმ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლს, რომელიც შედიოდა სამინისტროს ეკონომიკური განვიტარების გეგმაში ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე.