რას ამბობს ქვეყნის ეკონომიკაზე მსოფლიო ბანკის ახალი კვლევები
საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული საწარმოთა კვლევის თაობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჩამოაყალიბეს კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემო: ,,ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეუძლია, ყოველგვარი მოსყიდვის, წნეხის და შიშის გარეშე ისარგებლოს ყველა სერვისით, რასაც მას ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები სთავაზობენ.”
საწარმოთა კვლევას მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად ატარებს. კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და მათი პარტნიორების ორგანიზებით განხორციელებულ საწარმოთა მორიგ კვლევას აფასებენ, რომლის თანახმადაც, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის, ათი საუკეთესოს რიგში მოხვდა.
„ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილია, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისათვის.
კეთილსაიმედო ბიზნესგარემოს შესაქმნელად უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი კორუფციის დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ამ კვლევის შედეგების ფონზე, სხვა თანაბარ პირობებში, ქართულ კომპანიებს უნდა გაუადვილდეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ახალი პროექტების განხორციელება. მაღალი კორუფცია და მასთან დაკავშირებული მაღალი რისკები, როგორც წესი, ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევა. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კვლევის ფორმატით ინფორმაციის პირველწყარო თავად ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ. კვლევაში 600-მდე კომპანიის მფლობელი და მაღალი რანგის მენეჯერები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ბუნებრივია, მოხარულნი ვართ, რომ კვლევაში მონაწილე კომპანიების დიდი უმრავლესობა გამორიცხავს კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში.
ამასთან, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესგარემოზე პერმანენტული ზრუნვა ის პროცესია, რაც მსოფლიოს თანამედროვე ეკონომიკურ რეალობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება მუდმივ ყურადღებას, უწყვეტ, გონივრულ და მიზანმიმართულ რეფორმებს მოითხოვს. ამ კუთხით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია როგორც აღმასრულებელ ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის პროცესში ყოველთვის ღიად საუბრობდა და საუბრობს ბიზნესგარემოს ცალკეული კომპონენტების გაუმჯობესებისა და შემდგომი რეფორმების საჭიროებებზე. სასიამოვნოა, რომ ამ თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოაქვს და იმედს გამოვთქვამთ, რომ თანამშრომლობის არსებული პროფესიული და კონსტრუქციული რეჟიმი გაგრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ბიზნესსა და შესაბამისად ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მოუტანს“ – განაცხადა სოსო ფხაკაძემ საქართვეოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.
„ საქართველოში რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე, კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემოა, ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაც, რომლის თანახმადაც, საქართველო, გამოკვლეულ ქვეყნებს შორის, ყველა პარამეტრის მიხედვით ტოპ-ათეულშია“, – აღნიშნა თურნავამ.
საწარმოთა კვლევა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. მისი მიზანია ბიზნესგარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.