რატომ გაუფასურდა ლარი და რას უნდა ველოდოთ მომავალში
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა და ამას არაერთი სტატისტიკური მონაცემი ადასტურებს, მაგრამ მისი უტყუარი მაჩვენებელი მაინც მოსახლეობის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობაა. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება ალბათ ჯიბეზე თქვენც იგრძენით. ზრდის მაჩვენებელი ძლივსძლიობით აღწევს 5 პროცენტს. ამ მაჩვენებლით და სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივით საქართველო რამდენიმე წლის წინ რეგიონში პირველი ქვეყანა იყო, თუმცა, ახლა მეზობელი სახელმწიფოები მნიშვნელოვნად მიიწევენ წინ, ჩვენ კი თითქმის უმოძრაო მდგომარეობაში ვართ. აქ სამრეწველო წარმოება, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების საერთო წილი ეკონომიკაში და სხვა ინდიკატორები წინა წლებთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ ვითარდება.
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ერთადერთი არაა, რაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან სტაგნაციას განიცდის. თუ თქვენ საშუალო სტატისტიკური ქართველი ბრძანდებით, რომელიც დიდ ინტერესს არ იჩენს სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების მიმართ და თვალყურს არ ადევნებს მათ განვითარებს, შესაძლოა არ იცოდეთ რა მდგომარეობაა სხვადასხვა სექტორებში. თუმცა, ამის მიუხედავად, აუცილებლად შენიშნავდით, რომ ეროვნული ვალუტა – ლარი, ბოლო წლების განმავლობაში თანდათან უფრო და უფრო უფასურდება. მითუმეტეს, თუ სახელფასო ანაზღაურება ლარში გაქვთ, ხოლო სესხი კი დოლარში. ლარის გაუფასურება ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და პრობლემური თემაა ბოლო წლებში და მასზე საუბარი არც პრესაში და არც ტელევიზიაში არ წყდება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მაინც ვერ იღებს პასუხს – რატომ უფასურდება ლარი და რას უნდა ველოდეთ მისგან მომავალში.
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ საქართველოს ამჟამინდელ მონეტარულ პრობლემას, განვხილავთ სხვადასხვა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებს, რომელთაც დიდი უარყოფითი გავლენა აქვთ ლარის გაუფასურებაზე. ასევე, ვეცდებით პასუხი გავცეთ შეკითხვას რა დაემართება ლარს უახლოეს მომავალში და რას უნდა ველოდოთ ქვეყნის ეროვნული ვალუტისაგან.
ლარის გაუფასურება 2014-2018 წლებში
ლარის გაუფასურება ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლარის კურსი გამუდმებით ეცემოდა. დღეისათვის ეს ერთ-ერთი მთავარი პრობელამაა, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ლარის გაუფასურება რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას. მათ შორის,მნიშვნელოვანი ფაქტორებია იმპორტის გაზრდილი ღირებულება, გაძლიერებული საკრედიტო წნეხი მოსახლეობაზე და სხვა. შესაძლოა, ექსპერტები, რომლებიც ტელევიზორის ეკრანიდან გესაუბრებიან ამბობდნენ, რომ ლარის კურსის შემცირება დოლართან შედარებით შეიძლება კარგი იყოს, ტურიზმის სექტორიდან, ექსპორტისაგან და ზოგადად, საზღვარგარეთიდან შემოსული უცხოური ვალუტის გათვალისწინებით. თუმცა, ერთი რამ ცხადია, რამდენადაც საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე, ლარის გაუფასურება და გაზრდილი ფასები ყველაზე მეტად მოსახლეობის ჯიბეს ურტყამს და აზიანებს ერთეული ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას. ექსპერტებს შეუძლიათ დიდხანს ისაუბრონ ლარის გაუფასურების უარყოფით თუ დადებით შედეგებზე, თუმცა ალბათ რთული იქნება რეალური დადებითი შედეგის გამოყოფა. მაგრამ ჩვენთვის, საინტერესოა რამ გამოიწვია დღევანდელი მონეტარული მდგომარეობა და რეალურად რას ჰქონდა ეფექტი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე. მოდით, განვიხილოთ ძირითადი მოვლენები, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა, რათა პასუხი გავცეთ ამ მნიშვნელოვან შეკითხვას.
ლარის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ბოლოს დაიწყო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2014 წელს, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში საშუალოდ 1.76 იყო. 2013-2014 წლებში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 6 პროცენტი იყო, რაც ჯერ კიდევ არ იყო საგანგაშო. უკვე მომდევნო წელს, ლარის კურსი მნიშვნელოვანად დაეცა, არა მხოლოდ იმ წლის მონაცემებით, არამედ, ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში. ვალუტის კურსი 2.27 გახდა, და 2014 წელთან შედარებით 29%-იანი ინფლაციის დონე აჩვენა.
შეიძლება ითქვას, 2015 წელი ეროვნული ვალუტისთვის ისეთი წერტილი იყო, რომლიდან უკან დაბრუნებაც ძალიან ძნელია. ამ დროის შემდეგ ლარმა გაუფასურების არნახული ტემპი აიღო და 2015 წლის მაჩვენებელთან აღარც დაბრუნებულა. 2016 წელს კურსი 2.37 იყო (4%-იანი ინფლაცია წინა წელთან შედარებით); 2017 წელს 2.51 (6% ინფლაცია); 2018 წელს კურსმა 2.68-ს მიაღწია (6.8% ინფლაცია). საერთო ჯამში, 2014 წლიდან 2018 წლამდე ლარი 52%-ით გაუფასურდა.
ფაქტორები, რომლებმაც იმოქმედა ლარის გაუფასურებაზე
ლარის გაუფასურებაში წვლილი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს მიუძღვის. ლარი არ არის მიბმული რაიმე აქტივს, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე წესი ან კანონი, რომელიც განსაზღვრავს ლარის კურსს. ის მთლიანადაა დამოკიდებული ეკონომიკის საბაზისო კანონზე – უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებაზე. თავის მხრივ, უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდება დამოკიდებულია სხვადასხვა ეკონომუკურ და პოლიტიკურ ასპექტებზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან და ტურიზმი, რამდენადაც ეს უცხოური ვალუტის ყველაზე მსხვილი წყაროებია.
ამ ფაქტორებიდან, ფულად გზავნილებზე მთავრობას ყველაზე ნაკლები კონტროლი აქვს, რადგან ის დამოკიდებულია მიგრანტების სამუშაოზე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ფულადი გზავნილების საერთო წლიური რაოდენობა ჯამში დაახლოებით მილიარდი აშშ დოლარს აღწევს, ეს მაჩვენებელი ასე თუ ისე სტაბილურია ბოლო წლების განმავლობაში, შესაბამისად ლარის კურსის მერყეობაზე ყველაზე ნაკლებ გავლენას ახდენს.
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს, ის ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ზრდადია. 2018 წელს ტურისტული სექტორიდან ჯამში 3.2 მილიარდი აშშ დოლარი მივიღეთ, ხოლო 2019 წლის პირველ ნახევარში 1.5 მილიარდი აშშ დოლარი. შესაბამისად, ეს მაჩვენებელიც ვერ ხსნის 52 პროცენტიან ინფლაციას.
საბოლოოდ, მივდივართ მესამე მაჩვენებლამდე – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც, შეიძლება ითქვას, დღევანდელი მონეტარულ სიტუაციაში მთავარი დამნაშავეა. ყოველწლიური სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.84 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ეს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, უფრო კონკრეტულად კი 2014 წელს პირადპირი უცხოური ინვესტიციები 77 პროცენტით იყო გაზრდილი წინა წელთან შედარებით. თუმცა, პოზიტიური ტრენდი მეტისმეტად ხანმოკლე აღმოჩნდა. 2015 წელს ინვესტიციებმა თანდათან კლება დაიწყო. 2015 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო ღირებულებამ სულ 1.73 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2016 წელს 1.65 მილიარდი, 2017 წელს სიტუაცია თითქოს გამოსწორდა და პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციემბა 1.92 მილიარდს მიაღწია, თუმცა, 2018 წელს კვლავ შემცირდა და 1.26 მილიარდამდე ჩამოვიდა. შესაბამისად, 2018 წელს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გამოდის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამი ფაქტორიდან (ფულადი გზავნილები, ტურიზმი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) ლარის გაუფასურებაზე მნიშვნელოვანი გავლენა პირდაპირ და უცხოურ ინვესტიციებს ჰქონდა. რამდენადაც ფულადი გზავნილების წლიური რაოდენობა სტაბილურია, ხოლო ტურისტული სექტორი ასე თუ ისე აგრძელებს განვითარებას.
ეროვნული ვალუტის მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
შეიძლება ითქვას 2019 წელს ლარი უკონტროლო გახდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონეტარული სტატისტიკის მიხედვით, ფულის მასის მიწოდებამ (M3) რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2019 წლის აგვისტოს მოწოდებული ფულის მასის რაოდენობა 23.6 მილიარდს შეადგენდა, რაც 12 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შედეგად, ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2.98-ს მიაღწია თითქმის ყველა ფორექს ბროკერთან. ამასთანავე 2019 წლის ოქტომბერში ინფლაციის 11 პროცენტიანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ზოგადად ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნე, ძირითადი დამნაშავე მაინც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირებაა. ნეგატიური ტრენდი 2019 წელსაც გრძელდება. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოურმა ინვესტიციები სულ 473 მილიონი აშშ დოლარია. რაც, დამეთანხმებით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამასთანავე, ამ მხრივ არც წლის მეორე ნახევარი არ არის იმედის მომცემი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კიდევ უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე 2018 წელს. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს მაჩვენებელი 2018 წელს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მცირე იყო.
უკვე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობასა და მათ ნეგატიურ ტრენდზე, როგორც ლარის გაუფასურების ძირითად მიზეზზე. ახლა დროა იმაზეც ვისაუბროთ, თუ რამ გამოიწვია მისი ასე შემცირება. როგორც წესი, უცხოური ინვესტიციების შემცირების მთავარი მაპროვოცირებელი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობაა. ამ მხრივ, არც საქართველო არ არის გამონაკლისი. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ისეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რაც უარყოფითად აისახა საქართველოს პოლიტიკურ მდომარეობაზე და შესაბამისად ქვეყნის საერთო იმიჯზე. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი.
ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა ბოლო პერიოდიდან, რა თქმა უნდა, 20 ივლისის მომვლენები იყო. როდესაც რუსმა დეპუტატმა, გავრილოვმა, საქართველოს პარლამენტში თავჯდომარის სავარძელში მოიკალათა და იქიდან აპირებდა მიმართვის გაკეთებას. გასაკვირი არ არის, რომ ამ მოვლენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი პროტესტი საქართველოს თანამედროვე ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. საპროტესტო ტალღამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ გავრილოვმა ქვეყანა დატოვა, თუმცა, ამან პროტესტი სულაც არ დააცხრო. მთავრობა იძულებული გახდა დათანხმებოდა პროტესტის მონაწილეების ორ მოთხოვნას. შედეგად, პარლამენტის თავდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ, თანამდებობა დატოვა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული წესით დადგინდა.
მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო გაართულა რუსეთთან ურთიერთობა. რამდენადაც გავრილოვი ფაქტიურად ქვეყნიდან გააძევეს, რუსეთმა გადაწყვიტა საპასუხოდ საქართველოსთვის სანქციების დაწესება. როგორც წესი, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტს ეხება. მაგალითად, ღვინოს, ბორჯომსა და სხვა პროდუქციას. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ რუსეთის პირველი სიგნალი სწორედ ამგვარი სანქციების დაწესება იყო, თუმცა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქციების შეთავაზება არ მიიღო, სხვა ხერხს მიმართა და რუსეთიდან საქართველოში ფრენები აკრძალა. მიუხედავად იმისა, როგორ უყურებთ ივლისის პერიოდში საქართველოში შექმნილ ამ სიტუაციასა და მოვლენების განვითარებას, ფაქტი ერთია. მოცემულმა სიტუაციამ უარყოფითად იმოქმედა საქართველოს იმიჯზე. პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვა ქვეყანაში ყოველთვის ცუდად აისახება უცხოურ ინვესტიციებზე. ეკონომიკური გადმოსახედიდან ეს ლოგიკურია. არავის სურს ინვესტიციის განხორციელება ქვეყანანაში, სადაც პოლიტიკური სიტუაცია არამყარია.
თუმცა, ეს ერთადერთი მოვლენა არ ყოფილა, რაც ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თიბისი ბანკის დამფუძნებლის გარშემო განვითარდა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკის დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს. სარჩელის მიხედვით, საქმე ეხებოდა ინციდენტს, რომელსაც, ადგილი 11 წლის წინ ჰქონდა. პოლიტიკური ექსპერტების უმრავლესობამ, ასევე სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებმა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში, ღიად გააკრიტიკეს პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით და მთლიანად ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. აქვე აღსანიშნავია ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული მოვლენები, რამაც ასევე დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ მედიასა და პოლიტიკურ ელიტაში.
ამ და სხვა ნეგატიურმა პოლიტიკურმა და ეკონიმიკურმა მოვლენებმა 2019 წელს დიდი გავლენა იქონიეს ლარის გაუფასურებაზე. ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მცდელობამ რეფინანსირების პროცენტის ცვლილებით შეეჩერებინა ლარის გაუფასურების ტემპი, შედეგი ვერ გამოიღო და ეროვნული ვალუტა კვლავ განაგრძობს გაუფასურებას.
2014-2019 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირებაა. 2014 წლის შემდეგ, ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს იყო, როდესაც ქვეყანაში 1.96 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი ისევ დაეცა და 2019 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ მალე კვლავ 2013 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდება. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სულ რაღაც ერთ მილიარდ დოლარს შეადგენდა.
2013 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოსთვის. ამ დროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტის პოსტი დატოვა მიხეილ სააკაშვილმა და ის გიორგი მარგველაშვილმა დაიკავა. შედეგად, 2014-2019 წლებში პოლიტიკური სადავეები სრულად ქართულ ოცნებას ეკავა და კვლავ უკავია. ბევრისთვის, ადვილი მისახვედრი იყო, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კიდევ ერთი ცენტრალიზებული მთავრობის მმართველობა დაიწყო.
შემდეგი წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. 2015 წელს სამხრეთ ოსეთში არსებულმა რუსულმა სამხედრო ძალებმა 1.5 კილომეტრით გადმოწიეს საზღვარი ქართულ ტერიტორიაზე. უკანონო ბორდერიზაცია ამით არ შეწყვეტილა, მას შემდეგ რუსული სამხედრო ძალები ნელ-ნელა წევდნენ საზღვარს, რამაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს მთავარ მაგისტრალს, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებს აკავშირებს ერთამენთთან. დღეისათვის, უკანონო საზღვარი ამ მაგისტრალიდან უკვე ნათლად ჩანს, თუმცა, ქართული მხარისგან მცოცავ ოკუპაციას პასუხი არ მოჰყოლია. 2016 წელს ქართული ოცნების კუალიციამ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და კვლავ შეინარჩუნა სრული კონტროლი ქვეყნის მმართველობაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენა ღამის კლუბ, ბასიანის რეიდი გახდა, რასაც ასევე მწვავე პროტესტი მოყვა მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. პროტესტმა მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ეს და სხვა სოციალური პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც ზემოთ ავღნიშნეთ აისახა ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯზე და დიდი გავლენა იქონია სხვადასხვა ეკონომიკურ ფაქტორებზე, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნვნელოვანი და პრობლემატური ლარის გაუფასურება აღმოჩნდა.
ეკონომიკური განვითარება 2014-2019 წლებში
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში თანდათან უარესდება. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას რეალურად 5 პროცენტისთვისაც არ მიუღწევია, რაც ძალიან ცუდი ინდიკატორია ქვეყნისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 15 მილიარდი აშშ დოლარია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, როგორც უკვე იცით, მკვეთრად შემცირდა. უცხოელი ინვესტორების რწმენა საქართველოს ეკონომიკური მდოგმარეობისა და განვითარების მიმართ ასევე დაეცა, რასაც კიდევ უფრო აუარესებს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და პოლიტიკური მუქარები ჩრდილოელი მეზობლისაგან. მიუხედავად ამისა, მოცემული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაში ნათელი წერტილებიც იყო. 2014 წლის ივნისში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ასევე, 2017 წელს მიაღწია შეთანხმებას ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ეს ალბათ ორი ყველაზე პოზიტიური მოვლენა იყო ქართულ ეკონომიკურ სექტორში, რაც 2014-დან 2018 წლების განმავლობაში მოხდა. ამ მოვლენების გარდა, გაგვიჭირდება დამატებით რაიმე პოზიტიური ფაქტორის გამოყოფა, რამაც დადებითად იმოქმედა ქართულ ეკონომიკაზე და რაიმე პოზიტიური გავლენა იქონია ეროვნულ ვალუტაზე.
ეკონომიკაზე საუბრისას, ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირებულია. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 14.6% იყო, ხოლო 2018 წლის მონაცემებით 12.7%-ია. თუმცა, ამის თაობაზე შეიძლება ვიდაოთ. თუ საქართველოში ცხოვრობთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ალბათ იფიქრებთ, რომ ზემოთ მოცემულ რიცხვებში რაღაც შეცდომაა. რამდენადაც აქ უმუშევრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამას მოსახლეობაც აღნიშნავს სხვადასხვა გამოკითხვებში. თუმცა, უმუშევრობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი (რეალურთან შედარებით) გამოწვეულია უმუშევრობის აღრიცხვის მეთოდით. სტატისტიკის სამსახური დასაქმებულად თვლის არამხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურად არიან დასაქმებულები, არამედ თვითდასაქმებულებსაც. მაგალითად, გლეხებს, რომლებიც მუშაობენ საკარმიდამო ტერიტორიაზე მოგების მიღების მიზნით, ასევე ტაქსის მძღოლებს და მსგავსი აქტივობებით დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც თავს უმუშევრებად თვლიან. შესაბამისად, უმუშევრობის საერთო სტატისტიკა, ოფიციალურთან შედარებით გაცილებით ნეგატიურია და ამის ფონზე მცირე პროცენტული სხვაობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ ასპექტად ვერ ჩაითვლება.
მთავარი ეკონომიკური სექტორების მიმოხილვა
ეკონომიკა ზოგადად უკვე მიმოვიხილეთ, ახლა ვნახოთ რა სიტუაციაა მთავარ ეკონომიკურ სექტორებში. დავიწყოთ სოფლის მეურნეობით. ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ფოკუსირდა სოფლის მეურნეობაზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორზე საქართველოში. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში გაიცა მრავალი სუბსიდია სოფლის მეურნეობისათვის. ჯამში ხელისუფლება ყოველწლიურად დაახლოებით ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარს ხარჯავს სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისათვის, თუმცა შედეგი ნამდვილად არ არის სახარბიელო. 2014 წელს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.3 % იყო. 2018 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა 7.7%-მდე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების მოლოდინით მაჩვენებელი მკვეთრად უნდა გაზრდილიყო.
ვაჭრობაშიც მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. 2014 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის 11.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო. მომდევნო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი შემცირდა და 2016 წელს ბოლო წლების მინიმუმს 9.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 2018 წელს ინდიკატორი გაუმჯობესდა, (ისევე, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) და 12.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლიდან – 2018 წლამდე საგარეო სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ ერთი მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, მივხვდებით, რომ ამ მონაცემებშიც პოზიტიური ბევრი ვერაფერია.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, უმუშევრობის მაჩვენებელი საქსტატის მონაცემებით 12.7%-მდე შემცირდა. რაც შეეხება საშუალო თვიურ შემოსავალს, ის 2014 წლიდან 2018 წლამდე 818 ლარიდან 1068 ლარამდე გაიზარდა. შესაძლოა, ეს მაჩვენებელი პოზიტიურად ჩანდეს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე ლარი 52%-ით გაუფასურდა. შესაბამისად, გამოდის, რომ საშუალო ხელფასი გაიზარდა, თუმცა ლარის გაუფასურების გათვალისწინებით, სინამდვილეში შემცირდა.
სამშენებლო სექტორის ბრუნვა 2014 წლიდან 2018 წლამდე 3.2 მილიარდი ლარით გაიზარდა. 2014 წელს ბრუნვა 4 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2017 წელს კი 7.2 მილიარდი, თუმცა აქაც თუ გავითვალისწინებთ ლარის ინფლაციას, ვნახავთ, რომ ზრდა მოჩვენებითია. თავადაც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ზოგიერთი ეკონომიკური სექტორისა და ინდიკატორის ზრდა ფისქრიდება, რეალობაში ეს ასე არ არის. თუ ამ მონაცემებს ინფლაციის დონეს შევადარებთ, ვნახავთ, რომ სინამდვილეში ეკონომიკა არ ვითარდება.
რა მდგომარეობაში ვართ ახლა
საქართველოს ეკონომიკური ზრდა და განვითარება ბოლო ხუთ წელიწადში მკვეთრად შენელდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დაბალი მაჩვენებელი, შემცირებული პირდაპირი ინვესტიციები, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების შედეგების შემცირება, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ აისახება საერთო ეკონომიკურ მდოგმარეობაზე და დიდი გავლენა აქვს ლარის გაუფასურებაზე.
ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის დაქვეითება უარყოფითად აისახა საქართველოს მოსახლეობაზე და ასევე საქართველოს საგარეო ვალებზე. ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრად შემცირებაა. 2014 წლიდან 2018 წლამდე მისი მაჩვენებელი 30 პროცენტით შემცირდა, რამაც უცხოური ვალუტის რეზერვების მკვეთრად შემცირება გამოიწვია. ამასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდა მოთხოვნა დოლარზე, დაიყწო ლარის გაუფასურება და ეროვნული ვალუტის კურსმა თანდათან ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში?
ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, რა თქმა უნდა, პირდპაირი უცხოური ინვესიტიების გაზრდაა, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგომარეობას, აქ ერთი რამ ნათელია, რუსეთი კვლავ იქნება ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და კვლავ გააგრძელებს მცდელობას ხელი შეუშალოს საქართველოს ეკომომიკურ განვითარებას და დასავლურ ქვეყნებთან და სტრუქტურებთან ურთიერთობასა და თანამშრომლობას. შესაბამისად, საჭიროა საქართველომ იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და გააგრძელოს დასავლელ პარტნიორებთან აქტიური ურთიერთობა.
კიდევ ერთი ნათელი წერტილი რაც ახლო მომავალში ჩანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია, რომლებიც ოქტომბერშია დაგეგმილი. არჩევნები პროპორციული მეთოდით ჩატარდება, რაც პირველი შესაძლებლობაა იმისა, რომ პარლამენტში მთავრობა წარმოდგენილი არ იყოს სრული უმრავლესობით და გვქონდეს მეტი მრავალფეროვნება. თუ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და არ იქნება მნიშვნელოვანი დარღვევები, მოსალოდნელია, რომ უცხოური ორგანიზაციებისა და ინვესტორების ნდობის ზრდა საქართველოს მიმართ. ეს გაზრდის პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და მის იმიჯს საზღვარგარეთ, როგორც დემოკრატიული ქვეყნის. გარკვეულწილად, ამას შეუძლია იმოქმედოს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც.
როდესაც ეკონომიკურ ფაქოტრებზე ვსაუბრობთ, ერთი რამ ცხადია, მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ბიზნესი სხვადასხვა რეგულაციებისაგან. ეს ეხება როგორც მცირე ბიზნესს, ასევე მსხვილ ბიზნესებსა და უცხოურ ინვესტიციებს. რეგულაციები აფერხებს ბიზნესების განვითარებას და შესაბამისად, ერთ-ერთი ფაქტორია, თუ რატომ მცირდება უცხოური ინვესტიციები საქართველოში. რეგულაციები, როგორიცაა მაგალითად ტაქსებზე დაწესებული ახალი შეზღუდვა, რომლის თანხმადაც ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს, რათა შეეძლოს მგაზვრების ქუჩიდან აყვანა და კომპანიისგან დამოუკიდებლად მუშაობა; ანდაც ზეწოლა ბიზნესებზე, როგორიცაა, მაგალითად თიბისი ბანკის შემთხვევა, აფერხებს საქართველოს ეკონომუკურ განვითარებას და ამასთანავე, აფუჭებს მის რეპუტაციას უცხოელ ინვესტორებს შორის.
რაც შეეხება უშუალოდ ლარის კურსს, ცხადია, რომ ლარის გაუფასურების შეჩერება და მის ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნება ძალიან რთული იქნება და დიდ შრომას და სწორ მიდგომას მოითხოვს. წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ზამთარი ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სეზონი არ არის. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას და ამ მხრივ, ახლო მომავალში სასიკეთო ნიშნები არ ჩანს. როგორც USD/GEL გაცვლითი კურსის ტრენდი აჩვენებს, გაუარესებული კურსი და გაზრდილი ფასები ზამთრის სეზონზე, როგორც წესი, ყოველთვის არ უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს. შესაბამისად, უნდა მოველოდოთ, რომ ლარი კვლავ გაუფასურდება და მომამავალ წელს შესაძლოა კურსმა 3.5-საც კი მიაღწიოს. ბევრი უცხოელი ფორექსის ანალიტიკოსი ლარს კვლავ გაუფასურებას უწინასწარმეტყველებს და სთავაზობს ფორექს მოვაჭრეებს რომ სწორედ ლარისა და დოლარის წყვილში ჩადონ თანხა, რათა შემდეგ, ლარის გაუფასურების შედეგად მოგება მიიღოს. ლარი არ უფასურდება მხოლოდ დოლართან მიმართებაში, მაგალითად ევრო-ლარის კურსი ამ დროისთვის დაახლოებით 3.26-ია, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კურსი შეიძლება 4.2-მდეც კი გაიზარდოს ერთი წლის განმავლობაში. იგივე სიტუაციაა სხვა ვალუტებთან მიმართებითაც და არა მხოლოდ უცხოურ ვალუტებთან. ამ პერიოდისათვის ერთი უნცია ოქრო 4449 ლარია, თუმცა, რამდენადაც მომავალი სასიკეთო არ ჩანს შესაძლებელია რომ მისი ფასი 5500 ლარამდეც კი გაიზარდოს.
საბოლოო ჯამში, ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში იმედის მომცემი ჯერჯერობით არ არის. შესაბამისად, ანალიტიკოსები ოპტიმისტურად არ არიან განწყობილი ვალუტის კურსთან დაკავშირებით. ლარმა უკვე მიაღწია გაუფასურების ისტორიულ მაჩვენებელს და რა იქნება შემდეგში, ამას დრო გვაჩვენებს.