საბანკო სესხების მიმოხილვა post thumbnail image

საბანკო სესხების მიმოხილვა

სესხი – საქართველოში ეს სიტყვა უმეტესად უარყოფით გრძნობებთან ასოცირდება – ფინანსური ვალდებულება, ჭარბვალიანობა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვსურს ვიყოთ ფინანსურად დამოუკიდებლები, არ გვქონდეს ვალდებულებები ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან თუ სხვა პირებთან და სესხის ნაცვლად, ანგარიშზე მსხვილი ანაბარი გვქონდეს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ოჯახის თუ ინდივიდის მთავარი პრობლემა სწორედ სესხებია. თუმცა, სესხი, მხოლოდ მაშინ არის ცუდი, როდესაც სასესხო ხელშეკრულებას ვერ ვასრულებთ და საკუთარ თავზე აღებულ ფინანსურ ვალდებულებას ვერ ვუმკლავდებით. სხვა შემთხვევაში, სესხი გვაძლევს საშუალებას დავფაროთ ის ხარჯები, რაც დღეს გვაქვს და რისი გაწევაც აუცილებლად გვესაჭიროება ან ვიყიდოთ პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც სესხის გარეშე ვერ შევიძენდით.

იმისთვის, რომ სესხი დადებითად ისახოს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე და არ იქცეს ერთ დიდ ფინანსურ კოშმარად, საჭიროა სწორად განვსაზღვროთ მისი საჭიროება, სესხის ტიპი, რომელსაც ვიღებთ და წინასწარ გვქონდეს განსაზღვრული თუ როგორ დავფარავთ მას. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ სესხის დადებით და უარყოფით მხარეებს და გაგაცნობთ რა ტიპის სესხებით შეგიძლიათ სარგებლობა, იმის მიხედვით თუ რისთვის გჭირდებათ ფული. შეგიძლიათ თითოეულ სესხის ტიპს კიდევ უფრო ვრცელ სტატიებში გაეცნოთ, რომლებიც ქვემოთ ბმულების სახით იქნება მოცემული. აქ კი მათ მცირე მიმოხილვას შემოგთავაზებთ. მანამდე კი ვისაუბროთ სესხის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

სესხის დადებითი და უარყოფითი მხარეები

სესხის მთავარი დადებითი მხარე ცხადია, ის საშუალებას გვაძლევს შევიძინოთ ის რაც ძალიან გვინდა ან გვჭირდება დღეს და მისი თანხა გადავიხადოთ შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ ბინის შეძენა, მაგრამ არ გაქვთ ამისთვის საკმარისი თანხა, გაქვთ ორი გზა. პირველი – შეაგროვოთ თანხა, რასაც შეიძლება 10 წელი დასჭირდეს და ათი წლის შემდეგ გადახვიდეთ მარტო საცხოვრებლად. მეორეს მხრივ, შეგიძლიათ შეაგროვოთ სახლისთვის წინასწარი შენატანი ორი წლის განმავლობაში, აიღოთ სესხი, გადახვიდეთ ახალ ბინაში საცხოვრებლად და მომდევნო 8 წლის განმავლობაში დაფაროთ მისი ღირებულება. შეიძლება ითქვას, ხშირ შემთხვევაში, სესხით ვყიდულობთ დროს, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ სასურველი სერვისისა თუ ნივთის შესაძენად საკმარისი თანხა დავაგროვოთ.

როგორც ავღნიშნე, თუ სწორად გაქვთ განსაზღვრული რა ტიპის სესხი გჭირდებათ და როგორ უნდა გადაიხადოთ ის, მაშინ პრობლემა არ არსებობს, სხვა შემთხვევაში კი შესაძლოა სესხმა თქვენი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. სესხის უარყოფითი მხარეები სწორედ ამ დროს იჩენს თავს. აი რამდენიმე მათგანი:

ვალდებულება, რომელსაც ვერ ფარავთ – ერთ-ერთი ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე არის ვალდებულება, რომლის დაფარვაც არ შეგიძლიათ. შესაძლოა იმაზე მეტი აიღეთ თავზე, ვიდრე ამის ფინანსური შესაძლებლობა გქონდათ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ვერ გადაიხადოთ სესხის თანხა ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში. ასე თქვენი ვალდებულება გაიზრდება და დამატებით პროცენტები დაერიცხება. თუ აღმოაჩენთ, რომ სესხს ვეღარ ისტუმრებთ, თქვენი ვალდებულება შესაძლოა სააღსრულებლო ბიუროსაც კი გადაეცეს და სასამართლომდე მივიდეს, ეს კი არავის სურს, მათ შორის არც რომელიმე კომერციულ ბანკს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე გაფუჭებული საკრედიტო ისტორიაა. შესაძლოა, დაფაროთ სესხი მაგრამ დაგვიანებების გამო საკრედიტო ისტორია გაგიფუჭდეთ, ასეთ შემთხვევაში, თქვენ ან ვერ მიიღებთ სესხს მომავალში გარკვეული დროის განმავლობაში, ან მიიღებთ მას გაცილებით მაღალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით. შესაბამისად, მომდევნო სესხში მოგიწევთ გაცილებით მეტი თანხის გადახდა, როგორც არასაიმედო მსესხებელს.

ამას რა თქმა უნდა, თან ერთვის განუზომელი სტრესი, რომელიც თქვენზე ყოველდღიურად მოქმედებს. ეს სესხების კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა. თუ ოდესმე სესხი გქონიათ, მისი საბოლოოდ დაფარვისას აუცილებლად უფრო უკეთ და თავისუფლად იგრძნობდით თავს, მიუხედავად იმისა სესხის გადახდა თქვენთვის პრობლემური იყო თუ არა.

რა ტიპის სესხები არსებობს

იმისთვის, რომ სესხთან დაკავშირებული უარყოფითი მოვლენები თქვენ არ შეგეხოთ, აუცილებელი არ არის საერთოდ უარი თქვათ მასზე, (რამდენადაც, როგორც ავღნიშნე სესხი ზოგჯერ ძალიან სასარგებოა) არამედ საჭიროა სწორად განსაზღვროთ სესხის აუცილებლობა და შეარჩიოთ სესხის ის ტიპი, რომელიც თქვენს საჭიროებებს მაქსიმალურად მიესადაგება. სესხის რამდენიმე ტიპი არსებობს, განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ონლაინ სესხი

ონლაინ სესხი

ონლაინ სესხები დღეს ძალიან გავრცელებულია. საკმარისია გუგლის საძიებო სისტემაში ონლაინ სესხი ჩაწეროთ და თქვენს წინ სესხის აღების რამდენიმე ათეული შესაძლებლობა გადაიშლება. ონლაინ სესხების აღება შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებიც საიტზევე გაძლევენ სესხის აღების საშუალებას. როგორც წესი, ონლაინ შეგიძლიათ მცირე თანხების აღება მოკლე ვადით. როგორც წესი, მსგავსი სესხები არ საჭიროებს ხელფასის დოკუმენტურად დადასტურებას და ამიტომ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მათში, ვინც ვერ სარგებლობს საბანკო სესხით ამა თუ იმ მიზეზის გამო. იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ სესხით დიდი თანხის აღებას გადაწყვეტთ, შეიძლება ამას დამატებითი პროცესები დაჭირდეს და სესხის დასამტკიცებლად მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სტუმრობა მოგიწიოთ. გაიგეთ მეტი ონლაინ სესხების შესახებ აქ.

სწრაფი სესხი

სწრაფი სესხი

როგორც ონლაინ სესხები, სწრაფი სესხებიც ძალიან პოპულარულია. ამ ტიპის სესხს გთავაზობთ როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ასევე კომერციული ბანკები. სწრაფი სესხის მთავარი უპირატესობა მის სისწრაფეშია. როგორც წესი, სწრაფი სესხები 100 – 1500 ლარის ფარგლებშია. მისი დადასტურება დიდ დროს არ მოითხოვს. ამის გამო, ამ ტიპის სესხით უმეტესად სარგებლობენ მაშინ, როდესაც თანხა სასწრაფოდ სჭირდებათ.  მაგალითად, დამატებით ისეთი ფინანსური საჭიროება გაგიჩნდათ, რისთვისაც თანხა განსაზღვრული და გადადებული არ გქონდათ. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი სესხი. გაიგეთ მეტი სწრაფი სესხების შესახებ აქ.

სტუდენტური სესხი

სტუდენტური სესხი

სტუდენტური სესხი, როგორც სახელი გვთავაზობს, განკუთვნილია სტუდენტებისთვის და მისი აღება რამდენიმე ქართულ კომერციულ ბანკში შეგიძლიათ. სტუდენტური სესხები არის სწავლის საფასურის გადახდისათვის. მისი ვადა 12 თვემდეა, ხოლო მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრება ერთი წლის საფასურით. თუმცა, ბანკებსაც თავისთავად, დაწესებული აქვთ გარკვეული ლიმიტი, ზოგიერთ ბანკში ეს ლიმიტი შესაძლოა მხოლოდ 3000 იყოს, ზოგან კი 10 000. მაგალითად, თუ თქვენ სწავლობთ უნივერსიტეტში, სადაც ერთი წლის სწავლის საფასური 2500 ლარია, შეგიძლიათ აიღოთ 2500 ლარის სესხი ერთი წლის ვადით სწავლის დაწყებამდე, დაფაროთ ერთი წლის სწავლების საფასური და შემდეგ 12 თვის განმავლობაში დაფაროთ სესხი ბანკში. რამდენადაც სტუდენტური სესხი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც უმეტეს შემთხვევაში არ აქვთ ხელფასი და საკრედიტო ისტორია, მსესხებელი და სესხის ბენეფიციარი შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. მაგალითად, მშობლეს შეუძლია აიღოს და გაისტუმროს სტუდენტური სესხი და ამით გადაიხადოს შვილის სწავლების საფასური. გაეცანით დეტალებს სტუდენტური სესხის შესახებ აქ.

იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი გრძელვადიანი სესხების კატეგორიას მიეკუთვნება. მისი აღება შეგიძლიათ რამდენიმე წლით. იპოთეკური სესხი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ბინის, სახლის ან თუნდაც კომერციული უძრავი ქონების შეძენა. ასეთ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დაფაროთ უძრავი ქონების საფასური სესხით და შემდეგ თანხა ბანკს გადაუხადოთ ყოველთვიურად. იპოთეკური სესხის აღება შესაძლებელია როგორც ლარში, ასევე დოლარსა და ევროში, თუმცა გარკვეულ ლიმიტზე ქვემოთ იპოთეკური სესხი მხოლოდ ლარში გაიცემა. რამდენადაც იპოთეკური სესხი საკმაოდ დიდია, საჭიროა მისი უზრუნველყოფა გარკვეული ქონებით – ბინით ან მანქანით. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში შეგიძლიათ სესხი უზრუნველყოთ იმ ბინით, რომლის შეძენასაც აპირებთ. გაიგეთ მეტი იპოთეკური სესხების შესახებ აქ.

განვადება

განვადება

განვადება სესხის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც წესი, სესხის კატეგორიას არ აკუთვნებენ. განვედებით შეგიძლიათ იყიდოთ სასურველი ნივთი ან გადაიხადოთ თანხა სერვისში, რომლის მიღებაც დღეს გსურთ, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაქვთ. მაგალითად, თუ გსურთ ახალი სმარტფონის შეძენა და ამისთვის თანხა არ გაქვთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით, შეიძინოთ აღნიშნული ნივთი და შემდეგ ყოველთვიურად გადაიხადოთ საფასური ბანკში. შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ მაშინაც, როდესაც ნივთზე ფული არ გყოფნით, მაგალითად თუ სმარტფონი 2000 ლარი ღირს, თქვენ კი მხოლოდ 1000 გაქვთ, შეგიძლიათ გადაიხადოთ 1000 ხოლო დარჩენილ 1000 ლარზე გააკეთოთ განვადება. განვადებაზე განაცხადი შეგიძლიათ გააკეთოთ მაღაზიაში, სადაც გსურთ რამის შეძენა, თუ იქ ბანკის წარმომადგენელი არის, ასევე ბანკში და ზოგიერთ შემთხვევაში საიტზეც კი.  გაიგეთ მეტი გავნადების პირობების შესახებ აქ.

ბიზნეს სესხი

ბიზნეს სესხი

ბიზნეს სესხი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის წამოწყება ან განვითარება. მისი რამდენიმე სახეობა არსებობს, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ თანხა. ეს შეიძლება იყოს საინვესტიციო კაპიტალი, საჭირო თანხა დანადგარებისთვის და ა.შ. შესაბამისად, ბიზნეს სესხის შერჩევისას ასევე საჭიროა სწორად განსაზღვროთ მისი მიზნობრიობა. წაიკითხეთ მეტი ბიზნეს სესხების შესახებ აქ.

მანქანის ლიზინგი

ლიზინგი

ლიზინგის შესახებ ძალიან ბერვმა ადამიანმა არ იცის. ეს არის შესაძლებლობა შეიძინოთ რაიმე აქტივი ბანკის ფულით, მაგალითად მანქანა-დანადგარები, ისარგებლოთ ამ აქტივით და თანხა ბანკს უხადოთ ყოველთვიურად. ასევე, ალბათ გაგონილი გექნებათ ავტოლიზინგის შესახებ. ამავე პრინციპით შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილი. გაიგეთ მეტი ლიზინგის შესახებ აქ.

როგორც ხედავთ, სესხების რამდენიმე სახე არსებობს, მათგან ზოგიერთი ჩვენს ჩამონათვალში ვერ მოხვდა. ზოგიერთი ბანკი კიდევ უფრო სპეციფიური ან პირიქით, ფარტო მიზნობრიობისათვის სთავაზობს სესხებს მსურველებს. მთავარია თქვენ განსაზღვროთ რა მიზნისთვის გსურთ სესხის აღება და შემდეგ მოძებნოთ სესხი, რომელიც მას ყველაზე უკეთ შეესაბამება.