როგორ ავარიდოთ თავი საბანკო ბარათთან დაკავშირებულ თაღლითობას

როგორ ავარიდოთ თავი საბანკო ბარათთან დაკავშირებულ თაღლითობას post thumbnail image

საბანკო ბარათებთან დაკავშირებული ტრანზაქციები მეტად მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ხდება. სერვისები მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის საჭიროებებს და სთავაზობს მათ, დროულ და მაღალი ხარისხით მიწოდებულ სერვისს, იქნება ეს უშუალოდ საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული, თუ სხვა ტიპის სერვისი. თუმცა რამდენადაც საბანკო ბარათების გამოყენების შეთავაზებები გაიზარდა, ამდენადვე გახშირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემური გამოვლინებები. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მაქსიმალურად დაცულია. საბანკო ბარათზე წვდომა მხოლოდ სპეციფიური და ინდივიდუალური პინკოდით არის შესაძლებელი. ბარათის მფლობელს, კი მუდმივად შეუძლია უსაფრთხოების ნორმებისა და პინ კოდის ცვლილება. მიუხედავად აღნიშნულისა, თაღლითური სქემებისა და სხვადახვა სახის კიბერშეტევის გამოვლენილი ფაქტები საგრძნობლად გაიზარდა.

დღეს დეტალურად ვისაუბრებთ იმ გავრცელებულ თაღლითურ გზებზე, რითიც ხდება მომხმარებლის მონაცემების მოპარვა და მისი ფინანსების განკარგვა. ასევე შემოგთავაზებთ მარტივ და ეფექტურ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც, თქვენი პირადი მონაცემები, საბანკო ისტორია და ფინანსები, ბევრად დაცული იქნება. მანამდე კი უშუალოდ, მიმოვიხილოთ ის ძირითადი ინფორმაცია, რომლის დატანა საბანკო ბარათზე ხდება.

კონკრეტულად, ნებისმიერი ტიპის ბარათის გახსნა მხოლოდ პირის ფიზიკური დასწრების საფუძველზე ხდება. ბარათთან ერთად, მზადდება ინდივიდუალური კოდი, რომლის ცვლილებაც ნებისმიერ დროს მარტივად შეიძლება. უშუალოდ ბარათზე კი ხდება 16-ნიშნა უნიკალური ნომრის, უსაფრთხოების 3-ნიშნა კოდის, იგივე CVC-სა და მოქმედების ვადის დატანა. ზოგიერთ შემთხვევაში CVC-ის კოდი შეიცავს 4 უნიკალურ ციფრს. ბარათზე შესაძლებელია მფლობელის სახელისა და გვარის დატანაც. ბარათი გააქტიურებულია მას შემდეგ, რაც უნიკალურ და პერსონალურ დამადასტურებელ კოდს, მფლობელი მითითებულ მობილურის ნომერზე მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ბარათის უსაფრთხოება მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი და პერსონალური კოდებით, ბარათის მოპარვა შეუძლებელია, თაღლითური სქემების განხორციელება ხშირად ხერხდება, ბარათის ფიზიკური მოპარვის გარეშე. დროთა განმავლობაში, თაღლითური სქემები მეტად დაიხვეწა და გამრავალფეროვანდა. ეს კი გამოწვეულია ონლაინ სივრცეში ვაჭრობის გაზრდითა და მასში საზოგადოების მასიური დაინტერესებით.

როგორ მოიპოვებენ თაღლითები ბარათის პერსონალურ ინფორმაციას

როგორც უკვე ვახსენეთ, ინტერნეტ სივრცისთვის დამატებითი სერვისების ჩართულობამ და მათმა გლობალურმა გამოყენებამ, მნიშვნელოვნად გაამარტივა ის მეთოდები, რომლებსაც თაღლითები პერსონალური ინფორმაციის მოსაპარად იყენებდნენ. თუ ინტერნეტ სივრცის განვითარებამდე, თაღლითებს უწევდათ ბანკომატით ან ფიზიკური მოპარვით ინფორმაციის მოპოვება, დღეს სხვადსხვა ლინკისა თუ სატელეფონო ზარის გამოყენებით, მათთვის პროცესი ბევრად მარტივი გახდა.

ფიზიკური მოპარვა ან ბარათის ფოტოს მოპოვება ყველაზე გავრცელებული, თუმცა საკმაოდ კომპლექსური მეთოდია. ეს შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოხდეს, როდესაც მფლობელი ფიზიკურად საჯაროდ იყენებს ბარათს. იქნება ეს შესყიდვის პროცესი თუ სხვა, შესაძლებელია თაღლითმა ბარათის მონაცემებს შეუმჩნევლად გადაუღოს ფოტო ან ვიზუალურად დაიმახსოვროს. ასევე ტერმინალის სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებელია, მფლობელის მიერ აკრეფილი პინ კოდის დანახვაც. მონაცემების ცოდნის ფონზე, კი ფინანსურ ტრანზაქციებში, სადაც დამადასტურებელი ერთჯერადი კოდის მითითება არ არის საჭირო, თაღლითს თქვენი ფინანსების მართვა მარტივად შეუძლია.

იგივე შეიძლება მოხდეს ბანკომატით სარგებლობისას, თუმცა თაღლითები მსგავს შემთხვევაში ხშირად მიმართავენ სკიმინგის მეთოდს. ისინი აპარატზე ამონტაჟებენ სკიმერ მოწყობილობას, რაც მას საშუალებას აძლევს, მაგნიტურზოლიანი მონაცემები მარტივად მოიპაროს. ეს ინფორმაცია უსაფრთხოების კოდის, პინკოდის, 16-ნიშნა ნომრისა და მოქმედების ვადის მონაცემებს მოიცავს.

ფიშინგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თაღლითობის სქემაა, სადაც მომხმარებელი ხდება კარგად შენიღბული ვებ-გვერდის მსხვერპლი. კონკრეტულად, ამ დროს თაღლითები იყენებენ სავაჭრო ვებ-გვერდების მაქსიმალურად მიმსგავსებულ ასლებს, სადაც მომხმარებელი სხვადასხვა შეთავაზებების ფონზე, მარტივად ხვდება. იქნება ეს ანგარიშის რეგისტრაცია თუ შესყიდვის მომენტში მითითებული ბარათის მონაცემები, თაღლითს უკვე აქვს შესაძლებლობა მარტივად მართოს ფინანსები.

მსგავსი სტრატეგია იკვეთება სატელეფონო ზარით განხორციელებულ თაღლითობაშიც, სადაც მფლობელებთან დაკავშირება სხვადასხვა წამახალისებელი თუ მიმზიდველი სერვისების შეთავაზების მიზნით ხდება. სატელეფონო შესყიდვები კი თავისთავად მოიცავს ტრანზაქციის დადასტურებას მონაცემების მიმოცვლით.

მარტივი ნაბიჯები იმისათვის, რომ დავიცვათ ბარათი

მთავარი  და აუცილებელი რჩევა ბარათის უსაფრთხოდ შენახვა და მისი ყურადღებით გამოყენებაა. თუ ბარათს უყურადღებოდ დატოვებთ, თქვენ ამით თაღლითს უმარტივებთ გზას, მიითვისოს თქვენი პირადი მონაცემები და ჰქონდეს წვდომა პირად ინფორმაციასა თუ ფინანსებზე. ასევე საჭიროა ყურადღებით გამოიყენოთ პინკოდი და ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული ინტერვალებით შეცვალოთ იგი. მნიშვნელოვანია ფიზიკურად არ გქონდეთ პინკოდი ჩანიშნული, რადგან მისი ამ გზით მოპოვება ბევრად მარტივია.

ყურადღებით იყავით, როდესაც გიწევთ ბარათის მონაცემების გაზიარება. არ გაუზიაროთ ერთჯერადი კოდი სხვა ადამიანს და დაუკვირდით იმ ვებ გვერდების სანდოობას, რომლებსაც ონლაინ ტრანზაქციების დროს იყენებთ. გადაამოწმეთ პლატფორმის სანდოობა. ჩაატარეთ კვლევა მიმოხილვების, კომენტარებისა და რეიტინგის მხრივ. ეცადეთ ონლაინ პლატფორმებზე არ მოახდინოთ ბარათის მონაცემების დამახსოვრება. უმჯობესია, თუ ინფორმაციას ერთჯერადად, ყოველი საჭიროების დადგომის შემთხვევაში შეიყვანთ.

ასევე აუცილებელია, სიფრთხილე გამოიჩინოთ ნებისმიერი გადახდის აპარატითა და ბანკომატით სარგებლობისას. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ბანკომატი ოფიციალურად ეკუთვნის შესაბამის ბანკს. ლოგო, ოფიციალური დასახელება, და დიზაინი ამის გარკვევაში მარტივად დაგეხმარებათ. შემდგომში საჭიროა დარწმუნდეთ, რომ აპარატზე არ არის დამაგრებული სკრიმერ აპარატი. ეს მარტივად შესამჩნევი იქნება, შეუსაბამო და დამატებითი ვიზუალური მახასიათებლით. ეს შეიძლება იყოს რაიმე სახის რეზინის ან პლატმასის გარსი ან კონკრეტული დაზიანება ბანკომატზე. როდესაც ახორციელებთ ოპერაციას, დარწმუნდით, რომ თქვენთან ახლოს არ არის მეორე პიროვნება, რომელსაც შეუძლია დაინახოს ბარათის მონაცემები და პინ კოდი. ოპერაციის დასრულების შემდეგ, კი დარწმუნდით, რომ სისტემიდან გამოხვედით და აპარატში თქვენი მონაცემები არ არის დამახსოვრებული.

როდესაც იყენებთ პოსტერმინალს, მოითხოვეთ რომ ოპერაცია უშუალოდ თქვენ შეასრულოთ. გადახდის შესასრულებლად, ნუ მიაწოდებთ პერსონალს ბარათს. ასევე თუ ბანკს, რომელთანაც თანამშრომლობთ, სავალდებულო რეჟიმში არ აქვს ჩართული ერთჯერადი კოდების გაგზავნის სერვისი, შესაბამის პერსონალთან გასაუბრების საფუძველზე, აუცილებლად დაამატეთ ეს ფუნქცია თქვენს ბარათს. ამით თითოეული ტრანზაქცია თქვენს მიერ, ერთჯერადი და პერსონალური კოდის საშუალებით დადასტურდება.

თუ დაკარგეთ ბარათი, მყისიერად დაუკავშირდით შესაბამისი ბანკის ცხელ ხაზს, რათა დაბლოკოთ ბარათზე წვდომა. ხშირ შემთხვევაში, დაბლოკვა ინტერნეტ ან მობაილ ბანკითაც შესაძლებელია. მონაცემების დაბლოკვის შემდეგ,  ბარათზე წვდომა არავის აქვს. შესაბამისად, ბარათიდან ნებისმიერი ტიპის ტრანზაქციის განხოციელება შეუძლებელია. აღნიშნულის შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ ახალი ბარათის გახსნა და მასზე დაბლოკილი ინფორმაციისა და ფინანსების უსაფრთხოდ გადატანა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *