საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები post thumbnail image

საქართველოში საგარეო ვაჭრობის სექტორი აქტიურობითა და არსებითი წინსვლით ხასიათდება. ბოლო წლების მანძილზე, გაიზარდა როგორც საექსპორტო პროდუქციის სახეობა ასევე მათი რაოდენობა და პარტნიორ ქვეყანათა რიცხვი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოველწლიური კვლევების მიხედვით, დადებითი ტენდენცია, პოზიტიურ შედეგებთან ერთად 2017 წლიდან იკვეთება, სადაც მნიშვნელოვანი როლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საგარეო ვაჭრობის სექტორში პრიორიტეტიზაციამ გამოიწვია.

ბუნებრივია 2020 წლის განმავლობაში, გლობალურად დაწესებულმა შემზღუდველმა რეგულაციებმა, მნიშვნელოვნად შეამცირა საერთაშორისო ექსპორტის, როგორც სიხშირე, ასევე მიღებული შემოსავლის ოდენობა. თუმცა 2021-2022 წლებში, დადებითი ტენდენციის ფონზე, მიმდინარე ეტაპისთვის აქტიურად ხერხდება 2020 წლის ნეგატიური შედეგის მინიმიზაცია.

იმისთვის, რომ საქართველოს საექსპორტო პოლიტიკა და ტენდენციები უკეთ გამოიკვეთოს, თვალი გადავავლოთ ცვლილების სტატისტიკას პანდემიამდე არსებულ პერიოდში, 2020 წლის მონაცემებსა და 2022 წლის კვარტლურ შედეგებს.

საქართველოს საექსპორტო ვაჭრობა პანდემიამდე და პანდემიის დროს

2020 წლამდე, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ნიშნულები, დადებითი ტენდენციის მატარებელი იყო. შედარებისთვის, წლიური საშუალო ჯამური ექსპორტის მაჩვენებელი იზრდებოდა 12%-ით, ხოლო სავაჭრო ბრუნვა საშუალოდ 3%-ით. კონკრეტული მონაცემების მიხედვით, ბრუნვა 12 831 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო მოცულობა 3 700 მლნ დოლარს. აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს წმინდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, სადაც პროდუქციის 31%-ზე მეტი ევროკავშირის ხოლო 36%-ზე მეტი დსთ-ს ქვეყნებში გავიდა. მსხვილ სავაჭრო პარტნიორებად რჩებოდნენ ასევე თურქეთი, 8%-იანი მაჩვენებელით და ჩინეთი 9%-ით. რეეექსპორტის კუთხით, კი უპირობო ლიდერი მოკავშირეები იყვნენ დსთ-ს ქვეყნები 81%-იანი მაჩვენებლით, რასაც მოსდევდა ევროკავშირი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ევროკავშირის ქვეყნებში, მიმდინარე პერიოდში მთავარი სამი საექსპორტო პროდუქცია იყო თხილი, სპილენძის მადნები და აზოტოვანი სასუქები. ასევე ხუთეულში შედიოდა ღვინო და სხვა სპირტიანი სასმელები. განსხვავებული შედეგები იკვეთება დსთ-ს ქვეყნებში, სადაც ძირითადი პროდუქცია ღვინოს, მინერალურ წყალს და სხვა სპირტიან სასმელებს შეადგენდა.

რაც შეეხება პანდემიის პერიოდში საგარეო ვაჭრობის ნიშნულებს, ექსპორტმა 12%-იანი შემცირება განიცადა, რაც საერთო ბრუნვაში 14%-იან შემცირებას გულისხმობდა. 2020 წელს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად დასახელდა თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. ამ ქვეყნებთან მიმართებით, ყველაზე მაღალი იყო როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და ბრუნვის მაჩვენებლები. ევროკავშირის მიმართ სავაჭრო ბრუნვა 18%-ით შემცირდა. კერძოდ იმპორტმა განიცადა 20%-იანი ხოლო ექსპორტმა 12%-იანი შემცირება.

საექსპორტო პროდუქციის უდიდეს ნაწილს სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქცია შეადგენდა. კერძოდ, თხილი, რომლის ძირითადად ექსპორტი გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში ხდებოდა. აქ წინა წლის მაჩვენებელი გაზარდა 20%-ით. შემდეგი იყო ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, სადაც მთავარი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ გერმანია, ჩეხეთი და ლიეტუვა. გაიზარდა მინერალური წყლის ექსპორტი, განსაკუთრებით ლიეტუვასა და გერმანიაში. და ბოლოს, ღვინის ექსპორტი, სადაც მთავარ ბაზრებს პოლონეთი, ლატვია, გერმანია და ესტონეთი წარმოადგენდნენ.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა და პარტნიორი ქვეყნები 2021-2022 წლებში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოს საგარეო ვაჭრობა კვლავ შემზღუდველი რეგულაციების ქვეშ უწევდა, ქვეყანამ მოახერხა და სავაჭრო ბრუნვა, 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით 26%-ით გაზარდა, რამაც 14 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი შეადგინა. კონკრეტულად, ექსპორტმა განიცადა 27%-იანი, ხოლო იმპორტმა 25%-იანი ზრდა. აქვე აღსანიშნავია რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვაჭრობის დეფიციტის ნიშნული, რაც მეტ წილად ემიგრანტების მიერ განხორციელებულმა აქტიურმა ფულადმა ნაკადებმა და ტურიზმის სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა გამოიწვია.

2020 წლის მსგავსად, 2021 წელსაც, მთავარი პარტნიორი საგარეო ვაჭრობაში ჩინეთია. შემდეგია რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი უკრაინა და სომხეთი. ევროკავშირის ქვეყნებში, კი ექსპორტის 20 მლნ დოლარის მოცულობით ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ექსპორტი არსებითად შემცირდა, სია ბევრად მცირეა და მხოლოდ შვეიცარიასა და ბულგარეთს მოიცავს. ეს კი მეტ წილად სპილენძის მადნების ექსპრორტის საერთო შემცირებამ გამოიწვია.

რაც შეეხება კონკრეტულ პროდუქციას, გაიზარდა ფეროდშენადნობის, მსუბუქი ავტომობილების, უალკოჰოლო სასმელების, მინერალური სასუქებისა და ღვინის ექსპორტი. იგივე პროდუქცია დომინირებს იმპორტულ საქონელშიც, სადაც რეიტინგს სამკურნალო საშუალებებიც ემატება.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის სრული მონაცემების გამოთვლა ჯერ შეუძლებელია, გასული ორი კვარტალის შედეგები, შენარჩუნებულ დადებით ტენდენციებს გამოკვეთს. კონკრეტულად საქსტატის პირველადი კვლევის მიხედვით, სავაჭრო ბრუნვა 41.2%-ითაა გაზრდილი, 2021 წლის მონაცემებთან შედარებით, რამაც შემოსავლის სახით 1.11 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი გაიზარდა 47.6%-ით, ხოლო იმპორტი 38.7%-ით.

სრულიად განსხვავებულია ლიდერი სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა რეიტინგი, სადაც გასული წლებისაგან განსხვავებით ლიდერობს თურქეთი. მეორე პოზიციაზეა რუსეთი. 2020-2021 წლების ლიდერი ქვეყანა ჩინეთი კი მეოთხე ადგილზეა, აზერბაიჯანის შემდეგ. ტოპ ათეულში, ასევე შედის უკრაინა, ბულგარეთი, აშშ, იაპონია, გერმანია და სომხეთი.

რაც შეეხება ტოპ პროდუქციის რეიტინგს, არსებითი ცვლილება არ შეინიშნება, რადგან ფეროდშენადნობი, სპილენძის მადნები და მსუბუქი ავტომობილები, კვლავ ექსპორტისა თუ იმპორტის მაღალი წილით გამოირჩევიან. 2022 წლის ბოლომდე, კი საქსტატის წინასწარი შედეგების მიხედვით სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც ექსპორტისა და იმპორტის წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 საქართველოს  უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებთან მნიშვნელოვნად გაიზარდა, მთავარ სავაჭრო პარტნიორებად მეტ წილად, მეზობელი და დსთ-ს კავშირის სახელმწიფოები რჩებიან.

საქართველოს ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორი, გრძელვადიანი თანამშრომლობით და მუდმივად მზარდი ექსპორტისა თუ იმპორტის შედეგებით არის თურქეთი, სადაც საშუალო სავაჭრო ბრუნვა 1.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. მსგავსად დადებითი ტენდენცია აღინიშნება აზერბაიჯანთან მიმართებით, რომელიც მუდმივად ხვდება ტოპ ხუთეულის რეიტინგში. აზერბაიჯანთან მიმართებით, საშუალო სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ აშშ დოლარს აღემატება.

რუსეთი წლებია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობისა. რუსეთში მეტ წილად მინერალური წყლისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი ხდება. რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, ის საშუალოდ 1.1 მლრდ აშშ დოლარზე მეტია. დადებითი ტენდენციები შეინიშნება აშშ-სთან მიმართებითაც, სადაც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევა ღვინის ექსპორტი.

უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებში შედიან უკრაინა და სომხეთი, როგორც საქართველოს დიდი ხნის, ეფექტიანი მოკავშირეები. ქართული პროდუცქციის ექსპორტი აღნიშნულ ქვეყნებშიც მზარდი ტენდნეციით გამოირჩევა და მათი საშუალო სავაჭრო ბრუნვა 500 მლნ დოლარს უდრის.

არ შეიძლება არ აღინიშნოს დადებითი ტენდენციები და ეფექტური თანამშრომლობა გერმანიასთან, სადაც აქტიურად ხდება, როგორც ქართული პროდუქციის ექსპორტი, ასევე გერმანული პროდუქციის საქართველოში იმპორტი. ამ კუთხით გამოირჩევა სამკურნალო საშუალებები და მსუბუქი ავტომობილები.

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ასევე დადებითი საექსპორტო თუ საიმპორტო ნიშნულებით გამოირჩევიან, სადაც განსაკუთრებით გაზიარდა სავაჭრო ბრუნვა 2020 წელს. ამ დროს საექსპორტო საქონლის დიდ ნაწილს, 80%-ზე მეტს, ქართული ღვინო და მინერალური წყალი შეადგენდა.

აღნიშნული ქვეყნების გარდა, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ესპანეთთან, იტალიასთან და ბულგარეთთან. აღნიშნულ სახელმწიფოებში საშუალო სავაჭო ბრუნვა 200 მლნ აშშ დოლარს აღემატება.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *