2022 წლის პირველი კვარტლის ტურისტული ტენდენციები

2022 წლის პირველი კვარტლის ტურისტული ტენდენციები post thumbnail image

2020 წლიდან, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, საფუძველი ჩეყარა ახალ პარტნიორობას, რომელიც მოიცავს ქვეყანაში ტურისტული სექტორის კვლევითი ანგარიშების წარდგენას Mastercard-ის მიერ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს, გამოყენებულ იქნეს კვლევითი შედეგები საქართველოში ტურისტული სექტორისა და შეთავაზებული სერვისების გასაუმჯობესებლად. ეს ქვეყანას დაეხმარება დააინტერესოს უფრო მეტი ტურისტი და განავითაროს აღნიშნული სექტორი.

საყურადღებოა ფაქტები Mastercard-ზე, რომელიც კვლევის შედეგების მნიშვნელობასაც გამოკვეთს. ეს არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით, საგადასახადო საპროცესინგო სექტორში. სერვისები ხელმისაწვდომია 210-ზე მეტ სახელმწიფოში და მომხმარებლები კომპანიის სერვისებს აფასებენ როგორც უსაფრთხო, სწრაფ და კომფორტულ შესაძლებლობად.

პარტნიორობის ფარგლებში, Mastercard-ს ეძლევა უფლება დაკვირვება განახორციელოს საქართველოში მოგზაურთა სხვადასხვა ქცევებზე, მონაცემებზე და გამოიყენოს ის კვლევითი მიზნებისთვის. ეს საჭიროა, რათა ეფექტურად მოხდეს ვიზიტორთა მთავარი ინტერესების, შთაბეჭდილებების, განწყობისა და ქცევის იდენტიფიცირება და მასთან შესააბამისი სერვისის მიწოდება. ეს არა მარტო სახელმწიფო ადმინისტრაციას დაეხმარება, მიიღოს ტურიზმის სექტორში ეფექტიანი გადაწყვეტილებები, არამედ აღნიშნული კუთხით მომუშავე ბიზნესებს დაეხმარება, შესთავაზონ პოტენციურ მომხმარებლებს ზუსტი და საჭირო სერვისი. შესაბამისად, Mastercard-ს აქვს წვდომა, გაზომოს საქართველოში მოგზაურთა კმაყოფილების საშუალო დონე, სხვადასხვა ასპქტში.

turistebi sakartveloshi

საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა

2022 წლის პირველი კვარტლის კვლევითი შედეგები უკვე ცნობილია. როგორც Mastercard აცხადებს, მოგზაურები ვიზიტის დასაგეგმად იყენებენ  საშუალოდ 38 ტურისტულ პლატფორმას. მონაცემების შესაგროვებლად, სამოგზაურო გვერდების გარდა, ისინი მიმართავენ სოციალურ ქსელებს, ტურისტულ ჯგუფებს, სადაც ითვალისწინებენ სხვადასხვა გამოცდილებას და კითხულობენ რჩევებს. მოგზაურობის დაგეგმვის საშუალო პერიოდი არის 5 კვირა, ხოლო ხარჯების დიდი ნაწილის გადახდა ციფრული ტრანზაქციებით ხდება. სწორედ საბანკო ოპერაციებით ხარჯების დაფარვა ქმნის კვლევისთვის საჭირო მონაცემების შეგროვების შესაძლებლობას, რომლის მიხედვით, დღეს უკვე ცნობილია 2022 წლის პირველ კვარტალში მოგზაურთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით, მათი საშუალო დანახარჯები კატეგორიების მიხედვით, მოგზაურობის პერიოდი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მონაცემი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, 2022 წლის პირველ მეოთხედში, საერთაშორისო ფრენების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 270%-ით. შესაბამისად, გაზრდილია მგზავრთა რაოდენობა, 285%-ით. მონაცემების ფონზე, საქართველოს უკვე ეწვია 489 000-ზე მეტი ტურისტი, 3 000 საერთაშორისო ფრენის ფარგლებში. რაც შეეხება მოგზაურთა გადანაწილებას ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თურქეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ძირითად ხუთ რეგიონში ასევე შედიან მოგზაურები ისრაელიდან (8.3%), პოლონეთიდან, (8.3%), და უკრაინიდან (6.4%).

რაც შეეხება ქვეყნების განაწილებას, საშუალო დანახარჯების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება აშშ-ს, (611$), არაბთა გაერთიანებული საამიროების (564$), და თურქეთის (494$) მხრივ. ვიზიტორების ძირითადი ხარჯი კატეგორიების მიხედვით, დიდი პროცენტული მაჩვენებლით მოიცავს საცხოვრებელი ადგილისთვის, რესტორნებისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის და გადაადგილებისთვის საჭირო ხარჯებს. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული ხარჯების მაჩვენებელი მოიცავს, Mastercard-ით შესრულებული ტრანზაქციების საშუალო რაოდენობას.

turistuli vizitebi sakartveloshi

დანახარჯების და მოგზაურობის პერიოდის განაწილება, ქვეყნების მიხედვით

მოგზაურობის საშუალო პერიოდი შეადგენს 7.8 დღეს. ქვეყნების მიხედვით, ამ კატეგორიაშიც ლიდერობენ ვიზიტორები აშშ-დან, რომელთა ვიზიტის საშუალო პერიოდი შეადგენს 14.7 დღეს, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან, სადაც პერიოდი შეადგენს 9.4 დღეს. ყველაზე მცირე ვიზიტის დროით გამოირჩევიან მოგზაურები მეზობელი ქვეყნებიდან. კონკრეტულად, სომხეთი (3.4 დღე), აზერბაიჯანი (4.8 დღე) და თურქეთი (4.9 დღე).

რაც შეეხება დანახარჯთა კატეგორიას, ყველაზე დიდი პროცენტული წილი, დაახლოებით 40%, მოდის კვებაზე. ასევე მაღალია დანახარჯები სათავგადასავლო (18%) და კულტურულ (17%) აქტივობებზე. ყველაზე მცირე დანახარჯებით კი გამოირჩევა ჯანდაცვასთან (1.5%) და ღამის გასართობ აქტივობებთან დაკავშირებული ხარჯები (2.2%). აღნიშნული კატეგორიების მიმართ, მაღალი ხარჯებით გამოირჩევიან მოგზაურები არაბთა გაერთიანებული საამირეობიდან, აშშ-დან და რუსეთიდან. აღსანიშნავია, რომ გასტრონომიულ სექტორში ყველაზე მაღალი პოპულარობით სარგებლობს ქართული ღვინისადმი ინტერესი, რაც კვებით სექტორში დანახარჯების 70%-ს მოიცავს.

ვიზიტორთა კმაყოფილების დონე, სექტორის მიხედვით

პოზიტიური ფაქტია, რომ ტურისტთა დიდი ნაწილი კმაყოფილია საქართველოში განხორციელებული ვიზიტით და კატეგორიების მიხედვით, გამოარჩევენ ქართულ სამზარეულოს, სათავგადასავლო და კულტურულ აქტივობებს. შედარებით ნეგატიური შეფასებით ხასიათდება ტურისტთა შთაბეჭდილებები ჯანდაცვასთან, ღამის ცხოვრებასთან და საყიდლებთან დაკავშირებული აქტივობები. ეს მონაცემები კი ცხადჰყოფს თუ რომელი სექტორების სერვიების გაუმჯობესებაზე უნდა მოხდეს კონცენტრაცია, ტურისტთა კმაყოფილების დონის მაქსიმიზაციისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *