საქართველოში მდგრადი ენერგიის კვირეული იწყება

საქართველოში მდგრადი ენერგიის კვირეული იწყება post thumbnail image

,,ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული” – ეს იქნება ღონისძიება, რომელიც ჩატარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობით 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით და რომლის ფარგლებშიც იქნება მომზადებული საინფორმაციო აქტივობები. ეს აქტივობები კი მოიცავს სხავდასხვა ვიდეორგოლებს, სასარგებლო რჩევებსა, ფაქტებსა და საინტერესო ინფორმაციასა და მასალებს განხორციელებული პორექტის შესახებ.

,,კოვიდ-19”-თან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეკომენდაციებიდან გამომდინარე, კამპანიის აქტივობების უმეტესობა ჩატარდება სოციალური, სამაუწყებლო და ონლაინმედია პლატფორმების მეშვეობით.

ინფორმაციას, ამ ღონისძების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. როგორც ისინი აცხადებენ, „ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული“ სექტორის ყველა მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინოს განხორციელებული სამუშაოები და ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოში ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია.

„აშკარაა, რომ აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, განვაგრძოთ ცხოვრება გარემოს ხარჯზე – ბუნებრივი რესურსების ამოწურვით, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებით. ევროკავშირი ყოველწლიურად ატარებს მდგრადი ენერგიის კვირეულს, რათა აამაღლოს ცნობიერება და ხაზი გაუსვას იმ ცენტრალურ როლს, რომელსაც ენერგია ასრულებს. აქ ორი ძირითადი გზავნილია: შემცირდეს ენერგიის მოხმარება და წიაღისეული საწვავი „მწვანე“ ენერგიით ჩანაცვლდეს. ორივე გზას აქვს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ფინანსური დადებითი მხარეები.

საქართველოს გააჩნია სუფთა ენერგიის აუთვისებელი რესურსები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ ჰაერი უფრო სუფთა და უსაფრთხო გახადოს, შეაჩეროს გლობალური დათბობა, გააუმჯობესოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას.

ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მიერ ენერგიის მარაგის, უსაფრთხოებისა და კავშირების გაუმჯობესებას, ისევე როგორც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარებას. ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას მისი ენერგეტიკული სექტორის რეფორმაში, რათა ენერგიის მარაგი უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც თითოეული ოჯახისთვის, ასევე ბიზნესისთვის.

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და მივულოცო საქართველოს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უფრო მდგრადი და მწვანე საქართველოსკენ!“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

და როგორც განაცხადა ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშნელოვანესია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მან ამ თემაზე ისაუბრა კიდეც ერთ-ერთ ინტერვიუში.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერას საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტურობის დანერგვა საყოფაცხოვრებო და კომერციულ სექტორებში, ენერგობაზრის ლიბერალიზაცია, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა და სხვ.

2006 წელს ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს საქართველო მალევე შეუერთდა და მას შემდეგ ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ მას სხვადასხვა აქტივობით. კვირეული კარგი საკომუნიკაციო პლატფორმაა ხალხთან ეფექტური დიალოგის წარმოებისთვის, რათა მოვუთხროთ, რას ვაკეთებთ ქვეყნის უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისთვის და მოვისმინოთ მათი შეფასებები და შეხედულებები. წელს მას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იმყოფება ზემოხსენებული რეფორმების აქტიურ ფაზაში, რაც გულისხმობს ენერგეტიკის სექტორში უკვე მიღებული ახალი კანონებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა თუ ღონისძიებების დანერგვის პროცესს.

მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების სიჭარბით, მის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. ჩვენ ვახორციელებთ დაბალანსებულ ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებში ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის ღონისძიებების მხარდაჭერა და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება და ამ კუთხით ახალი ევროპული ტექნოლოგიების დანერგვა.

ენერგოეფექტურობისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამოყენების წახალისების კუთხით მიღებული კანონმდებლობა ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რათა ქვეყნის ენერგეტიკა უფრო კონკურენტული და მიმზიდველი გახდეს. ენერგიის განახლებადი წყაროების მაქსიმალური ათვისება და ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა, გარემოზე ზემოქმედების შემცირებასთან ერთად, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაცაა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული საქმიანობა უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ ენერგეტიკული დარგის, არამედ ზოგადად ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *