ღირს თუ არა მოკლევადიანი ქირაობა Airbnb და Booking.com-ით საქართველოში?
Airbnb არის ამერიკული გაქირავების ონლაინ პლატფორმა, რომელიც დაფუძნდა 2008 წელს სან ფრანცისკო, კალიფორნიაში. ის არის საერთაშორისო კომპანია და ემსახურება კლიენტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აღნიშნული სერვისის საშუალებით, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ მოძებნონ დროებითი დასარჩენი თუ საცხოვრებელი ადგილი, ეს მომსახურეობა განსაკუთრებით გამოსადეგია ტურისტებისთვისა და მოლაშქრეებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში ეძებენ მყუდრო ადგილს, სადაც დროებით დარჩენას შეძლებენ.
მნიშვნელოვანია ის, რომ Airbnb არ ფლობს არც ერთ სასტუმროსა თუ ჰოსტელს, ეს უკანასკნელი სარგებელს იღებს თითო დაჯავშნიდან აღებული საკომისიოს ხარჯზე. Airbnb-ს მსგავსად, გაქირავების ონლაინ კომპანიაა Booking.com-იც, რომელიც მასზე ბევრად ადრე, ჯერ კიდევ 1996 წელს დაარსდა და დღემდე ძალიან დიდი პოპულარობის სარგებლობს.
საიტის კატალოგში 28 მილიონზე მეტი ბინაა და ის დაახლოებით 43 ენაზეა ხელმისაწვდომი.
მოცემულ პლატფორმებზე მომხმარებლებს აქვთ არჩევანის ფართო ასორტიმენტი, მათ შეუძლიათ თავად მიუთითონ რა ადგილას და რა ფასად სურთ დარჩენა, ქალაქის ცენტრსა თუ გარეუბანში, კვებით თუ მის გარეშე. ამ ყველაფერს განსაკუთრებულად მოსახერხებელს ხდის საიტების ძალიან ესთეტიური და კომფორტული ინტერფეისი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები მარტივად ნახულობენ მათთვის სასურველ ინფორმაციასა და ტურისტულ სერვისებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორივე კომპანია კლიენტებს სთავაზობს მოსახერხებელ აპლიკაციებს, სადაც უფრო სწრაფი ხდება ბინების არჩევისა და დაჯავშნის პროცესი.
აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანია საქართველოს ბაზარზეც დაფუძნდა და წარმატებით ოპერირებს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვისაც. სანამ მომხმარებელი გადაწყვეტს სახლის მოკლევადიანი ქირაობა Airbnb -ზე ურჩევნია თუ Booking.com-ზე, მანამდე არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს იმისთვის, რომ მოგზაურობა მაქსიმალურად კომფორტული და რისკებისგან დაცული იყოს.
სტატიაში წაიკითხავთ
- ბინის დაჯავშნამდე გასათვალისწინებელი ფაქტორები
- Airbnb და booking.com-ის სერვისის გადასახადი
- Airbnb-სა და booking.com-ის შედარება ქართულ პლატფორმებთან
- Airbnb-სა და booking.com-ის ფასდაკლებები
- ამ პლატფორმების ძირითადი უპირატესობები
ბინის დაჯავშნამდე გასათვალისწინებელი ფაქტორები
- საქართველოში ხშირია შემთხვევა, როდესაც საიტებზე განთავსებული კალენდარი ყოველთვის ზუსტად არ აჩვენებს დროს, როდის არის ბინა თავისუფალი. იქიდან გამომდინარე, რომ სახლის, ბინის თუ სასტუმროს მეპატრონეები მრავალ საიტზე ანთავსებენ ინფორმაციას ფართის გაქირავების შესახებ, ამიტომაც დიდია ხოლმე იმის შანსი, რომ კონკრეტულ დროს სახლი უკვე გაქირავებული იყოს, თუმცა კლიენტს მაინც უჩვენებდეს მას საიტზე. ამ შემთხვევაში, უმჯობესია მომხმარებელმა თადარიგი დაიჭიროს და რამდენიმე დღით ადრე დაჯავშნოს მისთვის სასურველი ბინა, რათა მეპატრონის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, მას კიდევ ჰქონდეს დრო ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილის მოსაძებნად.
- ასევე გასათვალისწინებელი ფაქტია ის, რომ Airbnb-სა და booking.com-ზე გადახდა ხდება საიტზევე, საკრედიტო ბარათით ან პეიპალით. თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ მეპატრონეები კარგად ვერ აკონტროლებენ გადახდის სისტემას და სტუმრებს ადგილზე სთხოვენ ნაღდი ფულით გადახდას. ამ გაუგებრობიდან თავის აცილება მარტივადაა შესაძლებელი, თუ მომხმარებელი გადახდის ქვითარს იქონიებს თან, რათა დაუმტკიცოს მეპატრონეს ტრანზაქციის არსებობა და მისი სიზუსტე.
- Booking.com-ით ქირაობა საქართველოში შეიძლება გარკვეულ უსიამოვნებებთან იყოს დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ სახლის მეპატრონეები ყოველთვის თავად ირჩევენ ყველა იმ აქსესუარსა თუ აღჭურვილობას, რაც სტუმარს იქ მისვლისას დახვდება. შესაბამისად, შესაძლოა ეს არჩევანი კლიენტის სურვილებს ნაკლებად აკმაყოფილებდეს. მაგალითად, არის ალბათობა, რომ მას ბინაში მისვლისას არ დახვდეს პირსახოცი, თეთრეული ან თუნდაც WiFi, რაც ხშირად სტუმრის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ამ უხერხულობისგან თავის ასაცილებლად კი უმჯობესია მან წინასწარ გადაამოწმოს საიტზე ყველა მისთვის აუცილებელი ნივთი, ბუნდოვანების შემთხვევაში კი დაუკავშირდეს უძრავი ქონების მესაკუთრეს და დააზუსტოს საჭირო ინფორმაცია, რათა წინასწარ იყოს დაზღვეული ასეთი შემთხვევებისგან.
- გარდა ამისა, საყურადღებოა ასევე ის ფაქტი, რომ დაჯავშნამდე Airbnb და Booking საიტებზე განთავსებული ბინების მიმოხილვების წაკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ გზით მომხმარებელი დეტალურად იღებს ინფორმაციას ისეთი საგულისხმო თემების შესახებ, როგორებიცაა სახლის სისუფთავე, ადგილის სიმშვიდე თუ მყუდროობა და ა.შ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ ბინას და განმცხადებელს აქვს თავისი რეიტინგი. შესაბამისად, თუ რომელიმეს დაბალი რეიტინგი აქვს ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ სახლში დარჩენა სარისკოა და არ ღირს.
- თუ Airbnb ქირაობა საქართველოში, რომელიმე დიდ ქალაქში გადაწყვიტეთ, მაშინ გირჩევთ, წინასწარ გადახედოთ თქვენთვის სასურველი ბინის პოტენციურ სამეზობლოს. მოგზაურისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მან წყნარ, მყურდო და სასიამოვნო გარემოში დაისვენოს. ამიტომაც, რეკომენდირებულია სახლის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურული სივრცისა თუ უბნის მიმოხილვა, რათა თავიდან იქნას არიდებული არასასიამოვნო ფაქტორები. მაგალითად, შესაძლოა კლიენტმა სიჩქარეში დაჯავშნოს ბინა და ადგილზე მისვლისას სახლი დახვდეს ღამის კლუბის გვერდით, სადაც უწყვეტი მუსიკა და მუდმივი ხმაურია. ბუნებრივია, ასეთ ადგილას ნორმალური დასვენება შეუძლებელია, ამიტომაც მომხმარებელმა უნდა ეცადოს, არასდროს აირჩიოს ნაჩქარევად და ზერელედ დასარჩენი ადგილი, რათა ასეთი უსიამოვნებებისგან ყოველთვის მაქსიმალურად იყოს დაცული.
Airbnb და booking.com-ის სერვისის გადასახადი
იქიდან გამომდინარე, რომ მოცემული გაქირავების ონლაინ პლატფორმები ძირითადად საკომისიოების ხარჯზე იღებენ სარგებელს, ბუნებრივია, რომ ორივე საიტს თავისი სერვისის გადასახადი აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოკლევადიანი ქირაობა Airbnb -ზე და კომპანიისგან მიღებული კომფორტი კონკრეტულ თანხდებთანაა დაკავშირებული.
Airbnb-ზე არსებობს ორი ტიპის სერვისის დავალიანება: ერთი არის დანაწილებული გადასახადი, რომელსაც იხდის როგორც მასპინძელი, ასევე სტუმარი, ხოლო მეორე კი არის მხოლოდ მეპატრონის გადასახადი. მეპატრონეები ძირითადად მხოლოდ 14%-დან 16%-მდე იხდიან ხოლმე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას აქვს Airbnb Plus ანგარიში ან განსაკუთრებულად მკაცრი გაუქმების სისტემა დაყენებული.
რაც შეეხება მომხმარებლების გადასახადს, უმეტეს შემთხვევაში ის შეადგენს ჯავშნის ჯამური ღირებულების 14.25%-ს. ამას შესაძლოა დაემატოს დასუფთავების გადასახადიც. დავალიანების კონკრეტული რაოდენობა დამოკიდებულია ჯავშნის ფაქტორებზე და აისახება კლიენტის საიტზე ბინის დაჯავშნამდე, ანუ მაშინვე, როგორც კი ის გააკეთებს საბოლოო არჩევანს.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით Airbnb-ს საიტზე ყველა ინფორმაცია განსაზღვრულია დეტალებში, ხანდახან შესაძლოა წავაწყდეთ ისეთ გადასახადებს, რომლებიც გაუთვალისწინებელია და საიტზე არ ჩანს. მაგალითად, არის ალბათობა, რომ საიტზე არ იყოს მოცემული დასუფთავების გადასახადი და არ შედიოდეს ის ბინის ფასში, თუმცა მაინც მოგიწიოთ მისი გადახდა.
რაც შეეხება booking.com-ის დავალიანებებს, ის ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. გლობალური საშუალო შეადგენს 15%-ს, თუმცა ეს ციფრი შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული საკუთრების ტიპისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.
ამ პლატფორმაზეც ძირითადი სამომხმარებლო გადასახადი არის დასუფთავების და ზიანის დეპოზიტი. ბუნებრივია, 100%-იანი გარანტია არასდროს არსებობს იმისა, რომ ზედმეტის გადახდა არასდროს მოუწევს დამსვენებელს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში booking.com საქართველოში გამართულად და ყველა დეტალის გათვალისწინებით მუშაობს.
Airbnb-სა და booking.com-ის შედარება ქართულ პლატფორმებთან
როგორც ვიცით, საქართველოში ონლაინ გაქირავების სერვისები უკვე დიდი ხანია არსებობს. მათ შორის ორი ყველაზე მსხვილი პლატფორმა არის myhome.ge და ss.ge, სადაც თავმოყრილია ყველა ტიპის უძრავი ქონება, საქართველოს ნებისმიერ წერტილში. მოცემული კომპანიები მომხმარებლებს Airbnb-სა და booking.com-ზე არანაკლებ მოსახერხებელ სერვისებს სთავაზობენ. შესაბამისად, ბუნებრივია, ისმება კითხვა, რომელი სერვისი უნდა აირჩიოს დამსვენებელმა და რატომ?
ამ კითხვაზე ერთი, კონკრეტული პასუხი არ არსებობს, თუმცა არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. მაგალითად, მნიშვნელოვანია ის, რომ ქართულ საიტებზე განცხადების განთავსება თვეში სამჯერ უფასოა, ხოლო შემდეგ კი დავალიანება იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე Airbnb-სა და booking.com-ის შემთხვევაში.
ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების მეპატრონე გარკვეული ფინანსური პრივილეგიებით სარგებლობს ქართულ საიტებზე ბინის განთავსებით დროს, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს. კერძოდ ის, რომ ქართულ პლატფორმებს უცხოელი ტურისტები თითქმის არ იყენებენ. ეს ბუნებრივისაა, რადგანაც საერთაშორისო ბაზარი მათთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი, სანდო და კომფორტულია. გარდა ამისა, როდესაც უცხოელ ტურისტს საქართველოში ჩამოსვლა სურს, ის ცხადია მისთვის ნაცნობ ხერხებს მიმართავს და არ დაიწყებს ლოკალური ბაზრის შესაძლებლობების ძიებას.
რაც შეეხება ბინის ფასებს, booking.com საქართველოში მომხმარებელს ბინებისა და ფასების ფართო არჩევანს სთავაზობს. მაგალითად, მოცემულ საიტზე მარტის თვეში, ვაკის უბანში 1 დღის განმავლობაში დარჩენა 2 ადამიანისთვის საშუალოდ 45დან 500 ლარამდე ჯდება. ბუნერივია, ეს დამოკიდებულია სახლის ტიპზე და კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე.
ხოლო ქართულ საიტებზე იგივე დროის განმავლობაში უძრავი ქონების ქირაობა 12 ლარიდანაა შესაძლებელი და ფასაები 450-500 ლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს მედიის მიხედვით, 2017 წლის მონაცემებმა აჩვენა, რომ Airbnb-ის ბინების საშუალო ფასმა საქართველოში, აგვისტოში $45 შეადგინა, საიდანაც თბილისის მაჩვენებელი 42$-ია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ონლაინ გაქირავების პლატფორმები ქართულ ბაზარზე კარგად მუშაობენ, რადგანაც ქართველ ტურისტებსა და მოლაშქრეებს გასაქირავებელი ადგილების შედარებით დაბალ ფასს სთავაზობენ.
მიუხედავად ამისა, რადგანაც Airbnb-სა და booking.com-ს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავთ, ეს საქართველოზეც მოქმედებს, რადგანაც, უმეტეს შემთხვევაში, უცხოელი ტურისტები სწორედ ამ კომპანიების საშუალებით გეგმავენ თავიანთ დასვენებას ჩვენს ქვეყანაში. ტურისტებისთვის კი ქართული ბაზრის ფასები საკმაოდ ნორმალური და მისაღებია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საიტებს აქვთ მაღალი ხარისხის მომსახურეობა და ამასთან, ქართველი მასპინძლების უძრავი ქონებაც არ ჩამოუვარდება მსოფლიო სტანდარტებს.
Airbnb-სა და booking.com-ის ფასდაკლებები
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს ორი საერთაშორისო პლატფორმა არაერთ საინტერესო ფასდაკლებას სთავაზობს ხოლმე თავის მომხმარებლებს. მაგალითად, booking.com ით ქირაობა საქართველოში ახლა განსაკუთრებით მომგებიანია, რადგანაც ის ქართულ ბაზარზე ამჟამად კლიენტებს სთავაზობს early 2021-ს, რომელიც არის 20%-იანი Booking.com ფასდაკლება.
კონკრეტულ ბინებზე საქართველოს სხვადასხვა წერტილში. მაგალითად, თბილისში არის 73 ასეთი შემოთავაზება, რომლის ფასი მხოლოდ 38 ლარიდან იწყება, ბათუმში 24 ლარიდან, ქობულეთში 21-დან და ა.შ. გარდა ამისა, booking.com პერიოდულად სხვა ფასდაკლებებსაც სთავაზობს მომხმარებლებს.
მაგალითად, მარტის თვეში აქვთ სპეციალური კოდები, რომელთა საშუალებითაც 10%-იან ფასდაკლებას მიიღებს კლიენტი. ანალოგიური შემოთავაზება აქვს ასევე Airbnb.com-საც, რომელიც კუპონის კოდის საშუალებით მომხმარებლებს 65$-იან შეღავათს ჰპირდება.
გარდა ამისა, აღნიშნული საიტი რეფერალების სისტემითაც მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ Airbnb-ის წევრი მეგობარს მოიწვევს, იგი გარკვეული ტიპის შეღავათებით სარგებლობას შეძლებს საიტზე პირველი დაჯავშნის დროს. ეს პროცესი ძალიან სწრაფი და მარტივია, ამისთვის უბრალოდ უნდა დააკოპიროთ პირად ანგარიშზე მოცემული რეფერალის ლინკი და გაუგზავნოთ თქვენს მეგობარს.
აღნიშნული პლატფორმების ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა საიტებზე არის განთავსებული. შესაბამისად, თუ კუპონის ან სპეციალური კოდის მიღება გსურთ, წინასწარ მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ მსგავსი ინფორმაცია ინტერნეტში და მხოლოდ ამ კოდის მიღების შემდეგ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი უძრავი ქონება ბევრად უფრო იაფად.
Airbnb და booking.com-ის უპირატესობები
სტატიაში ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ ხანდახან ეს ონლაინ პლატფორმები გარკვეულ უსიამოვნებებთან თუ რისკებთან არის ხოლმე დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, მათი მომხმარებლების რაოდენობა, რომელიც მსოფლიოში დღითითდღე მატულობს, ამტკიცებს, რომ მოცემული საიტების უპირატესობები უმეტესად წონის მათთან დაკავშირებულ უარყოფით ფაქტორებს. შესამაბისად, მნიშვნელოვანია Airbnb და booking.com-ის ძირითადი უპირატესობების კიდევ ერთხელ ხაზგასმა.
- პირველი რაც ყველას ხვდება ხოლმე თვალში არის ის, რომ აღნიშნული გაქირავების სერვისები მომხმარებლემს ბინების ძალიან ფართო არჩევანს სთავაზობენ. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც რამდენად ბევრი ადამიანიც არსებობს, იმდენად განსხვავდება მათი სურვილები, მიზნები თუ პრეფერენციები ერთმანეთისაგან. ამიტომაც, ხანდახან შეუძლებელიც კია ყველა მათგანის სრულფასოვნად დაკმაყოფილება. თუმცა ეს ორი პლატფორმა ამას წლებია ძალიან კარგად ახერხებს. მაგალითად, Airbnb საქართველოში, ისევე როგორც booking.com მომხმარებლებს სთავაზობს აირჩიონ ბინები ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორებიცაა ოთახების რაოდენობა, ოთახების კომპლექტი ოჯახებისთვის, ბინები და აპარტამენტები, იახტების ქირაობა, მთლიანი სახლები, აგარაკები და სასახლეებიც კი.
- გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ საიტებს აქვთ დამქირავებლის გემოვნებაზე მორგებული საძიებო სისტემა, რაც განსაკუთრებულად კომფორტულს ხდის დამსვენებლისთვის ბინის არჩევას. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია საიტების მონაცემთა ბაზაში მოძებნოს სახლი არა მხოლოდ თარიღისა და ლოკაციის მიხედვით, არამედ ფასის, უძრავი ქონების ტიპის, კონკრეტული უბნის, ესთეტიკის, ხედისა თუ მეპატრონის სალაპარაკო ენის მიხედვითაც. ამის გარდა, მოცემულ საიტებს ძალიან მოსახერხებელს ხდის ისიც, რომ ამ პლატფორმაზე შესაძლებელია ბინების საკვანძო სიტყვებით (keyword) მოძებნა. მაგალითად ,,ზღვასთან ახლოს” და ა.შ. ეს უკანასკნელი ფაქტი ავიწროვებს კლიენტის საძიებო ბაზას რაც ნიშნავს იმას, რომ მას უფრო ნაკლები დროის ხარჯვა უწევს იმისთვის, რომ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე ზუსტი და შესაფერისი სახლი მოძებნოს.
- ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კომპანიები გაქირავების სერვისის გარდა სხვა, დამატებით სერვისებსაც სთავაზობენ მომხმარებლებს. მაგალითად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოკლევადიანი ქირაობა Airbnb -ზე არ არის მათი ერთადერთი შემოთავაზება. კომპანიამ კლიენტებისთვის დაამატა ,,გამოცდილებების” და რესტორანის შესაძლებლობიც. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ გარდა კონკრეტულ ადგილას დასვენებისა, ადამიანებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ისეთი მნიშვნელოვანი გამოცდილებები, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის მეცადინეობები თუ ღირშესანიშნავი ადგილების მონახულება. გარდა ამისა, საყურადღებოა ის, რომ რესტორნების სიაში განთავსებულია თითოეული მათგანის რივიუები და შეფასებები, რაც საშუალებას აძლევს დამსვენებელს ჩამონათვალს შორის აირჩიოს საუკეთესო ადგილი და სწორედ იქ მიიღოს მომსახურეობა.
- დასვენებისა და მოგზაურობის დროს, ისევე როგორც ცხოვრებაში სხვა ყველა შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი ადამიანების უსაფრთხოება და დაცულობის შეგრძნებაა ნებისმიერ საკითხში. ამ უკანასკნელს კი ორივე კომპანია საუკეთესოდ უზრუნველყოფს. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი Airbnb-ზე ჯავშანს გააკეთებს და თანხას გადაიხდის, საიტი მას თანხის 24 საათიან დაცვას სთავაზობს. ხოლო რაც შეეხება ბინი მეპატრონეს, გარკვეულ ქვეყნებში მას აღნიშნული პლატფორმა $1,000,000-იანი ზარალის ანაზღაურებას ჰპირდება იმ შემთხვევებში, როდესაც სტუმარი განსაკუთრებულ ზიანს მიაყენებს მის უძრავ ქონებას. ეს ყველაფერი ამ ორ უმსხვილესი გაქირავების სერვისზე ძალიან კარგად მეტყველებს.
- გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საიტებზე ბინის დაჯავშნის შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსია იმის, რომ დამსვენებელმა საკვებზე კარგად დაზოგოს თანხა. ეს იმიტომ, რომ ხშირად Airbnb და ბუქინგი საქართველო მომხმარებელს სთავაზობს უფასო საუზმეს, ვახშამს ან სამზარეულოზე წვდომის შესაძლებლობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტუმარს შეუძლია უახლოეს მარკეტში შეიძინოს საჭმლის მოსამზადებელი ინგრედიენტები, თავად მოიმზადოს ვახშამი და ამით მნიშვნელოვანი თანხა დაზოგოს, რომლის გამოყენებასაც სხვა გასართობ აქტივობებში შეძლებს. თუ იმის დაზუსტება გნებავთ, თუ საკვების მხრივ მასპინძელს რა შემოთავაზებები აქვს, ამის გარკვევა თავად მასთან შეგიძლიათ მარტივად, რადგანაც ორივე პლატფორმა მეპატრონესთან სწრაფად დაკონტაქტებისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა. თუმცა, თუ მან პასუხი დააგვიანა, შეგიძლიათ მოგვიანებით შეამოწმოთ საიტზე არსებულ თქვენს ანგარიშზე.
შეჯამება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Airbnb და booking.com-ი არის გაქირავების ონლაინ პლატფორმა, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო, მათ შორის საქართველოს ბაზარზე და ემსახურება ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მათი მომსახურეობა მოიცავს სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების დღიური გაქირავების ფართო ასორტიმენტს.
ფასები დამოკიდებულია მომხმარებლის პრეფერენციებზე, ბინი ადგილმდებარეობაზე, ესთეტიკასა და სხვა დამატებით ფაქტორებზე. როგორც სტატიაში უკვე ვახსენეთ, მოცემულ კომპანიებს აქვთ თავისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ფაქტორები.
მთავარი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მომსახურეობა დაკავშირებულია გარკვეული ტიპის უსიამოვნებებთან, მაგალითად შესაძლოა სახლში არ დაგხვდეს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღჭურვილობა ან ინტერნეტი, გარდა ამისა, ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ სახლი არ იქნება ისეთ წყნარ უბანში, როგორიც ეს აღწერაში ეწერა, რადგანაც ამის მოტყუება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. ასევე ხდება ხოლმე ისეც, რომ საქართველოში ბინის მეპატრონეები სხვადასხვა შეცდომას უშვებენ, თუნდაც გადახდის ტრანზაქციასთან ან კალენდართან დაკავშირებით.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ Airbnb და booking.com საქართველოში არის ის ღირსეული გაქირავების ონლაინ პლატფორმები, სადაც თავისუფლად შეუძლია ტურისტს იპოვოს მისთვის სასურველი ბინა, დაჯავშნოს და დაისვენოს ჩვენს ქვეყანაში ძალიან კომფორტულად.
ის, რომ მოცემულ საიტებზე ბინის მოკლევადიანი ქირაობა ნამდვილად ღირს, ამას ზემოთ ნახსენები მთელი რიგი უპირატესობებიც ნათლად ადასტურებს. მათ შორისაა, სახლების ფართო ასორტიმენტი, დამქირავებლის გემოვნებაზე მორგებული საძიებო სისტემა, ფინანსური უსაფრთხოება და დაცულობის შეგრძნება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად.
აქედან გამომდინარე, ჩვენ რეკომენაციას ვუწევთ Airbnb-სა და booking.com-ის გაქირავების სერვისებს, რადგანაც გვჯერა, რომ ეს პლატფორმა ძალიან მომგებიანი, სასარგებლო და კომფორტულია არამხოლოდ უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტებისთვისაც.