რამდენად დიდი გავლენა აქვს Gig Economy-ს საქართველოს უმუშევრობაზე
Gig ეკონომიკაში გამოიყენება, როგორც ჟარგონი და ნიშნავს რაღაც კონკრეტული დროის მონაკვეთს. ამასთან, Gig Economy არის თავისუფალი ბაზრის სისტემის ნაწილი, სადაც დროებითი პოზიციები ბუნებრივი მოვლენაა. Gig Economy-ში შედიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ფრილანსერები, დამოუკიდებელო კონტრაქტორები, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროექტებზე მუშაობენ, დროებითი დასაქმებულები და ასე შემდეგ. ეს ყველა ტიპის ადამიანი Gig მომუშავედ ითვლება. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ასეთი ტიპის დასაქმებული და დამსაქმებელი თითქის ყველა ტიპის ინდუსტრიაში გვხვდება.
Gig დასაქმებულები შეიძლება იყვნენ მწერლები, მძღოლები, ფოტოგრაფები, ბუღალტრები, პროგრამისტები, ხელოვანები, მენტორები და სხვა ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ფორმალურად შეთახმდნენ რაიმე სერვისის მიწოდებაზე კომპანიისთვის. დღევანდელ ციფრულ სამყაროში Gig Economy ბევრად უფრო პოპულარული და წარმატებული გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს უკვე შეუძლიათ მობილური ტელეფონის საშუალებით აირჩიონ დროებითი სამსახური მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მეორე მხრივ კი დამსაქმებელს შეუძლია მათთვის სასურველი თანამშრომლების პოვნა ტექნოლოგიების დახმარებით.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Gig Economy მნიშვნელოვნად ზოგავს კომპანიის რესურებს. ამ შემთხვევაში კომპანიას აღარ უწევს დასაქმებულებისთვის ზედმეტი თანხის გადახდა, მათი გადამზადება და არ ხარჯავს თანხას საოფისე სივრცისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ბევრად უფრო მეტი მოტივაცია აქვთ, რომ სწორედ ასეთი თანამშრომელი დაასაქმონ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიისთვის Gig Economy საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია, თავად მომუშავეებისთვის ბევრ პრობლემას ბადებს, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი მრავალი ნაკლოვანებით გამოირჩევა. ამის ნათელი მაგალითი არის ის, რომ Gig Economy-ში დასაქმებული ადამიანები ხშირ შემთხვევაში არც ისე დიდი ანაზღაურებით გამოირჩევიან, ამასთან, მათ უმეტეს წილად არ აქვთ ხოლმე ჯანმრთელობის დაზღვევა. ეს ფაქტორები საკმაოდ მნიშვნელოვანია და აუცილებლად ღირს მათი გათვალისწინება მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ Gig Economy-ზე.
ასევე საყურადღებოა იმის აღნიშვნაც, რომ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებში არ ფიქსირდებიან ქვეყნის სამუშაო ძალაში, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც სტატისტიკის დეპარტამენტი ითვლის საქართველოს უმუშევრობის ზოგად მაჩვენებელს, Gig Economy-ში დასაქმებული თანამშრომლებიც სწორედ ასეთ ადამიანებად მოიაზრებიან, რაც ცხადია ქმნის გარკვეული ტიპის უთანაბრობასა და დისბალანსს. აღნიშნულ სტატიაში ვისაუბრებთ სწორედ იმ დისბალანსზე, რომელიც ამ თვალსაზრისით საქართველოში არსებობს და უკეთ განვიხილავთ რა სიტუაციაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში.
Gig Economy-სთან დაკავშირებული გამოწვევები
Gig Economy-სთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან მცირე ზღვარია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თავიანთი სურვილით მუშაობენ როგორც კონტრაქტორები და ისინი, რომლებიც კომპანიის მიერ გამოყენებულია იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი გადასახადები. ინდუსტრიები, რომლებიც Gig Economy-ის იყენებენ არიან ისეთები, როგორებიც არის IT, სოფთვეარ დეველოპმენტი, პროექტების მენეჯმენტი, ფინანსები და ბუღალტერია, მედია და კომუნიკაციები, მშენებლობა და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად მრავალი გამოწვევისა თუ ბევრი უარყოფითი მხარია, რომელიც ეკონომიკის ამ სფეროს გააჩნია, Gig Economy მაინც ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს 21-ე საუკუნეებში კომპანიებსა და თანამშრომლებში.
სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს კონკრეტული მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენი ადამიანი არის ჩართული აღნიშნულ საქმიანობაში ყოველ წლიურად, თუმცა რეალური მაგალითისთვის შეგვიძლია ამერიკის სტატისტიკაზე ვისაუბროთ. მაგალითად, 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯამში მომუშავეთა 6.9% სწორედ Gig Economy-ში ჩართული ადამიანები შეადგენდნენ. ასეთი ადამიანების დადგენა ზოგადად ძალიან რთულია, განსაკუთრებით დასაქმების შესახებ გამოკითხვების საშუალებით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ 6.9%-ის დაახლოებით ნახევარზე მეტი არ აღიქვამს ასეთ სამსახურს მათი მთავარი შემოსავლის წყაროდ. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა ჩატარდა, რომლებმაც აჩვენა, რომ მამაკაცები ძირითადად Gig სამსახურებს იყენებენ, როგორც მათ მთავარ სამსახურად, მაშინ, როდესაც ქალები ძირითადად ჩართულები არიან მარკეტინგულ Gig-ებში და ეს უკანასკნელი მათთვის უმეტესად მხოლოდ დამატებითი შემოსავალია.
ბოლო დროს Gig Economy განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ახალგაზრდა თაობაში, რომლებიც უფრო ხშირად ირჩევენ მრავალფეროვან, მათთვის მოსახერხებელ და ამავდროულად, მოულოდნელ გზებს იმისათვის, რომ მიაღწიონ წარმატებას თავიან კარიერაში. მათ დაივიწყეს ტრადიციული გზები და მათი გადაწყვეტილებები უფრო და უფრო მეტად არის ინოვაციური და უნიკალური. დიდად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა თაობაში დამოკიდებულების ეს ცვლა უმეტესწილად გამოწვეულია ტექნოლოგიების განვითარებით, რომელმაც თავის მხრივ, განავითარა ციფრული სამყარო. ამ ყველაფერმა ერთად კი ხელი შეუწყო Gig Economy-ის განვითარებას მსოფლიოს ყველა წერტილში. თანამედროვე მობილური ტექნოლოგიების საშუალებით ახალგაზრდები აპლიკაციების მეშვეობით პოულობენ Gig სამსახურებს, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებელიც ძალიან მარტივად ეძებს ისეთი ტიპის თანამშრომელს, რომელიც სრულყოფილად აკმაყოფილებს თავის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს.
მიუხედავად ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც ნებისმერ სექტორს, ამ სფეროსაც გარკვეული ტიპის პრობლემები თუ გამოწვევები აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მასიური პრობლემაა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ ასეთი ტიპის სამსახურებში არის ძალიან დაბალი შემოსავალი, არ არსებობს დამატებითი შესაძლებლობები Gig Economy-ში დასაქმებული ადამიანებისთვის. მაგალითად, ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ ისარგებლონ sick leaves-ებით, რომელიც თავის მხრივ გულისმობს ისეთ დღეებს, რომლებიც ანაზღაურებადია კომპანიის მიერ თანამშრომლის ავად გახდომის შემთხვევაში. გარდა ამისა, ასეთ სამსახურებში ძალიან ხშირად არ არის ფინანსური დაცულობა, რაც ძალიან ცუდ ზოგად ფონს ქმნის მოცემულ სექტორში.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ხშირად გიგ მომუშავეები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან ხოლმე ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ მრავალი მიზეზის გამო, რადგანაც მათ მიმართ არარეალური მოთხოვნები არის წაყენებული. ზოგადად, თანხა, რომელსაც ასეთი ტიპის თანამშრომელი გამოიმუშავებს დამოკიდებულია მათ უნარებზე, გამოცდილებაზე და შესაძლებელობებზე, რომელიც კონკრეტულ სფეროში აქვთ მათ დაგროვილი. თუმცა მეორე მხრივ, ასევე არსებობს ისეთი სამსახურები, რომლებიც არ მოითხოვენ არანაირ უნარებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თითქმის ყველა ადამიანს შეუძლია ეს უკანასკნელი თავისი შემოსავლის წყაროდ აქციოს. თუმცა უნცა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი ტიპის სამსახურებში უმეტეს შემთხვევებში, არის ძალიან მაღალი კონკურენცია.
როგორია Gig Economy საქართველოში?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Gig Economy-ში მრავალი სექტორი შედის, მათ შორის არის ისეთი მნიშვნელოვანი კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბაზარზეც აქტიურად ოპერირებენ. ასეთი კომპანიების სიაში შედის Glovo, Wolt და სხვა საკურიერო მომსახურეობა, ამასთან Yandex, Bolt და მსგავსი ტიპის ტაქსის მომსახურეობა. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მუშაობს, როგორც ფრილანსერი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ოფიციალური კონტრაქტები არ აქვთ გაფორმებული დამსაქმებელ კომპანიებთან. ასეთი ტიპის freelance კომპანია არის მაგალითად Upwork, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებულად დიდი პოპულარულობით სარგებლობს და რომელიცმ მოიცავს თითქის ყველა სფეროსა თუ სექტორს.
როგორც ვიცით, მიტანის სერვისები საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოსახლეობაშიც ამ სერვისზე მოთხოვნა განსაკუთრებულად დიდია. გლოვო და ვოლტი არიან ის გიგანტი კომპანიები, რომლებიც მოწინავე ადგილს იკავებენ მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნულ სექტორში. ეს კომპანიები რამდენიმე წელია რაც საქართველოს ბაზარზეც შემოვიდნენ და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ამ ქვეყანაშიც ძალიან წარმატებით ახერხებენ ოპერირებას.
სწორედ ამ სერვისებზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია ის, რომ საქართველოში უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ როგორ შეიძლება დაიწყონ მუშაობა ამ კომპანიებში კურიერის პოზიციაზე. ისინი დაინტერესებულები არიან პოტენციური შემოსავლითაც, რომელიც აქ დასაქმების შემთხვევაში ექნებათ. ეს შემოსავლის მიღების ის ხერხია, რომელიც შეგვიძლია თავისუფლად განვიხილოთ Gig Economy-ს ნაწილად. რაც შეეხება ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების კონკრეტულ ხელფასს, უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად კურიერების საშუალო ხელფასი გამომუშავებაზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს იმას, რომ რაც მეტ მუშაობ, პროპორციულად, შენი ხელფასიც იზრდება. მაგრამ ცუდი არის ის, რომ თითქმის შეუძლებელია ზუსტად იმის გარკვევა, თუ რამდენს უნდა ელოდო საშუალოდ ყოველ თვე. ეს იმიტომ, რომ ვოლტშიც და გლოვოშიც კურიერების ხელფასი ითვლება გამომუშავების მიხედვით. მაგრამ, გამომუშავება დამოკიდებულია არა მომხმარებლების რაოდენობაზე რომელსაც კურიერები მოემსახურნენ, არამედ კილომეტრებზე, რომელიც მათ გაიარეს მომსახურების დროს. ალბათ გიგ სამსახურის ერთ-ერთი მთავარი უარყოფი მხარეც სწორედ ესაა.
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მიტანის სერვისებზე მოთხოვნა საკმაოდაა გაზრდილი. ეს ეხება, როგორც ვოლტს, ისე გლოვოს. ორივე კომპანია უდიდეს როლს თამაშობს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში კორონავირუსის პანდემიის გამო. საქართველოს ბაზარზე სხვა მრავალი კომპანია არსებობს რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ. მაგრამ, ვოლტი და გლოვო არიან ის გიგანტი კომპანიები, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი ენდობა და იყენებს. ადამიანები, რომლებსაც სურთ აღნიშნული მიმართულებით სამსახურის დაწყება, აუცილებლად უნდა გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ ეს gig სამსახური გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, დიდი უმეტესობა კურიერებისა დღეში 10 საათს, და ზოგჯერ, მეტსაც კი მუშაობს. ეს გარემოება შესაძლოა არ იყოს ყველასთვის მისაღები, მაგრამ თუ შეძლებთ, რომ მოერგოთ ამ პირობებს, თქვენ სტაბილური, და მზარდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გექნებათ.
Gig Economy-ის გავლენა უმუშევრობაზე და პანდემიის ეფექტი ამ სექტორზე
კოვიდ-19-სგან გამოწვეულმა პანდემიამ მრავალი თვალსაზრისით იქონია ძალიან დიდი გავლენა Gig Economy-ზე. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ პანდემიის პირობებში ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური რადგანაც ქვეყანაში არსებული უმძიმესი შეზღუდვების გამო მცირე თუ საშუალო ბიზნესები ვეღარ ახერხებდნენ ფუნქციონირებას. ამის გამო, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოუწია სახლში დარჩენა ყოველგვარი შემოსავლის წყაროს გარეშე. ამიტომაც, მათთვის სამსახურის შოვნა გახდა ის უმთავრესი მიზანი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო თითოეული ასეთი ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მიტანის სერვისები განსაკუთრებით მოთხოვნადი და პოპულარული სფერო გახდა საქართველოში. გაზაფხულის უდიდესი ნაწილის განმავლობაში, მობილობა შეზღუდული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, ამ მიზეზით საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ წასულიყო თავის საყვარელ რესტორანსა თუ კაფეში, ან თუნდაც სურსათის მაღაზიაში შეევლო საყიდლებისთვის. ამის გამო, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გადავიდა ისეთი სერვისების გამოყენებაზე, როგორსაც მოსახლეობას გლოვო და ვოლტი სთავაზობენ. შესაბამისად, მოიმატა ამ კომპანიებში Gig სამსახურების ვაკანსიებმაც. და მაშინ, როდესაც მიწოდება არსებობდა ბაზარზე, მოთხოვნამაც არ დააყოვნა, განსაკუთრებით კი ისეთ კრიზისულ პერიოდში, როგორშიც მაშინ საქართველო იმყოფებოდა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ საქართველოში Gig Economy-ს წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
რაც შეეხება ამ სექტორის გავლენას უმუშევრობაზე, შეიძლება ითქვას, რომ Gig Economy არის ეკონომიკის ის სფერო, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს დასაქმებულთა მაჩვენებელზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სექტორში არიან დასაქმებულები, იქიდან გამომდინარე, რომ არ აფორმებენ ოფიციალურ კონტრაქტებს კომპანიებთან, არ ირიცხებიან იმ მომუშავე ადამიანთა სიაში, რომლებიც საბოლოო ჯამში, ქვეყნის დასახმებულ ძალაზე აისახება. ამის გამო, ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში რეალურად იმაზე დიდი მაჩვენებელია უმუშევრობის, ვიდრე ეს რეალურად არის. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ Gig Economy=ში დასაქმებული ადამიანები საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგეს ზოგადად მომუშავე ადამიანებისა.
იმ ფაქტს, რომ Gig Economy უმუშევრობის მაჩვენებელს არაადეკვატურად წარმოადგენს, ადასტურებს ამერიკის მაგალითიც. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯამში მომუშავეთა 6.9% სწორედ Gig Economy-ში ჩართული ადამიანები შეადგენდნენ. თუ ამ პროცენტულ რაოდენობას რეალურ ციფრში გადავიყვანთ დავინახავთ, რომ ჯამში labor force-ზე გიგ ეკონომკა ძალიან დიდ როლს თამაშობს, მიუხედავად იმისა, ისახება თუ არა ეს უკანასკნელი სტატისტიკურ მაჩვენებლებში.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ პანდემიის პირობებში ჯეოსტატის განცხადებით ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი 0.5%-ით დაეცა, მაშინ, როდესაც ზოგადი უმუშევრობის მაჩვენებელი 2.3%-ით შემცირდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, საქართველოში 2020 წელს მოსალოდნელი უმუშევრობის ზრდა 4 პროცენტით მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზრდება 16.3%-მდე. რაც შეეხება 2022 წელს, უმუშევრობა შესაძლოა 2%-ით შემცირდეს. საქართველოში 2020 წლის 9 თვის მდგომარეობით ფიქსირდება 5%-იანი რეცესია. შესაძლოა, რომ ეს უარყოფითი მაჩვენებლები უმუშევრობაში სწორედ Gig Economy-ისა და მასზე მოთხოვნის ზრდის გამო იყოს გამოწვეული.
დასკვნა
როგორ უკვე აღვნიშნეთ, Gig Economy არის თავისუფალი ბაზრის სისტემის ნაწილი, სადაც დროებითი პოზიციები ბუნებრივი მოვლენაა. Gig Economy-ში შედიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ფრილანსერები, დამოუკიდებელო კონტრაქტორები, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროექტებზე მუშაობენ, დროებითი დასაქმებულები და ასე შემდეგ. დღევანდელ ციფრულ სამყაროში ეს სფერო ბევრად უფრო პოპულარული და წარმატებული გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს უკვე შეუძლიათ მობილური ტელეფონის საშუალებით აირჩიონ დროებითი სამსახური მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მეორე მხრივ კი დამსაქმებელს შეუძლია მათთვის სასურველი თანამშრომლების პოვნა ტექნოლოგიების დახმარებით.
მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც ნებისმერ სექტორს, ამ სექტორსაც აქვს გარკვეული ტიპის პრობლემები თუ გამოწვევები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მასიური პრობლემაა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ ასეთი ტიპის სამსახურებში არის ძალიან დაბალი შემოსავალი და არ არსებობს დამატებითი შესაძლებლობები Gig Economy-ში დასაქმებული ადამიანებისთვის.
ასევე საყურადღებოა იმის აღნიშვნაც, რომ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებში არ ფიქსირდებიან ქვეყნის სამუშაო ძალაში, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც სტატისტიკის დეპარტამენტი ითვლის საქართველოს უმუშევრობის ზოგად მაჩვენებელს Gig Economy-ში დასაქმებული თანამშრომლებიც სწორედ ასეთ ადამიანებად მოიაზრებიან, რაც ცხადია ქმნის გარკვეული ტიპის უთანაბრობასა და დისბალანსს. გარდა ამისა, გიგ სამსახური გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, დიდი უმეტესობა კურიერებისა დღეში 10 საათს, და ზოგჯერ, მეტსაც კი მუშაობს. ეს გარემოება კი შესაძლოა არ იყოს ყველასთვის მისაღები.
Gig Economy-ში მრავალი სექტორი შედის, მათ შორის არის ისეთი მნიშვნელოვანი კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბაზარზეც აქტიურად ოპერირებენ. ასეთი კომპანიების სიაში შედის Glovo, Wolt და სხვა საკურიერო მომსახურეობა, ამასთან Yandex, Bolt და მსგავსი ტიპის ტაქსის მომსახურეობა. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მიტანის სერვისები განსაკუთრებით მოთხოვნადი და პოპულარული სფერო გახდა საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ მოიმატა ამ კომპანიებში Gig სამსახურების ვაკანსიებმაც და გაიზარდა ქვეყანაში ზოგადად გიგ ეკონომიკის წილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ პანდემიის პირობებში საქართველოში ძალიან ცუდი სტატისტიკა აღინიშნებოდა ზოგადი უმუშევრობის მაჩვენებელზე ქვეყანაში.