საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები რეკორდულად გაიზარდა
პანდემიის მიერ გამოწვეული გლობალური ფინანსური კრიზისისა და ბოლო პერიოდში მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში თანდათანობით იზრდება განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მოცულობა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მიმდინარე პერიოდში, წინა წელთან შედარებით, უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა, დაახლოებით 4.3-ჯერ გაიზარდა. კონკრეტულად, 2022 წლის მიმდინარე პერიოდამდე, სულ განხორციელდა 568 მილიონი დოლარის ღირებულების უცხოური ინვესტიცია.
ინვესტიციების მოცულობა სექტორების მიხედვით
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდული შედეგია, ბუნებრივია საინტერესოა აღნიშნული უცხოური ინვესტიციების მიზანი და სექტორი. საქსტატის მიხედვით, ყველაზე მაღალი მოცულობით ინვესტიცია წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა. აღნიშნულში, საბოლოო უცხოურმა ინვესტიციებმა 236 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოდენობა საერთო უცხოური ინვესტიციების 40%-ზე მეტია.
111 მილიონი დოლარის ინვესტიციით მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი, რაც საერთო წილის 20%-მდე ნაწილს შეადგენს. ხოლო მესამე, ყველაზე ინვესტირებადი სექტორი არის უძრავი ქონება 14%-იანი საერთო წილით, რაც საბოლოო ჯამში 80 მილიონ დოლარზე მეტ განხორციელებულ ინვესტიციას ნიშნავს. რაც შეეხება მეოთხე და მეხუთე ყველაზე პრიორიტეტულ სექტორებს, ესენია ტურიზმი და მშენებლობა, სადაც განხორციელდა შესაბამისად, 12 და 19 მილიონი ოლარის საერთო ინვესტიცია.
ახალ პარტნიორებთან და რეინვესტირების დონესთან მიმრთებით, აღსანიშნავია, რომ განხორციელებული უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი რეინვესტირებაა იმ პარტნიორი კომპანიებისგან, რომლებიც საქართველოსთან გარკვეული პერიოდია თანამშრომლობენ. კონკრეტულად, რეკორდული მოცულობის 56% რეინვესტირებას წარმოადგენს, რაც 315 მილიონ დოლარზე მეტ ფულად ნაკადს გულისხმობს.
საქართველოში ინვესტირების კუთხით ლიდერი ესპანეთია
საინტერესოა ქვეყნების მიხედვით ინვესტიციების განაწილების რეიტინგიც. საქატატის მიხედვით, სიის ლიდერი ესპანეთია, რომელმაც 2022 წლის მიმდინარე პერიოდამდე, ჯამში 196 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მოცემულობაში დომინირებს კომპანია “აკვალია საქართველო.” ეს წარმოადგენს მსოფლიო ბაზარზე, ერთ-ერთ წამყვან ფირმას წყალმომარაგების სექტორში და ევროპის მასშტაბით, რეიტინგის მესამე ადგილს იკავებს 17 პარტნიორ ქვეყანასთან ერთად. საქართველოსთან თანამშრომლობა კომპანიამ გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მას ოფიციალური სახე 2022 წლის პირველ ნახევარში მიეცა.
ქართული საფინანსო ჰოლდინგების აქტიური პარტნიორობის მიზეზით, დიდი ბრიტანეთი აღნიშნული რეიტინგის სიის მეორე ადგილს იკავებს, რომელმაც საქართველოში 87 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. რაც შეეხება მათ პარტნიორებს საქართველოში, ესენია საქართველოს ბანკი, საქართველოს კაპიტალი და თიბისი ბანკი. სწორედ მათ შორის დადებული ახალი გარიგებების ფონზე იზრდება ინვესტიციები ბრიტანეთიდან. აღსანიშნავია, რომ აქ დომინირებს სხვადასხვა ოფშორულ ზონაში რეინვესტირების ფაქტებიც.
მესამე ადგილს მეზობელი, თურქეთის სახელმწიფო იკავებს, რომელმაც გასულ წელთან შედარებით, საქართველოში ინვესტირება 130%-ით გაზარდა, რაც ჯამში 67 მილიონ დოლარზე მეტ განხორციელებულ ინვესტიციას გულისხმობს. მეოთხე და მეხუთე ადგილს კი ჩინეთი და ნიდერლანდები იკავებენ. ჩინეთი საქართველოსთვის გრძელვადიანი პარტნიორია, რომლისგანაც დიდი ხნის მანძილზე ხორციელდებოდა სხვადასხვა ინვესტიცია. ამიტომ წლიური მატების დონე შედარებით მცირეა და 12%-ს შეადგენს (33.6 მლნ დოლარი). რაც შეეხება ნიდერლანდებს, მან განსაკუთრებით გაზარდა ინვესტირება საქართველოში (500%) და განახორციელა 33 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის მქონე გარიგებები.
სიის პირველ ათეულში, ასევე შედის აშშ, რომელმაც წინა წელთან შედარებით გაზარდა ინვესტიციები და განახორციელა 31 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის მქონე გარიგებები. ასევე მარშალის კუნძულები და მალტა, რომლებმაც 20 მილიონამდე ინვესტირება განახორციელეს საქართველოში. მიუხედავად მცირე საინვესტიციო თანხის მოცულობისა, გერმანიამ, 2021 წელთან შედარებით 26%-ით გაზარდა ინვესტირება, რაც 9 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება დანარჩენ რეიტინგულ ადგილებს, სხვა ქვეყნებიდან შემოსული უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან განსხვავებით 17%-ით არის გაზრდილი და 2022 წლის პირველ კვარტალში, 78 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გლობალური ეკონომიკური პრობლემების ფონზე უცხოური ინვესტიციების გაზრდილი წილი საქართველოსთვის პოზიტიური გავლენის მქონე იქნება, არა მარტო ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით, არამედ შიდა სოციალურ-კულტურული კუთხით, რაც ახალი, უცხოელი პარტნიორების დაინტერესების გაზრდილ დონეში გამოიხატება.