საქართველოში პენსიონერთა რიცხვი შრომისუნარიან პირთა შემცირების ფონზე იზრდება

საქართველოში პენსიონერთა რიცხვი შრომისუნარიან პირთა შემცირების ფონზე იზრდება post thumbnail image

სახელმწიფოსთვის სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულს დიდი გავლენა აქვს ქვეყანაში არსებულ დასაქმების შესაძლებლობებზე, კარიერული განვითარების ხარისხსა და საპენსიო სექტორზე. შესაბამისად, სამუშაოზე მაღალი მოთხოვნა და მიწოდება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც დასაქმებულთა, ასევე პოტენციურ დასაქმებულთა და პენსიონერთა საერთო მდგომარეობას.

მიუხედავად მსგავსი მნიშვნელობისა, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა სამუშაო ძალის უკუპროპორციულად იზრდება. აღნიშნულში არსებით როლს თამაშობს მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა, არაჯანსაღი მიგრაცია და ნეგატიური მდგომარეობა სამუშაო ბაზარზე, ვაკანტური ადგილებისა და დასაქმების შესაძლებლობების კუთხით. აღნიშნულს ამტკიცებს PMC-ს უახლესი კვლევა, რომლის მიხედვით 2017 -დან 2022 წლამდე საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საპენსიო ფონდი, ასევე პენსიის მიმღებთა რიცხვი.

აღნიშნული უკავშირდება საქართველოში დემოგრაფიული სიბერის გამწვავებულ პრობლემას, რაც მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში პოპულაცია დაახლოებით 38 ათასი ადამიანით შემცირდა და დღეის მონაცემებით, 3.6 მილიონ ადამიანს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, 30 000-ზე მეტი პირით გაიზარდა პენსიის მიმღებთა რიცხვი, რაც საბოლოო ჯამში 570 ათასზე მეტ ადამიანს უდრის. გამომდინარე იქიდან, რომ მიგრაცია მოსახლეობის შემცირების მთავარი მიზეზია და მიგრანტთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა სეგმენტს წარმოადგენს, საქართველოში მცირდება შრომისუნარიანთა რაოდენობა. PMC-ს კვლევის თანახმად, 2017-2022 წლებში 101 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა შრომისუნარიანთა რაოდენობა, რაც 15-დან 64 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს. აღნიშნულმა სამუშაო ძალის 7%-ით შემცირება, ხოლო პენსიონერთა 8%-ით გაზრდა გამოიწვია. რაოდენობრივი თვალსაზრისით, 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 794 ათასი ადამიანი იღებს პენსიას, ხოლო სამუშაო ძალას 2.3 მილიონი ადამიანი წარმოადგენს.

დემოგრაფიული სიბერე და ნეგატიური პროგნოზი სამუშაო ძალის შემცირებაზე

ბუნებრივია, შრომისუნარიანთა შემცირება და პენსიონერთა რაოდენობის ზრდა სერიოზულ დემოგრაფიულ და სოციალურ პრობლემებზე მიუთითებს. ნეგატიურ პოზიციას იზიარებს ფინანსთა სამინისტროს მკლვევარებიც, რომლებიც 2030 წლისთვის მაჩვენებლების გაუარესებას მოელიან. კერძოდ, მათი პროგნოზის მიხედვით, აღნიშნული დროისთვის საქართველოში პენსიას 950 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს, ხოლო სამუშაო ძალა კიდევ უფრო შემცირდება.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება პენსიის ოდენობასთან მიმართებით. კერძოდ 2017-2022 წლებში, პენსია 33%-ით გაიზარდა და დღეის მონაცემებით, 240 ლარს შეადგენს. ამან თავისთვად გამოიწვია საპენსიო ასიგნებების ზრდა 1.69 მილიარდიდან, 2.57 მლრდ. ლარამდე. წლიური ტემპის კუთხით, ზრდის მაჩვენებელი 11%-ს უტოლება. ვინაიდან პენსია გაიცემა ლარში და აღნიშნული პერიოდის მანზილზე ეროვნული ვალუტა რამდენჯერმე გაუფასურდა, დოლარში პენსიის ცვლილება მხოლოდ 3 დოლარს აჩვენებს. კონკრეტულად კი, 72-დან 75 დოლარამდე ზრდას.

2017-დან 2022 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან მთავარი რეგულაცია პენსიის დაგროვების სქემის იმპლემენტაცია იყო, რომელიც 2020 წელს ამოქმედდა. აღნიშნულის მიზანი საპენსიო მსყიდველთუნარიანობის ინდექსის მდგრადობის გაზრდა იყო, თუმცა რეგულაციის ეფექტიანობა საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა. ამის მიზეზი სქემიდან 40 წელზე მეტი ასაკის დასაქმებულთა 42%-ის გამოსვლა იყო, რამაც ბუნებრივია, შეამცირა აღნიშნული რეგულაციის დადებითი ეფექტი, საერთო ცხოვრებისა და სოციალურ-ეკონომიკური დონის გაუმჯობესებაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *