აღდგება თუ არა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები?
2019 წელს, რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები, განუსაზღვრელი ვადით აიკრძალა. რუსეთის მხრიდან აღნიშნული ერთგვარი სანქცია იყო, როგორც პასუხი საქართველოს პოლიტიკური ქმედებებისა და აქტიური დასავლური გეზის წინააღმდეგ. კრემლის სანქციამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს მოსახლეობაზე და გარკვეულწილად შეზღუდა თავისუფალი გადაადგილებაც.
მოგეხსენებათ რუსეთში ქართველ ემიგრანტთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. ასევე მაღალია იმ ქართველების რაოდენობაც, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოში რუს მაცხოვრებლებთა რაოდენობაზეც. შესაბამისად, 2019 წლის ამ გადაწყვეტილებამდე, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები მაღალი მგზავრთნაკადითა და მოთხოვნით გამოირჩეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ფრენების აკრძალვა გარკვეულწილად დააზიანებდა კონკრეტულ ავიახაზებს, ამას გადაადგილების სიხშირიზე არსებითად უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება კვლავ აქტიური სიხშირით მიმდინარეობდა, სახმელეთო ტრანსპორტით თუ სხვა ავიაზახების გავლით. პირიქით, გადაადგილების სიხშირე, განსაკუთრებით სეზონურ პერიოდში, კიდევ უფრო გაიზარდა.
2023 წლის დასაწყისში კი გაკეთდა საქართველოს მხრიდან ოფიციალური განცხადება, რომ თუ რუსეთი იგივეს მოინდომებს, საქართველო თანახმაა მზაობა განაცხადოს პირდაპირი ფრენების აღდეგენაზე რუსეთთან. თუ რა კონკრეტული განცხადება გაკეთდა ამაზე მთავრობაში და რა შეიძლება იყოს საზოგადოების პოზიცია, იხილეთ ქვემოთ.
ირაკლი კობახიძის პოზიცია – აღდგეს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის
სტატისტიკური მაჩვენებლების ფონზე, საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი არა თუ შემცირდა, არამედ საგრძნობლად გაიზარდა. ეს არა მარტო 2022 წლის მონაცემებს ეხება, რაც მეტ წილად უკრაინის ომით იყო გამოწვეული, არამედ 2021 წლის მონაცემებსაც, როდესაც რუსეთის მოქალაქეები, აკრძალვის მიუხედავად, კვლავ აქტიურად სტუმრობდნენ საქართველოს. მსგავსი ტენდენცია 2023 წელსაც არის მოსალოდნელი.
მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირი ფრენების შეწყვეტამ საგრძნობლად ნეგატიური გავლენა იქონია გადაადგილებაზე, მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრობლემა აქტიურად მწვავეა და ამან ბევრი მოქალაქე დააზარალა, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. შესაბამისად, თუ იქნება იმის შანსი, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს და ქვეყნებს შორის ფრენები ისევ აღდგეს, საქართველო მიესალმება ამ ყველაფერს. აღნიშნული კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მოსახლეობაზე მაღალი ორიენტირების დონით და მათდამი პასუხისმგებლობის გრძნობით, აღმოფხვრას სანქციით შექმნილი დისკომფორტი. შესაბამისად, გარე პოზიციები დასავლეთის ქვეყნებიდან თუ სხვა პარტნიორი ორგანიზაციებიდან მეორეხარისხოვანია. ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ინტერესი არის მოსახლეობის კეთილდღეობა და სტაბილური მშვიდობა, პრიორიტეტულია არა გარე შეფასებები ქვეყნის და მთავრობის გადაწყვეტიტლებების მიმართ, არამედ ის რეალობა, რაც მხოლოდ მოსახლეობამ იცის, განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის პოზიციას ეთანხმება თბილისის მერი კახა კალაძეც. ის თვლის, რომ თუ ფრენები აღდგება, ეს მისასალმებელი იქნება, რადგან შექმნის მოსახლეობისთვის მეტ კომფორტს და გაადვილებს გადაადგილებას. ეს არა მარტო საზოგადოებრივი ინტერესების თვალსაზრისით იქნება პოზიტიური გავლენის მქონე, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც.
ლავროვი საქართველოს პოლიტიკურ პოზიციას დადებითად გამოეხმაურა
კობახიძის განცხადებას წინ ერთვოდა სერგეი ლავროვის კომენტარი საქართველოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან მიმართებით. მოგეხსენებათ, საქართველო არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, სადაც დასავლეთი რუსეთს უკრაინასთან არასამართლიან სამხედრო მოქმედებებში ადანაშაულებდა. საქართველოს პოზიცია დასავლეთისთვის დღემდე გაუგებარი რჩება, რადგან თუ არ ჩავთვლით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, მთავრობის მხრიდან ოფიცილაური პოზიცია არ გამოკვეთილა. სერგეი ლავროვი იწონებს საქართველოს ამ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ აღნიშნულს პოზიტიური გავლენა ექნება რუსეთის მიერ სამომავლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სადაც პირდაპირი ფრენების აღდგენაც იგულისხმება.
მოსახლეობის პოზიცია აღნიშნულ განცხადებებთან მიმართებით ჯერჯერობით უცნობია. მეტად მოსალოდნელია, რომ საზოგადოების აზრი ორად გაიყოფა, სადაც ნაწილი მხარს დაუჭერს ხოლო ნაწილი გააკრიტიკებს მოსალოდნელ ცვლილებას. მოხდება თუ არა სანქციის გაუქმება რუსეთის მხრიდან, ჯერჯერობით უცნობია და მხოლოდ ინიციატივის დონეზე მყოფი წინადადებაა.