აქციებით ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე საქართველოში post thumbnail image

აქციებით ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე საქართველოში

აქციების ყიდვა კაპიტალის დაბანდების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია მთელს მსოფლიოში. სხვადასხვა კომპანიების აქციების ყიდვა შესაძლებლობას აძლევს ინვესტორს სარფიანად, ნაკლები რისკით დააბანდოს ფული და მიიღოს დამატებითი შემოსავალი ან გამდიდრდეს კიდეც. სამწუხაროდ, საქართველოში აქციების შეძენა გავრცელებული არაა. პირველ რიგში, ქართველი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს ანაბარი, მარტივად რომ ვთქვათ ჩვენ არ ვინახავთ ფულს იმისთვის რომ მომავალში დავაბანდოთ და ვიშოვოთ სარგებელი. ის ადამიანები, რომელთაც ფული დაგორვებული აქვთ და შეუძლიათ აქციების შეძენა ირჩევენ ფულის დაბანდების უფრო ტრადიციულ მეთოდებს, როგორიცაა მაგალითად უძრავი ქონების, ძვირფასი ლითონებისა და ანტიკვარიატის შეძენა, რათა მოგვიანებით უფრო ძვირად გაყიდონ. ასევე, საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ინფომარცია აქციებით ვაჭრობის შესახებ. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ჩვენ არ გვაქვს წვდომა ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბაზარზე – საფონდო ბირჟაზე.

მიუხედავად ინფორმაციის ნაკლებობისა, ალბათ შეხვედრიხართ ადამიანს, რომელსაც სურს დაიწყოს ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე, მაგრამ არ იცის როგორ გააკეთოს ეს, რა რისკებთანაა დაკავშირებული ვაჭრობა, როგორ უნდა შეარჩიოს აქციები და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად ვრცელი თემაა. ამ სტატიაში ვეცდები მიმოვიხილო აქციები, საფონდო ბირჟა და მისი მუშაობის პრინციპები. თუ თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელთაც არ სურთ თვიდან თვემდე ხელფასზე იყვნენ დამოკიდებული და აინტერესებთ ინვესტიციები, წაიკითხეთ სტატია ბოლომდე და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდით თქვენს მიზანს.

სტატიაში წაიკითხავთ

  • რა არის კომპანიის აქციები, და რატომ უშვებენ კომპანიები მას
  • რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის
  • როგორ ხდება აქციებში ფულის დაბანდება და რატომ არის ეს კარგი იდეა
  • როგორ შეიძინოთ თქვენი პირველი აქცია, მაშინაც კი თუ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ
  • რა უნდა იცოდეთ სანამ აქციებით ვაჭრობას დაიწყებდეთ
  • აქციების შეძენის ალტერნატივა – კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე
  • როგორ უნდა დაიწყოთ აქციებზე CFD-ებით ვაჭრობა
  • რომელია უკეთესი აქციების შეძენა თუ CFD-ებით ვაჭრობა

რა არის აქციები და საფონდო ბირჟა

ალბათ გინახავთ რომელიმე ჰოლივუდურ ფილმში სავაჭრო დარბაზები, სადაც ბროკერები ბუზებივით ირევიან, გამუდმებით ელაპარაკებიან კლიენტებს  და თვალს არ აშორებენ ეკრანებს სადაც აქციების ფასთა ცვლილებაა ასახული. რაღაც მომენტში ყველანი ეკრანთან არიან შეკრებილები, დაძაბულობა პიკს აღწევს, ეკრანი ფასის ზრდას აფიქსირებს და აქამდე უემოციო ბროკერები უცებ ემოციების მოზღვავებას ხმამაღალი შეძახილები გამოხატავენ. თუ თქვენი ცოდნა აქციების შესახებ ამგვარი ეპიზოდებით შემოიფარგლება, აუცილებლად წაიკითხეთ სტატიის ეს ნაწილი.

აქციებით ვაჭრობა საქართველოში

აქცია არის მესაკუთრის წილი კომპანიაში. აქციის შეძენით თქვენ იძენთ კომპანიის წილს, ეს შეიძლება იყოს ძალიან პატარა წილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას თქვენთვის სარგებლის მოცემა არ შეუძლია. მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად. რატომ ასხვისებენ კომპანიები წილს, ანუ რატომ უშვებენ აქციებს? კომპანიას ზრდასთან ერთად ესაჭიროება დამატებითი კაპიტალი. კომპანიებისთვის კაპიტალის მიღების ორი ძირითადი ხერხი არსებობს აიღოს კრედიტი, ან გამოუშვას აქციები. კრედიტის აღება დაკავშირებულია დამატებით ვალდებულებებთან, ამიტომ კომპანიები ირჩევენ აქციების გამოშვებას. მაგალითად, მას შემდეგ რაც Facebook-მა გამოუშვა აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე, კომპანიამ აქციების გაყიდვიდან 16 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. აქციების გამოშვების დროს კომპანიის მფლობელი ან მფლობელები  ასხვისებენ კომპანიის წილს, შესაბამისად, ადამიანი რომელიც შეიძენს აქციას ფლობს ამ წილს და იღებს წილის შესაბამის მოგებას.

აქციების ყიდვა შესაძლებელია საფონდო ბირჟაზე, კომპანია განათავსებს აქციებს რომელიმე საფონდო ბირჟაზე, ხოლო ადამიანები აქციების ბროკერების საშუალებით ყიდულობენ აქციებს ანუ წილს კომპანიაში.

აქციებით ვაჭრობის კიდევ ერთი ალტერნატივა არსებობს – ვაჭრობა კონტრაქტით ფასთა შორის სხვაობაზე (CFD). ვაჭრობა მიმდინარეობს არა აქციების არამედ ფორექს და CFD ბროკერებთან, როგორიცაა მაგალითად XM. აქციების ვაჭრობის ამ ალტერნატივაზე ვრცლად ვისაუბრებ ქვემოთ, მანამდე მოდით განვიხილოთ როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა.

დაიწყე CFD-ებით ვაჭრობა აქციებზე XM-თან!

 

როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა

სხვაგვარად აქციების გამოშვებას აქციების საჯარო შეთავაზება ჰქვია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, მაგალითად მე და თქვენ შეგვიძლია შევიძინოთ კომპანიის აქცია. საჯარო შეთავაზების შემდეგ კომპანია ხვდება საფონდო ბირჟაზე. მსოფლიოში ბევრი საფონდო ბირჟა არსებობს, მათ შორის ყველაზე ცნობილია ნიუ იორკის სააქციო ბირჟა (New York Stock Exchange – NYSE), NASDAQ, ასევე არსებობს ლონდონის, მადრიდის, ოსაკას საფონდო ბირჟები და სხვა. საქართველოშიც არსებობს საფონდო ბირჟა, “საქართველოს საფონდო ბირჟა სსბ”, რომელიც რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. საფონდო ბირჟა საქართველოში USAID-ის დახმარებით შეიქმნა და მორგებულია ამერიკულ სტანდარტებს. სსბ-ზე შესაძლებელია ქართული კომპანიების აქციების შეძენა.  ყველა საფონდო ბირჯას აქვს თავისი წესები და რეგულაციები, ყველა მათგანი რეგულირებულია და აქვს უფლება განათავსოს აქციები.

როგორ დავიწყოთ აქციებით ვაჭრობა საქართველოში

როდესაც კომპანია გადაწყვეტს გააკეთოს აქციების საჯარო შეთავაზება ის უკავშირდება ბროკერს რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის აქციების განთავსებას საფონდო ბირჟაზე. ბროკერი კომპანიისთვის ამზადებს ემისიის პროსპექტს, დოკუმენტს სადაც დაწვრილებითაა აღწერილი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, საბაზრო წილი, რისკები და ა.შ. რათა ინვესტორებს, რომელთაც სურვილი ექნებათ შეძინონ ამ კომპანიის აქციები ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და შესაბამისად გააკეთონ არჩევანი. იმისთვის რომ საფონდო ბირჟამ განათავსოს აქციები, კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს საფონდო ბირჟის მოთხოვნები და გადაიხადოს საწევრო თანხა. კომპანიას შეუძლია განათავსოს აქციები ერთ ან რამოდენიმე საფონდო ბირჟაზე სურვილისამებრ, თუ მოცემულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. საფონდო ბირჟა კომპანიებს ანიჭებს სპეციალურ სახელს, მაგალითად Facebook-ის აქციები  NASDAQ-ზე მოცემულია სახელით – FB, Apple-ის აქციები მოცემლია სახელით AAPL და ა.შ.

ახლა შევხედოთ ინვესტორის მხრიდან. წარმოიდგინეთ რომ გსურთ ფეისბუქის აქციების შეძენა, რომელიც ხელმისაწვდომია NASDAQ-ზე. იმისათვის, რომ აქცია შეიძინოთ, უნდა დაუკავშირდეთ საბროკერო კომპანიას, რომელსაც აქვს წვდომა NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე. თქვენ უნდა გახსთან ანგარიში საბროკერო კომპანიასთან, დააფიქსიროთ რომელი აქციების შეძენა გსურთ, და მათი საფასური ჩამოიჭრება თქვენი ანგარიშიდან. აქციების შეძენის პროცედურა ნამდვილად ძალიან მარტივია. რამდენიმე წუთი და თქვენ ფეისბუქის აქციებს ფლობთ.

როგორ ხდება აქციებში ფულის დაბანდება

ახლა თქვენ უკვე იცით რა არის აქციები და როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა. ახლა ვნახოთ როგორ ხდება აქციებში ფულის დაბანდება და როგორ უნდა შეიძინოთ თქვენი პირველი აქცია.

როგორც ყველაფერს მსოფლიოში, აქციებსაც აქვს საფასური. როდესაც კომპანია გადაწყვეტს აქციების საჯაროდ გამოშვებას, ფასდება კომპანიის საბაზრო ღირებულება და დგება მისი აქციის ფასი. აქციების საჯაროდ პირველი გამოტანას IPO (Initial Public Offering) ეწოდება. მას შემდეგ რაც აქციები საფონდო ბირჟაზეა, იწყება ვაჭრობა და აქციების ფასი იცვლება – იზრდება ან მცირდება იმის მიხედვით თუ როგორ იცვლება კომპანიის მდგომარეობა ბაზარზე. ზოგადად აქციების ფასი მცირედ იცვლება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ფასი მკვეთრად ეცემა ან პირიქით იზრდება. ეს შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა ფაქტორმა – მაგალითად კომპანიის CEO-ს შეცვლამ, კრიზისმა კომპანიაში, ცვლილებამ ინდუსტრიაში და ა.შ. მოდით განვიხილოთ Facebook-ის მაგალითზე.

Facebook-მა IPO პირველად 2012 წლის 18 მაისს გამოუშვა. ერთი აქციის პირველადი ფასი 38 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო კომპანიის საბაზრო ფასი 104 მილიონით. დღევანდელი მდგომარეობით Facebook-ის ერთი აქციის ფასი 190 აშშ დოლარია. შესაბამისად, 7 წლის განმავლობაში კომპანიის აქციები 5 ჯერ გაიზარდა. დღეისათვის Facebook-ს საჯაროდ გამოშვებული აქვს 2.8 მილიარდი აქცია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეიძინეთ 10 აქცია მაშინ როდესად ერთი აქციის სავაჭრო ღირებულება 38 დოლარი იყო და დახარჯეთ 380 დოლარი. თუ დღეს გაყიდით ათივე აქციას, შეძლებთ ერთი აქცია გაყიდოთ 190 დოლარად, ათი აქციისთვის თქვენ მიიღებთ 1900 დოლარს, ანუ თქვენი მოგება იქნება 1520 დოლარი.

როგორც ხედავთ, აქციების შეძენა გრძელვადიანი ინვესტიციაა. თქვენ აბანდებთ ფულს იმ კომპანიის აქციებში, რომლის ზრდის იმედიც გაქვთ და ელოდებით როდის გაიზრდება აქციების ფასი იმისთვის, რომ შემდეგ გაყიდოთ მოგების სანაცვლოდ. ეს შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ამიტომ, სანამ აქციების შეძენას გადაწყვეტთ უნდა დარწმუნდეთ რომ საკმარისი მოთმინება გაქვთ.

ძირითადად ინვესტორები ყიდულობენ ორი ტიპის კომპანიის აქციებს

1. დიდი კომპანიების აქციები
ინვესტორები ხშირად ირჩევენ დიდ კომპანიებს, რომლებიც დიდი ხანია ბაზარზე არსებობენ და დიდი საბაზრო ფასი აქვთ. ასეთ კომპანიებს blue chip კომპანიებს უწოდებენ, ასეთია მაგალითად ამაზონი. ინვესტორებს მოლოდინი აქვთ რომ ეს კომპანიები ბაზარზე კიდევ დიდხანს იარსებებენ და მდგრადი ზრდა ექნებათ. თუ თქვენ შეიძენთ ასეთი კომპანიების აქციებს, დაცული იქნებით ფასის მკვეთრი ცვლილებისაგან.

2. ახალი კომპანიების აქციები
ხშირად ბაზარზე შემოდიან კომპანიები, რომლებიც ინოვაციურები არიან თავიანთ ინდუსტრიაში. ავიღოთ Facebook-ი მაგალითად. სოციალური ქსელი 2010 წელს შეიქმნა და 2012 წელს გამოუშვა აქციები. ამ პერიოდში მისი აქციების შეძენა სარისკო გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ კომპნიას დიდი ზრდა ჰქონდა ის ჯერ კიდევ არ იყო კარგად დაფუძნებული და რისკი იმისა, რომ ვერ გაამართლებდა (როგორც მაგალითად MySpace, რომელიც Facebook-მა ფაქტიურად დაძირა) მაღალი იყო. ახალი კომპანიის აქციების შეძენა შეიძლება ბევრად უფრო მომგებიანი იყოს, რადგან ისინი სწრაფად იზრდება, ვიდრე დიდი კომპანიის, თუმცა როგორც ავღნიშნე, ასეთი აქციები უფრო რისკიანია.

როგორ უნდა იყიდოთ თქვენი პირველი აქცია და რა უნდა იცოდეთ აქციების შესახებ

აქციების შეძენის პროცესი ძალიან მარტივია. მთელი სირთულე მდგომარეობს სწორი აქციების სწორ დროს შეძენაში იმისთვის რომ მომავალში მოგება მიიღოთ და ინვესტიციაში ჩადებული თანხა არ დაკარგოთ.  გარდა ამისა, თქვენ დაგჭირდებათ ფინანსური და ფსიქოლოგიური მომზადება ასეთი ინვესტიციისათვის. ქვემოთ ნახავთ საბაზისო რჩევებს როგორ უნდა დაიწყოთ აქციების შეძენა, როგორ შეარჩიოთ კომპანიის აქციები და როგორ მოემზადოთ ინვესტიციისათვის.

საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა

მოემზადეთ გრძელვადიანი ინვესტიციისათვის

აქციების შეძენა გრძელვადიანი ინვესტიციაა, ეს არის პირველი და  უმთავრესი რამ რაც აქციების შეძენამდე კარგად უნდა გქონდეთ გაცნობიერებული.  აქციების ფასი შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვალოს, ან რაღაც პერიოდის განმავლობაში შემცირდეს კიდეც. შესამაბამისად, სანამ გადაწყვეტთ რომელი კომპანიის აქცია შეიძინოთ, კარგად დაფიქრდით რამდენი ხანი შეგიძლიათ თქვენი თანხა გააჩეროთ უძრავად. შესაძლოა თქვენ გსურთ მოგება ექვს თვეში მიიღოთ, ან მზად ხართ 5 და მეტწლიანი ინვესტიციებისათვის. დაფიქრდით ინვესტიციის რა ვადაა მისაღები თქვენთვის და შეარჩიეთ აქციები ამის შესაბამისად.

განსაზღვრეთ კაპიტალი

რა თქმა უნდა, როდესაც ინვესტიციას აკეთებთ თქვენ პოზიტიურად ხართ განწყობილი და დარწმუნებული ხართ რომ მომდევნო წლებში აქციებიდან მოგებას მიიღებთ. თუ ინვესტიციას სწორად განახორციელებთ, ასეც იქნება. თუმცა  ნებისმიერ შემთხვევაში შეხედეთ თქვენს საინვესტიციო თანხას როგორც დანახარჯს რომელსაც ვერ დაიბრუნებთ. თუ თქვენ იყიდით კინოს ბილეთებს და სეანსი არ მოგეწონებათ ამ თანხას არავინ დაგიბრუნებთ. შეხედეთ ინვესტიციას სწორედ ასე. ეს ნიშნავს რომ ინვესტიციაში უნდა ჩადოთ თანხა, რომლის დაკარგვაც ფინანსურად არ დაგაზარალებთ. თუ თქვენ არ გაქვთ საინვესტიციო კაპიტალი და თქვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო ხელფასია ნუ იყიდით აქციებს მთელი ხელფასით, ან თუნდაც ნახევარით, მითუმეტეს ნუ იყიდით მათ სხვისი ფულით. ინვესტიცია ძალიან მჭიდრო კავშირშია დანაზოგებთან. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თუ დაიწყებთ კაპიტალის მოგროვებას. შეგიძლიათ ხელფასიდან შეინახოთ 10 ან 15 პროცენტი, განათავსოთ ის სპეციალურ დაგროვებით ანაბარზე. გარკვეული დროის განმავლობაში თქვენ უკვე გექნებათ თანხა შეგროვებული თქვენი პირველი ინვესტიციისათვის, თანაც ისე, რომ თქვენს ფინანსური მდგომარეობა რისკის ქვეშ არ დადგება. ნუ შეგეშინდებათ დროის დაკარგვის სანამ საინვესტიციო კაპიტალს დააგროვებთ, ეს დრო შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ მეტი ისწავლოთ აქციებისა და საფონდო ბირჟის შესახებ, რათა დარწმუნებული იყოთ რომ სწორ ინვესტიციას ახორციელებთ.

აკონტროლეთ ემოციები

ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში როდესაც საქმე აქციების ყიდვას ან გაყიდვას ეხება თქვენი თავია, უფრო სწორად, თქვენი ემოციები. რადგან აქციები გრძელვადიანი ინვესტიციაა, ამ დროის განმავლობაში სეიძლება თქვენი აქციების ფასმა მოიმატოს ან დაიკლოს. თუ ნახავთ, რომ აქციების ფასი ეცემა, ნუ აყვებით ემოციებს და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას შიშის საფუძველზე. კარგად გაანალიზეთ რა შეიძლება იყოს აქციების ფასის დაცემის მიზეზი, ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ ფასის მოსალოდნელი ცვლილებები. ზედა პუნქტი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ემოციური კონტროლი თქვენს აქციებზე, ამ პუნქტის გათვალისწინების შემთხვევაში მიხვდებით, რომ აქციების შესყიდვით თქვენი ფინანსური მდგომარეობა ან გაუმჯობესდება, ან უცვლელი დარჩება, მაგრამ არ გაუარესდება. ამიტომ სანერვიულო არაფერი გაქვთ და შეგიძლიათ გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღოთ.

შეარჩიეთ კომპანიის აქციები სწორად

შეიძინეთ იმ კომპანიის აქციები, რომლის შესახებაც საშუალოზე მეტი ინფორმაცია გაქვთ. ეს შეიძლება იყოს კომპანია, რომლის სერვისის ან პროდუქტის აქტიური მომხმარებელი ხართ. ან, კომპანია, რომელიც იმ ინდუსტრიაში მოღვაწეობს, რომელიც განსაკუთრებით გაინტერესებთ და იცით. პირველ რიგში ეს ინვესტიციის პროცესს თქვენთვის უფრო დაცულს და თანაც საინტერესოს გახდის. თუ მაგალითად გსურთ რომ Apple (AAPL) აქციები შეიძინოთ,  ტექნოლოგიებში კარგად ერკვევით და თანაც Apple-ის მომხმარებელი ხართ და თვალს ადევნებთ ახალ პროდუქტებს და კომპანიის სიახლეებს თქვენ უკეთ შეძლებთ განსაზღვროთ რამდენად კარგი ინვესტიციაა ამ მომენტში აქციების შეძენა და რას უნდა მოელოდეთ მომავალში.

შეაჩერეთ არჩევანი იმ კომპანიის აქციებზე, რომებიც წარმოადგენენ ლიდერებს თავიანთ ინდუსტრიაში. თქვენ უნდა შეიძინოთ ისეთი კომპანიის აქციები, რომელთა პროდუქტზეც მომავალში მოთხოვნა არ შემცირდება და პირიქით – გაიზრდება.  გარდა ამისა, შეამოწმეთ როგორ იცვლებოდა აქციების ფასი ბოლო 5 წლის განმავლობაში. ინვესტიციების საშუალო პერიოდი სწორედ 5 წელია (როგორც წესი, აქციების ფასის კლების ტრენდი 5 წელიწადზე მეტს არ გრძელდება).  ნახეთ სტატისტიკა როგორ იზრდება კომპანიის გაყიდვების რაოდენობა, განსაკუთრებით ბოლო 2-3 კვარტალის განმავლობაში, რათა იცოდეთ რას უნდა მოელოდოთ სამომავლოდ.  კარგი იქნება თუ ასევე მოიძიებთ ინფორმაციას ფლობენ თუ არა კომპანიის აქციებს უშუალოდ მთავარი ხელმძღვანელები. თუ მმართველ რგოლს არ უნდა კომპანიაში ინვესტიციის ჩადება, რატომ უნდა გინდოდეთ თქვენ?

ვაჭრობა აქციებზე კონტრაქტით ფასთა შორის სხვაობაზე (CFD)

შესაძლოა თქვენ გაინტერესებდეთ აქციებით ვაჭრობა ან ზოგადად აქციები, მაგრამ არ იყოთ მზად გრძელვადიანი ინვესტიციებისათვის. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა თქვენთვის საინტერესო იყოს კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (CFD).  CFD-ები არსებობს სხვადასხვა სავაჭრო ინსტრუმენტებისათვის, მაგალითად CFD-ები კრიპტოვალუტაზე, ძვირფას ლითონებზე, აქციებზე და ა.შ.

CFD-ებით ვაჭრობა ფუნდამენტურად განსხვავდება აქციებით ვაჭრობისაგან. როგორც ავღნიშნე, როდესაც ყიდულობთ კომპანიის აქციას თქვენ ამ აქციით ფლობთ კომპანიის გარკვეულ წილს. შეგიძლიათ აქცია გაყიდოთ მოკლე დროში (მაგალითად რამდენიმე თვის შემდეგ) ან შეინარჩუნოთ რამდენიმე წლის განმავლობაში. CFD-ებით ვაჭრობის დროს თქვენ არ ყიდულობთ კომპანიის აქციებს, არამედ სპეკულირებთ მათი ფასით. შესაბამისად  თქვენ არ ფლობთ აქციას, არ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ის გარკვეული დროის განმავლობაში, არამედ სპეკულირებთ ფასის ცვლილებით მოკლე დროის პერიოდში. (CFD-ებზე გახსნილი პოზიციის დახურვა ხდება იმავე დღეს)

აქციების CFD-ებით ვაჭრობა შესაძლებელია ფორექს და CFD ბროკერებთან. ისინი უზრუნველყოფენ მომხმარებლებს სავაჭრო პლატფორმით და კომპანიების აქციების CFD-ებით. მაგალითად, XM ფორექს და CFD ბროკერი ტრეიდერებს სთავაზობს 1000-ზე მეტი კომპანიის აქციების CFD-ებს.

დაიწყე CFD-ებით ვაჭრობა აქციებზე XM-თან!

როგორ უნდა დაიწყოთ CFD-ებით ვაჭრობა

CFD-ებით ვაჭრობა შეგიძლიათ ფორექს და CFD საბროკერო კომპანიებთან. მათი უმრავლესობა მომხმარებლს სთავაზობს აქციების CFD-ებს. იმისთვის რომ აქციების ფასით სპეკულირება დაიწყოთ საჭიროა გახსნათ ანგარიში საბროკერო კომპანიასთან, გააკეთოთ პირველი დეპოზიტი და დაიწყოთ ვაჭრობა. სანამ საბროკერო კომპანიასთან სავაჭრო ანგარიშს გახსნიდეთ კარგად გაეცანით რომელ აქციებს გთავაზობთ ის. ზოგიერთ ბროკერს აქციების დიდი არჩევანი აქვს, ზოგიერთს კი შეზღუდული. შესაბამისად, ჯერ შეარჩიეთ რომელი კომპანიის აქციებით გსურთ ვაჭრობა, დარწმუნდით რომ ბროკერი ამ აქციებს გთავაზობთ და მხოლოდ შემდეგ დარეგისტრირდით მასთან.

აქციების ფასებით სპეკულირების დაწყებისთვის თქვენ სავაჭრო პლატფორმაზე მიიღებთ შეთავაზებას (Quote) რომელიც შედგება ფასთა წყვილისგან, პირველი ფასი წყვილში არის გაყიდვის ფასი, ხოლო მეორე ყიდვის ფასი. თუ თქვენ ფლობთ ამ კონკრეტული აქციის CFD-ის და ფიქრობთ რომ ფასი შემცირდება, გახსნით პოზიციას და გაყიდით მას. თუ პირიქით, ფიქრობთ რომ ფასი გაიზრდება იყიდით, რათა შემდეგ გაყიდოთ და მიიღოთ მოგება. მოდით ვნახოთ მაგალითი და თან შევადაროთ აქციის ფლობა აქციების ფასით სპეკულირებას.

ავიღოთ მაგალითად ამაზონი, რომელიც წარმოდგენილია NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ინდექსით: AMZN.
ამაზონის ერთი აქციის ფასი არის 1922.19 აშშ დოლარი.

მაგალითი 1.

თქვენ გსურთ ამაზონის 5 აქციის შეძენა რადგან ფიქრობთ, რომ მომავალში აქციების ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და თქვენ სარგებელს მიიღებთ. ამისთვის იხდით 5 აქციის საფასურს სრულად – 48,054.75 აშშ დოლარი. ამ თანხის გადახდის შემდეგ თქვენ ფლობთ ამაზონის აქციებს.

მაგალითი 2.

თქვენ გსურთ ამაზონის აქციების CFD-ით ვაჭრობა. საბროკერო კომპანიის პლატფორმაზე თქვენ იღებთ შემოთავაზებას 9,609.35 : 9,610.95.  ამ შემოთავაზებაში ამაზონის აქციის CFD-ის გაყიდვის ფასი  9,609.35 – აშშ დოლარია, ხოლო  ყიდვის 9,610.95 დოლარი.
ამ ფასებს შორის სხვაობა 1.6 დოლარია და მას სპრედი ეწოდება.

შემოტავაზების ნახვის შემდეგ, თქვენ გადაწყვიტეთ იყიდოთ ამაზონის აქციის 5 CFD, რადგან თვლით რომ მოკლე დროში ფასი გაიზრდება და შეძლებთ უფრო ძვირად გაყიდოთ. მაგრამ არ გაქვთ 48,054.75 დოლარი, ეს თანხა რომ გქონდეთ პირდაპირ ამაზონის აქციებსაც ხომ შეიძენდით?!

CFD მარგინალური სავაჭრო ინსტრუმენტია, რაც ნიშნავს, რომ ტრეიდერი არ არის ვალდებული ჰქონდეს სავაჭროდ აუცილებელი სრული თანხა სავაჭრო ანგარიშზე. საკმარისია მისი მხოლოდ გარკვეული ნაწილის ქონა. ხშირ შემთხვევაში აქციებზე შემოთავაზებულია 5% ანდ 10%  მარჟა.  მარგინალური ვაჭრობის დროს მომხმარებელი იყენებს ბროკერის მიერ შემოთავაზებულ საკრედიტო მხარს. დავუბრუნდეთ ამაზონის მაგალითს უკეთ ილუსტრირებისათვის.

ბროკერი გთავაზობთ 5%-იან მარგინალურ ვაჭრობას 1:20 საკრედიტო მხარით.
ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ პოზიცია გახსნათ (იყიდოთ 5 CFD) 2,402.74 დოლარით, დანარჩენ 45,652.01 დოლარს კი ბროკერი თავად გაძლევთ უშუალოდ ამ პოზიციისათვის საკრედიტო მხარის სახით.

თუ თქვენი პოზიცია მომგებიანი აღმოჩნდა, მოგება დაემატება თქვენს თანხას სავაჭრო ანგარიშზე. თუ წამგებიანი – შესაბამისად თანხა მოაკლდება თქვენს სავაჭრო ანგარიშს. იმისთვის, რომ თქვენ არ დაკარგოთ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე გაქვთ სავაჭრო ანგარიშზე – ბროკერები იყენებენ ე.წ Margin Call-ს, ანუ გატყობინებენ როდის უახლოვდება წაგებული თანხის რეაოდენობა დეპოზიტის თანხას, რათა დახუროთ პოზიცია. თუმცა, უმჯობესია ისარგებლოთ Stop  Loss ბრძანებითაც. მისი საშუალებით შეგიძლიათ მიუთითოთ მინიმალური ზღვარი და როდესაც თანხა ამ ზღვარს მიაღწევს პოზიცია ავტომატურად დაიხურება.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ CFD-ებით ვაჭრობა და ზოგადად მარგინალური ვაჭრობა საკრედიტო მხარით სარისკოა და მოითხოვს შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას.

შეჯამება

როგორც ხედავთ, აქციების შეძენა და აქციებით ვაჭრობა საქართველოში არც ისე რთულია როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მნიშვნელოვანია რომ მზად იყოთ ინვესტიციისათვის როგორც ფინანსურად ასევე ფსიქოლოგიურად და სწორად განსაზღვროთ რამდენი ხნით შეგიძლიათ ინვესტიციის ჩადება და რა თანხა შეგიძლიათ დააბანდოთ ისე, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა რისკის ქვეშ არ დადგეს.  თქვენი მიზნებიდან გამომდინარე შეგიძლიათ აირჩიოთ რომელია თქვენთვის მისაღები აქციების შეძენა და აქციებით ვაჭრობა თუ კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე. გაითვალისწინეთ ზემოთ მოცემული რჩევები და თქვენ შეძლებთ პირველი ნაბიჯი გადადგათ საფონდო ბირჟაზე წარმატებულად ვაჭრობისკენ.