რა არის ლურჯი ჩიპის აქციები?

რა არის ლურჯი ჩიპის აქციები? post thumbnail image

ინვესტორებისთვის, რომელსაც სხვადასხვა კომპანიების აქციებით ვაჭრობა უნდათ, მთავარი თავსატეხი აქციების შერჩევაა. თუ თქვენც გადაწყვეტთ თქვენი დანაზოგით რომელიმე კომპანიის აქციები შეიძინოთ, დიდი ხანი მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ რომელი კომპანიის აქციები იყიდოთ. აქციების შერჩევა არც ისე მარტივია, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ კომპანიის წარსული და ახლანდელი მდგომარეობა, მისი წილი ბაზარზე, განსაზღვროთ მომავალი ფასი და დარწმუნდეთ, რომ ყველანაირი რისკი გათვლილი გაქვთ. მაშინაც კი, როდესაც თითქოს ყველაფერი გაითვალისწინეთ, ვერ იქნებით დარწმუნებული რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ და აქციების ფასი არ დაეცემა.  სწორედ ამიტომ, ინვესტორები ხშირად ირჩევენ ეგრეთწოდებულ ლურჯი ჩიპის (blue-chip) აქციებს ფულის დასაბანდებლად. ამ სტატიაში გაგაცნობთ რა არის ლურჯი ჩიპის აქციები, რა მახასიათებლები აქვთ მათ და რატომ ირჩევენ ინვესტორები ამ ტიპის აქციებს.

რა არის ლურჯი ჩიპის კომპანიები

სანამ უშუალოდ ლურჯი ჩიპის აქციებზე დავიწყებდეთ საუბარს, განვიხილოთ თავად ლურჯი ჩიპის კომპანიები. ასეთ კომპანიებს უწოდებენ მულტინაციონალურ ფირმებს, რომლებიც უკვე წლებია ოპერირებენ თავიანთ ინდუსტრიაში. ისინი ხშირად წამყვანი კომპანიები არიან თავიანთ სფეროში, არიან კარგად დამკვიდრებულები და მსოფლიოში ცნობილები. რამდენადაც ისინი წლების განმავლობაში არსებობენ, გამოვლილი აქვთ სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემები, მათ შორის გლობალური რეცესიები და კრიზისები. თუმცა, ამ გარემოებების მიუხედავად მოახერხეს შეენარჩუნებინათ წარმატებული ბიზნესი.  მათი პროდუქტი თუ სერვისი მიიჩნევა ხარისხიან, მოთხოვნად პროდუქტად, რომელზე მოთხოვნის შემცირებაც მოსალოდნელი არ არის.

შესაბამისად, ლურჯი ჩიპის კომპანიები ეწოდებათ კარგად დამკვიდრებულ, წარმატებულ და სტაბილურ კომპანიებს, რომლებიც თავიანთი დარგის ლიდერები არიან. დღეისათვის ლურჯი ჩიპის კომპანიებია მაგალითად Apple, The Coca Cola Company, Boeing, Goldman Sachs, Caterpillar Inc და სხვა.

რა არის ლურჯი ჩიპის აქციები

თვითონ ტერმინლი ლურჯი ჩიპები აღებულია პოკერის თამაშიდან.  თუ პოკერი გითამაშიათ, გეცოდინებათ რომ პოკერში არის სამი ჩიპი თეთრი, წითელი და ლურჯი, რომელთაგან ლურჯი ყველაზე ფასეულია. რა თქმა უნდა, თუ ინვესტიციას სწორად განახორციელებთ ინვესტირებას გემბლინგთან არავითარი საერთო არ აქვს, გარდა ამ ტერმინისა. საქმე ისაა, რომ 1923 წელს, Dow Jones-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ოლივერ ჯინგოლდმა შეამჩნია, რომ ზოგიერთი აქცია ბევრად უფრო ძვირადღირებული იყო  ვიდრე სხვები. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, კონკრეტული კომპანიის აქციები მუდმივად 200 ან მეტ დოლარად ივაჭრებოდა. შესაბამისად, პოკერის ლურჯი ჩიპების მსგავსად, ასეთი აქციების ღირებულება სხვა აქციებთან შედარებით მუდმივად მაღალი იყო. სწორედ ამიტომ დაერქვა ასეთ აქციებს ლურჯი ჩიპის აქციები.  დღეისათვის, როდესაც ლურჯი ჩიპის აქციებს ვახსენებთ, არ ვგულისხმობთ რომ ისინი სხვა აქციებთან შედარებით ძვირია, უფრო მეტად ვგულისხმობთ რომ აქციები ეკუთვნის ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს, რომლებმაც დროს გაუძლეს.

როგორც წესი, ლურჯი ჩიპის აქციები ეკუთვნის რესპექტაბელურ საბაზრო ინდექსებს და საშუალოებს მაგალითად როგორებიცაა Dow Jones Industrial Average, S&P 500, Nasdaq-100 ამერიკის შეერთებულ შტატებში, TSX-60 კანადაში და FTSE ინდექსი დიდ ბრიტანეთში. შესაბამისად, თუ ლურჯი ჩიპის აქციებში გადაწყვეტთ ფულის დაბანდებას, შეგიძლიათ პირდაპირ ამ სიებს მიაშუროთ და სასურველი კომპანიის აქციებიც აქედან შეარჩიოთ.

ზოგადად, მიიჩნევა რომ ლურჯი ჩიპის აქციები ყველაზე სანდოა, რამდენადაც ისინი ეკუთვნის კომპანიებს, რომლებიც წლებია ოპერირებენ ბაზარზე. შესაბამისად, მათ გამოვლილი აქვთ როგორც შიდა პრობლემები, ასევე ეკონომიკური რეცესიები. თუმცა, იმის თქმა რომ, ლურჯი ჩიპის აქციების შეძენა სრულად ურისკოა ნამდვილად შეუძლებელია. მაგალითად 2008 წლის ეკონომიკური კრიზის დროს რამდენიმე კომპანია, რომელიც აქამდე ლურჯი ჩიპის კომპანიად მიიჩნეოდა გაბანკროტდა. მაგალითად General Motors და Lehman Brothers, ასევე რამდენიმე ევროპული ბანკი. ეს ამტკიცებს, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს ბაზრის ლიდერებიც კი არ არიან დაზღვეული გაბანკროტებისგან.  მაშინ რატომ უნდა ჩადოთ ფული ლურჯი ჩიპის აქციებში?

რატომ მიიჩნევა ლურჯი ჩიპის აქციები კარგ ინვესტიციად?

პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ლურჯი ჩიპის აქციები კარგია მრავალფეროვანი პორტფოლიოსთვის. ინვესტორები, როგორც წესი, არ ყიდულობენ მხოლოდ ლურჯი ჩიპის აქციებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ აქვთ სხვადასხვა ტიპის აქციები, რომელთაგან, რამოდენიმე სწორედ ლურჯი ჩიპის აქციაა. გამოცდილი ინვესტორები არ ურჩევენ დამწყებებს რომ მთელი მათი ფული მხოლოდ ლურჯი ჩიპის აქციებში დააბანდონ.

  • ლურჯი ჩიპის აქციები ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ინვესტივიად გრძელვადიანი ინვესტირებისათვის. შესაბამისად, თუ მზად ხართ გრძელვადიანი ინვესტიციებისათვის, შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ ისინი, რადგან ისტორიულად ასეთი აქციები აჩვენებენ მაღალ მოგებას ინვესტიციაზე გარკვეული ვადის შემდეგ.
  • რამდენადაც ლურჯი ჩიპის აქციები ეკუთვნის კომპანიებს, რომლებიც, როგორც წესი, ეკონომიკური კრიზისის დროსაც ინარჩუნებს მოგებას, შესაბამისად ასეთი აქციები შეიძლება სტაბილური შემოსავლის წყარო იყოს ინვესტორებისათვის.
  • ლურჯი ჩიპის აქციების მქონე ინვესტორები, როგორც წესი, კრიზისების დროსაც მშვიდად არიან. ისეთ კომპანიებს, როგორიცაა კოკა კოლა ან კატერპილარი ძლიერი მენეჯმენტი ყავს, რომელთაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ შიდა თუ გარე კრიზისებს.
  • როდესაც ბაზარი შედის დათვურ კონდიციაში, ლურჯი ჩიპის აქციების მქონე ინვესტორებს შეუძლიათ არ იღელვონ, მაშინაც კი, როდესაც აქციების ფასი ეცემა, რამდენადაც ასეთ კომპანიებს რეგენერაციის უნარი აქვთ და ყოველთვის იბრუნებენ საწყის ფინანსურ მდგომარეობას. ამასთანავე, ლურჯი აქციების ფასი სტაბილურია, დიდად არ მერყეობს და კომპანიები ხშირად გასცემენ მაღალ დივიდენდებს ინვესტორებზე, იმისათვის რომ მათი ფინანსური მდგომარეობა არ გაუარესდეს.

უნდა დააბანდოთ თუ არა ფული ლურჯი ჩიპის აქციებში

როგორც ავღნიშნეთ, ლურჯი ჩიპის აქციები მიიჩნევა ფულის დაბანდების ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საშუალებად. თუმცა, 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა კრიზისი ასეთ კომპანიებსაც შეეხოს, თანაც ძალიან მძარფრად. სწორედ ამიტომ, ლურჯი ჩიპის აქციები ბრმად არ უნდა შეიძინოთ მხოლოდ და მხოლოდ მათი სტატუსის გამო, საჭიროა გაითვალისწინოთ ბევრი გარემოება, გამოიყენოთ ფუნდამენტური ანალიზი და დარწმუნდეთ, რომ აქციების შეძენა ნამდვილად ღირს.  თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი აქციები ნამდვილად არ კარგავენ აქტუალობას. რამდენადაც აქციები ეკუთვნის ძლიერ, დროში გამოცდილ კომპანიებს, რომელთაც ძლიერი მენეჯმენტი და კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, ინვესტორებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ და დივიდენდებიც მიიღონ. თუმცა, ლურჯი ჩიპის აქციები არ არის განკუთვნილი მოკლევადიანი ინვესტირებისათვის, ასევე ინვესტორები არ ურჩევენ სხვა ინვესტორებს ჰქონდეთ მხოლოდ ლურჯი აქციების პორტფოლიო, რანდენადად ის განკუთვნილია უფრო მრავალფეროვანი სავაჭრო პორტფოლიოებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *