ახალი ქართული ავიაკომპანია გამოდის ასპარეზზე

ახალი ქართული ავიაკომპანია გამოდის ასპარეზზე post thumbnail image

ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს ახალი საავიაციო კომპანია, სახელად EASY Charter. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიაზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გასცა. ამ მოწმობის მეშვეობით, ამ ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე, EASY Charter-ის საკუთრებაში ერთი ერთეული Airbus A300B4-203 საჰაერო ხომალდი იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო პერსონალით არის დაკომპლექტებული.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს ავიაკომპანია ასევე განახორციელებს ჩარტერულ სატვირთო ავიაგადაზიდვებსაც. ეს განსაკუთრებით მნიშველოვანია იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მსოფლიოში სატვირთო ავიარეისებზე მოთხოვნა გაიზარდა. სამედიცინო და ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთის დროული და შეუფერხებელი ტრანსპორტირების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) მოუწოდებს სახელმწიფოებს, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ კარგო გადაზიდვებს.

აღსანიშნავია რომ აღნიშნული ტიპის ოპერირებაში აქტიურად არის ჩართული ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky. ახალი ავიაკომპანიის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესი და მისი ფინანსური მდგომარეობის შეფასება სააგენტოს მიერ წარიმართა შეუფერხებლად, პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად. რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია ძალიან მალე სრულიად მზად იქნება იმისათვის, რათა განახორციელოს სხვადასხვა დანიშნულების ფრენები და შეიტანოს თავისი წვლილი ეკონომიკის გაძლიერებასა და ამ სფეროს განვითარებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *