ახალი გარემოსდაცვითი რეგულაციები ბიზნესისთვის
ნებისმიერი ტიპის ბიზნესს გავლენა აქვს გარემოზე. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესებს ამ კუთხით მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კანონი და ინსტიტუტი არეგულირებს, გავლენის ნეგატიური ხასიათი კვლავ უცვლელი რჩება. გამონაკლისი არც საქართველო და მისი ბიზნეს გარემოა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით, საქართველოში შედარებით მსუბუქი სიმწვავის ეკოლოგიური პრობლემები იჩენს თავს, დროული რეაგირება უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკოლოგიურ და ბიზნეს გარემოს სამომავლო მდგომარეობას, რომ არ ვისაუბროთ საზოგადოებასა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ქართული ბიზნესის ნეგატიური გავლენა გარემოზე საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იწყება. მოგეხსენებათ, ამ პერიოდისთვის საქართველოში აშენდა რამდენიმე მასიური წარმოების ქარხანა. მათგან გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო ქუთაისის ავტოქარხანა, რუსთავის მეტალურგიული და თბილისის საავიაციო ქარხნები. მსგავსმა წარმოებამ თავიდანვე მალევე საფრთხე შეუქმნა გარემოსა და მის ეკოლოგიურ სისფუთავეს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ქარხნებმა მუშაობა შეწყვიტეს, თუმცა ბიზნეს გარემოს განვითარებასთან ერთად კვლავ დღის წესრიგში დადგა ბიზნესისა და ეკოლოგიის ნეგატიური ურთიერთქმედება. მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის ქვეყანა არ გამოირჩევა ინდუსტრიული საწარმო ქარხნების რაოდენობით, ნარჩენების არაეფექტური მართვისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობის ფონზე, მნიშვნელოვნად იმატა ეკოლოგიურმა პრობლემებმა. აღნიშნულში უნდა გამოიკვეთოს ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება და გარემოს ნარჩენებით დაბინძურება.
საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2023 წლიდან კი დამატითი შეზღუდვები დაწესდა ბიზნესის მიმართ რამაც მეტად გაზარდა კომპანიათა პასუხისმგებლობა იზრუნონ გარემოზე და აწარმოონ პროდუქცია სუფთად. სწორედ აღნიშნულზე ვისაუბრებთ სტატიაში, სადაც ასევე ყურადღებას გავამახვილებთ კონკრეტულ ზიანზე, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის არა მარტო გარემოს არამედ საქართველოს მოსახლეობასაც.
ეკოლოგიური პრობლემები, გამოწვეული არასწორად მართული ბიზნესისგან
ბიზნეს გარემოს განვითარება ქვეყნისთვის სასიხარულოა, თუმცა ეკონომიკური ზრდა არ უნდა იყოს ერთადერთი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის. აუცილებელია ერთი სექტორის განვითარება არ იწვევდეს სხვა სფეროს დაზიანებას. საქართველოს ბიზნეს სფეროს მხრივ კი სწორედ ეს უარყოფითი ტენდენცია იკვეთება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო კვლევები საგანგაშო მაჩვენებლები ამ ტენდენციის სიმწვავეს ნათლად ადასტურებს. კონკრეტულად საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილს იკავებს 100 000 მოსახლეზე ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილის დონით. პირველ ადგილს ამ რეიტინგში, ჩრდილოეთ კორეა იკავებს. ეკოლოგიური პრობლემების სხვა მაჩვენებლებში საქართველო ტოპ ხუთეულში აქტიურ პოზიციას კვლავ ინარჩუნებს. შესაბამისად, იქნება ეს საჯარო თუ კერძო ბიზნესი, ის მნიშვნელოვნად აბინძურებს გარემოს რაც ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურებით არის გამოწვეული.
მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დადანაშაულება არასწორია რადგან არანაკლებ როლს თამაშობს კომპანიების მხრიდან სადისტრიბუციო ტრანსპორტის გაუმართაობა და ისეთი ბიზნესები, როგორიცაა თევზის გადამამუშავებელი საწარმოები, ცემენტის და ფეროდშენადნობთა ქარხნები, სასაკლაოები, კომპანიები რომლებიც ნაგვის და ნარჩენების მართვაზე არიან პასუხისმგებელნი, სამედიცინო წარმოების ქარხნები, სარესტორნო და სასტუმრო სექტორები და სხვა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მწვავეა ნიადაგის და წყლის დაბინძურების კუთხით, რაც საქართველოს ტურისტულ ქალაქებში გასაოცრად მწვავე პრობლემაა.
როგორც ავღნიშნეთ, ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, დღის წესრიგში დგას ნარჩენების მართვის პრობლემაც. საქართველოში ეს სფერო შეიძლება ერთი სიტყვით დახასიათდეს – არაორგანიზებული. ნაგავსაყრელები კრიტიკულად არ შეესაბაბემა კანონით დაშვებულ ნორმებს და მისი ინფრასტრუქტურა საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იმისთვის, რომ ნარჩენების სწორი და ეფექტური მართვა მოხდეს, საჭიროა მაღალი დანახარჯები. ამის მაგივრად კომპანიებს ურჩევნიათ დაზოგონ ფინანსები და შედარებით მარტივი და გარემოსთვის საზიანო გზებით მართონ წარმოების ნარჩენები.
ნაგავსაყრელთა ინფრასტრუქტურის არარსებობა უდიდესი პრობლემაა. საქართველოში ამ მხრივ არასწორი სტრატეგიაა დანერგილი. ქალაქებში დაგროვებული ნარჩენების გატანა ხდება ქალაქთან ახლოს, ღია ცის ქვეშ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე. ხშირად ეს ნარჩენები მეტად დიდ ტერიტორიაზე იფანტება ქარისა და ამინდის გამო, რაც ახლომდებარე დაბებს მნიშვნელოვანი დისკომფორტისა და საფრთხის წინაშე აყენებს.
მორიგი შეცდომა, რაც აუცილებელია მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული არის ამ ნარჩენების ნიადაგში დამარხვა. ეს ასევე უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს რადგან მნიშვნელოვნად აზიანებს და აბინძურებს ნიადაგს. მოწამლული ნიადაგი კი თავისთავად ნიშნავს მოწამლულ მიწისქვეშა წყლებს, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი რესურსია. აღსანიშნავია ისიც, რომ სამწუხაროდ საქართველოს უმეტეს ნაწილში, საკანალიზაციო მილები არასწორად არის გაყვანილი, რაც ასევე ხელს უშლის ნარჩენების ეფექტურ მართვას.
რაც შეეხება კერძო ბიზნესის აღნიშნულში მონაწილეობას, ეს ძირითადად ტურისტულ სექტორში მომუშავე კომპანიებს აერთიანებს. კვების ობიექტები და სასტუმროები მარტივ გზებს ირჩევენ ნარჩენების მართვისთვის. თუ ობიექტი წყალთან ახლოს მდებარეობს, ისინი მთელს ნარჩენებს პირდაპირ მდინარეში, ტბასა თუ ზღვაში უშვებენ, რაც სავალალო საფრთხის რისკს ზრდის. შესაბამისად, უპასუხისმგებლო და არაორგანიზებულად მართული საჯარო და კერძო ბიზნესის გამო, საქართველოში უკვე მნიშვნელოვნად დაზიანდა და დაბინძურდა მიწისქვეშა, ისევე როგორც მიწისზედა წყლები და ნიადაგი.
ბიზნესს ეკოლოგიური ზიანის მინიჭების კუთხით, ახალი პასუხისმგებლობა ენიჭება
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საკანონმდებლო დადგენილებები თუ შეზღუდვები ბიზნესს 2023 წლამდეც ავალდებულებდა ეკო-მეგობრული საქმიანობის წარმართვას, 2023 წლის ივნისიდან ეს ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. კერძოდ, 2023 წელს დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაციის სრული იმპლემენტაცია, რომელთა მიზანი სამრეწველო კომპანიებისთვის გარემოსადმი მიყენებული ზიანის რისკის დაზღვევაა. აღნიშნული რეგულაციები დაემატება “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონის მუხლებს და დააკისრებს მსგავსი ტიპის საწარმოებს დააზღვიონ მათი გავლენა გარემოზე და შეიძინონ რელევანტური სადაზღვეო პოლისი. შესაბამისად, კერძო ბიზნეს სექტორს დამატებითი ფულადი რესურსების გათვალისწინება მოუწევთ, რათა იურიდიულად მათ საქმიანობას საფრთხე არ შეექმნას.
აღსანიშნავია რომ ახალი რეგულაციები შეეხება ყველა ტიპის მსხვილ საწარმოს და დამატებით იმ კომპანიებს, რომლებსაც მფლობელობაში აქვთ ნებისმიერი სახის გარემოსდაცვითი ნებართვები სახელმწიფოსგან. ამ ტიპის ბიზნესებს მოუწევთ დააზღვიონ საკუთარი საქმანობა და აქტიურად ჩაერთნონ გარემოსდაცვით აქტივობებში, რათა აღმოფხვრან მათ მიერ მიყენებული ზიანი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანსილაშვილის განცხადებით, 2023 წელს ასევე იგეგმება გარემოსდაცვითი ფონდის შექმნა.
ეს იქნება დამატებითი მატერიალური ვალდებულება კომპანიებისთვის. ფონდში აკუმულირდება თითოეული კომპანიისგან სავალდებულო წესით გაღებული თანხა და შემდგომში სრული ოდენობა მოხმარდება სხვადასხვ გარემოსდაცვითი პროექტების და აქტივობების განხორციელებას. შესაბამისად, თუ ადრე საწარმოო კომპანიების კორპორაციულ პასუხისმგებლობაშიმ ნებაყოფლობითი იყო გარემოსდაცვითი აქტვიობებისთვის ფულადი რესურსების გაღება, რაც მეტი წილა მარკეტინგის და რეპუტაციის გაუმჯობესების მიზნით ხდებოდა, ახლა ამ ტიპის საწარმოებს უკვე ვალდებულების სახით მოუწევთ გარემოზე ზრუნვა.
რაც შეეხება დამატებით რეგულაციებს, საქართველო 2023 წლისთვის ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგოდ დამატებით ზომებს მიიღებს. კონკრეტულად, აიკრძალება ისეთი დიზელის ტიპის საწვავის იმპორტი, რომელიც არ შეესაბამება ევრო 5-ის სტანდარტებს. აღნიშნული კანონი ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა. სამინისტროს განცხადებით, რეგულაცია შეეხო მხოლოდ დიზელის ტიპის საწვავებს, რადგან ბენზინის მხრივ საჭირო ზომები უკვე მიღებულია და მისი ხარისხის მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობას.
ასევე 2023 წელს გამკაცრდება ავტომობილების შემოწმების წესი გამონაბოლქვის კუთხით. აღნიშნული გაერთიანებული იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან და მოიცავს მაქსიმალურ მონიტორინგს იმ ავტოტრანსპორტისა, რომელსაც ახასიათებს ვიზუალური გამონაბოლქვი. საწარმოები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ რეგულაციებს არ დაიცავენ, დაჯარიმდებიან და მათ ბიზნესს სერიოზული საფრთხე შეექმნება.