ბაზარზე ლარის კურის მერყეობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხსნის

ბაზარზე ლარის კურის მერყეობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხსნის post thumbnail image

ლარის კურსის ბედი დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი თავსატეხია და მოსახლოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევაც გაურკვევლია თუ რას აკეთებს ეროვნული ბანკი იმისთვის, რომ პანდემიის პოსტ-კრიზისულ პერიოდში ლარის კურსი სტაბილურად გამყარდეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ დოლარი პანემიის შემდეგ პირველად 3-ლაზე დაბლა ჩამოვიდა. ამის თაობაზე ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესაუბრა და მოსახლეობისთვის ლარის კურის ამჟამინდელი მდგომაორების ახსნა სცადა. კობა გვენეტაძემ მომხდარტან დაკავშირებით კომენტარი ფეისბუქის მეშვეობით გააკეთა.

„ვალუტის კურსი, ანუ ერთი ვალუტის მეორე ვალუტით გამოსახული ფასი, სავალუტო ბაზარზე ყალიბდება, სადაც ვალუტას ზოგი ყიდის, ზოგიც კი, ყიდულობს. არსებობს მოსაზრება, რომ ვალუტის კურსის ფორმირება ბანკების მიერ ხდება, რადგანაც სწორედ ისინი ყიდიან და ყიდულობენ ვალუტას, თუმცა, ეს ბოლომდე ასე არ არის. ბანკები ვალუტას თავისი საჭიროებისთვისაც (ვალდებულებების გასტუმრება, სესხების გაცემა, სხვა საოპერაციო საჭიროებები) ყიდულობენ/ყიდიან, მაგრამ ამას, უმეტესწილად, კლიენტების დავალებით აკეთებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტაზე მოთხოვნა/მიწოდება ბაზრის მონაწილეთა მიერ იქმნება. ბაზრის მონაწილეები კი ათასობით კომპანია და ფიზიკური პირები – ჩვეულებრივი მოქალაქეებიც – არიან.

ბუნებრივია, რომ მონაწილეთა სიმრავლის გათვალისწინებით, შეუძლებელია, დროის კონკრეტულ მომენტში ბაზარზე ყიდვის და გაყიდვის მსურველთა ჯამური თანხები ყოველთვის ერთმანეთს დაემთხვეს და ვალუტის მიწოდებამ მოთხოვნა ყოველთვის დააბალანსოს. რეალურ ცხოვრებაში ჭარბობს ხან ვალუტის მიწოდება, ხანაც – მოთხოვნა, და სწორედ ეს დისბალანსი იწვევს კურსის ცვლილებას ისე, რომ ახალ კურსზე მოთხოვნა/მიწოდება კვლავ ერთმანეთს გაუტოლდეს.

კურსის კორექტირების ზემოაღნიშნული პროცესი მყისიერი არაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კურსი ერთი ნიშნულიდან მეორე ნიშნულისკენ წრფივად არასოდეს მოძრაობს. თავისუფალი ბაზრის პირობებში, გაუფასურების ეპიზოდში კურსი ჯერ ზედმეტად უფასურდება, შემდეგ ზედმეტად მყარდება და ა.შ., სანამ ახალ ნიშნულს არ მიაღწევს. კურსის ასეთ ტრაექტორიას თავისუფალი ბაზრის ქცევა განაპირობებს შემდეგნაირად:

დავუშვათ, ვალუტაზე მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ამ დროს კურსი გაუფასურებას იწყებს. ის, ვისაც ამ დროს ლარი სჭირდება, ვალუტის გაყიდვისაგან თავს იკავებს, რადგანაც უკეთეს ფასს ელოდება და, შედეგად, ვალუტის მიწოდება მცირდება. ის კი, ვისაც ვალუტა საყიდელი აქვს, ცდილობს ვალუტა რაც შეიძლება სწრაფად იყიდოს, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტის გადახდა არ მოუწიოს და, შედეგად, ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება. როგორც ხედავთ, კურსის კორექტირების საწყის ეტაპზე, დისბალანსი მოთხოვნას და მიწოდებას შორის შემცირების ნაცვლად იზრდება, რაც კურსს კიდევ უფრო აუფასურებს, და ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ, რაღაც მომენტში, მიწოდების მხარე ჩათვლის, რომ ლარი მეტად აღარ გაუფასურდება. ამ დროს ის, ვისაც ლარი სჭირდება, ვალუტის გაყიდვას იწყებს, ანუ ვალუტის მიწოდება იზრდება. შედეგად, ლარი გამყარებას იწყებს და ვითარებაც საპირისპიროდ იცვლება. ამავე დროს ის, ვისაც ვალუტა აქვს საყიდელი, თავს იკავებს და ელოდება იმ მომენტს, როდესაც ლარი კიდევ უფრო გამყარდება, ანუ მოთხოვნა მცირდება. მიწოდების ზრდა და მოთხოვნის კლება ლარის კიდევ უფრო გამყარებას იწვევს. რაღაც მომენტში უკვე მოთხოვნის მხარე ჩათვლის, რომ ლარი ზედმეტად გაძვირდა, ვალუტის გაყიდვას შეწყვეტს და ამ მომენტში გამყარება ჩერდება. ეს პროცესი, მართალია კლებადი ამპლიტუდით, მაგრამ ახალი წონასწორული კურსის მიღწევამდე, შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს. თანდართულ დიაგრამებში სწორედ ეს პროცესია ასახული, როგორც გაუფასურების, ისე გამყარების შემთხვევაში. ეს პროცესი მუდმივად ხდება და მას ის თავისებურება ახასიათებს, რომ რაც უფრო განვითარებულია ბაზარი და მრავალია მონაწილე, მით უფრო იზრდება ამ პროცესის სიხშირე, თუმცა, მცირდება ამპლიტუდა. უფრო ნაკლებად განვითარებულ და მეჩხერ ბაზარს კი, უფრო იშვიათი, მაგრამ უფრო მაღალი ამპლიტუდით მერყევი კურსი ახასიათებს“, – წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *