ესბ: ევროკავშირის ახალი ოფისები საქართველოში

ესბ: ევროკავშირის ახალი ოფისები საქართველოში post thumbnail image

2021 წლის 1 მარტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, გახსნეს ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური ოფისი. გარდა ამისა, ჰოიერმა ხელი მოაწერა ახალ სესხს ლიბერთი ბანკთან, რომელიც შეადგენს ჯამში 17.5 მილიონ ევროს და რომელიც კოვიდ-19-თან გამკლავებასა და შესაბამისი ზომების მიღებას ემსახურება.

ახალი ოფისი იქნება თანამედროვედ მოწყობილი, ახალი ენერგიით დატვირთული შენობა, სადაც სულ იმუშავებს 60 თანამშრომელი. შენობის ზუსტი ლოკაცია კი არის საქართველოს დედაქალაქ თბილისის, ილია ჭავჭავაძის გამზირის 64 ნომერი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2 მარტს განცხადება twitter-ზეც განათავსა, სადაც წერია, რომ საინვესტიციო ბანკი ძალიან ამაყობს აღნიშნული ფაქტით. ,,ეს არის იმის ნათელი მაგალითი, ევროკავშირი და მისი ბანკი ერთობლივად როგორ უზრუნველყოფენ საქართველოს განვითარებას და კოვიდ-19-სგან გამოწვეული პანდემიისგან თავის დაღწევას.” ეს იმის მანიშნებელია, რომ ევროპის გუნდი მხარს უჭერს საქართველოს გამოჯანსაღებას მოცემული სუსტი ეკონომიკური მდგომარეობიდან. ისინი იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესი შეძლებს გაუმკლავდეს პანდემიის გამოწვევებს და შეინარჩუნოს სიმტკიცე, მოქალაქეებისთვის დასაქმებული ადგილები და ლიკვიდურობა. ეს კი საბოლოო ჯამში, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს აღიდგინოს ძალები და დაძლიოს ეს ურთულესი კრიზისი, რომელიც ამჟამად მსოფლიოში მძვინვარებს.

საინვესტიციო ბანკისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტების განცხადება

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიჩელმა განაცხადა, რომ  საქართველოში ოფისის გახსნის დღე არის ძლიერი სიგნალი ევროპული კოოპერაციისთვის და ამასთან, ევროპული გუნდის მხარდაჭერის მნიშვნელობის ხაზგასმა. ,,ევროკავშირისთვის საქართველოსთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ, აუცილებლად მიმაჩნია გამოვხატო ჩემი მეგობრული და პოლიტიკური ნება და ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ამ ქვეყანასთან ურთიერთობები.”- თქვა ჩარლზ მიშელმა.

გარდა ამისა, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტის, ვერნერ ჰოიერის თქმით, წინა წელს ევროპამ საქართველოს კოვიდ-19-თან გასამკლავებლად 170 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება გაუწია, საიდანაც 70 იყო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ხოლო დანარჩენი 100 მილიონი ევრო იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო ეროვნული ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობები და უკეთ გამკლავებოდა ქვეყანა პანდემიას. დღეს კი ევროპის საინვესტიციო ბანკმა გაზარდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განკუთვნილი დახმარება და სესხების ოდენობა, ამასთან, ეს არის პირველი სესხი, რომელიც ევროკავშირის ბანკმა საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გადასცა. საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტის, ვერნერ ჰოიერის განცხადებებში აშკარად ჩანდა ევროკავშირისგან საქართველოსთვის გადაუდებელი დახმარების მიწოდების კრიტიკული მნიშვნელობა. მისი თქმით, ეს ორმხრივი კოოპერაცია საქართველოს ევროპის გუნდთან კიდევ უფრო დააახლოვებს და ურთიერთობას ბევრად უფრო ეფექტურს გახდის. საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარება მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროპისთვის, ამიტომაც ესბ მზად არის გვერდში დაუდგეს ქვეყანას კოვიდ-19 თან ბრძოლის დროს და ხელი შეუწყოს მას კრიზისის დაძლევაში. ჰოიერის აზრით, ევროკავშირის ინიციატივები მიზანმიმართულია არამხოლოდ პანდემიასთან საბრძოლველად, არამედ კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად და მდგრადი განვითარებისთვის, ეს ყოველივე კი ხელს შეუწყობს ქვეყანას გაიხსნას უფრო მეტი ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები და აღდგეს მისი ეკონომიკური მდგომარეობა. ამისათვის კი, როგორც საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი იუწყება, მათი დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება შემდეგი თვეებისა და წლების განმავლობაში.

საქართველოში ყოფნისას ჰოიერი ასევე შეხვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრს- ივანე მაჭავარიანს, ეკონომიკის მინისტრს- ნათია თურნავას და ინფრასტრუქტურის მინისტრს- ირაკლი ქარსელაძეს. ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჰოიერს ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებისთვის და საქართველოს სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის, რადგანაც მისი თქმით, ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, ასევე მისი კონკურენტუნარიაონობის გაძლიერებისთვის. საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, რომელმაც შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ახლო ბიზნეს ურთიერთობებს აღნიშნულ ორ ბანკს შორის. ორივე მხარემ დიდი იმედი გამოთქვა, რომ კოოპერაციები მომავალშიც გაგრძელდება და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

შეჯამება

2021 წლის 1 მარტს საქართველოში, თბილისში გაიხსნა ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური ოფისი. ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტებმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს შეხვედრაზე. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოს სოციალური თუ ეკონომიკური განვითარებისთვის, ქვეყანას გაუწიეს ფინანსური დახმარებაც, რათა ის პანდემიის გამოწვევებს უკეთ გამკლავებოდა. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ ევროპის გუნდი საქართველოს გვერდით დგას ამ კრიტიკულ სიტუაციაში და ისინი მზად არიან ნებისმიერი სახის კოოპერაციისთვისა და ურთიერთობებისთვის მომავალში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *