სიმართლე ქოლ ცენტრების სამსახურის შესახებ

სიმართლე ქოლ ცენტრების სამსახურის შესახებ post thumbnail image

სამსახურის ძიება დამღლელი პროცესია. ყოველდღიური ვიზიტები ვაკანსიების საიტებზე რომ რაიმე საინტერესო არ გამოგრჩეთ და CV-ების დაგზავნა ყველა ვაკანსიაზე რომელიც ასე თუ ისე საინტერესოა თქვენთვის. თუ ეს პროცესი გამოგივლიათ აუცილებლად შეამჩნევდით, რომ საიტებზე რომლებიც ვაკანსიების განთავსებისთვის არის განკუთვნილი ძალიან ბევრი ვაკანსიაა გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე. ასეთი ვაკანსიები მუდმივად ახლდება. ახლაც, როდესაც ამ სტატიას ვწერ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართულ საიტზე სამსახურის მაძიებელთათვის პირველი 50 ვაკანსიიდან 15 სწორედ გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციისთვისაა. თუ თქვენც შეგიმჩნევიათ ასეთი ვაკანსიების სიმრავლე და გაინტერესებთ მათ შესახებ, ან გქონიათ ამ კომპანიებისთვის თქვენი CV-ის გაგზავნის სურვილი წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ სიმართლე ამ კომპანიებისა და გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციების შესახებ.

ვაკანსიები გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე

დასაქმების საიტებზე ძირითადად შეხვდებით ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი გაყიდვების წარმომადგენლების ვაკანსიებს, თუმცა შეიძლება შეგხვდეთ სხვა ენის მოთხვონებიც, მაგალითად რუსული, იტალიური, არაბული და სხვა. ასეთი ვაკანსიები სამუშაო აღწერილობით, საკვალიფიკაციო მოთხოვნებითა და სხვა კონტენტით ძალიან გავს ერთმანეთს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი ერთმა კომპანიამ შეადგინა და მას შემდეგ ამ ფორმატით ყველა სარგებლობს. ზოგიერთ შემთხვევაში ვაკანსიის სახელწოდება შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგალითად გაყიდვების წარმომადგენლის ნაცვლად მითითებული იყოს გაყიდვების აგენტი, კონვერტაციის ან კლიენტების შენარჩუნების აგენტი და სხვა. თუმცა აზრობრივად ყველა ვაკანსია ერთია და შესაბამისად სამუშაო, რომლის შესრულებაც მოგიწევთ თუ მსგავს კომპანიაში დასაქმდით -ერთი და იგივეა. მოდით ვნახოთ რას სთავაზობენ კომპანიები დაინტერესებულ პირებს და რას საქმიანობენ ეს კომპანიები.

ვაკანსიებში არასდროსაა მითითებული იმ კომპანიის აღწერა რომელიც აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე. ასევე პირდაპირ არაა აღწერილი კომპანიის საქმიანობა და დასაქმებული ადამიანების მოვალეობები.  ასეთ ვაკანსიებში ხშირად შეხვდებით ერთი და იმავე აღწერილობას, მაგალითად თითქმის ყველა მათგანს აქვს მითითებული კომპანიაში მუშაობის შემდეგი უპირატესობები:

  • კარგი სამუშაო ატმოსფერო
  • ახალგაზრდა, მოტივირებული, ხშირ შემთხვევაში ინტერნაციონალური გუნდი
  • ოფისი თბილისის ცენტრში
  • კორპორატიული ივენთები და აქტივობები
  • უფასო ტრენინგები გამოცდილი და კვალიფიკაციური უცხოელი ტრენერებისაგან
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა

და რაც მთავარია ბონუსები, ბონუსები და ბონუსები. ასეთი კომპანიები ყოველთვის მიუთითებენ სახელფასო განაკვეთს, ზოგიერთ ვაკანსიაში მითითებულია რომ ნეტ ხელფასი 600 ლარია, ზოგან აღნიშნულია რომ ხელფასი 1000 დოლარია, ასევე ყველა ვაკანსიაში ხაზგასმულია რომ კომპანიაში მაღალი ბონუსებია.

ვაკანსიებში აღნიშნულია, რომ ასეთი კომპანიები ეძებენ ახალგაზრდა, ენერგიულ, დინამიურ, მიზანდასახულ ადამიანებს, რომელთაც აქთ სურვილი გამოიმუშაონ ფული და ზოგადად არიან ფულზე ორიენტირებულები.  ვაკანსიაში იშვიათად არის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მითითებული.  თუ ასეთი მითითებულია საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს ინგლისური (ან სხვა რომელიმე ენის ცოდნას) და ფინანსური ბაზრის შესახებ ინფორმაციის ფლობას (ფორექსი, ბინარული ოფიცონები, კრიპტოვალუტა).

ვაკანსიები ხშირად იდებ რადგან კომპანიას მუდმივად ჭირდება კადრები, რამდენადაც აყვანილი ადამიანების უმრავლესობა მალევე ტოვებს სამსახურს. თუ რატომ, ამას მიხვდებით მას შემდეგ რაც წაიკითხავთ რას საქმიანობენ ეს კომპანიები კონკრეტულად და რა ევალებათ გაყიდვების წარმომადგენლებს.

რას საქმიანობენ ასეთი კომპანიები?

ზოგიერთი ვაკანსია აღნიშნავს რომ სამუშაო ეხება ფინანსურ ბაზარს, თუმცა არ აკონკრეტებს რა არის მათი საქმიანობა ფინანსურ ბაზარზე. ეს კომპანიები ნამდვილად ოპერირებენ ფინანსურ სექტორში თუმცა არც თუ ისე კეთილსინდისიერად.

ეს კომპანიები წარმოადგენენ უცხოური კომპანიების ფილიალებს საქართველოში. სიმართლე რომ ითქვას, რთულია იმის დადგენა რომელი ქვეყნიდან იმართებიან ისინი და ხშირად ეს ინფორმაცია თანამშრომლებსაც არ აქვთ. ამ კომპანიების ძირითადი საქმიანობა ადამიანებისათვის ინვესტიციების შეთავაზებაა. ისინი სთავაზობენ ფულის ჩადებას და ფორექსით, ბინარული ოფციონებით, კრიპტოვალუტითა და სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებით ვაჭრობას.
აი როგორია მათი სამუშაო სქემა:

ყველა ასეთ კომპანიას აქვს “პოტენციურ” კლიენტთა მონაცემები. ეს მონაცემები ძირითადად მოიცავს პოტენციური კლიენტის სახელს და გვარს, საცხოვრებელ ქვეყანასა და ტელეფონის ნომერს. სიტყვა პოტენციური ბრჭყალებშია ჩასმული რადგან სინამდვილეში ეს პირები სულაც არ არიან დაინტერესებული ამ კომპანიის მომსახურებით. კომპანიები ყიდულობენ პოტენციური კლიენტების მონაცემებს სხვადასხვა პროვაიდერებისაგან. ეს მონაცემებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან. ზოგიერთი კომპანია ყიდულობს ხარისხიან მონაცემებს, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანები მართლაც არიან დაინტერესებულები ინვესტიციით და საკუთარი მონაცემები დატოვეს შესაბამის საიტებზე. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მონაცემთა ბაზა შედგება შემთხვევითი ადამიანების პერსონალური მონაცემებისაგან.

მონაცემთა ბაზა ძირითადად მოიცავს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროპაში და ავსტრალიაში მცხოვრები ადამიანების ტელეფონის ნომრებს. მოკლედ რომ ვთქვათ, მსგავსი ქოლ ცენტრების მიზნობრივი აუდიტორია განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები არიან რადგან მათ როგორც წესი დანაზოგები აქვთ რისი ინვესტირებაც შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ეს კომპანიები სთავაზობენ დასაქმებულ პირებს სხვადასხვა დროით მონაკვეთებში მუშაობს, ეს დროები მორგებულია მოცემული ქვეყნების დროის სარტყელს. რა თქმა უნდა, ამგვარი ქოლ ცენტრები და იქ მომუშავე გაყიდვების წარმომადგენლები არ ამხელენ რომ პოტენციურ კლიენტებს საქართველოდან ურეკავენ და შერჩეული აქვთ  უცხოური სახელები, რითიც საუბრის დროს ეცნობიან.

სამწუხაროდ, ეს კომპანიები არაკეთილსინდისიერ საქმიანობას ეწევიან რასაც მარტივად თაღლითობა ჰქვია. ისინი არწმუნებენ სატელეფონო კავშირის მეორე მხარეს მყოფ ადამიანებს გახსნან ანგარიში, ჩადონ ფული და პირდებიან ამ ფულის გაორმაგებას მოკლე დროში. საჭირო არაა იმის თქმა რომ ამ ფულით სინამდვილეში არავინ არ ვაჭრობს კლიენტის სასარგებლოდ. არამედ კომპანია ითვისებს თანხებს რომლებიც მინიმუმ 200 დოლარია, ზოგიერთ შემთხვევაში კი 5000 დოლარს სცდება.

ასეთი კომპანიები მრავლადაა საქართველოში ორი ძირითადი მიზეზის გამო:

  1. პირველ რიგში, იმ ქვეყნებში, რომლიდანაც ეს ქოლ ცენტრები იმართება ამ მიმართულებით მკაცრი რეგულაციაა. საქართველოში მსგავსი რეგულაციები არ არსებობს, შესაბამისად ქოლ ცენტრებიც თამამად ოპერირებენ და ატყუებენ მომხმარებლებს.
  2. მსგავსი ბიზნესის მართვა საქართველოში ძალიან მარტივი და იაფია. უძრავი ქონების ქირაობა, საოპერაციო ხარჯები და მუშახელი იაფია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ეს კომპანიები შემოსავალს დოლარში იღებენ, ხარჯებს კი ლარში იხდიან.

რა არის გაყიდვების წარმომადგენლის მოვალეობა?

იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებიც გაყიდვების წარმომადგენლების პოზიციაზე მუშაობენ გულისხმობს პოტენციურ კლიენტებთან ან უფრო სწორად რომ ვთქვათ პოტენციურ მსხვერპლთან ზარების განხორციელებას და საინვესტიციო მომსახურების შეთავაზებას. კომპანიებს აქვთ ყოველდღიური კვოტა, თუ რამდენ ადამიანს უნდა დაურეკოს ერთმა წარმომადგენელმა. ეს რიცხვი დაახლოებით 200-დან 400-მდე მერყეობს.

თუმცა მხოლოდ ზარების განხორციელება არაა სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილი. გაყიდვების წარმომადგენლები ვალდებულები არიან დაარწმუნონ ადამიანები რომ “ინვესტიცია” განახორციელონ, მიუხედავად იმისა, რომ იციან რა ტიპის ინვესტიციაზეა სინამდვილეში საუბარი. მათ არ აქვთ უფლება ზარი გაუთიშონ კლიენტს და იძულებულები არიან ყველა შესაძლო ხერხით დაარწმუნონ ის.

აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ როგორ არიან ამგვარი ზარების მიმართ განწყობილი ეგრეთწოდებული პოტენციური კლიენტები. ისინი დღეში რამოდენიმე ასეთ ზარს იღებენ და მათ უმრავლესობამ კარგად იციან რომ პიროვნება რომელიც ესაუბრება სულაც არ არის ინგლისელი ან ამერიკელი და რომ რასაც სთავაზობენ სრული თაღლითობაა. ზოგიერთი მათგანი იმდენად მობეზრებულია ასეთი ზარებისგან რომ საკმაოდ აგრესიულია საუბრის დროს.

როგორია სამუშაო სიტუაცია ასეთ ქოლ ცენტრებში?

როგორც ხედავთ არც სამუშაო აღწერილობა და არც კომპანიის საქმიანობა არ შეესაბამება იმას, რაც მოცემულია ვაკანსიაში. გამონაკლისი არც სამუშაო პირობებია.

ქოლ ცენტრების უმრავლესობა საბურთალოზეა, ძირითადი ლოკაციები ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ქავთარაძის ქუჩაზე და ნუცუბიძის პლატოზეა. სამუშაო სივრცე ყველა თანამშრომლისათვის საერთოა რაც ნიშნავს რომ 10 დან 30 მდე ადამიანი ერთ სივრცეში ზის და გამუდმებით ტელეფონზე ლაპარაკობს. ამას ემატება ისიც, რომ ფონად მუდმივად ხმამაღალი მუსიკაა. შესაბამისად ასეთ ქოლ ცენტრებში მუშაობა ძალიან სტრესულია.

რაც შეეხება ანაზღაურებას, როგორც ზემოთ ავღნიშნე ზოგიერთ ვაკანსიაში მითითებულია 500 ლარი + ბონუსები, ზოგან 1000 და მეტი ლარი, ზოგან კი ხელფასი მითითებულია დოლარში. სინამდვილეში, ფიქსირებული ხელფასი დაახლოებით 500 დან 800 ლარამდეა. ბონუსები დამოკიდებულია იმაზე რამდენ ადამიანს მოატყუებს გაყიდვების წარმომადგენელი და რა რაოდენობის თანხას ჩადებს მსხვერპლი. ზოგიერთი წარმომადგენელი საკმაოდ მაღალ ბონუსებს იღებს მაგალითად რამდენიმე ათას ლარს.

როგორ მიმდინარეობს დასაქმების და მუშაობის პროცესი?

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ასეთ ვაკანსიაზე თქვენი CV გააგზავნოთ, რამდენიმე დღეში დაგიკავშირდებათ კომპანიის წარმომადგენელი რომელიც ან პირდაპირ მოგიწვევთ ინტერვიუზე ან გთხოვთ 5-10 წუთის განმავლობაში გაესაუბროთ. პირი რომელიც რეკავს უაქცენტო ინგლისურით გესაუბრებათ რაც ბადებს იმის შეგრძნებას რომ კომპანიას ინგლისურენოვანი/უცხოელი მენეჯმენტი ყავს და განგაწყობთ პოზიტიურად. ამ საუბრის დროს ისინი ამოწმებენ რამდენად კარგად საუბრობთ ინგლისურად.

ინტერვიუ

ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ გიბარებენ პერსონალურ ინტერვიუზე, სადაც აუცილებლად გთხოვენ მიჰყიდოთ მოსაუბრეს კალამი. ან გიბარებენ ჯგუფურ ინტერვიუზე სადაც რამდენიმე ადამიანს ერთად ესაუბრებიან და უხსნიან როგორ მუშაობს კომპანია. (თუმცა არ აღნიშნავენ რას აკეთებს ეს კომპანია სინამდვილეში). ძირითადად სამსახურის მაძიებლებს ეუბნებიან რომ მათ უნდა გააცნონ კლიენტებს ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ. მას შემდეგ რაც დაარწმუნებენ ჩადოს ფული ეს ინფორმაცია გადაეცემა ბროკერს, რომელიც ამ ფულით ვაჭრობს, ხოლო კლიენტს ერიცხება შესაბამისი მოგება.  თუ პერსონალურ ინტერვიუზე იმყოფებით, ინტერვიუს დასრულების შემდეგ გეტყვიან რომ პასუხს რამდენიმე დღეში შეგატყობინებენ, თუმცა როგორც წესი რამდენიმე საათის შემდეგ დაგირეკავენ და შემოგთავაზებენ სამსახურს. რაც შეეხება ჯგუფურ ინტერვიუებს, იქ ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან რა ტიპის სამსახურზეა საუბარი და შეხვედრას ტოვებენ. მენეჯერი კი სთავაზობს დასაქმებას ყველას, ვინც ოთახში რჩება.

ტრენინგი

თუ შემოგთავაზეს სამსახური (ეს მხოლოდ თქვენი ინგლისურის დონეზეა დამოკიდებული) მენეჯერი დაგიბარებთ ტრენინგზე რომელიც როგორც წესი 1-2 კვირის განმავლობაში გრძელდება. ტრენინგების დროს გასწავლიან წესებს, გიხსნიან როგორ დაარწმუნოთ კლიენტი და როგორ გაახსნევინოთ სავაჭრო ანგარიში თქვენთან. ასევე, ირჩევთ სახელს რა სახელითაც უნდა გაეცნოთ ადამიანებს, რომელთაც დაურეკავთ. თუ ტრენინგი წარმატებით გაიარეთ და ქოლ ცენტრიდან გაქცევა არ მოგინდათ იწყებთ მუშაობას.

მუშაობის პროცესი

მუშაობის დროს ხართ საერთო სივრცეში სადაც მუდმივად ლაპარაკობენ და სადაც მუსიკა ბოლო ხმაზეა ჩართული. თქვენ წინ გაქვთ ტელეფონის ნომრების ბაზა და ვალდებული ხართ განახორციელოთ 200-400 ზარი და თითოეული ადამიანი დაარწმუნოთ გახსნან ანგარიში. შესაძლოა ერთი დღის განმავლობაში თქვენს ზარს არავინ უპასუხოს, პასუხისთანავე გაგითიშონ ან სულაც შეურაცხყოფა მოგაყენონ. თუ მოახერხეთ და პოტენციურ კლიენტთან საუბარი გააბით უნდა დაარწმუნოთ გახსნას ანგარიში და ჩარიცხოს ფული. თუ კლიენტი ამაზე დათანხმდა ეკითხებით არის თუ არა კომპიუტერთან, დადებითი პასუხის შემთხვევაში აძლევთ ინსტრუქციას სად და როგორ გახსნას ანგარიში და ჩარიცხოს თანხა. თუ კლიენტი კომპიუტერთან არ არის, სთავაზობთ გიკარნახოთ მისი მონაცემები და თქვენ თავად ხსნით ანგარიშს მისთვის, ამასობაში ცდილობთ დააწმუნოთ რაც შეიძლება მეტი თანხა შეიტანოს ანგარიშზე.

რა ხდება როდესაც კლიენტი გთანხმდებათ

წესით, ამ დროს ანგარიშის მონაცემები ეგზავნება საბროკერო კომპანიას, რომელმაც უნდა ივაჭროს კლიენტის ნაცვლად და მისცეს მას მოგება. უმეტეს შემთხვევაში ასე არ ხდება და კომპანია ითვისებს თანხას. თუ ინვესტიცია დიდია, კომპანია ინარჩუნებს კლიენტს, და პერიოდულად უგზავნის მას ვაჭრობის მონაცემებს და ასახავს მოგებას მის სავაჭრო ანგარიშზე.

თქვენ მოგიწევს კიდევ და კიდევ მრავალჯერ დაურეკოთ ამ კლიენტს და შესთავაზოთ კიდევ უფრო მეტი თანხა ჩარიცხოს, ისიც, რადგან ხედავს რომ მის სავაჭრო ანგარიშზე თანხა იზრდება, მეტი მოგების სურვილით მეტ თანხას რიცხავს.

მიუხედავად იმისა, რომ კლიენტის ანგარიშზე თანხა ირიცხება, მას ამ თანხის გატანა არ შეუძლია რადგან კომპანია არ ადასტურებს ტრანზაქციას. თუ მენეჯერი ხედავს რომ კლიენტი დიდ შენტანებს აკეთებს, შეიძლება ნება დართოს საწყის პერიოდში მცირე მოგება გაიტანოს რათა დიდხანს შეინარჩუნოს ის. თუ კლიენტის ანგარიშზე დიდი თანხაა დაგროვილი და ის პრეტენზიას გამოთქვამს თანხის გატანაზე ასეთ კლიენტს საბოლოოდ ბლოკავენ. რადგან კლიენტი სხვა ქვეყანაშია, მაგალითად ამერიკაში, კომპანია კი ზარებს საქართველოდან ახორციელებს, კლიენტს არ გაჩნია სამართლებრივი ბერკეტი რომ კომპანიას უჩივლოს და თანხა დაიბრუნოს. თუ ასეთი კლიენტები ძალიან მომრავლდნენ და კომპანიას პრობლემა ექმნება, როგორც წესი ისინი იცვლიან სახელსა და დომეინს და ახალი სახელით აგრძელებენ ოპერირებას.

ხშირ შემთხვევაში, თანამშრომლები ტრენინგის ან პირველი რამდენიმე თვის შემდეგ ტოვებენ კომპანიას, თუმცა ის თანამშრომლები რომლებიც მართლაც დიდი რაოდენობის ბონუსს იღებენ წლობით რჩებიან კომპანიაში და შემდეგ ჩვეულებრივი სამსახურის დაწყების მოტივაცია არ აქვთ რადგან სხვაგან ამხელა ანაზღაურებას ვერ მიიღებენ.

შეჯამება

როგორც ხედავთ ეს კომპანიები უბრალოდ თაღლითები არიან და კლიენტებს ატყუებენ რათა მაქსიმალური მოგება მიიღონ. კლიენტები თავის მხრივ ხშირად თავიანთ დანაზოგებს დებენ მაღალი მოგების იმედით და ბოლოს მოტყუებულები მშრალზე რჩებიან. ახლა, მას შემდეგ რაც იცით როგორ საქმიანობენ ეს კომპანიები თქვენი ნებაა გადაწყვეტთ თუ არა მათთან თანამშრომლობას. თუმცა გირჩევთ რომ ასეთი ვაკანსიები უბრალოდ დააიგნოროთ, იპოვოთ უკეთესი სამსახური და სამუშაო დღის შემდეგ მშვიდად დაიძინოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *