ნათია თურნავა საუბრობს აშშ-სთან ურთიერთობის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საუბრობს კომპანია ,,ფრონტერასთან” დაკავშირებულ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ის ამბობს, რომ მათი საინვესტიციო იმიჯი იმდენად მყარია, რომ სერიოზულად გაფრთხილება სჭირდება და რომ ეს არ არის უბრალოდ იმიჯი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, რომლის დაცვასაც აბსოლუტურად ბოლომდე აპირებენ. თურნავას შეფასებით, „ფრონტერასთან“ მიმართებაში გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა. ამ თემასთან დაკავშირებთ განცხადება გააკეთა ასევე კომპანია ,,ფრონტერას” ხელმძღვანელმაც, ზაზა მამულაიშვილმა.
„ჩვენი ქართული მხარის სიმართლე დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა. „ფრონტერა“ 1997 წლიდან გახლავთ საქართველოში და იმ დროს გააფორმა სწორედ სახელმწიფო ნავთობისა და გაზის სააგენტოსთან ძებნა-ძიებასა და მოპოვებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება. მას შემდეგ რამდენჯერმე დადგა საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების საკითხი და მან პრაქტიკულად ვერც ერთხელ შეასრულა ვალდებულებები, რის გამოც სახელმწიფომ რამდენჯერმე გადაუვადა. 2017 წელს, როდესაც მორიგჯერ შემოვიდა მოთხოვნით და დავინახეთ, რომ ვერ ასრულებს ვალდებულებებს, იძულებული გავხდით, საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიგვემართა. დავის შემდეგ არბიტრაჟმა პრაქტიკულად მხარი დაუჭირა ქართული მხარის ყველა მოთხოვნას, რის შემდეგაც „ფრონტერას“ დაეკისრა დავასთან დაკავშირებული საფასურის ანაზღაურება, რაც დაახლოებით 6 მილიონი დოლარია. მხოლოდ ეს ფაქტიც კი არის დასტური, რომ „ფრონტერამ“ ეს დავა წააგო. დაეკისრა ძებნა-ძიების არეალის 99 პროცენტამდე დაბრუნება სახელმწიფოსთვის და კომპანიამ უკვე გვაცნობა წერილობით, რომ ამას აბრუნებს და ეს ნაწილი უდავოა. ეს შეეხებოდა ტერიტორიის იმ ერთ პროცენტსაც, სადაც არა „ფრონტერას“ გამო, საბჭოთა დროიდან არსებობს ჭაბურღილები და ხდებოდა ნავთობის მოპოვება. ამ ერთ პროცენტთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვაჩერებთ კონტრაქტის მოშლის მოთხოვნას, ვუტოვებთ ერთ პროცენტ ტერიტორიას ლიცენზიის ვადით და შეუძლია, გააგრძელოს საქმიანობა. შეგვეძლო, 27 ივლისს მოგვეშალა ხელშეკრულება, რადგან კონტრაქტს ვადა გასდიოდა და ეს ტერიტორიები სრულად დაგვებრუნებინა სახელმწიფოს საკუთრებაში.
ნაცვლად იმისა, რომ „ფრონტერას“ ეს ვადა გამოეყენებინა ვალდებულებების შესრულებისთვის, გაესტუმრებინა 14 და მეტი თვის დავალიანება დასაქმებული ადამიანების წინაშე, თავისი რესურსი და ფინანსური აქტივები მიმართა იქეთკენ, გაეჩაღებინა არნახული მადისკრედიტებელი კამპანია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ცდილობდა, ერთი რუტინული დავა სახელმწიფოთაშორის კონფლიქტურ ვითარებად წარმოეჩინა. სამწუხაროა, რომ ამაში თავისდაუნებურად ჩართული აღმოჩნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც არასწორ ინფორმაციას იღებდნენ როგორც „ფრონტერასგან“, ასევე მათ მიერ დაქირავებული ლობისტებისგან“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრი საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე საქართველოს საინვესტიციო იმიჯს უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ყველა რეიტინგით საქართველო მიმზიდველი ადგილია უცხოელი ინვესტორებისთვის, რასაც უკვე მრავალი განხოციელებული უცხოური ინვესტიცია ამტკიცებს და ასევე ისიც, რომ ბევრი პროექტი აწმყოში მუშავდება უცხოელ პარტიონრებთან ერთად, რომელიც საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში დაეხმარება.
„ასევე, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც არც ერთ შემთხვევაში ჩრდილი არ უნდა მიადგეს ერთი კონკრეტული კომპანიის მიერ გაჩაღებული თავდაცვითი კამპანიის გამო. ჩვენთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღეთ მთავრობამ და ვტოვებთ „ფრონტერას“, თავისი ერთი პროცენტის არეალის ფარგლებში განახორციელოს ძებნა-ძიების ოპერაციები. გამოვთქვამთ იმედს, რომ „ფრონტერამ“ მოაწესრიგოს თავისი ურთიერთობები მუშა-მოსამსახურეებთან, რომლებიც უშედეგოდ ელოდებიან ხელფასების გასტუმრებას და ზოგადად მოაწესრიგოს კრედიტორებთან ურთიერთობა. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იქნება დასტური იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან კვლავაც გაგრძელდეს ძალიან წარმატებული ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკურ სიბრტყეში თანამშრომლობა, სამხედრო, განსაკუთრებით ეკონომიკურ სიბრტყეში თანამშრომლობა. მცირედი ჩრდილიც კი არ უნდა მიადგეს ამას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის აღარ მოშლის „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტს და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე.