რა განსხვავებაა ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს შორის?
კომერციული ბანკები თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ყოველდღიურად გვთავაზობენ სხვადასხვა ტიპის მომსახურეობებს, მათ შორის განსხვავებული ტიპის სესხებს. ალბათ თვალი მოგიკრავთ მათი რეკლამებისათვის ინტერნეტში, ტელევიზიაში ან შესაძლოა მესიჯიც მოგვლიათ, რომლის საშუალებითაც ესა თუ ის ბანკი ან მიკროსაფინანსო სესხს გთავაზობთ, თანაც საუკეთესო პირობებით. ამ რეკლამებში, აუცილებლად გაიგონებთ ან ნახავთ ფრაზას – სესხები ამა თუ იმ პროცენტიდან. დასახელებული პროცენტი, როგორც წესი, საკმაოდ მიმზიდველია. შესაძლოა, რეკლამამ დაგაინტერესოთ და გადაწყვიტოთ კიდეც სესხის აღება, თუმცა, ბანკში მისულმა აღმოაჩინოთ, რომ პროცენტი ასეთი დაბალი სულაც არ არის. რატომ ხდება ასე?
როგორც წესი, დაბალი საპროცენტო განაკვეთის რეკლამით შეთავაზება, ჩვეულებრივი მარკეტინგული ხერხი გახლავთ, რომელსაც ბანკები და მიკროსაფინანსო კომპანიები მიმართავენ კლიენტების მოსაზიდად. როდესაც საქმე პროცენტებს ეხება, ორი რამ უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, ბანკები რეკლამაში აჟღერებენ ყველაზე დაბალ პროცენტს, ყველაზე საუკეთესო კლიენტებისთვის. ანუ მათთვის, ვისაც კონკრეტულ ბანკთან დიდი ხნის თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, აქვს მაღალი შემოსავალი, საუკეთესო საკრედიტო ისტორია და დიდი ალბათობით მსხვილი ანაბარი ამავე ბანკში.
ამასთანავე, ბანკები რეკლამებში ხშირად ასახელებენ წლიურ ნომინალურ პროცენტს და არა წლიურ ეფექტურ პროცენტს. რასაც მომხმარებელი ხშირად შეცდომაში შეყავთ. თუ ბანკიდან სესხის აღებას აპირებთ, აუცილებელია გესმოდეთ რა განსხვავებაა ნომინალურ პროცენტსა და ეფექტურ პროცენტს შორის. სხვა შემთხვევაში, შეიძლება სესხი აიღოთ და აღმოაჩინოთ, რომ გადასახდელი იმაზე მეტი გაქვთ, ვიდრე თქვენ გეგონათ.
როგორ ითვლება საპროცენტო განაკვეთი
როდესაც მომხმარებელს სესხის აღება უნდა, მისთვის ერთი რამაა მნიშვნელოვანი – რა თანხის გადახდა მოუწევს მას ყოველთვიურად და რა ვადაში, ასევე რა თანხა დაემატება მის მიერ ათვისებული თანხის რაოდენობას.
მაგალითად, თქვენ რეკლამიდან იგებთ, რომ კონკრეტული ბანკი სესხს 18 პროცენტიანი განაკვეთით გთავაზობთ. თქვენ გსურთ აიღოთ სესხი 1000 ლარის ოდენობით და დაფაროთ ის 12 თვეში. შესაბამისად, თქვენ ანგარიშობთ, რომ სესხის ძირი იქნება 1000 ლარი (თანხა, რომელიც თქვენ მიიღეთ) ხოლო პროცენტი, რომელიც დაემატება თქვენს სესხს იქნება 18%. ასეთ შემთხვევაში თქვენ თორმეტი თვის განმავლობაში მოგიწევთ ბანკში 98.33 ლარის გადახდა და ჯამში დაფარავთ თანხას 1180 ლარის ოდენობით.
თუმცა, ეს არც ისე სწორია, ბანკები საპროცენტო განაკვეთს ითვლიან რთული და მარტივი პროცენტით, რასაც სესხის პრიობების ნახვისას მომხმარებელი არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, სესხის საბოლოო ღირებულების დათვლისას ბანკები იყენებენ არა ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, არამედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. მთელი ეს პროცენტები და ანგარიშები საკმაოდ დამაბნეველია და ბანკებიც იყენებენ ამას თავის სასარგებლოდ. თქვენ შეიძლება თავად გამოთვალოთ სავარაუდო საკრდიტო თანხმა, გადაწყვიტოთ სესხის აღება, მიხვიდეთ საკრედიტო ოფიცერთან და აღმოაჩინოთ, რომ დმაატებით 180 ლარის ნაცვლად, 300 ლარი უნდა გადაიხადოთ. შესაძლოა, თქვენ სესხი ძალიან გჭირდებოდეთ და დათანხმდეთ ამგვარ პირობას. იმის განსაზღვრა, თუ რა პროცენტში მოგცემთ ბანკი სესხს და სესხის ძირის გარდა, რა თანხის დაბრუნება მოგიწევთ, ბანკში მისვლამდე შეუძლებელია. თუმცა, შეგიძლიათ შეიქმნათ დაახლოებითი წარმოდგენა და არ დაიბნეთ როდესაც ყველაზე დაბალ ნომინალურ პროცენტს შემოგთავაზებენ. სწორედ ამიტომ, მოდით განვიხილოთ რა არის ნომინალური პროცენტი და ეფექტური პროცენტი.
რა არის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი?
წარმოიდგინეთ, რომ გსურთ 1000 ლარის ღირებულების ნივთის შეძენა განვადებით, ან 1000 ლარის სესხის აღება ბანკიდან. თქვენ კარგად გესმით, რომ ამ თანხას ემატება დამატებითი ღირებულება იმისთვის, რომ თქვენ თანხა აიღოთ დღეს და გაისტუმროთ შემდეგ დაწესებულ ვადებში. როდესაც განვადებით რაიმე ნივთს ყიდულობთ, მის ღირებულებას ბანკი ამატებს პროცენტს, როდესაც სესხი გამოგაქვთ, ანალოგიურად მას ემატება პროცენტი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის თანხა, რაც ემატება პროდუქტის ან სესხის თანხის ღირებულებას და არ ითვალისწინებს დამატებით ხარჯებს რაც დაკავშირებულია სესხის გაფორმებასთან. ამ პროცენტს ეწოდება ნომინალური საპროცენტო განაკვეთი.
შესაბამისად, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის სესხის განაკვეთი, რომელიც არ ასახავს თქვენი სესხის ძირზე დარიცხულ პროცენტს და არ ითვალისწინებს სესხის აღებასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს. ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ასახულია სასესხო ხელშეკრულებაში.
რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?
როდესაც სესხს იღებთ, მას ემატება ნომინალური საპროცენტო განაკვეთით გათვალისწინებული თანხა. მაგალითად, თუ იღებთ სესხს 1000 ლარის ოდენობით ერთი წლით და ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის 12%, თქვენი სესხის ძირს ემატება ნომინალური საპროცენტო განაკვეთით განსაზღვრული თანხა. თუმცა, ეს არ არის სესხის აღებასთან დაკავშირებული ერთადერთი ხარჯი.
როდესაც ბანკიდან სესხს იღებთ, შესაძლოა დაგერიცხოთ დამატებით ერთი ან რამოდენიმე ხარჯი, ეს დამოკიდებულია სესხის ტიპზე და თქვენს სასესხო ხელშეკრულებაზე. ეს ხარჯები შეიძლება იყოს სესხის დამტკიცების საკომისიო, სესხის გატანის საკომისიო, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინსწრებით დაფარვის საკომისიო, ყოველთვიური სადაზღვეო პრემია, ასევე ბარათიდან ბანკომატის ან ბანკის ფილიალის მეშვეობით თანხის განაღდების საკომისიო და ა.შ. ყველა ეს ხარჯი თავისთავად ემატება თქვენი სესხის ღირებულებას და შემდეგ ანგარიშდება იმ ვადაზე, რა ვადითაც იღებთ სესხს. თუ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ასახავს მხოლოდ სესხის ღირებულებას, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ასახავს ყველა ამ ხარჯს ერთად, მასში ასევე შეტანილია ნომინალური საპროცენტო განაკვეთი.
სწორედ ამიტომ, ეფექტური განაკვეთი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, რადგან ეფექტური მოიცავს ნომინალურსაც. ამიტომაცაა, რომ, როდესაც იგებთ, რომ სესხი არის ნომინალური 12 პროცენტიდან და ბანკში მიდიხართ მის ასაღებად, უცებ საკრედიტო ოფიცერისაგან იგებთ, რომ თქვენი სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 25%-ია.
შეროგორ შევარჩიოთ სესხი სწორად
როდესაც სესხის აღება გსურთ, ბუნებრივია, რომ ერთამენთს ადარებთ რამდენიმე ბანკის შეთავაზებას, ზოგიერთები, შესაძლოა განიხილავენ ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. რამდენადაც სესხის შემოთავაზებები ბევრია, საპროცენტო განაკვეთები კი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის დამაბნეველია, ხანდახან ძალიან რთულია განსაზღვრო, რომელი შემოთავაზებაა უკეთესი.
როდესაც სესხის შემოთავაზებებს ერთამენთს ადარებთ, ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება ეფექტურ განაკვეთს, რადგან სწორედ ესაა ის ხარჯი, რისი გაწევაც საბოლოოდ მოგიწევთ.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ორი ბანკის სასესხო ხელშეკრულება და უნდა აარჩიოთმ რომელს მოაწერთ ხელს. ბანკი A გთავაზობთ შემდეგ პირობებს:
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი: 17%
სესხის დამტკიცების საკომისიო: 3%
დაზღვევის საკომისიო: 2%
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 22%
ბანკი B-ს პირობები კი ასეთია:
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 15%
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 24%
ასეთ შემთხვევაში, ფურცელზე ჩანს, რომ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი B ბანკში უფრო დაბალია, შესაბამისად, თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ სესხზე დამატებით გადასახდელი უფრო ნაკლები იქნება. თუმცა, თუ დაუკვირდებით სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებს, ნახავთ რომ ბანკი A-ს დამატებითი საკომისიო ხარჯები (ნომინალური საპროცენტო განაკვეთის გარდა) სულ 5%-ია, ხოლო ბანკ B-ში კი 9%.
ეს ნიშნავს, რომ ბანკ B-ში ნომინალური პროცენტი მართალია შედარებით მცირეა, მაგრამ დამატებითი ხარჯები ბევრად მეტია ვიდრე, ბანკ A-ში. სწორედ ამიტომ, ბანკი A-ს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალია და სესხი სწორედ ამ ბანკიდან უნდა გამოიტანოთ.
შეჯამება
ახლა უკვე იცით რა არის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ალბათ დამეთანხმებით, რომ მათ შორის განსხვავების დანახვა რთული ნამდვილად არაა. როდესაც მომავალში სესხის აღებას ან განვადების გაკეთებას გადაწყვეტთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმ დამატებით ხარჯებს, რომლებიც თან ახლავს სესხს ნომინალური საპროცენტო განაკვეთის გარდა. უპირატესობა მიანიჭეთ იმ სესხს, რომელსაც უფრო დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აქვს. სანამ ბანკში მიხვალთ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სესხის კალკულატორები, რომელთა დახმარებითაც, შეგიძლიათ დაითვალოთ სესხის სავარაუდო ეფექტური განაკვეთი. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ სესხის კალკულატორით ზუსტ ინფორმაციას ვერ მიიღებთ და თქვენი ბანკის მიერ დადგენილი სასესხო პირობები მისგან შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს.