საქართველო & არაბთა გაერთიანებული საამიეროები – ტოპ პარტნიორობა საქართველოსთვის

საქართველო & არაბთა გაერთიანებული საამიეროები – ტოპ პარტნიორობა საქართველოსთვის post thumbnail image

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებს შორის პარტნიორული ურთიერთობა წლებს ითვლის და როგორც ჩანს, 2023 წელიც პოზიტიური სავაჭრო ურთიერთობით ხასიათდებოდა. დღეს, საქართველოსთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთ-ერთია ტოპ 10 იმპორტიორი ქვეყნიდან, თუმცა არა ნაკლებ დაბალია საქართველოდან UAE-ს მიმართულებით გაგზავნილი საექსპორტო პროდუქციის მოცულობაც. ყოველივე ამაზე დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები – TOP 10 იმპორტიორიდან ერთ-ერთია

საქართველოს სავაჭრო მაჩვენებლები წლიურად მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. სტატისტიკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წელი ამ მხრივ საკმაოდ ნაყოფიერი იყო. საერთო სავაჭრო ბრუნვამ 21.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც იმპორტის წილი 71%-ზე მეტი იყო.  იმპორტისთვის კი საქართველოს დანახარჯი 15.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება.

2023 წელი ამ ტენდენციების მხრივ ჩვეული იყო თუმცა შეიმჩნეოდა ერთი განსხვავება. ისტორიაში პირველად, უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ათეულში არაბთა გაერთიანებული საამიეროები მოხვდა. ათეულში, ქვეყანა მერვე ადგილზე გავიდა. კონკრეტულად, 2023 წელს, საქართველომ, საამიეროებიდან 383 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი იყიდა. ეს კი 2022 წლის ამავე მაჩვენებელს 35%-ით აღემატება. საქართველო კი თავის მხრივ არაბთა გაერთიანებული საამიეროების იმპორტის წილში, 2.5%-ით შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლამდე საქართველოს მიერ განხორციელებული იმპორტი საამიროებიდან მზარდ ტენდენციას ინარჩუნებდა, გასულ წელს ის პირველად მოხვდა ტოპ ათეულში.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოდან ექსპორტის წილს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იმპორტთან შედარებით ეს წილი ბევრად დაბალია და სულ რაღაც 53 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციას უდრის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენციაც მზარდია. კონკრეტულად, 2022 წლის მონაცემებთან შედარებით, წინა წელს მაჩვენებელი დაახლოებით 73%-ით გაიზარდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს მაჩვენებელი არ არის რეკორდი, რადგან უმაღლესი წილი ამ მხრივ, 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველომ 65 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო საამიროებთან წარმოებული ექსპორტით.

ტოპ გაყიდვადი პროდუქცია საამიროებსა და საქართველოს შორის

გამომდინარე იქედან რომ საამიროებიდან შესყიდული პროდუქციის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2023 წელს, საინტერესოა რას ყიდულობს საქართველო. პირველ ადგილზე სატელეფონო აპარატები და ფიჭური ქსელებისთვის საჭირო აქსესუარები გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ ჯამში დაახლოებით 195 მილიონს მიაღწია. შემდეგია სიგარები და თამბაქოს შემცველი სხვა პროდუქტები, თითქმის 20 მილიონი დოლარის ღირებულებით. ტოპ ხუთ პროდუქციაში სახელდება, მსუბუქი ავტომობილები (19 მლნ დოლარი), ატრაქციონები (14 მლნ დოლარი) და გამომრთველი მანქანები, ბლოკები (12 მლნ დოლარი). ასევე ტოპ ათეულში შედის ისეთი პროდუქცია, როგორიცაა შაქარი, მიკროფონები, საფრენი აპარატები. ტოპ 10-ეულში ბოლო ადგილს იკავებს ტრაქტორების და სხვა სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები, რომელთა საერთო ღირებულებამ 7 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება თუ რას ყიდულობს არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოდან, ტოპ სამ პროდუქციაში შედის, მსუბუქი ავტომობილები, 17 მილიონი საერთო ღირებულებით, მადნები და სპილენძის კონცენტრატები, 5 მილიონი დოლარის ღირებულებით და ნავთობი, 4.5 მლნ დოლარის ღირებულებით. ასევე ტოპ პროდუქციაში ერთიანდება ისეთი საქონელი, როგორიცაა თამბაქოს დასამზადებლად საჭირო მოწყობილობები, დამუშავებული ოქრო, სატვირთო მანქანები, ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები. შედარებით მცირე, მილიონ ღირებულებაზე ნაკლები მოცულობით გაიყიდა აგრეგატები სითხის სახით და ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *