საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
დღეს გლობალური სოციო–ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ არასტაბილური და რთულად პროგნოზირებადია. ისეთმა მასშტაბურმა მოვლენებმა, როგორიც არის პანდემია, რუსეთ–უკრაინის ომი და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო სანქციების პაკეტი, მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკური პეიზაჟი. ეს განსაკუთრებით გავლენის მქონეა განვითარებადი ქვეყნებისთვის. მათთვის, მიმდინარე პერიოდში, საერთაშორისო ინდექსების გაუმჯობესება ერთ–ერთი საკვანძო პრიორიტეტია, რაც გამომდინარეობს აქტიური დასავლური კურსის არსებობით. ასეთ სახელმწიფოებში ერთიანდება საქართველოც, რომელმაც პოსტპანდემიურ პირობებში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები განახორციელა და შეცვალა შიდა თუ საერთაშორისო მაჩვენებლები.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე გლობალურმა მოვლენებმა ბევრ სახელმწიფოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, საქართველო, აქტიური ევროინტეგრაციის პროცესს პოზიტიური ნიშნულებით განაგრძობს. ამას ეკონომიკური ზრდის 3%–იანი პროგნოზის მაჩვენებელიც ნათლად ასაბუთებს. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები და შესაბამისად, განსხვავებული პროგნოზები, როგორც დასავლეთის, ასევე ქვეყნის შიდა კომპეტენციური სტრუქტურებისგან.
მსოფლიო ბანკი 2024 წლამდე, ნეგატიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს პროგნოზირებს
მსოფლიო ბანკი წამყვანი ინდიკატორია სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებლების იდენტიფიცირებასა და შეფასებაში. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიამ არსებითად უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიოს არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სხვა სექტორებზე. თუმცა საბოლოო ჯამში, განვითარების დონის მიუხედავად, ყველა ქვეყანაში გამოიწვია ინფლაციის ზრდა, არასტაბილური ფასები, გაზრდილი მოთხოვნა და ეკონომიკური მაჩვენებლების რეგრესი. 2022 წლის დასაწყისში, კი აღნიშნულ პრობლემას თან დაერთო, რუსეთსა და უკრაინას შორის დაწყებული ომი, და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გააქტიურებული სანქციათა პაკეტი, რომელმაც მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე იმპორტის, ექსპორტის და სხვა პროცესების რუკა სრულიად შეცვალა.
მსოფლიო ბანკის განცხადებით, სწორედ ეს ორი მასშტაბური მოვლენა გახდა მიზეზი, ეკონომიკური ზრდის შენელებისა, რის ფონზეც მაჩვენებლების პროგრესის ტემპის 5.7%–დან 2.9%–მდე შემცირება პროგნოზირდება. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ნავარაუდებია, რომ მდგომარეობა დაახლოებით 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება, რაც თავისთავად ბარიერს წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო საქმიანობებისთვის. განსაკუთრებით მწარე იქნება რეალობა, შედარებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ნავარაუდებია, რომ 2019 წელთან შედარებით, შემოსავალი ერთ ადამიანზე 5%–ით შემცირდება.
შესაბამისად, მომვდევნო ორი წლის მანძილზე შიდა და საერთაშორისო ბიზნესს ოპერირება მაღალი ინფლაციის, ნელი ეკონომიკური ზრდის ტემპის, მზარდი მოთხოვნისა და შეზღუდული საექსპორტო თუ საიმპორტო არეალის პირობებში მოუწევს. მსოფლიო ბანკის განცხადებით, ტემპის მსგავსი შენელება და სავაჭრო ეკონომიკის სტაგფლაცია, მეტ წილად რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ომით იქნება განპირობებული, რომელიც მიმდინარე ეტაპზე საკმაოდ მწვავე ფაზაშია და მისი საბოლოოდ დასრულების თარიღის ვარაუდი, ძალიან რთული. ამას მოწმობს პროგნოზების მნიშვნელოვანი ცვლილება 2022 წლის თებერვლამდე და ომის შემდგომ. კონკრეტულად, მსოფლიო ბანკი პანდემიის საბოლოო ეტაპზე, ვარაუდობდა 4.1%–იან ზრდას, საერთაშორისო ეკონომიკურ მაჩვენებლებთან მიმართებით. აღნიშნული გამოწვეული იყო სახელმწიფოთა უმეტეს ნაწილში შემსუბუქებული ჯანდაცვისა და გადაადგილების რეგულაციებით და კოვიდ–19–ის გავრცელების შენელებული ტემპით. თუმცა პროგნოზები მცირე პერიოდში მკვეთრად შეიცვალა და ომის დაწყების შემდგომ, გამოითქვა ვარაუდი საბაზისო პროდუქტების, სურსათისა და ენერგორესურსების სავაჭრო სექტორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტაგნაციის შესახებ.
ანალიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ შედარებით დაბალი დონის ეკონომიკის ქვეყნებში, მოსალოდნელია დესტაბილიზაციის მაღალი რისკები, რომლებიც განვითარების დონის უკუპროპორციულად მზარდია. ასეთივე ქვეყნებში სამომავლოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს სასურსათე და ექსპორტულ საქონელზე ფასების ზრდა და სესხის განაკვეთების მნიშვნელოვანი ცვლილება. ეს თავისთავად გამოიწვევს ეროვნული ვალუტის ღირებულების გაუფასურებას და გაზრდილ ინფლაციას.
პროგნოზი კიდევ უფრო ნეგატიური ხდება, რადგან მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსები მოელიან ისეთივე ეკონომიკური კრიზისის გამოწვევას, როგორიც 1980–იან წლებში მოხდა. აღნიშნული კი, მასშტაბური სტაგფლაციის რისკს უფრო რეალურს ხდის, რაც პირველ რიგში, განპირობებული იქნება პირველადი და სამომხმარებლო პროდუქტების მიმართ მოთხოვნისა და ფასების მნიშვნელოვანი ზრდით. დაბალი შემოსავლების ფონზე კი იქმნება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების რისკი.
აღნიშნული მწვავე მდგომარეობის და ნეგატიური პროგნოზების ფონზე, ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოები ამკაცრებენ რეგულაციებს და ცვლიან საერთაშორისო ბაზარზე, ვაჭრობის პრინციპებს. კონკრეტულად, აშშ–ს ფედერალურმა რეზერვმა, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა, მიიღეს მონეტარული პოლიტიკისა და რეფინანსირების განაკვეთების თანდათანობითი გამკაცრების გადაწყვეტილება, რაც აქტიურ ფაზაში, ივლისის თვეში შევა. იგივე გადაწყვეტილების მიღებას ვარაუდობს, ევროპის ცენტრალური ბანკიც.
ეკონომიკური ზრდის გლობალური შენელების ფონზე, საქართველოში ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ
საქართველო განვითარებადი ქვეყნების იმ რიცხვს განეკუთვნება, რომელიც აქტიური ევროინტეგრაციის პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ეკონომიკური მდგომარეობა მთელი რიგი ბარიერების წინაშეა, საქართველოზე გლობალური ფინანსური პრობლემები, შედარებით მცირე სიმწვავით აისახა. აღნიშნულის ფონზე, საერთაშორისო დონის ანალიტიკოსები და მათ შორის მსოფლიო ბანკიც, მიმდინარე რთულ პერიოდში, საქართველოში ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ.
კონკრეტულად 2022–2023 წლებში, მსოფლიო ბანკის განცხადებით, ნავარაუდებია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 5.5%–იან მაჩვენებლამდე პროგრესი. ამ ყოველივეს პარალელურად, რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან მოკლე პერიოდში, საქართველომ განაცხადა რომ მოელოდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%–მდე შემცირებას. კონტრასტული მსოფლიო ბანკის შეფასებები კი გაუჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს. აქვე უნდა აღინიშნოს მდგომარეობა კავკასიის რეგიონშიც, სადაც საქართველო კვლავ მაღალი ზრდის ნიშნულით გამოირჩევა. კერძოდ, დაწესებული ახალი სანქციების ფონზე, რუსეთის ფედერაციის მიმართ, მოსალოდნელია ზრდის დაახლოებით 9%–ით შემცირება. სხვა მეზობელ სახელმწიფოებში კი ნავარაუდებია, ეკონომიკური ზრდის ტემპის მცირედი გაუმჯობესება. კერძოდ, აზერბაიჯანში, მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, მშპ–ს 2.7%–ით ზრდას, სომხეთში 3.5%–ით, ხოლო თურქეთში, 2.3%–ით ზრდას.
პოზიტიური პროგნოზები საინვესტიციო ბანკების მხრიდან
პოზიტიური პროგნოზი იკვეთება Galt & Taggart – ის შეფასებებშიც. ეს არის საინვესტიცო ბანკი, რომლის კვლევათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა, 2022 წლის განმავლობაში, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის 7%–მდე გაზრდა ივარაუდა. აღნიშნული პოზიციის გამომწვევ მთავარ მიზეზად, კი საქართველოსთვის მიმდინარე პერიოდში, არსებული ეკონომიკური პარამეტრები დაასახელა. ასევე თვლის, რომ მეორე კვარტლის, ანუ მაისისა და ივნისის თვეების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იმოქმედებენ წლის მეორე ნახევრის ეკონომიკური პროგნოზების ჩამოყალიბებაში.
პირველი კვარტლის შედეგები საკმაოდ დადებითია. კონკრეტულად აპრილში, დაფიქსირდა 3%–მდე ზრდა. რაც შეეხება წლის პირველი ნახევრის პირველად შედეგებს, მიმდინარე პერიოდში ფიქსირდება 10.8%–მდე ეკონომიკური ზრდა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ სატრანსპორტო და სატრანზიტო სექტორს აღნიშნულში დიდი წვლილი მიუძღვის. ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, გაზრდილმა საერთაშორისო მგზავრთნაკადმა და გადაზიდვების მაჩვენებლების ზრდამ, არა მარტო მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიწვია სატრანსპორტო სექტორში, არამედ ხელი შეუწყო, საერთო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებას. აქვე უნდა აღინიშნოს, ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორიც. 2022 წლის დასასრულამდე, Galt & Taggart ქვეყანაში 7%–იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. მსგავს ვარაუდს გამოთქვამს საქართველოს მთავრობაც, რომელიც 6%–იან ზრდას პროგნოზირებს.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, იკვეთება, რომ რეგიონში სომხეთს საკმაოდ დადებითი მაჩვენებლები აქვს. Galt & Taggart–ის შეფასებით ,აღნიშნულის მიზეზი, სომხეთში მიგრანტთა გაზრდილი რაოდენობა და რუსეთიდან შესული გზავნილების მაღალი რიცხვია. კონკრეტულად, რუსეთ–უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სომხეთში ჩრდილოეთიდან ბევრი მიგრანტი გადავიდა საცხოვრებლად. ამასთან, რუსეთიდან გზავნილების საერთო მოცულობამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა, როდესაც საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით 132 მლნ. დოლარია.
პოზიტიურ ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს თიბისი კაპიტალიც. პირველადი განცხადებით, ისინი მოელოდნენ საქართველოში ეკონომიკური ზრდის 5.5%–იან ზრდას, თუმცა ბოლო განცხადების მიხედვით, მაჩვენებელი 7.5%–მდე გაიზარდა. აღნიშნულის მთავარ მიზეზად, აპრილის თვეში გამოვლენილი მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა, სადაც ერთ–ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორად, უძრავ ქონებაზე გაზრდილ მოთხოვნასა და ფასებს მიიჩნევენ. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, მათივე განცხადებით, არსებული 9.5%–ის მცირედით ცვლილებაა მოსალოდნელი.
ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგრესში, თიბისი კაპიტალი გამოყოფს ეროვნული ვალუტის მიმდინარე კურსს. მათი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, დოლარის მსგავსად მაღალი ნიშნულით გაუფასურება, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. ეს კი თავისთავად გამოიწვევს, გაზრდილ სავალუტო ინვესტიციებს და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას. აქედან გამომდინარე, 4 თვის მაჩვენებლების შეჯამებით, საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის აქტიურ ტემპს. საკვანძო პირველი ნახევრის პერიოდის შედეგების შემდეგ, კი მსოფლიო ბანკის, ისევე როგორც საინვესტიციო Galt & Taggart ბანკისა და თიბისი კაპიტალის პროგნოზები, კიდევ უფრო რეალური გახდება.