საკრედიტო ბარათების მიმოხილვა post thumbnail image

საკრედიტო ბარათების მიმოხილვა

საკრედიტო ბარათები საბანკო მომსახურეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მსოფლიოში საკრედიტო ბარათებს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის საქართველოშიც, სადაც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ხელფასი თვიდან თვემდე არ ჰყოფნის. დიდი შანსია, რომ შენც, ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობ, არამხოლოდ ერთი ბანკის, არამედ რამდენიმეს საკრედიტო ბარათი გაქვს, ან გექნება მომავალში. თუ საკრედიტო ბარათის აღებას ფიქრობ, წაიკითხე სტატია, გაგაცნობთ რა არის კონკრეტულად საკრედიტო ბარათი, როგორ მუშაობს ის, რა არის მისი ფლობის დადებითი და უარყოფითი მხარეები და რას გთავაზობენ სხვადასხვა ბანკები საქართველოში.

Contents

რა არის საკრედიტო ბარათი

ზოაგად საბანკო ბარათების სამი სახე არსებობს, სადებეტო ბარათები, სადებეტო ბარათები საკრედიტო პარამეტრებით და საკრედიტო ბარათები. სადებეტო ბარათებს მარტივი პრინციპი აქვთ. თქვენ ფლობთ ბარათს და გაქვთ შესაბამისი ანგარიში. ამ ანგარიშზე თქვენ, თქვენი დამსაქმებელი ან სხვა პირი რიცხავს გარკვეულ თანხას. ეს თანხა აისახება თქვენს საბანკო ანგარიშზე და თქვენ მხოლოდ ამ თანხის დახარჯვის შესაძლებლობა გაქვთ. მაგალითად, თუ ანგარიშზე შეიტანთ 1000 ლარს, მხოლოდ ამ 1000 ლარის გამოყენებას შეძლებთ.

ზოგიერთ სადებეტო ბარათს აქვს საკრედიტო ბარათის პარამეტრები. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ სახელფასო ბარათი, რომელიმე  ბანკში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ოვერდაფტის ფუნქციით. ამ შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ იმ 1000 ლარის გარდა, რაც გქონდათ განთავსებული ანგარიშზე, დახარჯოთ უფრო მეტი. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ თანხის დაბრუნება მოგიწევთ, შესაბამისი პირობებით, ისევე, როგორც კრედიტის.

ბარათების მესამე ტიპია საკრედიტო ბარათი. თუ სადებეტო ბარათის შემთხვევაში, თქვენ ხარჯავთ თქვენს ფულს, საკრედიტო ბარათის გამოყენების დროს თქვენ ხარჯავთ არა თქვენს ფულს, რომელიც გამოიმუშავეთ, არამედ ბანკის ფულს. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ ფულით, რომელიც რეალურად არ გაქვთ.

საკრედიტო აბრათები მთელს მსოფლიოში პოპულარულია სწორედ ამის გამო. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ხელფასი დახარჯეთ და შემდეგ ხელფასამდე ჯერ კიდევ დიდი ხანია დარჩენილი. თუ საკრედიტო ბარათს ფლობთ, შეგიძლიათ თქვენი საყოფაცხოვრებო ხარჯები გადაიხადოთ საკრედიტო ბარათით (ლიმიტის ფარგლებში). საკრედიტო ბარათით ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ მსხვილი შენაძენები, რომელსაც ვერ განახორციელებთ თქვენი ფულით. თუ თქვენი ხელფასი 1000 ლარია და გსურთ შეიძინოთ ტექნიკა, რომელიც 1500 ლარი ღირს, შეგიძლიათ განათავსოთ ეს ხარჯი თქვენ საკრედიტო ბარათზე და შემდეგ გადაიხადოთ.

საკრედიტო ბარათის ზოგადი პირობები

თუ როგორ მუშაობს საკრედიტო ბარათი, ამის გაგება ძალიან მარტივია. თუმცა, თუ საკრედიტო ბარათის აღება გადაწყვიტეთ, აუცილებელია თავიდან ბოლომდე გაეცნოთ პირობებს და დეტალებს, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო მოულოდნელობები და ბოლომდე გქონდეთ გააზრებული ის ვალდებულებები, რაზეც თანხმობას აცხადებთ საკრედიტო ბარათის აღებისას. ქვემოთ გაგაცნობთ საკრედიტო ბარათის ძირითად პირობებს. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ყველა ბანკს განსვხავებული ტიპის საკრედიტო ბარათი და პირობები აქვს, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში გულდასმით უნდა გაეცნოთ საკრედიტო ბარათით სარგებლობის ყველა პირობას, მათ შორის მათ, რომლებიც ქვემოთ მოცემული არ არის ან განსხვავდება მათგან.

საკრედიტო ლიმიტი

ყველა საკრედიტო ბარათს აქვს გარკვეული ლიმიტი. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ბარათი რომლის ლიმიტია 500 ლარი, ან ბარათი, რომლის ლიმიტია 5000 ლარი. ლიმიტი დამოკიდებულია თქვენს სურვილზე, თუ რა თანხა გსურთ გქონდეთ საკრედიტო ბარათზე. თუმცა, ეს ასევე დამოკიდებულია თქვენს ყოველთვიურ შემოსავალზე. თუ დაბალი შემოსავალი გაქვთ, მაღალი ლიმიტის საკრედიტო ბარათს ვერ აიღებთ. რაც უფრო მაღალია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი, მით უფრო მეტი თანხის აღება შეგიძლიათ საკრედიტო ბარათზე, რადგან თქვენი გადახდისუნარიანობა მაღალია.

ვადა

ყველა საკრედიტო ბარათს აქვს ვადა, თუმცა ეს არ უნდა აგვერიოს თვითონ ბარათის ვადაში. როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო ბარათებს აქვს კონკრეტული ვადა, რომლის შემდეგ ბარათი უქმდება, ეს როგორც წესი 2 ან 4 წელია. უმეტესად ბარათების ვადა 4 წელია.

ვადა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის საკრედტო ბარათზე გამოყენებული თანხის ან მისი ნაწილის დაფარვის ვადა. საკრედიტო ბარათიდან გამოყენებულ თანხას ათვისებული თანხა ეწოდება. მაგალითად, თუ თქვენი საკრედიტო ბარათის ლიმიტი 500 ლარია, თქვენ კი 120 ლარი დახარჯეთ, 120 ლარის არის თქვენს მიერ ათვისებული თანხა. ეს თანხა ბანკს უნდა დაუბრუნოთ გარკვეულ ვადაში. ვადა დადგენილია თავად ბანკის მიერ და გაწერილია ხელშეკრულებაში. ბანკი ასევე ადგენს დადგენილ ვადაში ათვისებული თანხის მინიმალურ რაოდენობას, რაც უნდა გადაიხადოთ. მაგალითად, თუ ათვისებული თანხა 120 ლარია, მინიმალური გადასახადი კი ათვისებული თანხის 10%, ხოლო ვადა კი 50 დღე, ეს ნიშნავს, რომ  თქვენ 50 დღის ვადაში უნდა გადაიხადოთ მინიმუმ 12 ლარი. ამ თანხას ემატება ბანკის მიერ დაწესებული პროცენტი.

ასევე თითოეულ საკრედიტო ბარათს აქვს ვადა, რა ვადაშიც შეგიძლიათ გამოყენებული თანხა დააბრუნოთ პროცენტის გარეშე. როგორც წესი, ეს ვადა მერყეობს 40 – 60 დღემდე და დამოკიდებულია საკრედიტო ბარათის ტიპსა და ბანკზე.

საკრედიტო ბარათის ხარჯები

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საკრედიტო ბარათის აღებისას უნდა გაითვალისწინოთ, ალბათ მაინც მასთან დაკავშირებული ხარჯებია. შესაძლოა დღეს თანხა ძალიან გჭირდებათ, გსურთ გამოიყენოთ საკრედიტო ბარათი და მზად ხართ ამის საფასური მომავალში გადაიხადოთ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს საფასური არც ისე ცოტაა.

საკრედიტო ბარათს რამენიმე ხარჯი ახლავს თან, ზოგიერთი მათგანი ფიქსირებულია, ზოგი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ თანხას დახარჯავთ.

წლიური მომსახურეობის საკომისიო

საკრედიტო ბარათები უფასო არაა, იმისთვის, რომ ის აიღოთ, საჭიროა გადაიხადოთ წლიური მოსმახურეობის საოკიმისიო. როგორც წესი, ბარათის მომსახურეობის საკომისიო 10 ლარიდან იწყება და შესაძლოა 200 ლარამდეც ავიდეს. ეს დამოკიდებულია ბანკზე, საკრედიტო ბარათის ტიპზე და მის ლიმიტზე. თუ საკრედიტო ბარათის ვადა 4 წელია, ეს ნიშნავს, რომ მისი საერთო საფასური ოთხი წლის განმავლობაში ჯამში 40-დან 800 ლარამდე მერყეობს. აღნიშნული თანხა შესაბამის თარიღში ჩამოიჭრება თქვენი ანგარიშიდან.

საპროცენტო განაკვეთი

როდესაც ეცნობით საკრედიტო ბარათის პირობებს, აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. თუ რომელიმე ბანკის საკრედიტო ბარათის პირობებს ნახავთ, აუცილებლად შეამჩნებთ რომ მოცემულია რამდენიმე საპროცენტო განაკვეთი:

წლიური საპროცენტო განაკვეთი – რომელიც მოცემულია ორი საბანკო ოპერაციისთვის. პირველი არის განაღდებისას, ანუ როდესაც თანხა ბანკომატიდან გამოგაქვთ, ასვეე როდესაც თანხა გამოგაქვთ ბანკიდან ან ახორციელებთ გადარიცხვას.  წლიური საპროცენტო განაკვეთი ყველა ბანკში და ყველა საკრედიტო ბარათისთვის სხვადასხვაა. ასევე მოცემულია წლიური საპროცენტო განაკვეთი ბარათის ტერმინალში გამოყენებისას. ანუ, როდესაც სავაჭრო ობიექტში იხდით თანხას უნაღდო ანგარიშსწორებით.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – პირობებში ასევე მოცემულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საკრედიტო ლიმიტის განაღდებისას და საკრედიტო ბარათით უნაღდო ანგარიშსწორებისას.

საქართველოში ორივე, წლიური საპროცენტო განაკვეთი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია. მაგალითად წამყვან ბანკებში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 35-დან 50 პროცენტამდე.

განაღდების საკომისიო

გარდა იმისა, რომ საკრედიტო ლიმიტის ათვისებისას მოქმედებს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ასევე თქვენ მოგიწევთ დამატებით საკომისიოს გადახდა თანხის განაღდებისას. თანხის განაღდების საკომისიო დაახლოებით 3.9%-ია.  თუმცა მინიმალური საკომისიო 5 ლარიდან იწყება. შესაბამისად, თუ თქვენ გამოგაქვთ 100 ლარი, მოგიწევთ 5 და მეტი ლარის გადახდა, ხოლო თუ გამოგაქვთ 300 ლარი 11.7 ლარის.

საკრედიტო ბარათები

საკრედიტო ბარათის ფლობის უპირატესობები

შეიძლება იფიქროთ, თუ საკრედიტო ბარათს ამდენი ხარჯები აქვს, მაშინ რატომ იყენებს მას ამდენი ადამიანი მსოფლიოში და საქართველოში? პასუხი მარტივია, საკრედიტო ბარათი გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ ის, რასაც მის გარეშე ვერ გავაკეთებდით. მის ფლობას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს:

მსხვილი შენაძენების გაკეთება

იმის მიხედვით, თუ რამდენია ლიმიტი თქვენს საკრედიტო ბარათზე, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ მსხვილი შენაძენები, რასაც ვერ გააკეთებდით საკრედიტო ბარათის ან სესხის გარეშე. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, თუ რაიმე აუცილებლად გჭირდებათ, მაგრამ საშუალება არ გაქვთ ერთიანად დაფაროთ საფასური. მაგალითად, თუ თქვენ სახლიდან მუშაობთ და ლეპტოპი გაგიფუჭდათ, აუცილებლად გჭირდებათ მისი შეცვლა. შესაძლოა სრული თანხა არ გქონდეთ, იმისთვის, რომ ახალი ლეპტოპი ნაღდი ფულით შეიძინოთ. ასეთ დროს, შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი ტექნიკა საკრედიტო ბარათით და შემდეგ გადაიხადოთ თანხა.

ყიდვა დღეს – გადახდა ხვალ

თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ დღეს, იმ ფულით, რომელიც თქვენი არ არის და შემდეგ გადაიხადოთ თანხა გარკვეული გრაფიკით. ეს საშუალებას გაძლევთ გადაანაწილოთ ნივთის ღირებულება. ასე თქვენი ფინანსური ვალდებულება არ იქნება დამაზიანებელი თქვენი საფულისათვის, რამდენადაც, შეგიძლიათ დროთა განმავლობაში დაფაროთ თანხა.

კრიტიკულ სიტუაციებში გამოყენება

საზღვარგარეთ, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანებს არა ერთი არამედ რამდენიმე საკრედიტო ბარათი აქვთ. მათგან ერთ-ერთი ხშირად “შასწრაფო საკრედიტო ბარათია.” ამ ტიპის ბარათით, როგორც წესი არ ყიდულობენ არაფერს და არ იყენებენ საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის, იქამდე, სანამ აუცილებლად არ დაჭირდებათ. თუ თქვენ კრიტიკულ სიტუაცუიაში აღმოჩნდით, რომელშიც აუცილებლად გჭირდებათ გარკვეული თანხა, სესხების მოძიება და აღება შეიძლება რთული აღმოჩნდეს. თუ ამ დროს უკვე გაქვთ საკრედიტო ბარათი, შეგიძლიათ თანხა, რომელიც დაგჭირდათ გადაიხადოთ ბარათით.

სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებების გაერთიანება

საკრედიტო ბარათებს ხშირად იყენებენ სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებების გასაერთიანებლად. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ რამდენიმე ფინანსური ვალდებულება – სწრაფი სესხი, სესხი, განვადება, ვალი და ა.შ. თითოეულ მათგანში დამატებით იხდით პროცენტს, რაც საერთო ჯამში შეიძლება ძალიან ბევრი იყოს. ბევრი ადამიანი, ვინც ამგვარ მდგომარეობაშია, ირჩევს აიღოს საკრედიტო ბარათი, დაფაროს ყველა სხვა ვალდებულება ამ თანხით და შემდეგ იზრუნოს მის გასტუმრებაზე და არა ყველა სხვა ვალდებულებაზე. რამდენად კარგი ფინანსური გადაწყვეტილებაა საკრედიტო ბარათით სხვა ფინანსური ვალდებულებების გადაფარვა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი და რა რაოდენობის ფინანსური ვალდებულებები გაქვთ.

საკრედიტო ბარათები საუკეთესო პირობით

საკრედიტო ბარათის ფლობის უარყოფითი მხარეები

დადებითთან ერთად, საკრედიტო ბარათის ფლობარს რამდენიმე უარყოფითი მხარე აქვს.

დიდი ფინანსური ვალდებულების აღება

საკრედიტო ბარათით თქვენ საკუთარ თავზე იღებთ დიდ ფინანსურ ვალდებულებას, რაც შესაძლოა თქვენი ფინანსებისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდეს, თუ წინასწარ კარგად არ გაქვთ გაცნობიერებული ყველა პირობა და დანახარჯი. შესაძლოა თქვენ დღეს ძალიან გჭირდებათ ფული და თანახმა ხართ ყველა პირობაზე, რომ ეს თანხა მიიღოთ, მაგრამ შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. სწორედ ამიტომ, კარგად უნდა გქონდეთ გათვლილი რა თანხას აითვისებთ საკრედიტო ლიმიტიდან, რა იქნება დამატებითი ხარჯები კონკრეტულად თქვენი საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით და როგორ დაფარავთ ამ თანხას მომავალში.

დამატებითი ხარჯები და საკომისიო გადასახადები

დამატებით ხარჯებზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა ღირს კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ. დამატებითი ხარჯები საკრედიტო ბარათის ყველაზე ბნელი მხარეა. საბოლოო ჯამში მათი რაოდენობა შეიძლება ძალიან გაიზარდოს. ამიტომ, ღირს კარგად დაფიქრდეთ სანამ საკრედიტო ბარათის აღებას გადაწყვეტთ და აღების შემდეგ, კეთილგონივრულად მოიხმაროთ ის.

საკრედიტო ქულის გაფუჭება

თუ თქვენ ვერ მოახერხეთ დროული შენატანების გაკეთება საკრედიტო ბარათზე, შესაძლოა საკრედიტო ქულა გაგიფუჭდეთ. რაც ცუდად აისახება თქვენს საბანკო ისტორიაზე. ეს გაგირთულებთ მომავალში სხვადასხვა საბანკო სერვისებით სარგებლობას, მაგალითად სესხით, განვადებით და ა.შ. შესაძლოა თქვენ ვერ მიიღოთ ეს მომსახურეობები, ან მიიღოთ ისინი უარესი პირობებით.

საკრედიტო ბარათის დამატებითი ბენეფიტები

ხშირ შემთხვევაში, საკრედიტო ბარათებს თან ახლავს საბონუსე სისტემა. ეს ბანკების ლოალობის პროგრამის ნაწილია. საბონუსე სისტემის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ დააგროვოთ ქულები როდესაც განახორციელებთ გადახდებს ბანკის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში. მომავალში კი შეგიძლიათ მოცემული ქულებით შეიძინოთ სხვადასხვა პროდუქტი ან მიიღოთ ფასდაკლება პროდუქტებსა და სერვისებზე.

ვის შეუძლია საკრედიტო ბარათის აღება

საკრედიტო ბარათის ასაღებად მნიშვნელოვანია სამი კრიტერიუმი – საკრედიტო ბარათის აღების მსურველის ასაკი, ყოველთვიური დადასტურებული შემოსავალი და საკრედიტო ისტორია. ამ კრიტერიუმებს ბანკი თავად ადგენს, შესაბამისად, შესაძლოა ერთ ბანკს სხვა პირობები ჰქონდეს, მეორეს კი სხვა.

იმისთვის, რომ საკრედიტო ბარათი აიღოთ აუცილებელია იყოთ საქართველოს მოქალაქე. თუ სადებეტო ბარათის აღება შეუძლია 18 წლის პირს, ისინი საკრედიტო ბარათით ვერ ისარგებლებენ. მაგალითად თიბისი ბანკის საკრედიტო ბარათის ერთგულის აღება შესაძლებელია 20 წელს მიღწეული პირებისათვის. ხოლო საქართველოს ბანკის ვებსაიტის მიხედვით, საკრედიტო ბარათის მიღებისათვის პირი მინიმუმ 22 წლის უნდა იყოს. თუმცა, 20 და 21 წლის პირებს შეუძლიათ საკრედიტო ბარათის აღება, იმ შემთხვევაში თუ არანაკლებ სამი თვე არიან ჩართულები საქართველოს ბანკის სახელფასო პროგრამაში.

საკრედიტო ბარათისთვის საჭიროა გქონდეთ გარკვეული ყოველთვიური შემოსავალი, რომლის დემონსტრირებაც შეგიძლიათ ბანკისათვის. მაგალითად, თიბისი ბანკის საკრედიტო ბარათი ერთგულის ასაღებად, აუცილებელია გქონდეთ მინიმუმ 200 ლარის ყოველთვიური შემოსავალი.

როგორ შეარჩიოთ საკრედიტო ბარათი

იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ საკრედიტო ბარათის შერჩევისას, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ის. პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ რა საკრედიტო ლიმიტი გჭირდებათ. ძალიან მარტივია მეტი ფულის დახარჯვა, როდესაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, თუმცა ეს ნამდვილად არ არის სასურველი. თუ მაგალითად 1000 ლარის საკრედიტო ლიმიტი გჭირდებათ, მაშინ შეარჩიეთ ისეთი საკრედიტო ბარათი, რომელიც სწორედ ამდენის დახარჯვის საშუალებას გაძლევთ. თუ აიღებთ ბარათს მეტი საკრედიტო ლიმიტით, დიდი შანსია, რომ დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად გჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში თქვენი ათვისებული თანხა იქნება განზრახულზე მეტი, შესაბამისად მეტი იქნება პროცენტიც და საბოლოო ჯამში მოგიწევთ უფრო მეტის გადახდა, ვიდრე ეს თავიდან გქონდათ გათვალისწინებული.

საკრედიტო ბარათის შერჩევისას აუცილებელია ნახოთ თუ რას გთავაზობთ თითოეული ბანკი. ასეთ შემთხვევაში გექნებათ ინფორმაცია სხვადასხვა შემოთავაზებებზე და პირობებზე და შეარჩევთ ისეთ ბარათს, რომელიც თქვენთვის ყველაზე უკეთესია.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვეზარება ხელშეკრულებების კითხვა, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება ის დოკუმენტია, რომელსაც აუცილებლად ყურადღებით უნდა გაეცნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელსაც მომავალში ინანებთ. დარწმუნდით რომ თავიდან ბოლომდე გესმით ის პირობები, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.

თუ ხელშეკრულებაში თქვენთვის რაიმე არის გაუგებარი, აუცილებლად გაესაუბრეთ ბანკის წარმომადგენელს და დაუსვით ყველა შეკითხვა, რომელიც გაწუხებთ. ნუ მოგერიდებათ შეკითხვების დასმა. მხოლოდ მაშინ მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, როდესაც დარწმუნდებით, რომ ყველაფერი გესმით და ხელშეკრულების ყველა პირობას ეთანხმებით.

ყურადღება მიაქციეთ ფასს და საკომისიო ხარჯებს. მაგალითად, რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ან განაკვეთი ათვისებულ თანხაზე რომელიც ბანკომატიდან გაანაღდეთ ან ტერმინალით გადარიცხეთ. განსაზღვრეთ რეალურად რა თანხის გადახდა მოგიწევთ ათვისებულ ლიმიტზე და მხოლოდ ამის შემდეგ აიღეთ საკრედიტო ბარათი.

საკრედიტო ბარათის აღებისას წინასწარ უნდა გქონდეთ განსაზღვრული როგორ დაფარავთ ათვისებულ ლიმიტს და პროცენტს. თუ არ იცით როგორ უნდა დააბრუნოთ თანხა და ამაზე ჯერ არ გიფიქრიათ, მაშინ თქვენთვის საკრედიტო ბარათი შეიძლება ისეთ ფინანსურ ვალდებულებად გადაიქცეს, რომელიც მომავალში პრობლემებს შეგიქმნით.

საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ საკრედიტო ბარათი შესაძლოა მშვენიერი საშუალება იყოს გაუმკლავდეთ ფინანსურ საჭიროებებს და მიიღოთ თქვენთვის სასურველი სერვისი თუ მომსახურეობა დღეს, როდესაც ამის თანხა  რეალურად არ გაქვთ. თუმცა, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ბარათის ტიპი და პირობები, სრულად გქონდეთ გაცნობიერებული ფინანსური ვალდებულება და დამატებითი ხარჯები, რაც მოყვება საკრედიტო ბარათებს და გქონდეთ განსაზღვრული როგორ დაფარავთ ათვისებულ ლიმიტსა და პროცენტს.