სარესტორნო ბიზნესი კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ გაიფიცა
თბილისში მომუშავე რესტორანთა ნაწილმა კოვიდ-რეგულაციებს პროტესტი ერთდღიანი გაფიცვით გამოუცხადა. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, 30 იანვარს, 24-საათიან გაფიცვას სულ 198 რესტორანი შეუერთდა.
რესტორნების გაფიცვა მათ მიერ ონლაინ, ე.წ. „დელივერის“, სახლში მიტანის სერვისის ერთი დღით გაუქმებას გულისხმობდა.
რას აპროტესტებენ ბიზნესის წარმომადგენლები?
რესტორნების მეპატრონოები უკვე რამდენიმე თქვეა მთავრობის წარმომადგენლებთან აქტიურ რეჟიმში აწარმოებენ მოალაპარაკებებს, თუმცა ბურჯანაძის თქმით, ამას შედეგი არ გამოუღია და სწორედ ამიტომ მიიღეს გაფიცვის გადაწყვეტილება.
“მთავრობის მხრიდან შემოთავაზებები სულ არის, ყოველდღიურ რეჟიმში, რომ რაღაცას გააკეთებენ, მაგრამ ბურთი მათ მხარზეა, გააკეთონ, პრობლემა არ არის. ჩვენ ძალიან ბევრჯერ შევხდით და მკაფიოდ მინდა განვაცხადაო, რომ ეკონომიკური ჯგუფი რასაც ამბობს იმას არ ფიქრობს და რეალურად ფიქრობს გახსნას, მაგრამ ეპიდემილოგების მხრიდან შექმნილ ყალბ ავტორიტეტს ვერ აბიჯებს,“ განაცხადა ბურჯანაძემ.
მთავრობის კანცელარიასთან გამართულ პროტესტს ბიზნეს-სექტორის სხვა სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ბიზნესმენების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაა.
კერძოდ, ბიზნესის წარმომადგენლები ე.წ კომენდანტის საათის მოხსნას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მოითხოვდნენ, რათა მათ შეძლონ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში განახლება.
რა რეაქცია მოჰყვა რესტორნების პროტესტს?
რესტორნის მეპატრონეების პროტესტს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობას ესმის სარესტორნო ბიზნესის რთული მდგომარეობა, თუმცა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ქვეყანა ჯერ ვერ დაუბრუნდება.
„შეუძლებელია, რომ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიის წინა ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას, სამწუხაროდ. ეტაპობრიობა უნდა ახასიათებდეს ჩვენს ნაბიჯებს,“ – განაცხადა მინისტრმა.
ცნობილია, რომ მთავრობა პირველი თებერვლიდან ქვეყანაში გარკვეული სექტორების გახსნას ეტაპობრივად გეგმავს. მოსალოდნელია, რომ თებერვლიდან სავაჭრო ცენტერბი და მაღაზიები, აგრეთვე სასწავლო დაწესებულებები გაიხსნას და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც მოიხსნას შეზღუდვა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერ მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ მაღალი რისკის შემცველია, სწორედ ამიტომ ერიდება მთავრობა ამ სექტორისათვის შეზღუდვების მოხსნას.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა შეზღუდვები ისე შეამსუბუქოს, რომ ამან ეპიდვითარება კიდევ უფრო არ გააუარესოს.
„სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ნაკლები საფრთხის შემცველი სექტორისგან, როგორიც არის, მაგალითად სავაჭრო სექტორი. როგორც კი ამ პროცესს ყველანი ერთად წარმატებით გავივლით, დამერწმუნეთ, სარესტორნო სექტორსაც და ტურიზმსაც ექნება საშუალება, სრულად აღდგეს,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.
რესტორნების გაფიცვას სოლიდარობა გამოუცხადა „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ, თუმცა განაცხადა, რომ „მაკდონალდსთან“ არსებული ხელშეკრულების გამო პროტესტს ვერ შეუერთდებოდა.
„გულწრფელად ვუჭერთ მხარს და ვუცხადებთ სოლიდარობას, ვართ მათ გვერდში ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვუერთდებით ამ აქციას,“ – განაცხადა ბიზნესმენმა.
როგორ უმკლავდება ბიზნესი შეზღუდვებს?
კოვიდ-პანდემიამ საქართველოს ბიზნესის ყველა სექტორი დააზარალა. გასული წლის გაზაფხულიდან დაწყებული შეზღუდვების შედეგად არაერთმა ბიზნესმა სრულად შეწყვიტა ფუნქციონირება.
ბიზნესების ნაწილი ონლაინ ვაჭრობასა და ე.წ. „დელივერი“ სერვისებზე გადაერთო, თუმცა ესეც არ მომხდარა გარკვეული სირთულეების გარეშე. „დელივერი“ სერვისის პროვაიდერების წყალობით, არაერთმა ბიზნესმა მოახერხა, რომ ოდნავ მაინც შეემცირებინათ პანდემიის მიერ გამოწვეული დიდი ზარალი.
პანდემიის პირობებში არაერთი ინიციატივა შემუშავდა კომპანიების მხრიდან ერთმანეთის დასახმარებლად და გასაძლიერებლად. უკანასკნელი კომპანია, რომელმაც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა „ბოლტ დელივერია“.
მიუხედავად იმისა, რომ „ბოლტ ფუდმა“ საქართველოში ოპერირება სულ რაღაც ერთი თვის წინ დაიწყო, კომპანიამ გააცნობიერა ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველოში რესტორნები დგანან.
კომპანიის განცხადებით, პირველი თებერვლიდან, მათ მიერ რესტორნებისათვის დაწესებულ საკომისიოს სრულად გააუქმებს, მანამ, სანამ ქვეყანაში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები იმოქმედებს.
კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის რესტორნებისათვის მხარდაჭერას ასეთ კრიტიკულ დროს საკუთარ პასუხისმგებლობად აღიქვამს. კომპანია იმედგს გამოთქვამს, რომ ეს გადაწყვეტილება პარტნიორ რესტორნებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და შემატებს ძალას, რომ უკეთ გაუმკლავდნენ პანდემიასთან ბრძოლას.
შეზღუდვების შემსუბუქებას მოითხოვენ მოსახლეობის სხვა ჯგუფებიც
რესტორნების ბიზნესის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციამდე, მთავრობის ადმინისტრაციასთან სლოგანით „ტრანსპორტი ყველას“, სამოქალქო მოძრაობის “მწვანეები” აქცია გაიმართა.
აქტივისტების მთავარი მოთხოვნა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, კერძოდ კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და „კომენდანტის საათის“ მოხსნა იყო.
აქციის ორგანიზატორებმა შეზღუდვების სოციალურ ასპექტებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ყველას არ აქვს კერძო მანქანით გადაადგილების პრივილეგია და ბევრ ადამიანს უჭირს სამსახურში მისვლა.
„მწვანეების“ აქციას შეუერთდნენ სხვა აქტივისტები და პოლიტიკური სუბიექტებიც.
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე შეუერთდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ აქტივისტებს და აღნიშნა, რომ ქვეყანა გონივრულად უნდა გაიხსნას და ამ მოთხოვნას ალტერნატივა არ აქვს.
დოლიძის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა და „კომენდანტის საათი“ არაჰუმანურია და მშრომელ ადამიანებს უსპობს სარჩოს მოპოვების შესაძლებლობას. მისივე თქმით, საზ. ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება არცერთ ევროპულ ქვეყანას არ მიუღია და მხოლოდ საქართველოში მოხდა ასე.
მთავრობის არსებული გეგმის თანახმად, შეზღუდვები, რომლებიც ძალაში 28 ნოემბერს შევიდა, 1 თებერვლიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება. „მწვანეების“ პროტესტი კი გამოიწვია საზოგადოებრივი ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნის გადაწევამ 1 მარტამდე.
როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები?
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 22 იანვრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მოქმედი შეზღუდვები ეტაპობრივად შემცირდება.
1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა; აგრეთვე 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.
ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ძალაში რჩება 1-ლ მარტამდე.