რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებამდე

რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებამდე post thumbnail image

დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალსწინებით, სესხები ყოველთვის აქტუალურია. არ ვგულისხმობ იმას, რომ სესხები ცუდია და ბაკნებს მოსახლეობის წინააღმდეგ პირი აქვთ შეკრული. სულაც არა, სესხები ბევრ რამეში გვეხმარება, მაგალითად შევძლოთ და ახლავე ვიყიდოთ ის საჭირო თუ სასურველი ნივთები რომლებიც სწორედ ახლა გვჭირდება და გვინდა; დავფაროთ სწავლის საფასური, დავიწყოთ ან გავაფართოვოთ აგრო, მცირე თუ საშუალო ბიზნესი. გავუმკლავდეთ უეცრად წარმოქმნილ ფინანსურ სირთულეებს და ა.შ. დღესდღეობით ბევრი რამ არის, რაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მიუწვდომელია მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის სესხების გარეშე მაგალითად საოჯახო ტექნიკა, მანქანა, სახლი და სხვა.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ უმკლავდებიან ყოველდღიურ საჭიროებებსაც კი სესხის გარეშე, და ხშირად სესხის აღება მათთვის აუცილებლობას წარმოადგენს. სესხები სულაც არ არის ცუდი, თუმცა, რამდენადაც წარმოადგენს ფინანსურს ვალდებულებას მას ხშირად ნეგატიურ კონტექსტში განვიხილავთ. სინამდვილეში, სესხი მხოლოდ მაშინ არის ცუდი, თუ მისი დაფარვა არ შეგვიძლია და თუ სესხის აღების შემდეგ უარეს ფინანსურ სიტუაციაში ვვარდებით. მიუხედავად ამისა, ადამიანები განაგრძობენ სესხის აღებას და ეს ასეც იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორ შეარჩიოთ სესხი, პირობები და რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებისას. როდესაც სესხზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არა სწრაფ სესხებს, რომელთა აღებას არ გირჩევთ, არამედ საბანკო პროდუქტებს.

სესხის სახეობა

რამდენადაც სესხი შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებისთვის დაგვჭირდეს, არსებობს მისი რამდენიმე სახეობა. მაგალითად თქვენ შეიძლება აიღოთ სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ბარათი, მიმართოთ ბანკს, რომელშიც ხელფასი გერიცხებათ და აიღოთ ოვერდრაფტი, გააკეთოთ განვადება სასურველი ნივთისთვის, აიღოთ სწრაფი სესხი ბანკის ან მიკროსაფინანსო კომპანიებისაგან, აიღოთ სარემონტო სესხი, საყოფაცხოვრებო სესხი, იპოთეკური სესხი, აგროსესხი, სესხი მცირე მეწარმეებისთვის, სესხი ბიზნესისთვის და ა.შ. სესხის მრავალი ტიპი არსებობს და ისინი მათი დანიშნულების მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდება ხელშეკრულების პირობებითა და საპროცენტო განაკვეთით. შესაბამისად, თქვენ უნდა შეარჩიოთ ისეთი სესხი, რომელიც ყველაზე ახლოს არის იმ მიზანთან, რისთვისაც თანხის გამოყენება გსურთ და ამასთანავე რომელიც თქვენთვის საუკეთესო პირობებს გთავაზობთ.

სესხის აღების მიზანი

ხანდახან მიზანი არ ამართლებს საშუალებას. კარგად დაფიქრდით, რისთვის გინდათ სესხის აღება და ნამდვილად ღირს თუა რა ამ მიზნისთვის ფინანსურ ვალდებულებაში თავის გაყოფა. შესაძლოა თქვენ სესხი ნამდვილად გჭირდებათ იმისთვის რომ დაფაროთ თქვენი ყოველდღიური ხარჯები ან საგრძნობლად არ გაგიუარესდეთ საცხოვრებელი პირობები. მაგრამ, ხანდახან ისეც ხდება, რომ ადამიანები სესხს იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გარკეული ნივთის ყიდვა სურთ. მაგალითად თუ თქვენ Iphone 9 გაქვთ და  Iphone X გუსრთ, ამის გამო სესხის გამოტანა არც თუ ისე სწორი არჩევანია.

ამასთანავე, არ ღირს სესხის გამოტანა უკვე არსებული ვალდებულბების დასაფარად. ასეთ შემთხვევაში სესხების ერთგვარ წრეში აღმოჩნდებით, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია. სესხის გამოტანა სხვა სესხის დასაფარად ცუდი ფინანსური გადაწყვეტილებაა, რომელიც აუცილებლად დაარტყამს თქვენს საფულეს.

როგორ შევარჩიოთ სესხი

სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

სესხის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. როდესაც 1000 ლარიან სესხს იღებთ, რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს უკან 1100 ლარის დაბრუნება მოგიწევთ თუ 1500-ის. ამიტომ, ნუ დატოვებთ ამ პუნქტს უყურადღებოდ და სწორად გამოთვალეთ რა ღირს თქვენი სესხი და რამდენით მეტი თანხის გადახდა მოგიწევთ სესხის გადახდის დროს. მიაქციეთ ყურადღება, რომ საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ბანკები არეკლამებენ არ შეესაბამება ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. მაგალითად თუ ტელევიზორში მოისმენთ ან ფეისბუქის პოსტზე ნახავთ რომ ესა თუ ის ბანკი სამომხმარებლო სესხს 12 პროცენტიდან გპირდებათ, შესაძლოა აღმოაჩინოთ რომ თქვენი საკრედიტო ქულის, ისტორიის, შემოსავლებისა და ვალდებულების გათვალისწინებით ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არა 14 არამედ 18 ან სულაც 20 პროცენტი და მეტია. შესაბამისად, ნუ ენდობით მხოლოდ რეკლამას და დააკვირდით რეალურად რამხელაა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, გამოთვალეთ რამდენი თანხის დაბრუნება მოგიწევთ და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

სესხის ვადა და ყოველთვიური შენატანის რაოდენობა

სესხის ვადა დამოკიდებულია რა თანხის შეტანა შეგიძლიათ ყოველთვიურად და პირიქით, სესხის ვადა განსაზღვრავს რამდენი გექნებათ გადასახდელი ყოველთვიურად. შესაბამისად, ესეც მნიშვნელოვანი პუნქტია. ხშირად ჩვენ გაუცნობიერებლად ვუთითებთ ხოლმე სესხის ვადას და ვცდილობთ ბანკს ვუთხრათ თვეების ის რაოდენობა, რაც ჩვენი აზრით გაზრდის სესხის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ხშირად ჩვენ გაცნობიერებული არ გვაქვს რატომ გვინდა სესხი მაგალითად 12 თვეზე.

სანამ სესხის ასაღებად ბანკში წახვიდოდეთ, გააკეთეთ საშინაო დავალება. ანუ დაახლოებით გამოითვალეთ რა თანხა გექნებათ გადასახდელი სრულად სესხის დასაფარად, და რამდენ თვეზე შეგიძლიათ გადაანაწილოთ ეს თანხა. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდ ვადაზე იღებთ სესხს, მით უფრო მეტია სესხის საკომისიო. განსაზღვრეთ რა თანხის გადახდა შეგიძლიათ თვის განმავლობაში ისე, რომ სესხიც ასე თუ ისე სწრაფად დაფაროთ და თანაც არ გაგიჭირდეთ სესხის ყოველთვიურად დროულად დაფარვა.

წინსწრებით დაფარვის საკომისიო

სესხის აღების დროს, შეიძლება სულაც არ იფიქროთ იმაზე, რომ შეგეძლებათ წინასწარ დაფაროთ სესხი. თუმცა, ბევრი რამ
შეიძლება მოხდეს. შეიძლება ის რისთვისაც თანხა განსაზღვრული გქონდათ აღარ დაგჭირდეთ, ან თვის განმავლობაში დამატებითი შემოსავალი გამოგიჩნდეთ, სამსახურში ხელფასი მოგიმატონ, ბონუსი აიღოთ ან სულაც, სხვა სამსახურში გადახვიდეთ უფრო მეტი შემოსავალით. ასეთ დროს, ბუნებრივია მოისურვოთ ფინანსური ვალდებულებებისაგან გათავისუფლება და სესხის დროზე ადრე დაფარვა, ან კონკრეტულ თვეში შენატანის გაზრდა. აუცილებელია წინასწარ იცოდეთ  აქვს თუ არა სესხს წინსწრების საკომისიო და რამდენია ის. სხვა შემთხვევაში შეიძლება მოგიწიოთ მეტი თანხის გადახდა, ვიდრე თავიდან გქოდნათ გათვალისწინებული.

სესხის პირობები

ხელშეკრულების პირობები

ხანდახან განსაკუთრებით გვეჩქარება სესხის მიღება, ერთი სული გვაქვს საბანკო ბიუროკრატია დასრულდეს და ფული ჩვენს ანგარიშზე დაირიცხოს. ამიტომ აჩქარებულად ავწერთ ხელს სესხის ხელშეკრულებას და სიამოვნებით ვემშვიდობებით საკრედიტო ოფიცერს. აქ კიდევ ერთი გარემოებაა, ბანკში ყოფნისას, როდესაც საკრედიტო ოფიცერის მაგიდასთან ვართ, თითქოს გვეუხერხულბე 10 გვერდიანი დოკუმენტის წაკითხვა და მოვალეობის მოხდის მიზნით მხოლოდ თვალს გადავავლებთ ხელშეკრულებას. ეს ნამდვილად არასწორია. სასწორზე კი თქვენი ფინანსური კეთილდღეობა დგას. ამიტომ აუცილებელია წაკითხოთ ხელშეკრულება და დარწმუნდეთ რომ ბოლომდე გესმით თითოეული მათგანი და ეთანხმებით მას. დააკვირდით ისეთ პირობებსა და პუნქტებს, რომლებიც ერთი შეხედვით თქვენთვის უინტერესო და უმნიშვნელოა.

შეადარეთ სესხების შემოთავაზებები

სესხის აღებისას, აუცილებელია შეარჩიოთ სესხი თქვენთვის საუკეთესო პირობებით. ამისთვის ნუ დაგეზარებათ სხვადასხვა ბანკების პირობების ნახვა და მათი ერთმანეთთან შედარება. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს, არამედ, ნახეთ სესხის აღების სხვა პირობებიც, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. წარმოიდგინეთ, რომ სესხი აიღეთ და ბანკიდან გამოსულმა აღმოაჩინეთ რომ სხვა ბანკი ბევრად უკეთეს პირობებს გთავაზობთ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *