თბილისში უძრავი ქონების ფასი ისევ გაიზარდა
ბოლო რამდენიმე წლის უცვლელი ტენდენციაა თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასის მნიშვნელოვანი ზრდა. ამ ნაკლებად სასიხარულო დინამიკის გამომწვევ მიზეზად კი ბევრი ფაქტორი შეიძლება დასახელდეს. თუმცა პირველ რიგში, გამომწვევი ფაქტორი 2022 წლის დასაწყისში რუსეთსა და უკრაინას შორის დაწყებული ომია, რომელიც სამწუხაროდ კვლავ გრძელდება. რა კავშირი აქვს ამას საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასის ზრდასთან?
პასუხი მარტივია: პირდაპირი. ომის დაწყებიდან მოკლე პერიოდში, საქართველოში რუსებისა და უკრაინელების მიგრაცია გაიზარდა. უცხოელებმა მალევე დაიწყეს დედაქალაქში უძრავი ქონების ყიდვა, რამაც ბინების გამყიდველების მხრიდან ფასების ზრდა გამოიწვია, როგორც საშუალება, უფრო მაღალ ფასად გაეყიდათ უძრავი ქონება, უფრო გადახდისუნარიან სეგმენტზე, ამ შემთხვევაში კი უცხოელებზე. ამ ყოველივემ კი ბაზარზე არეულობა შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობა გულგრილი დატოვა. სწორედ უძრავი ქონების ისტორიული მაქსიმუმით ზრდაზე ვილაპარაკებთ დღეს, რომლის მზარდი დინამიკა 2023 წელსაც შენარჩუნდა.
როგორ გაიზარდა თბილისში ბინების ფასი, 2023 წელს?
2023 წელს თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები კიდევ უფრო გაიზარდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ფასები დაახლოებით 3%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიური ზრდა დაახლოებით 13% იყო. და თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან, გამოდის რომ საცხოვრებელი სახლების ფასმა დედაქალაქში დაახლოებით 40%-ით მოიმატა. მოცემული ფასების ზრდაში იულისხმება, როგორც ახალი საცხოვრებელი ბინები და კერძო სახლები, ასევე ძველი აშენებული უძრავი ქონება.
რაც შეეხება ფასების ზრდას საცხოვრებელი უძრავი ქონების ტიპის მიხედვით, ყველაზე დიდი ზრდა კერძო სახლების სეგმენტში დაფიქსირდა. 2023 წლის ბოლო კვარტალში, კერძო სახლების ფასი დედაქალაქში 4.3%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბინების 2.5%-ით. 2022 წლის მეოთხე კვარტლის ფასებთან შედარებით კი გაზრდილი ფასები ბინების შემთხვევაში 14.2%-იან ზრდას, ხოლო კერძო სახლების სეგმენში 8.6%-იან ზარდას ნიშნავს.
უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა უბნების მიხედვით – რომელია ყველაზე ძვირი უბანი?
წლებია მთაწმინდა რჩება იმ უბნად სადაც დედაქალაქის მასშტაბით კერძო სახლებისა თუ ბინების ფასი ყველაზე მაღალია. ერთი კვადრატული მეტრის ფასი, კერძო სახლების სეგმენტში მთაწმინდაზე 4400 ლარიდან, ხოლო ბინების 5500 ლარიდან იწყება. ყველაზე ძვირადღირებულ უბნების სამეულში შედის ვაკე და საბურთალო. ვაკეში ბინის ფასი კვადრატულ მეტრზე 4900 ლარიდან ხოლო, კერძო სახლის 3300 ლარიდან იწყება. რაც შეეხება საბურთალოს, ბინის შემთხვევაში კვადრატული 3767 ლარიდან ხოლო კერძო სახლების შემთხვევაში 2982 ლარიდან იწყება.
უბნების თანმიმდევრობა მესამე პოზიციის შემდეგ იცვლება. კერძოდ, ბინების შემთხვევაში საბურთალოს შემდეგ, ყველაზე მაღალი ფასებით გამოირჩევა კრწანისი (3767 ₾), ჩუღურეთი (3480 ₾), და დიდუბე (3375 ₾). კერძო სახლების შემთხვევაში კი მეოთხე ადგილს იკავებს დიდუბე, სადაც კვადრატულის ფასი 2966 ლარიდან იწყება. შემდეგშია ჩუღურეთი (2814 ₾) და კრწანისი (2723 ₾).
რაც შეეხება ბინის ფასებს ნაძალადევში, კვადრატულის ფასი 3361 ლარიდან იწყება, ხოლო ისანსა და გლდანში 3270-2230 ლარიდან. ბინების ყველაზე დაბალი გაყიდვის ფასი კი სამგორში ფიქსირდება, სადაც ერთი კვადრატულის მინიმალური ღირებულება 3065 ლარია.
კერძო სახლების სეგმენტში კი სიძვირით ისანი მეშვიდე ადგილს იკავებს უბნებს შორის და აქ კვადრატულის ფასი 2525 ლარიდა იწყება. შემდეგია ნაძალადევი და სამგორი სადაც ფასები 2100 ლარიდან იწყება. ყველაზე იაფი ღირებულება კი გლდანში მდებარე კერძო სახლებზე ფიქსირდება, სადაც ერთი კვადრატულის შეძენას 2107 ლარიდან შეძლებთ.