თებერვალში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა და ინფლაციის მაჩვენებელმა იმატა
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიხედვით, საქართველოში 2021 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის მაჩვენებელმა 3.6% შეადგინა. გარდა ამისა, წლიური საბაზისო ინფლაცის მიხედვით, ქვეყანაში ფასები 6.6%-ით გაიზარდა, ხოლო ეს მონაცემი თამბაქოს გარეშე კი 6.3%-ს შეადგენს. ბოლო დროინდელი ინფლაციის მონაცემების მიხედვით, რომელიც საქართველოს ეროვნულმა სტატისტიკის ოფისმა გაავრცელა, რამდენიმე პროდუქტზე ფასებმა მნიშვნელოვნად იმატა. პირველ რიგში, ასეთი პროდუქტებიდან აღსანიშნავია საკვები და არა ალკოჰოლური სასმელები. ამ კატეგორიის ფასებმა ჯამში 1.1%-ით იმატა. ასეთი ტიპის პროდუქტების ჩამონათვალს შორისაა: შაქარი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი, ზეთი, ხილი, მინერალური წყალი, ბოსტნეული და პური. ხოლო ამის საპირისპიროდ, ფასებმა იკლო ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა რძე, ყველი და კვერცხი. მოცემული მაჩვენებლები ძალიან კარგად წარმოაჩენს ქვეყნის იმ სუსტ ეკონომიკურ მდგომარეობასა და კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის მძიმე შედეგებს. იქიდან გამომდინარე, რომ ლარის კურსი ქვეყანაში დღითი დღე მატულობს და გამყარების პერსპექტივებიც არ ჩანს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების ზრდა გარკვეული თვალსაზრისით ბუნებრივი მოვლენაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული პროდუქტების უმეტესობა იმპორტულია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ შემომტანი მათ დოლარში ან ევროში ყიდულობს. დღეის მონაცემებით დოლარი ლართან მიმართებაში 3.33-ს შეადგენს, ხოლო ევრო 4.0-ს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ბუნებრივი ხდება, რომ როდესაც იმპორტული პროდუქტების ლარში ასახვა ხდება, მდგომარეობა მკვეთრად იცვლება, რადგანაც უცხოური ვალუტის მაჩვენებლები მყარდება, ხოლო ლარის მდგომარეობა კი პირიქით, უფრო სუსტდება. ამიტომაც, ზემოთ ნახსენები ფასების ცვლილება მოცემულ პროდუქტებზე სრულიად ბუნებრივია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში არსებული ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა რძე და ყველი უმეტესწილად ადგილობრივი ბაზრის ნაწარმებია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მათზე ფასის 2.7%-ით კლება სწორედ ამ ფაქტითაა განპირობებული.
სხვადასხვა სერვისებზე ფასების ცვლილება
საგულისხმოა ის, რომ 2021 წლის თებერვლის თვეში სერვისებზე ფასების ცვლილება შეეხო ასევე ჯანმრთელობის სფეროსაც. საერთო ჯამში აღნიშნული კუთხით ფასებმა იმატა 9.8%-ით, რაც მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელზე 0.76%-ით ახდენს გავლენას. სფეროში ფასების ცვლილება გავრცელდა სამედინოცო პროდუქტებზე, სხვადასხვა მოწყობილობებსა თუ აღჭურვილობებზე (14.2%) და მათ შორის, ისეთ სერვისებზეც, რომლებიც პაციენტებთან არაა დაკავშირებული (11.5%). ქვეყანაში ჯანმრთელობის კატეგორიაში ფასების მატება იმით შეიძლება აიხსნას, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ამ სფეროში ადამიანების მოთხოვნის მაჩვენებლებმა. მინიმუმ ის ფაქტიც საკმარისია, რომ პანდემიისა და კარანტინის პერიოდში, სასწრაფოს გამოძახებაც კი მიუწვდომელი გახდა მაღალი მოთხოვნის გამო. ასეთი კრიტიკული მდგომარეობა და პაციენტების სიმრავლე ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა ქვეყანაში, ამიტომაც ბუნებრივია, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე თუ აღჭურვილობაზე ფასებმა მოიმატა. როდესაც ამდენია მოთხოვნა ბაზარზე, იმისათვის, რომ მიწოდებამაც არ დააყოვნოს, ხშირ შემთხვევაში, საჭიროა ფასების ზრდა იმისთვის, რომ ბაზარმა ეკვილიბრიუმი შეინარჩუნოს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ფასები ასევე გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე. ჯამში, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასებმა 8.1%-ით მოიმატა, რაც მთლიან წლიურ ინფლაციის მაჩვენებელზე 0.52%-ის ცვლილებით აისახა.
თუმცა, ამასთან ერთად, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, კომუნალურები მათ შორის წყალი, გაზი, ელექტროენერგია და გაზი 21.2%-ით გაიაფდა, რაც წლიური ინლაციის ჯამური მაჩვენებლის -1.85%-ს შეადგენს.
შეჯამება
საბოლოოდ, შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიხედვით, თებერვლის თვეში ფასები გაიზარდა ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა საკვები და არა ალკოჰოლური სასმელები (6.2%), ჯანმრთელობა (9.8%), საოჯახო აღჭურვილობებ (12.3%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (8.1%-ით). ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში სამომხმარებლო ფასების ინდექსზე მოახდინა გავლენა და წინა თვესთან შედარებით ეს უკანასკნელი 1.1%-ით გაიზარდა. ამასთან, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა თებერვლის თვეში 3.6%-ით მოიმატა.