ანგარიში ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ საქართველოში

ანგარიში ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ საქართველოში post thumbnail image

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში ,,ქალები, ბიზნესი და სამართალი 2021”, რომელიც აფასებს და აჯამებს დასაქმებული ქალის ეკონომიკური ცხოვრების ციკლს 190 ქვეყანაში, 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის ოქტომბრის ჩათვლით. მოცემული ინდექსის მიხედვით არის სულ 35 შეკითხვა და 8 სხვადასხვა ინდიკატორი, მათ შორისაა მობილობა, გადასახადი, ქორწინება და ა.შ. ინდექსის ჯამური ქულა ითვლება თითოეული ამ ინდიკატორის საშუალოს მიხედვით, სადაც 100 უმაღლეს ქულას წარმოადგენს. მონაცემები შეესაბამება იმ კანონებსა და რეგულაციებს, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში მოქმედებს. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კოეფიციენტი შესაძლო 100-დან 85.6 ქულას შეადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოცემული ინდექსის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ქულა ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო ქულასაც კი უსწრებს (83.4), ხოლო მაქსიმუმი, რომელიც ამ რეგიონში დაფიქსირდა არის 93.8 და ეს უკანასკნელი მაჩვენებელი ხორვატიასა და სერბეთს ეკუთვნის.

ქალების ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობის მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებული ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში განსაკუთრებით კარგი მდგომარეობაა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა გადაადგილების თავისუფლება, გადაწყვეტილების მიღებაში ქალების ჩართულობასთან დაკავშირებული კანონები, ქორწინების თავისუფლება, ქალების მიერ წამოწყებული ბიზნესები და საკუთრებასა და მემკვიდრეობაში ქალის თანაბარი როლი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ანგარიშში დასმული 35 შეკითხვა სავარაუდოდ, ზედმიწევნითი სიზუსტით ვერ განსაზღვრავს ქვეყანაში არსებულ რეალობას, შესაბამისად, ეს ,,იდეალური შედეგი” სინამდვილეში ალბათ, ისეთი იდეალურიც არ არის და გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს ამ საკითხებთან მიმართებაში ქვეყანაში, თუმცა, მიუხედავა ამისა, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ამ კუთხით აღიარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გენდერული თანასწორობის პრობლემა მთელ მსოფლიოში დღითიდღე უფრო აქტუალური და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.

გასაუმჯობესებელი მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ინდექსში საქართველომ მოწინავე პოზიცია დაიკავა და საკმაოდ პოზიტიური შედეგი აჩვენა, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალების ეკონომიკაში ჩართულობის თვალსაზრისით გამოსასწორებელი არაფერია. ამას მოწმონს მსოფლიოს ბანკიც, რომელიც ამბობს, რომ რეკომენდირებულია ქვეყნის რამოდენიმე კანონში შევიდეს ძირეული ცვლილებები, მათ შორის: კანონი, რომელიც გალენას ახსენს ქალების ანაზღაურებაზე, კანონი, რომელიც განსაზღვრავს ქალების მუშაობას შვილის გაჩენის შემდეგ და ამავდროულად, ამ სიაშია ქალების პენსიასთან დაკავშირებული კანონიც. ეს სწორედ ის რეგულაციებია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს, გადახედოს და მიიღოს ისეთი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალების ლეგალურ თანასწორობას ქვეყანაში.

მაგალითად, საქართველომ ყველაზე დაბალი ქულა მოცემული ინდიკატორის მიხედვით აიღო ქალების პენსიასთან დაკავშირებული კანონის სისუსტის გამო (The WBL2021 Pension Indicator). შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანამ შემდეგისთვის უფრო მაღალი ქულა აჩვენოს აღნიშნულ კრიტერიუმში, საჭიროა ამ კანონის გადახედვა, კერძოდ, ქალებისა და მამაკაცების ასაკი, რომლის მიხედვითაც ისინი პენსიაზე გადიან და სარგებლობენ საპენსიო უპირატესობებით, უნდა გახდეს თანაბარი. გარდა ამისა, საპენსიო სარგებელი უნდა ითვალისწინებდეს მშობიარობის შემდეგ, ბავშვის მოვლისთვის აღებულ სამუშაო შვებულებასაც. სწორედ ესაა ის მთავარი მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ბანკის ანგარიშში არის მოხსენიებული და რომელიც განსაკუთრებით საგულისხმო იყო საქართველოსთვის, ეკონომიკაში ქალების ჩართულობის თვალსაზრისით და ამ კუთხით, ქვეყნის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

შეჯამება

,,ქალები, ბიზნესი და სამართალი 2021” არის მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო დროინდელი ანგარიში, რომელიც აფასებს ქალების ეკონომიკურ შესაძლებლობებს 190 ქვეყანაში. მოცემულ ინდიკატორში გათვალისწინებულია 8 კატეგორია, დაწყებული ელემენტარული, ქალთა გადაადგილების თავისუფლებით, დამთავრებული მუშაობის, ბავშვების აღზრდისა და პენსიაზე გასვლის უფლებით. ამ ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები აღწერს ისეთ ობიექტურ და გაზომვად სტანდარტებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური პროგრესისა და გენდერული თანასწორობის მხრივ. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ინდექსში საქართველოს კოეფიციენტი, ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალოზე მაღალია და 85.6 ქულას აჩვენებს, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მაღალია თვითშეგნების დონე და თავისუფლებისა და თანასწორობის მაჩვენებლები, აგრეთვე, ქალები ქვეყნის ეკონომიკაზე და მის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ და აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ბიზნეს აქტივობებში. ის ფაქტი, რომ ეს ყოველივე მსოფლიოს ბანკის მიერ არის დადასტურებული, საქართველოს, როგორც ეკონომიკურად თუ სოციალურად თავისუფალ ქვეყანას, განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *