რა არის ფინანსური პირამიდა და როგორ ამოვიცნოთ ის
2016 წლიდან, საქართველოში ძალიან აქტუალურია ფინანსური პირამიდებით სარგებლობა. ბაზარზე გამოჩნდა ბევრი ახალი კომპანია, რომელიც სხვადასხვა აპლიკაციისა თუ ვებ-გვერდის საშუალებით, მომხმარებელს კლასიკურთან შედარებით, სარგებლის სახით, მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობდა.
გაზრდილმა შეთავაზებების რაოდენობამ, ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა, ინვესტირების რისკის დონე. ეს ყველაფერი კი გამოწვეული იყო, ბაზარზე არასანდო ფინანსური კომპანიების გამოჩენით, რომლებიც სხვადასხვა საბონუსე სისტემების საშუალებით, კარგად ნიღბავდნენ რეალურ შეთავაზებებს და მარტივად იქცევდნენ საზოგადოების ყურადღებას. სწორედ ამიტომ, 2016-2017 წლებში აქტუალური პრობლემა იყო მილიონობით ლარის ინვესტიციების დაკარგვა, თუმცა აღნიშნული დღესაც გადაუჭრელია. სწორედ ამიტომ, სანამ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ფინანსური პირამიდით, აუცილებელია მის სანდოობასა და რელევანტურობაში დარწმუნდეთ.
ვინაიდან მსგავსი საქმიანობა დღეს ბაზარზე საკმაოდ აქტუალურია, გამოჩნდა ფინანსური პირამიდის მსგავსი სქემები, რაც ზუსტი პირამიდის ამოცნობას შედარებით ართულებს. იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ, თუ რა პერსპექტივები გაქვთ მისი სარგებლობის შემთხვევაში ან როგორ უნდა ამოიცნოთ იგი, თავდაპირველად საჭიროა ფინანსური პირამიდის ზუსტი ცნების გააზრება.
რა არის ფინანსური პირამიდა და რა რისკებს შეიცავს იგი
ფინანსური პირამიდის საქმიანობის ფორმის მთავარი მიზანია, მოიძიოს რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი და გაზარდოს წევრების რაოდენობა. მისი მთავარი დაპირება, მომხმარებლისთვის ინვესტირების შემდგომი სარგებლის მიცემაა, რომელიც გამოირჩევა სტანდარტულთან შედარებით, მაღალი საპროცენტო განაკვეთით. რაც შეეხება ამ სარგებლის გაცემის მთავარ წყაროს, ეს ახალი წევრების მიერ ჩადებული ინვესტიციის ნაწილია.
შესაბამისად, ფინანსური პირამიდის, ისევე როგორც მისი მომხმარებლის სარგებლიანობის დონე, ახალი წევრების და მათი გაზრდილი ინვესტირების რაოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, წაგების რისკი მუდმივად არსებობს. თუ კომპანიამ, რომელიც ფინანსური პირამიდის მოდელით მოქმედებს, მუდმივად ვერ გაზარდა წევრთა რაოდენობა, ის ვერ გასცემს არსებულ წევრებზე დაპირებული სარგებლის განაკვეთს და კომპანიის სქემა სრულიად იშლება.
როგორც უკვე აღინიშნა, ფინანსური პირამიდის სქემა საქართველოში საკმაოდ გამოყენებადია. ის მეტ წილად ქსელური ტიპის მარკეტინგზეა დამოკიდებული, სადაც კომპანიისა და მომხმარებლის გარდა, ჩართულ მხარედ გვევლინება აგენტი, რომელიც სამომხმარებლო ქსელის გაფართოებაზეა ორიენტირებული. ურთიერთობა იწყება ნივთის შეძენით, შემდგომში ის გადადის აქტიურ გაყიდვასა და ქსელის გაფართოებაში. როგორც გამოიკვეთა, სქემის დაშლის რისკი აქაც რეალური და მაღალია, რადგან მეტ წილად დაზარალდება ქსელში გვიან გაწევრიანებული მომხმარებელი, რომლის მიერ შეძენილი ნივთის ღირებულება, გადახდილზე ერთმნიშვნელოვნად დაბალია.
თაღლითური სქემები ფინანსური პირამიდის მოდელში მეტ წილად მიკროსაფინანსო კომპანიების მიერ გამოიყენება. ისინი ორიენტირებულნი არიან შესთავაზონ მომხმარებელს არარეალური და იდეალური პირობებით გაჯერებული სესხები. გადახდის ვალდებულების დადგომის ეტაპზე კი, კომპანიები ვერ აბრუნებენ მომხმარებლის დანაზოგებს. ვინაიდან მექანიზმი დამოკიდებულია ახალი კლიენტის მოზიდვასა და შენარჩუნებაზე, ვალდებულების ვერ შესრულების რისკი მუდმივად მაღალია.
2016-2017 წლებში, საქართველოში მსგავსი თაღლითური სქემები და არაეფექტური ფინანსური პირამიდები, საკმაოდ მაღალი სიხშირით გამოვლინდა. შესაბამისად, ამავე მიზეზით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, შეიმუშავა საზოგადოების ინფორმირების პროგრამა, რომელიც მათ დაეხმარებოდა, ამოეცნოთ ფინანსური პირამიდა და თავი დაეზღვიათ უკონტროლო რისკებისაგან.
რაც შეეხება კონკრეტულ ზიანს, აღნიშნულ პერიოდში ბევრი ისეთი კომპანია გაკოტრდა, რომელიც ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედებდა და რომელიც არ ექვემდებარებოდა კონკრეტული რეგულირების მექანიზმებს. არარეგულირებადი მდგომარეობისა და მაღალი ინტერესის ფონზე კი, საერთო ზარალმა 100 მილიონ ლარამდე შეადგინა. შესაბამისად, ბევრმა ადამიანმა მნიშვნელოვანი ინვესტირების თანხა დაკარგა. ამ მასშტაბურ ფიასკოში, მეტ წილად სამი კომპანია დომინირებდა. მათგან ორი ბაზარზე ოპერირებდა, როგორც მიკროსაფინანსო კომპანია, ხოლო ერთი, როგორც უძრავი ქონების საბროკერო კომპანია. ჯამურად დაზარალებულთა რაოდენობა დაახლოებით 3 000 იყო. საბროკერო კომპანიაში თანხის ჩადების შედეგად, მომხმარებლებმა ჯამურად 4 მილიონ ლარზე მეტი დაკარგეს. რაც შეეხება მიკროსაფინანსო კომპანიებიდან მიღებულ ჯამურ ზარალს, ის 84 მილიონ ლარს აჭარბებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სანამ პირი გადაწყვეტს ისარგებლოს იმ კომპანიის სერვისით, რომლის მთავარი სქემა ფინანსური პირამიდის მექანიზმზეა დაფუძნებული, აუცილებელია, ადეკვატურად შეფასდეს რეალური და მოსალოდნელი რისკების დონე და მისი თანაფარდობა მოსალოდნელ სარგებლის ოდენობასთან.
როგორ ხდება ფინანსური პირამიდის ამოცნობა
პირველი და მთავარი ინდიკატორი, რითიც შეიძლება დავუშვათ, რომ კონკრეტული კომპანია ფინანსური პირამიდაა, არის ბაზარზე არსებულ საშუალო დონესთან შედარებით, ბევრად მაღალი საპროცენტო განაკვეთის სარგებლის შეთავაზება. ის ფინანსური დაპირებები, რომლებიც რეალურთან შედარებით იდეალურად გეჩვენებათ, პირველი მანიშნებელია იმისა, რომ თქვენ დიდი ალბათობით, ფინანსურ პირამიდასთან გაქვთ საქმე.
თუ თქვენი, როგორც მომხმარებლის ვალდებულებაა, კომპანიაში მოიზიდოთ ახალი დაინტერესებული პირები, რომლებიც გახდებიან კომპანიის მომხმარებლები და ბაზარზე არსებულზე მაღალ ფასად შეიძენენ სერვისსა თუ პროდუქციას, თქვენ უდავოთ იწყებთ ფინანსურ პირამიდასთან ერთგვარ თანამშრომლობას. მოთხოვნა იმისა, რომ კომპანიას აუდიტორიისა და წევრების გაფართოებაში დაეხმაროთ, მსგავსი სქემის მთავარი მახასიათებელია. ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მეტ წილად, ფინანსური პირამიდის მექანიზმზე დაფუძნებული ფირმები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, იგივე შპს-ს ფორმით რეგისტრირდებიან.
სანამ უშუალოდ გამჭვირვალობისა და ფინანსური პირამიდის თანაკვეთაზე ვისაუბრებთ, საჭიროა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა კომპანიასთან, რომელიც არ გამოირჩევა მისი საქმიანობის მექანიზმისა და ინფორმაციული კუთხით გამჭვირვალობით, შეიცავს მაღალ რისკებს. კომპანიის ღიაობა, გააცნოს მომხმარებელს დეტალური ინფორმაცია, მისი საქმიანობის და სტრატეგიების შესახებ, ნდობის წარმოქმნის საკვანძო ფაქტორია.
ვინაიდან ფინანსური პირამიდები მაღალი რისკის მატარებელია, მსგავსი კომპანიები არ გამოირჩევიან ინფორმაციული გამჭვირვალობით. ისინი მცირე და არასაჭირო ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას, სადაც მხოლოდ თანამშრომლობის სარგებლიანობაზე ხდება ხაზგასმა. შესაბამისად, თუ თქვენ ვერ იპოვეთ ფირმის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მისი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ კონკრეტული დეტალები და მექანიზმის მუშაობის პრინციპის შესახებ, დაწვრილებითი განმარტება, დიდი ალბათობით თქვენ ფინანსურ პირამიდასთან გაქვთ საქმე.
თუ აღნიშნულ მახასიათებლებს, ნებისმიერი ბენეფიტების მქონე თანამშრომლობის არჩევამდე გაითვალისწინებთ, თქვენი ინვესტიცია, ისევე როგორც მონაცემები და პოტენციური სარგებელი, დაზღვეული იქნება თაღლითური სქემებისაგან და გარეშე რისკებისგან.