რა მდგომარეობაშია ლარის კურსი და ინფლაციის დონე
გასული რამოდენიმე თვის განმავლობაში, ლარის კურსი უფრო და უფრო არასტაბილური ხდებოდა. მან ვარდნა დაიწყო 9 მარტს, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას დაემატა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა. მარტის ბოლოსთვის ლარი თითქმის 20%-ით იყო უკვე გაუფასურებული. თუმცა, ეკონომისტები მუშაობდნენ იმისათვის რათა შეემუშავებინათ გეგმა ამ პრობლემის გადასაჭრელად. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ოპერაციის გატარების შემდეგ, უკვე ვხედავთ, თუ როგორ სტაბილურდება ნელ-ნელა ლარის კურსი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი ამერიკული დოლარი დღეს ოფიციალური კურსით 3.0772 ლარი ღირს. ეს საკმაოდ დიდი წინსვლაა იქედან გამომდინარე, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ, ერთი ამერიკული დოლარის ფასი 3.201 ლარი იყო.
ეროვნულმა ბანკმა ასევე გამოაქვეყნა ლარის კურსისი პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც ერთი ამერიკული დოლარი, 4 ივნისს ეღირება 3.0416 ლარი, ევრო – 3.407 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8294 ლარი. ეს კურსი ამოქმედდება დღევანდელი ვაჭრობის შედეგად.
ფიქრობენ, რომ ეს მოვლენა რამოდენიმე ფაქტორის მიერ იყო გამოწვეული, მათ შორის საქართველოს დაბალენსებული მაკროეკონომიკურ პოლიტიკის და ასევე მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტების მიერ. ამ თემაზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. მისი განცხადებით ეკონომიკური აქტივობის შენელებაც ასრულებს თავის როლს და რომ ამას საბოლოოდ დადებითი შედეგი მოჰყვება, რადგან ეს დამაბალანსებელი პროცესი არის, რომელიც მოქმედებს დადებითად იმპორტირებული საქონლის ფასზე. ეს კი ხელს შეუწყობს ინფლაციას, რათა ის თავის მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდეს.
ლარის კურსის გამყარებას ასევე მიაწერენ ეკონომიკური აქტივობის განახლებას და გახშირებასაც, რადგან მაისიდან სხვადასხვა ტიპის ბიზნესების ამოქმედებამ თავისი წვლილი შეიტანა ლარის კურსის დაბალანსებაში.
ლარის გამყარების მიზნით ასევე მოქმედებდა ეროვნული ბანკიც, რომელმაც 140 მილიონი დოლარი გაყიდა 5 სხვადასხვა სავალუტო აუქციონზე. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ ინტერვენციების მეშვეობით ის ცდილობს შეამციროს ძლიერი რყევები სავალუტო ბაზარზე და ცალკეული მსხვილი გარიგებების საშუალებით ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო ნეგატიური ზემოქმედება აიცილოს. ერთ-ერთი ასეთი აუქციონი გაიმართა ხუთშაბათს, 21 მაისს. ამ აუქციონზე გაიყიდა 40 მილიონი ამერიკული დოლარი, რის შემდეგაც ერთი დოლარი ღირდა 3.1915 ლარი.
ხოლო რაც შეეხება ინფლაციის დონეს ის 2019 წელს შეადგენდა 7%-ს თუმცა, მან 2020-ის დასაწყისიდან კლება დაიწყო. იანვარსა და თებერვალში ის 6,4%-ს უდრიდა, ხოლო მარტში, 6,1%-ს. სიტუაცია სრულიად შეცვალა ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა აკრძალვებმა და შეზღუდვებმა. ეკონომისტების ვარაუდით, პროდუქტების ფასი მომავალი კვირების განმავლობაშიც გაიზრდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის დონე კლებას მხოლოდ წლის მეორე ნახევარში დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებს მიუახლოვდება 2021 წლის დასაწყისში. კობა გვენეტაძის მიხედვით, ინფლაციის დონის ზრდის მიმართულებით მოქმედებს ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების წარმოების ხარჯების ზრდა და ასევე საგარეო და შიდა მოთხოვნის მკვეთრი კლებაც.
წლის განმავლობაში, საქონლის ექსპოტრტი შემცირდა 22%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობისგან მიღებული შემოსავალი 70%-ით. ფულად გზავნილებში შეინიშნა 9%-იანი კლება და იმპორტიც შემცირდა 13%-ით. ამ ყველაფრის გამო განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-ით შემცირება. თუმცა, ქვეყნის მთავრობამ უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება ფინანსურად დაეხმარება უმუშევრებს, სოციალურად დაუცველებს, შმმ პირებს, თვითდასაქმებულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს. ასევე ცალკე გეგმა არის შემუშავებული იმისათვის, რათა მთავრობა დაეხმაროს ბიზნესებს, რომლებსაც განსაკუთრებულ საგადასახადო და საკრედიტო შეთავაზებების გამოყენების საშუალება ექნებათ. ამავდროულად აღსაღნიშნავია ისიც, რომ აქცენტი ამჯერად კეთდება ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და ხელშეწყობაზე.