ნათია თურნავა საუბრობს პროექტ “სახელმწიფო-შენი პარტნიორიაზე”
საქართველოს მთავრობის ახალი პროექტი „სახელმწიფო – შენი პარტნიორის” შესახებ ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. ამ პროექტის მთავარი მიზანი არის მეწარმეებს დახმარება გაუწიოს, რათა ერთ სივრცეში შეძლონ დეტალური ინფორმაციის მიღება მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების და მათში ჩართვის თაობაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ მეწარმეების ხელშეწყობისთვის 20-ზე მეტი სხვადასხვა პროგრამა შექმნა. მინისტრის თქმით, მეწარმეობის მხარდამჭერი ყველა პროგრამა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად.
ამბროლაურში მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. პრეზენტაცია წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
„მინდა, ყველას მივულოცო ამ პროექტის დაწყება, განსაკუთრებით, მცირე და პოტენციურ მეწარმეებს, ვისაც ჩვენს პროგრამებში ჩართვა სურს. ეს არის ძალიან ეფექტური ინიციატივა და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას ეკუთვნის, რომელმაც ძალიან სწრაფად და ეფექტურად, პრაქტიკულად თვე-ნახევრის განმავლობაში განგვახორცილებინა ეს პროექტი სამ სამინისტროს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, სახელმწიფოს მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები ძალიან ეფექტურად მუშაობს და თითოეული ადამიანისთვის არის ახალი შესაძლებლობა.
„მხოლოდ ერთი, ეკონომიკის სამინისტროს მიმართულება რომ ავიღოთ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ჩვენი მხარდაჭერით, 600-მდე მცირე საწარმო და საოჯახო სასტუმროა შექმნილი, 19 ათასზე მეტი ადამიანი კი დასაქმებული. მიკროგრანტების მიმართულებით ექვსი ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა და აქაც 15 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. ჩვენ თავი მოვუყარეთ 20-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც მეწარმეებო, თქვენთვის არის შექმნილი. ეს პროგრამები გავიტანეთ თბილისიდან, წამოვიღეთ აქ, რაჭაში და კიდევ ასამდე სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც თქვენთვის ძალიან კომფორტულ, ნაცნობ გარემოში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში სპეციალურად დატრენინგებული ადამიანები დაგეხმარებიან, შეავსოთ აპლიკაცია, მოამზადოთ ბიზნესგეგმა, მიიღოთ ინფორმაცია, თუ რას გთავაზობთ სახელმწიფო“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შექმნილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით გააფართოვა მეწარმეების ხელშესაწყობად გამიზნული პროგრამები.
„მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ამ რამდენიმე თვეში, შემიძლია გითხრათ, რომ 1000-ზე მეტმა მცირე და საოჯახო სასტუმრომ ისარგებლა ახალი პროცენტის სუბსიდირების დამხარებით და პროგრამით, 919-მა ადამიანმა შეიძინა ბინა ბინათმშენებლობის პროგრამის წყალობით, 29 ახალი სამეწარმეო პროექტია მხარდაჭერილი განახლებული საკრედიტო-საგარანტიო სქემით და ეს არ არის ყველაფერი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
„პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით ერთიანი სივრცეების შექმნას 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში. ერთიან სივრცეებში მოქალაქეები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ. პოტენციური ბენეფიციარები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას ბიზნესის სტიმულირების 20 პროგრამის შესახებ დისტანციურად, ან ადგილზე ისარგებლებენ ინფრასტრუქტურით და შეძლებენ, შეავსონ განაცხადები. ამისთვის სერვისცენტრებში მათ სპეციალურად გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან. პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოს და პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ პორტალზე – programs.gov.ge, სადაც მომხმარებელი შეძლებს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საჭირო პროგრამის სარგებლის, კრიტერიუმების და განაცხადის შევსების შესახებ“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.