საქართველოში იწყება პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“

საქართველოში იწყება პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ post thumbnail image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება ამბროლაურში, სადაც ახალი პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა.”სახლემწიფო – შენი პარტნიორი” არის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ერთიანი სივრცეების შექმნას საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში. ერთიან სივრცეებში, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქეები შეძლებენ ადგილზე ისარგებლონ ინფრასტრუქტურით და შეავსონ განაცხადები, ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ.

გახარიას განცხადებით, ეს არის პროექტი, რომელზე ფიქრიც სახელმწიფომ დაიწყო წლების წინ თუმცა პანდემიის მიერ შექმნილი პრობლემების გამო, ვერ მოახერხა უფო ადრე დაემთვრებინა. მაგრამ საბედნიეროდ, პროგრამა უკვე დაიწყო. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ახალი პროგრამა არის ნამდვილად პრაქტიკული მექანიზმი და არა ზედმეტი, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯი.

„მიუხედავად ამისა, მიკროგრანტების პროგრამაც რომ დავამატოთ, სხვადასხვა პროგრამით, ჩვენმა ასობით ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. 1,5 მლრდ-ზე მეტი გაიცა სესხის სახით და შეიქმნა ათობით ათასი სხვადასხვა საწარმო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს სერვისები, რასაც სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს უკეთებს, მიგვაქვს მოქალაქესთან იქ, სადაც ის ცხოვრობს. საქართველოს მასშტაბით 80 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში შეგიძლიათ მიიღოთ ზუსტად ის მომსახურება, რისთვისაც უნდა ჩასულიყავით თბილისში, მისულიყავით ერთ სამინისტროში, მეორეში, მესამეში, ბანკში და ა.შ. გარდა ამისა, გადამზადებულია საზოგადოებრივი ცენტრის 700 თანამშრომელი, რომლებიც პირდაპირ მოგაწვდით ინფორმაციას, მოგემსახურებიან და დაგეხმარებიან კონტრაქტის პირობების შექმნაში. ხელმოწერის დონეზე შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება აქ, ამბროლაურში და მსგავს საზოგადოებრივ ცენტრებში

ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური სტრესია, როდესაც ადამიანი დაქირავებული სამსახურიდან იწყებს კერძო ბიზნესში გადასვლას, კერძო ინიციატივას, უნდა გახდეს მეწარმე და დგამს პირველ ნაბიჯებს. ეს უდიდესი პრობლემაა, ფინანსური პრობლემები, ცოდნა, ბაზარი და ა.შ სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს მივეხმაროთ ამ პირველი ნაბიჯის გადადგმაში. ეს პირველი ნაბიჯია, რომ ადამიანი სახელმწიფოს ეუბნება – მომეხმარე და მე მზად ვარ, პასუხისმგებლობა ჩემს თავსა და ჩემს ოჯახზე ავიღო. თუ გაუმართლა და კარგი მეწარმე გამოდგა, შემდეგ ის უკვე პასუხისმგებლობას აიღებს მეზობელზე, მას დაასაქმებს და ძლიერი ოჯახი, ძლიერი რეგიონი არის ძლიერი ქვეყანა. მინდა იცოდეთ, რომ ის, რასაც 2012 წლიდან ვაკეთებთ, აბსოლუტურად გააზრებულია. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, ჩვენ, ყველას შეგვიქმნას თანაბარი უფლებები და სამართლიანი პირობები, მოგვეხმაროს იქ, სადაც მას შეუძლია და შემდგომ უკვე თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, მივეხმაროთ სოფლელებს, ქალაქელებს, დავასაქმოთ სხვა ადამიანები და ასე გავაძლიეროთ ქვეყანა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ახალი პროგრამის მიზანია, საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში.

„დღეს, ამბროლაურში, რაჭაში, თითოეულ ადამიანს, ვინც გადაწყვეტს, პირველი ნაბიჯი გადადგას, დაიწყოს ბიზნესი, გახსნას საკუთარი საქმე, გლეხი გახდეს ფერმერი, მოდის ამ შენობაში და აქვს ყველა ინფორმაცია, თუ რით მიეხმარება სახელმწიფო, რა პროგრამები არსებობს სოფლის მეურნეობაში – „დანერგე მომავალი“, სარწყავი სისტემების პროგრამები, შეღავათიანი თუ აგროკრედიტები, ტექნიკის დაფინანსება, რა პროგრამებიც არსებობს ეკონომიკის სამინისტროში – მარტივია ეს ყველაფერი და აქ გვყავს მომზადებული ხალხი, რომლებიც ყველაფერში დაგეხმარებიან. ვთვლი, რომ ეს არის სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია, თანაბარი, სამართლიანი პირობები ყველასთვის, მივეხმაროთ იქ, სადაც შეგვიძლია და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, როდესაც ის პირველ ნაბიჯებს დგამს საკუთარ საქმეში, გვერდით დავუდგეთ.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა თეა წულუკიანს და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს ეკონომიკური აქტივობა საზოგადოებრივ ცენტრში ასე შეიყვანა. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და კარგი ინიციატივა. საერთოდ, საზოგადოებრივი ცენტრი გახდება მიზიდულობის ძალა ჩვენი ყველა აქტიური მოქალაქისთვის. ამ რეგიონისთვის, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ტურიზმით გაგრძელებული და მეწარმეობით დამთავრებული, ყველაფერი არის მნიშვნელოვანი. ყოველწლიურად, როცა ვუყურებთ, რა ხდება ამბროლაურში, ონში, ეს არის ძალიან დიდი იმედის მომცემი და წარმატებებს გისურვებთ რაჭველებო, დაიწყეთ თქვენი ბიზნესი ფერმერობიდანგლეხობიდან გახდით ფერმერები და უმასპინძლეთ რაც შეიძლება მეტ ტურისტს, წარმატებას გისურვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს და ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანს და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს ეკონომიკური აქტივობა საზოგადოებრივ ცენტრში შეიყვანა.

გახარიამ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ დაიწყო კონკრეტული  პროგრამები როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში, კიდევ არაერთი პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფარგლებში, რომლებიც გაშლილი იყო სხვადასხვა სამინისტროში და თავმოყრილი იყო თბილისში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამბროლაურის საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერეს, სადაც მოქალაქეებს აღნიშნული სერვისების მიღება უკვე შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *