საქართველოში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება
გასულ რამდენიმე კვირაში ქართული პოლიტიკური ველი მკვეთრად შეიცვალა. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაკავებული პოზიციიდან 18 თებერვალს გადადგა. მან მიზეზად გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავებასთან დაკავშირებით.
მმართველმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ, იმავე დღესვე მოიწვია პოლიტსაბჭო და პრემიერ-მინისტრის კანდიდატად წარადგინეს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 2013-2015 წლებშიც ეკავა.
ღარიბაშვილი წლების მანძილზე ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში მუშაობდა, პოლიტიკაში კი 2011 წელს მოვიდა, 2012 წლიდან, ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, 2013 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2013 წლის ნოემბერში, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, თანამდებობა ღარიბაშვილმა დაიკავა.
მიმდინარე ცვლილებები
გახარიას გადადგომას მინისტრთა კაბინეტშიც მოყვა ცვლილებები. გახარიას განცხადების შემდეგ, თანამდებობა ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაც დატოვა. ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში, ცქიტიშვილის ადგილი მისმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ დაიკავა.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის პოსტს, რომელიც ღარიბაშვილის კანდიდატად დასახელების შემდეგ ვაკანტური გახდა, აგრეთვე მისმა მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიკავა.
სხვა მინისტრები, რომლებიც თანამდებობას იკავებდნენ გახარიას პრემიერობის დროს, კვლავ დარჩნენ საკუთარ პოზიციებზე.
წარდგენიდან რამდენიმე დღეში, 22 თებერვალს, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ღარიბაშვილს და მის მინისტრთა კაბინეტს.
ახალ მთავრობის მეთაურთან ერთად, კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების ახალი სტრატეგიებიცაა მოსალოდნელი. ამ მხრივ, ღარიბაშვილმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა.
რომელი შეზღუდვები მოიხსნება და რომლები დარჩება ძალაში?
თანამდებობის ოფიციალურად დაკავებიდან ორ დღეში, 24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.
ღარიბაშვილმა წარმოადგინა ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმა. აღსანიშნავია, რომ ე.წ. „კომენდანტის საათი“, რაც გულისხმობს გადაადგილებაზე შეზღუდვას 21:00 – 05:00 სთ-მდე, კვლავ ძალაში რჩება.
ტურისტული სექტორი
25 თებერვლიდან გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული სასტუმროები, „ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით“. რაც შეეხება სამთო-სათხილამურო საბაგიროებს, მათი ფუნქციონირება განახლდება 8 მარტიდან.
აგრეთვე 25 თებერვლიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. მუნიციპალური ტრანსპორტი სამუშაო კვირის დღეების გარდა, შაბათ-კვირასაც იმუშავებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება და 1 მარტიდან იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით ემატება კიდევ ექვსი ქვეყანა, ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი.
რესტორნები და კაფეები
რესტორნები და კაფეები შიდა სივრცეებში შეძლებენ ფუნქციონირების განახლებას (შაბათ-კვირის გარდა) ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება.
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ, რომელიც გასული თვეების განმავლობაში აქტიურად ითხოვდა რესტორნების გახსნას განაცხადა, რომ მათთვის შემოსავლის მთავარი წყარო უქმეებზე მუშაობაა, ხოლო ეს მათ კვლავ აკრძალული ექნებათ.
მის განცხადებას გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში. თურნავას თქმით, ეპიდემიოლოგების მხრიდან კითხვები არსებობდა რესტორნების გახსნასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ რესტორნები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან გადაწყვეტილებას და ზედმიწევნით გაითვალისწინებენ დაწესებულ რეკომენდაციებს.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ თვითონ ინდუსტრია არ გვანანებინებს ამ გადაწყვეტილებას – პასუხისმგებლობით მოეკიდება და დაიცავს ყველა რეგულაციას. ძალიან ბევრია კეთილსინდისიერი რესტორანი და უბრალოდ იჩაგრება, იმის გამო, რომ რომელიმე სხვა რესტორანი უხეშად არღვევს წესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფაქტებს ერთად გავაკონტროლებთ და აღვკვეთავთ,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საგანმანათლებლო და კულტურული სექტორი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან.
15 მარტიდან ფუნქციონირების განახლებას შეძლებენ აგრეთვე სპორტული დარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.
1 მარტიდან ფუნქციონირებას აღადგენენ კერძო და საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, თუმცა სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის ტესტირება.
შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლებისთვისაც. 1 მარტიდან შესაძლებელი იქნება კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენა, აგრეთვე გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება. ხოლო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება 15 მარტიდან.
აგრეთვე 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეების ფუნქციონირება.
მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განახლებას 1 მარტიდან შეძლებენ
15 მარტიდან რეპეტიციისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები. საქმიანობის სრულად აღდგენას, თეატრალურ წარმოდგენებსა და სპორტულ შეჯიბრებებს მაყურებლის დასწრებით, ისინი 1 აპრილიდან შეძლებენ.
8 მარტიდან მუშაობის განახლების უფლება ექნება არასასურსათო საცალო ვაჭრობის სფეროს შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯებიც შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღება.
„ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებები მიიღება მიმდინარე ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.