,,შავი ზღვის გალურჯება” – მნიშვნელოვანი პროგრამა რეგიონისთვის

,,შავი ზღვის გალურჯება” – მნიშვნელოვანი პროგრამა რეგიონისთვის post thumbnail image

,,შავი ზღვის გალურჯება” (BBSEA) არის პროგრამა, რომელიც გაფორმდა მსოფლიო ბანკსა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას (ბისეკს) შორის. ამ ორი მხარის თანამშრომლობა ეხმიანება ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა ზღვის დაბინძურება თუ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება. აღნიშნული შეთანხმება საშუალებას აძლევს საქართველოს, რომ ჩართოს შავი ზღვა ქვეყნის სტრატეგიებსა და პოლიტიკაში და გამოიყენოს ეს უკანასკნელი ისეთი აქტუალური პრობლემის მოსაგვარებლად, როგორიცაა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია თუ მისი შემსუბუქება. ქვეყანაში ონლაინ კონსულტაციების გამართვა 4 თებერვლიდან დაიწყო.

BBSEA არის რეგიონალური ინიციატივა, რომელიც დაფუძნებული და მხარდაჭერილია გლობალური ეკოლოგიური ფონდის (GEF) მიერ. 26 თებერვალს ჩატარდა ვირტუალური ღონისძიება სახელად ,,სანაპიროს გამწვანება და ზღვის გალურჯება მტკიცე საქართველოსთვის”, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიო ბანკის ორი მნიშვნელოვანი კვლევისა და რეკომენდაციის ხაზგასმას.

მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი კვლევები

მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი მათგანი იყო კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოს სანაპირო ზონაზე, სისუსტეების შეფასება და ადაპტაციის შესაძლებლობები. ამ უკანასკნელის მთავარი მოტივი იყო ის, რომ აემაღლებინა საქართველოს ამბიცია ქვეყნის ეროვნული მნიშვნელობისთვის რეგიონში nationally determined contribution (NDCs) და განეხილა შავი ზღვის სანაპირო ზონის ადაპტაციის მიზნები.

მოცემულმა კვლევამ გამოკვეთა ქვეყნის ლურჯი ეკონომიკის შესაძლებლობები და უსაზღვრო პოტენციალი, მათ შორის კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული რისკების შემცირებაში, რეგიონული ეკოსისტემის განვითარებასა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა გეოგრაფიის მასშტაბის განსაზღვრა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროგნოზების განხილვა, ამასთან დაკავშირებით საქართველოს სანაპირო არეალში არსებული მთავარი რისკებისა და სისუსტეების გამოკვეთა, ინფრასტრუქტურაზე და სხვა სექტორებზე კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასება და შესაძლო ადაპტაციის უპირატესობები.

მეორე, მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებული არანაკლებ მნიშვნელოვანი კვლევა ეხებოდა საქართველოს სანაპირო ზონის დეგრადაციის დანახარჯებს, ქვეყნის ნაციონალურ მნიშვნელობასა და წვლილს შავი ზღვის რეგიონში. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული 2017 წლის სანაპირო ზონის დეგრადაციის შედეგებზე, რომლებიც გამოწვეული იყო ისეთი საგულისხმო პრობლემებისაგან, როგორებიცაა დაბინძურება, წყალდიდობა, სანაპიროს ეროზია და სასოფლო სამეურნეო მიწისა და ტყის დეგრადაცია. ნაშრომში ხაზგასმულია, რომ ამ ყველაფერმა უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც შემდეგ აისახა კიდეც 2017 საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებში.

,,შავი ზღვის გალურჯების” კონფერენციაზე ასევე განხილული იყო კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სხვადასხვა გზები. მათ შორის, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია წყლის რესურსის გონივრული გამოყენება და ამასთან, კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის შემდეგ საქართველოს საზღვაო ზონაში ტურისზმის აღდგენა. სწორედ ეს ორი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს აღნიშნულ საკითხში.

კლიმატის ცვლილება, როგორც რეგიონალური პრობლემა

საყურადღებოა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის მოცემულ შეხვედრაზე წარმოთქმული სიტყვები: ,,კვლევები კარგად წარმოაჩენს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში არსებული კლიმატის ცვლილებასა და მასთან ბრძოლის უკიდურეს აუცილებლობას, ასევე აჯამებს ამ უკანასკნელი პრობლემითა და უმოქმედობით გამოწვეულ ხარჯებსაც. შეიძლება ითქვას, რომ ლურჯი ეკონომიკა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონში არსებული სხვა ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის.”

ამასთან, კონფერენციაზე გამოიკვეთა ისიც, რომ მხოლოდ ერთი ქვეყნის ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ არასდროსაა საკმარისი. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რეგიონში არსებობს ტრანსსასაზღვრო გამოწვევა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ისეთ მოგვარებას, რომ მასში სხვადასხვა ქვეყნები ერთდროულად იყვნენ ჩართულები. ცხადია, ეკონომიკური ზრდისთვის ჩადებული ნაციონალური ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია, თუმცა ცალკეული ქვეყანა ვერასდროს უზრუნველყოფს შავ ზღვასთან დაკავშირებულ მაღალი ხარისხის შედეგს, განსაკუთრებით ისეთი ჩაკეტილი ეკოსისტემისთვის, როგორიც ეს რეგიონია. შესაბამისად, ბისეკის ქვეყნების კოლაბორაცია აღნიშნულ საკითხში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ბისეკის გენერალურმა მდივანმა, მაიკლ კრისტიდიმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა: ,,საზღვაო ნაგავი და საზღვადო დაბინძურება არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის გამოწვევა, ეს ცალსახად რეგიონალური პრობლემაა, რომელიც სწორედ რეგიონალურ გადაწყვეტილებას საჭიროებს. ეს უკანასკნელი კი დაფუძნებული უნდა იყოს მუდმივ, მრავალმხრივ კოოპერაციებთან, რომელიც თავის მხრივ, დაფინანსებული იქნება ადეკვატურად და თანმიმდევრულად.”

შეჯამება

როგორც ვხედავთ, ,,შავი ზღვის გალურჯება” ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს შავი ზღვის ზონის შესაძლებლობებსა და უპირატესობებს კლიმატის ცვლილების საკითხში. ამასთან, ეს კონფერენცია რეგიონისთვის წარმოადგენს საშუალებას, რომ განვითარდეს ქვეყნის ,,ლურჯი” ეკონომიკა და მან წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონალური და მსოფლიო დონის პრობლემების მოგვარებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *