საქსტატი იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 542.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი (760.4 მლნ აშშ დოლარი) 54.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი (1 781.7 მლნ აშშ დოლარი) – 47.2 პროცენტით. აღსანიშნავია, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია (1 021.3 მლნ აშშ დოლარი).
პარტნიორი ქვეყნები ადგილობრივ ექსპორტში
საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი პარტნიორები ადგილობრივ ექსპორტში ჩინეთი (90.0 მლნ აშშ დოლარი), ბულგარეთი (83.7 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (80.2 მლნ აშშ დოლარი) არიან.
ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი (10.1 პროცენტი) მოდის ასევე თურქეთს, აშშ-სა (7.1 პროცენტი) და უკრაინაზე (6.8 პროცენტი).
თუმცა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული 2022 წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
- ჩინეთი – 95.4 (მლნ აშშ დოლარი);
- რუსეთი – 92.9 (მლნ აშშ დოლარი);
- აზერბაიჯანი – 92.3 (მლნ აშშ დოლარი).
ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78% შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნები
საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების სია 2022 წლის იანვარ-თებერვლის იმპორტის მიხედვით შედარებით განსხვავებულ სურათს გვიხატავს. ათი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში 64.0 პროცენტს წარმოადგენს. აქედან, პირველი სამი ადგილი თურქეთს (295.5 მლნ აშშ დოლარი), რუსეთსა (181.8 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანს (156.5 მლნ აშშ დოლარი) უკავიათ.
საქართველოს იმპორტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩინეთიც, რომლის წილიც მთლიან იმპორტში 8.0 პროცენტია (143.0 მლნ აშშ დოლარი).
ძირითადი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფები
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, იანვარ-თებერვალში ადგილობრივ ექსპორტში ძირითადი სასაქონლო ჯგუფები იყო:
- სპილენძის მადნები და კონცენტრანტები (156.3 მლნ აშშ დოლარითა და 28.1 პროცენტიანი წილით);
- ფეროშენადნობები (100.5 მლნ აშშ დოლარითა და 18.1 პროცენტიანი წილით);
- აზოტოვანი სასუქები (58.2 მლნ აშშ დოლარითა და 10.5 პროცენტიანი წილით);
- ყურძნის ნატურალური ღვინოები (33.2 მლნ აშშ დოლარითა და 6.0 პროცენტიანი წილით).
ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრანტების ექსპორტი 65.4 პროცენტით, ფეროშენადნობების – 92.7 პროცენტით, აზოტოვანი სასუქების – 241.3 პროცენტით, ხოლო ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი 43.9 პროცენტით არის გაზრდილი.
ძირითადი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფები
რაც შეეხება ძირითად საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს, პირველ სამეულს იკავებენ ნავთობი და ნავთობპროდუქტები (162.7 მლნ აშშ დოლარი – იმპორტის 9.1 პროცენტი), სპილენძის მადნები და კონცენტრანტები (153.9 მლნ აშშ დოლარი – იმპორტის 8.6 პროცენტი) და მსუბუქი ავტომობილები (134.0 მლნ აშშ დოლარი – იმპორტის 7.5 პროცენტი).
იმპორტის 6.7 პროცენტიანი წილი მოდის ნავთობის აირებსა და სხვა აირისებრ ნახშირწყალბადებზე.
მთლიანობაში, 2022 წლის იანვარ-თებერვლის წინასწარი მონაცემების მიხედვით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 49.3 პროცენტით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.