საქართველოდან ექსპორტი $3.8 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტი $3.8 მილიარდამდე გაიზარდა post thumbnail image

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასულ კვირას გამოაქვეყნა კვლევა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში. როგორც საქსტატის გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, ქვეყანაში საქონლის ექსპორტი $3.8 მილიარდამდე გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში მაჩვენებელი 27%-ით გაიზარდა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს მთავარი საქესპორტო საქონელი იყო სპილენძის მადნები. ასევე, კონცეტრატები, რომლის რეალიზებით ქვეყანაში ჯამში $750 მილიონი დოლარი შემოვიდა.

როგორც ირკვევა, სპილენძის ექსპორტიდან შემოსული თანხა მთლიანი ექსპორტის 20% იყო. რაც შეეხება მეორე ადგილს, ეს ადგილი დაიკავა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა, რომლის მოცულობაც $417 მილიონს შეადგენდა. მესამე ადგილს კი ფეროშენადნობები იკავებდა, ჯამში $415 მილიონით.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ზემოთ აღნიშნული შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში.

როგორ გამოიყურებოდა ექსპორტი 2021 წელს?

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 822.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1 პროცენტით მეტია.

ასევე, როგორც საქსტატის განცხადებიდან ირკვევა, აქედან ექსპორტი 3 822.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.7 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 8 999.3 მლნ. აშშ დოლარს (24.5 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში, 5 176.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  1. ჩინეთი – 569.1 მლნ. აშშ დოლარი
  2. რუსეთი – 549.1 მლნ. აშშ დოლარი
  3. აზერბაიჯანი – 488.3 მლნ. აშშ დოლარი

სამეულის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს თურქეთი, შემდეგ კი – უკრაინა, ბულგარეთი, სომხეთი, აშშ, ყაზახეთი, და უზბეკეთი. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ექსპორტი რუსეთში 2020 წელთან შედარებით გაზრდილია. 2020 წელს რუსეთში საქართველოდან ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 13.1 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს – 14.4 პროცენტს. ასევე გაზრდილია ექსპორტი აშშ-შიც, სადაც 2020 წელს მთლიანი ექსპორტის 2.6% მოდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ხოლო 2021 წელს – 4.1 პროცენტი.

როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, ქართული წარმოების პროდუქტის ექსპორტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

იმპორტი და ქვეყნის სავაჭრო პარტნიორები

რაც შეეხება იმპორტს, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  1. თურქეთი  – 1 605.1 მლნ. აშშ დოლარი
  2. რუსეთი – 926.2 მლნ. აშშ დოლარი
  3. ჩინეთი – 790.4 მლნ. აშშ დოლარი

საქსტატის მონაცემები ასევე მოიცავს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებსაც. მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  1. თურქეთი – 1 896.7 მლნ. აშშ დოლარი
  2. რუსეთი – 1 475.3 მლნ. აშშ დოლარი
  3. ჩინეთი – 1 359.5 მლნ. აშშ დოლარი

რაც შეეხება საიმპორტო საქონლებს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 796.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.8 პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 737.9 მლნ. აშშ დოლარით, იმპორტის 8.2 პროცენტი, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 668.3 მლნ. აშშ დოლარით, იმპორტის 7.4 პროცენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *