რუსეთისადმი დაწესებული 10 ყველაზე მძლავრი სანქცია და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს დასავლეთმა რიგი სანქციები დაუწესა. ეკონომიკური შეზღუდვების შემოღების მიზანი თავდაპირველად რუსეთის შეკავება იყო, ომის დაწყების შემდეგ კი – კონფლიქტის დეესკალაცია.
სანქციების თავდაპირველმა ნაკადმა კრემლის შეჩერება და მასშტაბური კრიზისის თავიდან აცილება ვერ შეძლო. შედეგად, რუსეთისადმი დაწესებული სანქციების რიცხვი 5,500-ს გადასცდა, რითაც იგი ყველაზე სანქცირებულ ქვეყნად იქცა მსოფლიოში.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სანქცია არ არის თანაბრად ქმედითი, მათგან რამდენიმეს სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია რუსეთის ეკონომიკისათვის. სამწუხაროდ, ხელშეუხებელი არც საქართველოს ეკონომიკა დარჩება.
ისევე, როგორც რუსეთ-უკრაინის ომს, კრემლისათვის დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე. კონფლიქტის ეფექტები უკვე შესამჩნევია, თუმცა სამომავლოდ ისინი კიდევ უფრო მძაფრი გახდება.
რა არის სანქცია?
სანქცია ერთგვარი სასჯელია, რომელსაც ერთი ქვეყანა მეორეს უწესებს საერთაშორისო სამართლის დარღვევის ან აგრესიული პოლიტიკის გამო. როგორც წესი, სახელმწიფოები ამ ზომას მიმართავენ კონფლიქტის საწყის ეტაპზე.
დღესდღეობით, სანქცია წარმოადგენს ყველაზე ქმედით არასამხედრო მექანიზმს ომის შესაჩერებლად. მისი ეფექტურობის საკითხი ხშირად საკამათოა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებაში მისი უფრო მძლავრი ალტერნატივა ამ ეტაპზე არ არსებობს.
არის თუ არა ეკონომიკური სანქციები ეფექტური?
ეკონომიკური სანქციები იშვიათად არის ეფექტიანი. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
- გლობალიზებულ სამყაროში სანქციებს საგულისხმო უკუეფექტი აქვს. ისინი აზიანებენ არა მხოლოდ სამიზნე ქვეყნის ეკონომიკას, არამედ გავლენა აქვთ იმ სახელმწიფოებზეც, რომლებიც აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს;
- სანქციებს ყოველთვის აქვს გამონაკლისები, როგორებიცაა ჰუმანიტარული ან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რესურსები. ეს კი ასუსტებს დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანობას;
- სანქციები ვერ ანგრევენ სამიზნე ქვეყნის ეკონომიკას და, დიდწილად, გავლენა მშვიდობიან მოსახლეობაზე აქვთ. მიუხედავად მოსახლეობის ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი გაუარესებისა, მსგავსი ზომები არ არის საკმარისი დიქტატორულ რეჟიმებში ცვლილებების გამოსაწვევად;
- სანქციებს არ აქვს მყისიერი ეფექტი. მათი გავლენა შესამჩნევი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ხდება. შესაბამისად, ისინი ვერ ახერხებენ, შეაკავონ დიქტატორული რეჟიმების აგრესიული ქმედებები და მისწრაფებები.
აღსანიშნავია, რომ სანქციების ეფექტიანობა დამოკიდებულია შეზღუდვების მასშტაბურობასა და მონაწილე სახელმწიფოების საერთო სულისკვეთებაზეც. რუსეთისადმი დაწესებული სანქციები უპრეცენდენტოა, რადგან აქამდე დასავლეთი არასდროს მოქმედებდა ასე შეთანხმებულად. ეს შეზღუდვები უდავოდ მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს რუსეთის ეკონომიკას.
მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთისადმი დაწესებული 5,500-ზე მეტი სანქციის მიუხედავად, უკრაინაში ომი კვლავ მიმდინარეობს.
რუსეთისადმი დაწესებული ყველაზე მძლავრი სანქციები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკრაინაში შეჭრისთანავე რუსეთს რიგი სანქციები დაუწესდა. დასავლეთის სახელმწიფოებმა თანმიმდევრულად დაიწყეს კრემლის ფინანსური სისტემის გამოფიტვა, რათა დაებრკოლებინათ ომის დაფინანსება და მიმდინარეობა.
რუსეთისადმი დაწესებული ყველაზე მძლავრი სანქციების ათეულს ქვემოთ გთავაზობთ.
რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვების პარალიზება
2022 წლის 26 თებერვალს, ევროკომისიის ლიდერებმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და აშშ-მა რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვები გაყინეს.
2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი ემზადებოდა მოსალოდნელი სანქციებისათვის, რაც გამოიხატებოდა საგარეო რეზერვების შექმნაში. კრემლი 630 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ოქროსა და უცხოურ ვალუტებს საგარეო რეზერვებში ინახავდა.
თუკი დასავლეთი რუსეთს სანქციებს დაუწესებდა, უცხოურ რეზერვებს უნდა გაემყარებინათ რუბლის კურსი. ამ თანხის ნაწილს, კრემლის გარეთ, უცხოურ ბანკებში ინახავდნენ.
დასავლეთის მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვების გაყინვას რუბლის მნიშვნელოვანი გაუფასურება მოჰყვა. დაწესებული შეზღუდვების გამო შეუძლებელი გახდა ეროვნული ვალუტის კურსის შენარჩუნება.
სამწუხაროდ, რუსეთს კვლავ შეუძლია გამოიყენოს უცხოური რეზერვების 13%, რომელიც ჩინურ იენში აქვს შენახული.
მიუხედავად ამისა, ეკონომისტები თვლიან, რომ ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვების გაყინვა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სანქცია იყო.
რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის შეზღუდვა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სანქცია, რომელიც ამერიკამ რუსეთს დაუწესა, იყო ემბარგო გაზსა და ნავთობზე. 8 მარტს ბაიდენის ადმინისტრაციამ აკრძალა რუსული გაზისა და ნავთობის ექსპორტი. აკრძალვას წინ უძღოდა წამყვანი ნავთობკომპანიების, Shell-ის, BP-ისა და Exxon Mobil-ის გასვლა რუსული ბაზრიდან.
დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთ პირველი, ვინც რუსულ ნავთობსა და გაზზე შეზღუდვები დააწესა. ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი 2022 წლის დასასრულამდე ეტაპობრივად შეწყვეტს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს.
აღსანიშნავია, რომ რუსული ნავთობი ამერიკული ნავთობის იმპორტის მხოლოდ 3%-ს წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ დაწესებული ემბარგო არ იქონიებს დიდ გავლენას აშშ-ის ბაზარზე.
ამისგან განსხვავებით, ევროკავშირის მიერ იმპორტირებული ნავთობის მეოთხედი რუსეთზე მოდის. ასეთი მასშტაბის ნავთობდამოკიდებულება ართულებს ევროპული სახელმწიფოებისათვის ემბარგოს დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღებას. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც გეგმავენ რუსული ნავთობის იმპორტის ⅔-ით შემცირებას 2022 წლის დასასრულამდე.
შვიდი რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვა
რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე დაიწყო საუბრები რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვის თაობაზე. სვიფტი ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემაა, რომელიც პასუხისმგებელია თანამედროვე ტრანზაქციების სისწრაფესა და უსაფრთხოებაზე.
სვიფტიდან შვიდი რუსული ბანკის გათიშვის გადაწყვეტილება არ იყო მარტივი დასავლური საზოგადოებისათვის. მხოლოდ აქტიური მოლაპარაკებების შემდეგ გახდა შესაძლებელი წევრ სახელმწიფოებს შორის თანხმობის მიღწევა.
რუსეთის სვიფტიდან გათიშვას მკვლევრების დიდი ნაწილი “ატომურ მექანიზმს” უწოდებს, რადგან იგი გულისხმობს კრემლის გლობალური მარკეტისგან იზოლაციას და ვაჭრობის გართულებას. მიუხედავად იმისა, რომ სვიფტიდან გათიშვამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას, სანქცია არ შეეხო სბერბანკსა და გაზპრომბანკს. ამან კი გარკვეულწილად შეასუსტა დაწესებული შეზღუდვის ეფექტიანობა.
საგადასახადო სისტემების ფუნქციონირების შეწყვეტა
მნიშვნელოვანი იყო, ასევე, წამყვანი საგადასახადო სისტემების ფუნქციონირების შეწყვეტა. ვიზამ, მასტერქარდმა, ამერიკულმა ექსპრესმა, ფეიფალმა, გუგლ და ეფლ ფეიმ რუსეთში ფუნქციონირება შეწყვიტეს.
ეს ნიშნავდა, რომ რუსეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ ვერ შეძლებდნენ რუსული ბარათებით სარგებლობას. მათ კვლავ შეეძლოთ ქვეყნის შიგნით გამოეყენებინათ თავიანთი ბარათები. თუმცა წამყვანი საგადასახადო სისტემების ფუნქციონირების შეწყვეტა მიუთითებდა იმაზე, რომ ისინიც უერთდებოდნენ რუსეთის ეკონომიკისადმი გამოცხადებულ მასობრივ ბოიკოტს.
საზღვაო გადაზიდვების ლიდერი კომპანიების მიერ რუსეთისათვის ბოიკოტის გამოცხადება
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო საზღვაო გადაზიდვების ლიდერი კომპანიების მიერ რუსეთისთვის გამოცხადებული ბოიკოტი. მაერსკმა, რომელიც რუსული საპორტო ოპერატორის, Global Ports-ის 31%-იანი წილის მფლობელია, დროებით შეაჩერა ყველანაირი სატვირთო გადაზიდვა რუსეთში და რუსეთიდან.
მას ასევე შეუერთდნენ ისეთი მსხვილი საზღვაო გადაზიდვების კომპანიები, როგორებიც არიან MSC, CMA CGM, Hapag-Lloyd და Ocean Network Express.
ამ კომპანიების მხრიდან ბოიკოტის გამოცხადებით მნიშვნელოვნად დაბრკოლდა რუსეთისათვის საზღვაო გადაზიდვების წარმოება.
რუსეთისათვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა
რუსეთისათვის საჰაერო სივრცე ამ დროისათვის 38-მა სახელმწიფომ ჩაკეტა, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ. ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის თვითმფრინავებს აეკრძალათ აღნიშნული სახელმწიფოების საჰაერო სივრცეში შესვლა.
შედეგად, ისინი იძულებულნი გახდნენ, დანიშნულების ადგილებამდე შემოვლითი გზებით მისულიყვნენ.
ამასთან, რუსეთისათვის ნაწილების მიწოდება და რუსეთში ოპერირება შეწყვიტეს უმსხვილესმა ავიამწარმოებლებმა – Airbus-მა და Boeing-მა. გამომდინარე იქიდან, რომ რუსული თვითმფრინავების 75% იწყობა უცხოური კომპანიების მიერ, სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნად დაბრკოლდება კრემლისთვის სამგზავრო ავიაცია.
მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ რუსული ბაზრის დატოვება
მასობრივ ბოიკოტს შეუერთდნენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებიც, როგორებიცაა Intel, Dell, HP, Lenovo, Apple და სხვები. მათ სრულად შეწყვიტეს რუსეთის ბაზარზე ოპერირება. რუსეთში წარმოება და ექსპორტი შეაჩერეს სმარტფონებისა და მათი ნაწილების მომწოდებელმა კომპანიებმაც. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იყო რუსეთის საერთაშორისო ბაზრისგან იზოლაციის გზაზე.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული ოლიგარქების სანქცირება
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დასავლური საზოგადოების მიერ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული ოლიგარქების სანქცირებამ. კრემლის უკრაინაში შეჭრისთანავე, სხვადასხვა სახელმწიფოებმა დაიწყეს კონკრეტული პირებისათვის სანქციების დაწესება.
შეზღუდვები გულისხმობდა რუსი ოლიგარქებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების უცხოური კაპიტალის გაყინვა. მათი ქონების კონფისკაციის/წვდომაზე შეზღუდვის მეშვეობით, დასავლეთის საზოგადოება იმედოვნებდა არა მარტო “ომის წამხალისებლების” (ოლიგარქების) დასჯას, არამედ პუტინზე ზეწოლის მოხდენას.
მართლაც, დასავლეთის სანქციებმა მზარდი უკმაყოფილება გამოიწვია ოლიგარქებს შორის, რადგან მათ დაკარგეს წვდომა საკუთარ უცხოურ აქტივებზე. გაღრმავდა ომის საწინააღმდეგო განწყობები, თუმცა ამ დროისათვის მსგავს ცვლილებებს კონფლიქტის მოგვარება არ გამოუწვევია.
ავტომობილების მსხვილი მწარმოებლების მიერ რუსული ბაზრის დატოვება
რუსული ბაზარი წამყვანმა ავტომობილების მწარმოებლებმაც დატოვეს. ფოლკსვაგენმა შეწყვიტა ყველანაირი წარმოება კალუგისა და ნიჟნი ნოვგოროდის ქარხნებში. მსგავსად მოიქცა ტოიოტაც, რომელმაც შეაჩერა წარმოება რუსეთის ტერიტორიაზე.
რუსული ბაზარი დატოვეს ვოლვომ, ფორდმა, სუზიკიმ და მერსედესმაც. ავტომანქანების წარმოების შეჩერებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდა რუსულ ბაზარზე ექსპორტიც. მომარაგების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფვრის შემდეგ, შესაძლოა, ავტომობილების მწარმოებლებმა კვლავ განაახლონ რუსულ ბაზარზე ოპერირება.
პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლების მიერ რუსული ბაზრიდან გასვლა
მასობრივ ბოიკოტში აქტიურად ჩაერთვნენ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიებიც. უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთის ბაზარი დატოვეს Microsoft-მა, Oracle-მა, Adobe-მა და Autodesk-მაც.
დასავლური სანქციების ნაწილს მყისიერი ეფექტი ჰქონდა რუსულ და გლობალურ ეკონომიკაზე. რუბლის გაუფასურება, საწვავის, ოქროსა და ხორბლის ფასების ზრდა, რუსული ბაზრის დახურვა, რუსეთის მოსახლეობის მასობრივი გადინება – ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ შედეგებიდან, რომლებიც სანქციებმა გამოიღო.
დროის გასვლასთან ერთად, სანქციების ეკონომიკური შედეგები უფრო შესამჩნევი გახდება რუსეთის მოსახლეობისათვის. სავარაუდოა, რომ ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდა ომის გაგრძელებასთან ერთად კიდევ უფრო შემაშფოთებელ დონეს მიაღწევს.
როგორ აისახება რუსეთისადმი დაწესებული სანქციები საქართველოზე?
რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზეც. მკვლევარების აზრით, სანქციები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და ფასების ზრდის პროცესს დააჩქარებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის აზრით, რუსეთისადმი დაწესებულ ისეთ სანქციებს, როგორებიცაა სვიფტიდან გათიშვა, საქართველოზე შეზღუდული პირდაპირი გავლენა ექნებათ. მისი თქმით, მსგავსი სანქციები აფერხებს რუსეთის საერთაშორისო ვაჭრობას და ნაკლებად იქონიებს ნეგატიურ ეფექტს საქართველოს ეკონომიკაზე.
ქადაგიძე ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკის დასუსტებასთან ერთად, შემცირდება საქართველოს რუსული ექსპორტისა და იმპორტის წილი. მის მოსაზრებას ამყარებს საქსტატის იანვარ-თებერვლის სავაჭრო ბრუნვის წინასწარი მონაცემებით. მათზე დაყრდნობით აშკარაა, რომ რუსეთი საქართველოსთვის მნიშნელოვან საექსპორტო და საიმპორტო პარტნიორს წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ მასობრივი სანქციების ეფექტებს ჩვენს ეკონომიკაზეც დავინახავთ.
ქადაგიძის აზრით, მსგავსი ეფექტების თავიდან აცილება შესაძლებელია სწრაფი რეაგირების შემთხვევაში. ამისათვის კი აუცილებელია, რომ შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა და სამსახურებმა სწრაფად მოძებნონ ალტერნატივები.
აღსანიშნავია, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ერთ-ერთი შედეგი იყო ხორბლის ფასის გაძვირება. საქართველოს ხორბლის იმპორტის 90% რუსეთზე მოდის, რაც ფქვილის და, შესაბამისად, პურის ფასს მნიშვნელოვნად გააძვირებს.
სავარაუდოა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური კურსის ფარგლებში, რუსეთის ეკონომიკის დასუსტება სერიოზულ გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზეც.