რა არის ფეიფალი და როგორ უნდა გამოიყენოთ ის საქართველოში

რა არის ფეიფალი და როგორ უნდა გამოიყენოთ ის საქართველოში post thumbnail image

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თითქმის ყველა ონლაინ მაღაზიას აქვს ფეიფალით გადახდის ფუნქცია. საქართველოში ფეიფალი არც თუ ისე პოპულარულია, თუმცა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას მილიონობით მომხმარებელი ყავს. თუ თქვენ ფრილანსერად მუშაობთ და ემსახურებით სხვადახვა კომპანიებს ან ინდივიდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ან თავად ხართ დასაქმებული უცხოურ კომპანიაში, ალბათ გაქვთ ფეიფალის ანგარიში და სწორედ მას იყენებთ სახელფასო თუ სხვა ტრანზაქციებისათვის. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ფეიფალთან შეხება აქამდე სულაც არ გქონიათ. თუ ასეა და თანაც, თუ ფიქრობთ რომ სამომავლო საქმიანობისთვის შეიძლება ფეიფალის ანგარიში დაგჭირდეთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. სტატიიდან გაიგებთ რა არის ფეიფალი, რისთვის გამოიყენება ის და როგორ უნდა გამოიყენოთ ის საქართველოში.

რა არის ფეიფალი

ფეიფალი არის ციფრული გადახდის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერ კიდევ 1999  წელს შეიქმნა. ფეიფალის მთავარი მიზანი იყო ჩაენაცვლებინა ჩეკები, რომელთაც ყიდვა-გაყიდვისთვის აქტიურად იყენებდნენ ამერიკაში და მოსახლეობისათვის შეეთავაზებინა უფრო მარტივი და სწრაფი გადახდის მეთოდი. სწორედ ამ და სხვა უპირატესობების გამო ფულის მიმოცვლის ტრადიციულ და საბანკო მეთოდებთან შედარებით, ფეიფალი მალევე გადაიქცა საერთაშორისო გამოყენების პლატფორმად.

ფეიფალის მთავარი უპორატესობა ისაა, რომ ის შესაძლებლობას აძლევს მსოფლიო მოსახლეობას პროდუქტისა თუ სერვისის საფასური გადარიცხოს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გაცილებით მარტივად, უსაფრთხოდ და სწრაფად, ვიდრე ამას კომერციული ბანკები გვთავაზობენ. ის ასევე გამოიყენება პირადი ტრანზაქციებისთვისაც. ფეიფალის წარმატება განსაზღვრა იმ გარემოებამაც, რომ ინტერნეტის საშუალებით მსოფლიო სამუშაო ბაზარი გლობალიზებულია. შესაბამისად, თქვენ შეიძლება ცხოვრობდეთ საქართველოში და დაკავებული იყოთ პროგრამირებით, დიზაინით ან სხვა საქმიანობით, რომელიც უშუალოდ კლიენტ კომპანიასთან ფიზიკურად ყოფნას არ საჭიროებს. მაგალითად, თუ თქვენ გრაფიკული დიზაინით ხართ დაკავებული, თქვენი დამქირავებელი კომპანია შესაძლოა ჰონგ-კონგში ან კალიფორნიაში მდებარეობდეს, ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფეიფალით და მარტივად მიიღოთ თქვენი ანაზღაურება.

ფეიფალის გამოყენება შეგიძლიათ როგორც პირადი გადარიცხვებისთვის, ნივთების საყიდლად უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან, ასევე ბიზნესისათვის: შეგიძლიათ თავად გაყიდოთ ნივთები სხვადასხვა ონალინ მაღაზიებზე, შეასრულოთ სერვისი უცხოური კომპანიებისთვის ან ინდივიდებისთვის, ან თავად დაიქირაოთ სხვადასხვა კომპანია ან კადრი თქვენი საქმიანობისთვის. შეგიძლიათ იმუშაოთ სახლიდან და მარტივად მიიღოთ ანაზღაურება დიდი საკომისიო ხარჯების გარეშე.

როგორ გამოვიყენო ფეიფალი

ფეიფალის გამოყენების უპირატესობები

ფეიფალი გაცილებით სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი საბანკო ტრანზაქცია. თუმცა, იმისთვის, რომ ფეიფალით სწრაფად მიიღოთ ფულადი გზავნილი თუ ანაზღაურება, საჭიროა ფეიფალმა სანდოდ ჩათვალოს თქვენი მონაცემები და ტრანზაქცია. როდესაც ფეიფალით პირველად იღებთ ფულად გზავნილს, ნუ გაგიკვირდებათ თუ ეს იმაზე გაცილებით დიდ დროს წაიღებს ვიდრე ეს თქვენ გსურთ. მაგალითად პირველი გადარიცხვის შემთხვევაში შესაძლოა 20 სამუშაო დღეც კი მოგიწიოთ ლოდინი. ასე იმიტომ ხდება, რომ პირველად იყენებთ ფეიფალს.  მომდევნო გადარიცხვების შემთხვევაში ტრანზაქციის დადასტურების დრო შემცირდება და საბოლოოდ თანხას სწრაფად მიიღებთ. კარგი ის არის, რომ თქვენს ანგარიშზე აუცილებლად გამოჩნდება ტრანზაქციის მდგომარეობა, ფეიფალი ასევე გიჩვენებთ რამდენი ხანი დაჭირდება თქვენს ანგარიშზე თანხის მისაღებად. რეალურად დრო არა უშუალოდ ტრანზაქციის მიღებას სჭირდება, არამედ მის დადასტურებას. თუ დამსაქმებელი თანხას თქვენი ფეიფალის ანგარიშზე პირველად გირიცხავთ, ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენს ანგარიშზე ტრანზქციის დადასტურების დროდ 20-21 სამუშაო დღე დაიწერება. ტრანზაქციის დადასტურებისთანავე შეგეძლებათ თქვენი თანხა საბანკო ანგარიშზე გადაიტანოთ. როგორც ავღნიშნე, მას შემდეგ რაც რამდენიმე ტრანზაქციას განახორციელებთ ტრანზაქციის დადასტურების დრო შემცირდება.

ფეიფალს გაცილებით დაბალი საკომისიო ხარჯები აქვს, ვიდრე კომერციულ ბანკებს საერთაშორისო გადარიცხვის დროს. ფეიფალზე ანგარიშის გახსნა უფასოა, თუმცა როდესაც ანგარიშზე თანხას მიიღებთ, ამ თანხიდან ფეიფალის საკომისიო დაიფარება.  საკომისიო თანხა განსხვავებულია მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ადამიანისთვის და საქართველოში მცხოვრებისთვის. თანხის მიღების საკომისიო დაახლოებით 4.5 %-ია. შესაბამისად საკომისიო არ არის ფიქსირებული, არამედ განისაზღვრება თანხის რაოდენობით. საერთაშორისო გადარიცხვისათვის ბანკებში საკომისიო ძირითადად 30 დოლარია. მაგალითად თუ თქვენი სერვისის საფასური 200 დოლარია და კლიენტმა თანხა ბანკით გადმოგირიცხათ, საკომისიო შესაძლოა 30 დოლარი ან მეტი იყოს, შესაბამისად, თქვენს ანგარიშზე 170 დოლარს მიიღებთ, თუ რა თქმა უნდა საკომისიო გამომგზავნმა არ დაფარა. ფეიფალის შემთხვევაში ეს თანხა 9 დოლარი გამოდის.

ფეიფალი გაცილებით უსაფრთხოა ტრანზაქციებისათვის. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ გიხდიან სერვისში თანხას თუ თქვენ უხდით, ფეიფალის გამოყენება გაცილებით უსაფრთხოა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ონლაინ შოპინგით ხართ დაკავებული და სხვადასხვა საიტებიდან ნივთებს ყიდულობთ. პირველ რიგში, როდესაც ფეიფალით თანხას გზავნით, ან თავად იღებთ თანხას, გამომგზავნსა და მიმღებს შორის არ იცვლება საბანკო ინფორმაცია, მაგალითად საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, ან ბანკის ანგარიშის ნომერი. შესაბამისად, თქვენ დაცული ხართ იმისგან, რომ უცხო ადამიანი ამ მონაცემებს არაკეთილსინდისიერად გამოიყენებს.

გარდა ამისა, როდესაც თქვენ ყიდულობთ ნივთებს ფეიფალის საშუალებით დაცული ხართ ისეთი არასასიამოვნო სიტუაციებიდან როგორიცაა მაგალითად ნივთის არასასურველ მდგომარეობაში მიღება. მაგალითად, თუ თქვენ გამოიწერეთ სმარტფონი და არ მიიღეთ ისეთ მდგომარეობაში, როგორიც გამყიდველს ჰქონდა აღწერილი, შეგიძლიათ ფეიფალისგან მოითხოვოთ თანხის უკან დაბრუნება. ფეიფალს ასევე აქვს დამცავი მექანიზმი ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც თქვენ რაიმე სერვისი მოითხოვეთ, თანხა გადარიცხეთ მაგრამ სერვისი არ მიგიღიათ. ორივე შემთხვევაში, ფეიფალი სრულად აგინაზღაურებთ თანხას და დაბლოკავს არაკეთილსინდისიერი გამყიდველის თუ მომხმარებლის ანგარიშს.

როგორ უნდა გამოიყენოთ ფეიფალი საქართველოში

საქართველოში ფეიფალის გამოყენება ისეთივე მარტივია, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.   პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ და გახსნათ ფეიფალის ანგარიში. ამისთვის უნდა გაიაროთ რამდენიმე ნაბიჯიანი აპლიკაცია. პირველ რიგში უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი როგორც საიდენტიფიკაციო საბუთებშია მოცემული.  მიუთითოთ იმეილის მისამართი, რომლითაც სარგებლობთ და პაროლი ფეიფალის ანგარიშისათვის.

შემდეგი ეტაპზე შეავსოთ ინფორმაცია თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესახებ – ქალაქი, ქუჩა, სრული მისამართი და საფოსტო კოდი, ასევე მობილურის ნომერი. სულ ესაა, თქვენი ფეიფალის ანგარიში გახსნილია. ამის შემდეგ შეგიძლიათ მიაბათ თქვენი საბანკო ანგარიში, რათა შეძლოთ თანხის ფეიფალის ანგარიშზე შეტანა (თუ თქვენ ახორციელებთ ფულად ტრანზაქციას) ან ფულის გამოტანა (თუ თქვენ გირიცხავენ თანხას ფეიფალის ანგარიშზე).

როგორც ავღნიშნე, თავდაპირველად, საჭირო იქნება გარკვეული დრო, იმისთვის რომ ფეიფალმა თქვენი ტრანზაქციები დაადასტუროს და სანდოდ ჩათვალოს. ამის შემდეგ შეძლებთ თანხა გადარიცხოთ და მიიღოთ სწრაფად, მცირე საკომისიო ხარჯებით, და რაც მთავარია, უსაფრთხოდ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *