რამდენად წარმატებულია თაფლის ბიზნესი საქართველოში?

რამდენად წარმატებულია თაფლის ბიზნესი საქართველოში? post thumbnail image

საზოგადოების დაბალი ცნობადობის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ თაფლის ბიზნესის სფერო, საქართველოში საკმაოდ აქტიური და წარმატებულია. მისი ექსპორტი აქტიურად ხორციელდება ევროპისა თუ აზიის დიდ სახელმწიფოებში და შემოსავლის ნიშნულებიც ყოველწლიურად მზარდია.

დღეს დეტალურად მიმოვიხილავთ თაფლის ბიზნესს საქართველოში და გაგაცნობთ მას უფრო ახლოს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წარმატებისა, სექტორში მრავლადაა გამოწვევები თუმცა მსგავსად შეგვიძლია ვთქვათ სამომავლო პერსპექტივებზეც. იმისთვის რომ ბიზნესის განვითარების ეტაპები ნათლად გამოვკვეთოთ, წარმოგიდგენთ ბოლო რამდენიმე წლის მთავარ ტენდენციებს და ცვლილებებს, საქართველოს თაფლის ბიზნეს სფეროში.

თაფლის ბიზნესი 2015-2019 წლების საქართველოში

თაფლის ბიზნესი და მისი განვითარება საქართველოში საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესი 2015 წლიდან იზრდება. შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკა, მეტ წილად 2015 წლიდან არის ხელმისაწვდომი, ვინაიდან მეურნეობების ოფიციალური აღრიცხვა თითქმის არ ხდებოდა. ამ პერიოდში თაფლთან ერთად, აქტიურ ზრდას განიცდიდა კენკრის ბიზნესიც, თუმცა ორივე სფერო უდიდესი გამოწვევების წინაშე დადგა, რაც მეტ წილად შეზღუდული პერსპექტივებით და ნელი ტემპით წინსვლას უკავშირდებოდა. შიდა პრობლემებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, საქართველოში წარმოებულმა თაფლის ოდენობამ 2 000 ტონა შეადგინა. მსგავსი ნიშნული და ზრდის ტემპი შენარჩუნდა 2017 და 2018 წლებშიც, სადაც წლიური წარმოებული ოდენობა 2 000-დან 2 500 ტონამდე მერყეობდა.

აღნიშნულ პერიოდში გამოკვეთილი სტაგნაცია მეტ წილად განპირობებული იყო ექსპორტის სიმცირით. ლეგალური ექსპორტი საკმაოდ შეზღუდული იყო და მეფუტკრეები მეტ წილად არალეგალურ გზებს მიმათავდნენ. შესაბამისად, ზუსტი სტატისტიკის დადგენა იმდროისთვის ვერ ხდებოდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2015-2018 წლებში, წლიურად ექსპორტზე გადიოდა დაახლოებით 70 000 დოლარის საფასურის თაფლი. აღსანიშნავია, რომ 2016 და 2017 წლებს თაფლის ბიზნესი ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რადგან საერთაშორისო ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, რამაც ნიშნულები 21 000 დოლარიდან 16 000 დოლარამდე შეამცირა.

უარყოფითი ტენდენცია გაგრძელდა 2019 წელსაც, სადაც პირველი ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ექსპორტი კიდევ უფრო, 14%-ით შემცირდა. ამ ყოველივეს საპირისპიროდ, ევროპის ბაზარზე ქართული თაფლი მაღალი შეფასებებით გამოირჩეოდა. მყიდველი მას ახასიათებდა როგორც უნიკალური არომატისა და გემოს მქონეს. 2015-2019 წლის მონაცემები კი აშკარას ხდის, რომ საქართველო არ იყენებდა უდიდეს პოტენციალს, გაეზარდა თაფლის ექსპორტი და წარმოების ნიშნულები, რაც აუცილებლად დადებითად აისახებოდა საერთო ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც.

მიუხედავად იმისა, რომ თაფლის მწარმოებლები მთავარ პრობლემად არასათანადო შიდა ბიზნეს გარემოს და მთავრობისაგან პასიურ ჩართულობას ასახელებდა, მთავრობის იმდროინდელი წარმომადგენლების განცხადებით, ნეგატიურ ტენდენციაში თვით მეფუტკრეებსაც დიდი წვლილი მიუძღვით. კონკრეტულად, ამ თემას უკავშირდება, 2018 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის კომენტარი, რომელმაც განაცხადა რომ მეფუტკრეთა მნიშვნელოვანი ნაწილი თაფლში ანტიბიოტიკებს იყენებს, რაც ფუტკრების დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. ეს კი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქართული თაფლის რეპუტაციას საერთაშორისო ბაზარზე.

ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელი ორგანოს არარსებობის გამო, ქვეყანაში ვერ კონტროლდება თაფლის ხარისხი და შესაბამისად, მასში ანტიბიოტიკების შემცველპბა. ამ პერიოდში არ არსებობდა ლაბორატორია სადაც აღნიშნულის შემოწმება მოხდებოდა. ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, თვით მეფუტკრეების დაბალი ინფორმირების დონე, რაც თავისთავად ამცირდებდა წარმოების ხარისხს.

თაფლის ბიზნესი საქართველოში პანდემიის პერიოდში

როდესაც თაფლის სექტორში უამრავი პრობლემა იყო გადასაჭრელი, მონიტორინგისა და საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით, ქვეყანაში პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიუხდავად ამისა, გარკვეული ოდენობით ექსპორტი საერთაშორისო ბაზარზე კვლავ გრძელდებოდა. 2020 წლამდე, ერთი კილოგრამი თაფლის ფასი დაახლოებით 12-13 ლარი იყო (აღნიშნული ფასი არა გასაყიდ, არამედ მწარმოებლის მიერ დაწესებულ ფასს წარმოადგენს). საცალო გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი კი 20-დან 25 ლარამდე მერყეობდა. პანდემიის დაწყების გამო, კი მოსალოდნელი იყო ფასების ზრდა, რადგან მეფუტკრეები დიდი  ფინანსური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.

საფასო ცვლილება არა მარტო შეზღუდული ექსპორტის არეალით იყო გამოწვეული, არამედ შემცირებული წარმოებითაც. იმ პერიოდისთვის, საქართველოში დაახლოებით 4 000 ტონამდე თაფლის წარმოება ხდებოდა, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი აკმაყოფილებდა უმაღლეს სტანდარტებს. შესაბამისად, დაახლოებით 2 000 ტონა თაფლი მაღალი ფასით გამოირჩეოდა და მისი საშუალო ჩაბარების ფასი 16 ლარს შეადგენდა. შედარებით დაბალი იყო საშუალო ხარისხის თაფლის ფასი, საცალო გამყიდველებისთვის.

პანდემიის პერიოდში, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის წყალობით, ქართული თაფლი საერთაშორისო გამოფენებზეც მოხვდა. აქ მწარმოებლებმა დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. მიუხედავად ამისა, ექსპორტი არ გაზრდილა. 2020 წელს, მთავარ პრობლემად კვლავ ანტიბიოტიკების გამოყენება სახელდებოდა. თუმცა განსხვავებით წინა წლებისა, ამ დროისთვის უკვე ხდებოდა თაფლის სპეციალურ ლაბორატორიებში ტესტირება. სინჯების შედეგად დადგინდა რომ წარმოებული თაფლის მხოლოდ 8%-ში შეინიშნებოდა ანტიბიოტიკების კვალი. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს უდიდესი წინსვლა იყო, რადგან იმ პერიოდისთვის იგივე ნიშნული დაახლოებით 57%-ს აღწევდა.

ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგად, საქართველოს მხოლოდ 1 400 ტონა თაფლის ექსპორტი შეეძლო ევროკავშირის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, მოთხოვნა ბაზრებისგან მეტად დიდია, რასაც საქართველოში არსებული მცირე წარმოება ვერ აკმაყოფილებს.  სწორედ ამიტომ ქვეყნიდან ექსპორტზე დაახლოებით 10 ტონამდე თაფლი გადიოდა. მორიგი პრობლემა იყო დაფასოებისა და კუპაჟირებისთვის რესურსების სიმცირე, რაც თავისთავად ანელებს წარმოების სიჩქარეს.

2020 წლის მთავრობის განცხადების მიხედვით, იმერეთში და გორში იგეგმებოდა თაფლის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება, თუმცა პროექტი ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა. 2020-2021 წლისთვის საქართველოში თაფლს მხოლოდ სამი ოფიციალური კომპანია აწარმოებდა, თუმცა კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე ექსპორტი საკმაოდ მცირე იყო. მეფუტკრეების ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა თაფლის იმპროტის საჭიროებას არ განიცდიდა რადგან მცირე ექსპორტის გამო, მარაგი საკმაოდ დიდი იყო.

თაფლის ბიზნესი დღეს – გამოწვევები და პერსპექტივები

ვინაიდან 2022 წელმა ბიზნესისთვის კოვიდ რეგულაციების გარეშე ჩაიარა, თაფლის წარმოების სექტორისთვის წელი მეტად წარმატებული აღმოჩნდა. საქსტატის ბოლო მონაცემების მიხედვით, 2022 წელს თაფლის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მხოლოდ იანვარ-ნოემბრის პერიოდში, ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდა 213 ტონა თაფლი, რომლის საერთო ღირებულება 970 000 დოლარს აღემატება. შემოსავალი წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით 81%-ით არის გაზრდილი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს ექსპორტზე გატანილი თაფლის მოცულობა რეკორდულად მაღალია ბოლო ათწლეულის შედეგებთან მიმართებით.

საექსპორტო ქვეყნების ლიდერი სამეული ასე გამიყურება: საფრანგეთი, 76 ტონა, რომლის საერთო ღირებულებამ 430 000 დოლარს გადააჭარბა, ბულგარეთი, 90 ტონით და ნორვეგია 21 ტონა თაფლით, საერთო ღირებულებით 103 000 დოლარი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც აქტიურად ახორციელებენ ქართული თაფლის იმპორტს. თუმცა ქართული თაფლი მოთხოვნადია არა მარტო ევროპის არამედ აზიის ბაზრებზეც. კონკრეტულად 10 ტონამდე თაფლი გადის არაბთა გაერთიანებულ საამიეროებსა და ისრაელში. ასევე 1 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა იაპონიაში. საუდის არაბეთმა 20 000 დოლარის ოდენობის თაფლი შეიძინა. საკმაოდ დადებითი ზრდა შეინიშნება კანადის, სომხეთის და ბურკინა-ფასოს ბაზრებზეც, სადაც გატანილმა თაფლის საერთო ღირებულებამ 25  000 დოლარი შეადგინა.

ვინაიდან 2022 წელი გარდამტეხად მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა თაფლის ბიზნესისთვის, პროგნოზები 2023 წლისთვის კიდევ უფრო პოზიტიურია. მიუხედავად იმისა, რომ 2015-2021 წლების შედეგები ნეგატიური იყო, 2022 წლის შედეგებმა სრულიად გადაფარა წინა წლების უარყოფითი სტატისტიკა. მეფუტკრეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მზარდი მოთხოვნის საფუძველზე ისინი კიდევ უფრო გაზრდიან ექსპორტს და შეეცდებიან კიდევ უფრო განავითარონ ქართული თაფლის ბიზნესი, საერთაშორისო ბაზრებზე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *