არის თუ არა ფორექსი სანდო
ყოველთვის როდესაც ვინმე საუბრობს ფულის გამომუშავების ახალ გზაზე, რომელიც არ ჯდება სტანდარტულ “სახლი-სამსახური-სახლი” ციკლში ჩნდება კითხვა, რამდენად სანდოა შემოსავლის ასეთი წყარო. ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც საუბარია შედარებით დიდ თანხებზე. მაგალითად, თუ ერთი მეგობარი მეორეს ეტყვის რომ მისი ნაცნობი ფორექსზე ვაჭრობის საშუალებით დიდ თანხას გამოიმუშავებს და თვითონაც გადაწყვიტა დაიწყოს ტრეიდინგი, დიდია იმის ალბათობა რომ თანამოსაუბრე ამას ეჭვის თვალით შეხედავს და გააფრთხილებს შესაძლო თაღლითობის შესახებ.
რატომ არ “ვენდობით” ფორექსს?
ფორექსის მიმართ ერთგვარი უნდობლობა გასაკვირი არ არის. სამწუხაროდ, საქართველოში ძირითად შემოსავლის წყაროდ სამსახური ან/და მცირე ბიზნესი რჩება. რამდენადაც ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული დანაზოგის გაკეთება და შემდეგ მისი ინვესტირება ან ტრეიდინგისთვის გამოყენება, მსგავს ფინანსურ აქტივობებსა და ბაზრებზე ინფორმაცია ნაკლებადაა გავრცელებული.
აზრს, რომ ფორექსი თაღლითობაა და სანდო არ არის ამყარებს ისიც, რომ ზოგადი ხარისხი ქართულ ფორექს ბაზარზე ძალიან დაბალია. საქართველოში მოქმედი საცალო საბროკერო კომპანიების საიტების ნახვაც კი საკმარისია რომ მთლიანად ფორექსის მიმართ უნდობლობით განეწყოთ. ამასთანავე, ინფორმაცია ფორექსის შესახებ რასაც ინტერნეტში ქართულად წაიკითხავთ ძირითადად უხარისხოა და სუბიექტურია, რის გამოც მკითხველებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ვიღაც მათ მოტყუებას და იმაში დარწმუნებას ცდილობს რაც არარეალურია. მაგალითად ისეთი სათაურებით როგორიცაა “დაიწყე ფორექსზე ვაჭრობა და გამოიმუშავე 10 000 დოლარი ერთ თვეში.”
ის რომ საქართველოში ბევრი ადამიანი თვლის ფორექსს თაღლითობად გარკვეულწილად თავად ფორექსის ფინანსური ბაზრის დამსახურებაცაა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მასში ჩართული არაკეთილსინდისიერი კომპანიებისა და პირების. ხშირად თაღლითი კომპანიები, რომლებიც თავს საბროკერო ან საინვესტიციო კომპანიებს უწოდებენ ატყუებენ მომხმარებელს და ითვისებენ მათ კაპიტალს.
არის თუ არა ფორექსი სანდო?
მიუხედავად იმისა, რომ ფორექსის ინდუსტრიაში ბევრ თაღლით კომპანიას შეხვდებით, თავად ფორექსის ფინანსური ბაზარი სანდოა. იმისთვის, რომ ამაში დარწმუნდეთ საჭიროა გაიაზროთ რა არის ფორექსი და რას ნიშნავს ფორექსის ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა. ფორექსი არ არსებობს ცალკეულად რომელიმე ქვეყანაში, არამედ არის საერთაშორისო და შესაბამისად ის ერთიდაიგივეა როგორც მაგალითად საქართველოში მცხოვრები ტრეიდერებისათვის ასევე ბრიტანეთში მცხოვრებისათვის. გარდა ამისა, ფორექსის ბაზარი მთელს მსოფლიოში ყველაზე აქტიური, დიდი და მძლავრი ფინანსური ბაზარია. ფორექსზე ერთი დღის განმავლობაში 5 ტრილიონი დოლარი ივაჭრება. ამ ვაჭრობაში ჩართულნი არიან როგორც საცალო ტრეიდერები, ისეთივე როგორც მე და თქვენ, ასევე ინსტიტუციონალური მოვაჭრეები მაგალითად ბანკები. შესაბამისად კითხვაზე “არის თუ არა ფორექსი სანდო?” – პასუხი ცალსახად დადებითია.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ჩაერთოთ ფორექსზე ვაჭრობაში და ბრმად ენდოთ ყველა მასში მონაწილე პირებსა თუ კომპანიებს. რადგან ფორექსი ძალიან მომგებიანი ბაზარია, თაღლითი კომპანიები ცდილობენ რაც შეიძლება მეტად იხეირონ ამ ბაზრით. მოდით განვიხილოთ თაღლითობის გავრცელებული ხერხები ფორექს ინდუსტრიაში, მათ შორის საქართველოში და ვნახოთ ვინ უტეხავს ფორექსს სახელს, რათა ფორექსზე ვაჭრობის დროს მაქსიმალურად დაცული იყოთ.
საინვესტიციო კომპანიები
თაღლითი საინვესტიციო/საბროკერო კომპანიები განსაკუთრებით ხშირია ისეთ ქვეყნებში, სადაც ფორექსზე ვაჭრობა და ინფორმაცია ამის შესახებ მასიურად გავრცელებული არ არის. ქვეყნებში სადაც ინვესტირება ფულის გამომუშავების მიღებული ფორმაა ასეთი თაღლითური სქემები ნაკლებად ამართლებს. სამწუხაროდ, საქართველო ჯერ-ჯერობით პირველ კატეგორიაშია და შესაბამისად თაღლითი საინვესტიციო კომპანიებიც აქტიურად მოქმედებენ.
მსგავსი საინვესტიციო კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ ფულის ინვესტირებას დაპირებით, რომ მათი შენატანით საფონდო ბირჟაზე ისარგებლებენ ამის სანაცვლოდ კი თავად ყოველთვიურ მაღალ სარგებელს მიიღებენ. ერთი შეხედვით მომხმარებლებისათვის ეს სარფიანი შეთავაზებაა, ისინი ამას უყურებენ როგორც ბანკში დანაზოგის განთავსებას, იმ განსხვავებით რომ ბანკში ყოველწლიური სარგებელი შეიძლება 10 პროცენტი იყოს, ხოლო საინვესტიციო კომპანიები ყოველთვიურად გაცილებით მაღალპროცენტიან სარგებელს სთავაზობენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომხმარებლების ნაწილს ნამდვილად ერიცხება სავაჭრო ანგარიშზე მოგება რამდენიმე ასეული დოლარის რაოდენობით, მაგალითად 200, 300 ან 500 დოლარიც კი. თუმცა მათ არ შეუძლიათ თანხის სავაჭრო ანგარიშიდან გატანა, ან მხოლოდ რამოდენიმე მომხმარებელი ახერხებს ამას. საბოლოოდ საინვესტიციო კომპანიები სრულ თანხას ითვისებენ (მათ შორის იმ თანხასაც რომელიც მომხმარებლების სავაჭრო ანგარიშზეა), ქრებიან და რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ ჩნდებიან ახალი სახელით.
საქართველოში ერთ-ერთი გავრცელებული ასეთი შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა. საბროკერო კომპანია HD Forex მომხმარებელს სთავაზობდა ფულის ინვესტირებას ყოვეთვიური სარგებელის სანაცვლოდ. კომპანია 2014 წელს გაიხსნა საქართველოში და რამდენიმე ოფისიდან ოპერირებდა, მათ შორის თბილისში, მარნეულში და ბათუმში. მომხმარლებმა რამდენიმე ათასეული ლარის ინვესტიცია განახორციელეს, ზოგიერთმა მათგანმა რამდენიმე თვის განმავლობაში მართლაც მიიღო 200-300 დოლარის ოდენობის თანხა სავაჭრო ანგარიშზე. თუმცა კომპანია მათ თანხის გატანის მოთხოვნას არ ადასტურებდა, უფრო მეტიც, არწმუნებდა მათ თანხა დაეგროვებინათ და ისე გაეტანათ. რა თქმა უნდა საბოლოოდ მომხმარებლებმა პირველადი საინვესტიციო თანხა და “მოგება” დაკარგეს ხოლო კომპანია დაიხურა. მას შემდეგ კომპანიის ოფიციალური საიტი მიუწვდომელია.
როგორ უნდა დავიცვათ თავი თაღლითი საინვესტიციო კომპანიებისგან?
არსებობენ საინვესტიციო კომპანიები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან მომხმარებლებს და მართლაც ვაჭრობენ მათ ნაცვლად. თუმცა ასეთი კომპანიების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. სამაგიეროდ ხშირად შეხვდებით თაღლით კომპანიებს. იმისთვის რომ მათი მსხვერპლი არ გახდეთ ნუ ენდობით ისეთ დაპირებებს როგორიცაა მაღალი პროცენტული სარგებელი. თუ დაპირება ძალიან კარგად ჟღერს, დიდი ალბათობით ის მართალი არ არის. ამასთანავე კარგად გამოიკვლიეთ კომპანიის შესახებ ინფორმაცია. აუცილებლად შეამოწმეთ აქვს თუ არა საქართველოში მოქმედების და ფინანსური და საინვესტიციო სერვისების შეთავაზების უფლება.
სატელეფონო შემოთავაზებები
მსოფლიოში გავრცელებულია საბროკერო კომპანიები რომლებიც ტელეფონით უკავშირდებიან პოტენციურ მსხვერპლს და სთავაზობენ თანხის ინვესტირებას. ეს კომპანიები ძირითადად ოპერირებენ ქვეყნებიდან სადაც რეგულაციები შედარებით სუსტია, გადასახადები დაბალი, მუშახელი კი იაფი, ხოლო სერვისებს სთავაზობენ ისეთი ქვეყნების მოსახლეობას როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და სხვა.
საქართველოშიც მრავლადაა ასეთი კომპანიები. თუმცა რამდენადაც აქ თანხის ინვესტირების კულტურა მეტწილად არ არსებობს, ქართველი მომხმარებლები მათთვის საინტერესო არაა. ასეთი კომპანიები მუშაობენ მარტივი სქემით, ისინი სთავაზობენ პოტენციურ მსხვერპლს ფულის ჩადებას, პირდებიან რომ მათ ნაცვლად ივაჭრებენ და თანხას გაუორმაგებენ. ზედმეტია იმის თქმა, რომ ამ თანხას უბრალოდ ითვისებენ.
როგორ უნდა დავიცვათ თავი სატელეფონო თაღლითებისაგან?
ჯერ-ჯერობით საქართველო ასეთი კომპანიების ინტერესებში არ არის, რამდენადაც აქ დანაზოგისა და ინვესტირების კულტურა გავრცელებული არაა. თუმცა თუ მაინც მიიღეთ მსგავსი სატელეფონო შეთავაზება თქვენთვისვე უმჯობესია თუ მაშინვე გაუთიშავთ. თუ საბროკერო კომპანიას კლიენტების მოსაზიდად განუწყვეტლივ რეკვა სჭირდება პოტენციურ მომხმარებლებთან ალბათ ღირს დაიფქრება რამდენად სანდოა ეს კომპანია.
თაღლითი საბროკერო კომპანიები
თაღლითი საბროკერო კომპანიები ფორექს ბაზრის ყველაზე დიდი პრობლემაა. თუ თაღლითი საინვესტიციო კომპანიებისა და ქოლ ცენტრ-საბროკეროების შემთხვევაში მაშინვე შეგიძლიათ მიხვდეთ სანდოა თუ არა კომპანია, საბროკეროების შემთხვევაში ყველაფერი ასე მარტივი არაა.
საბროკერო კომპანიები არ სთავაზობენ მომხმარებლებს მათ ნაცვლად ვაჭრობას. მომხმარებლები, რომლებიც ამა თუ იმ ბროკერთან რეგისტრირდებიან თავად ვაჭრობენ კომპანიის მიერ მოწოდებულ სავაჭრო პლატფორმაზე. თუ თაღლით ბროკერთან დარეგისტრირდებით შესაძლოა ვერაფერი უცნაური ვერ აღმოაჩინოთ მანამ, სანამ ვაჭრობთ. თუმცა, როდესაც სავაჭრო ანგარიშიდან თქვენი მოგების გამოტანას გადაწყვეტთ ბროკერი უარყოფს თქვენს მოთხოვნას რაიმე მიზეზით და შედეგად თანხის გამოტანას ვერ შეძლებთ. იმ შემთხვევაში თუ ეცდებით დაუკავშირდეთ საბროკერო კომპანიის წარმომადგენელს რათა ვითარებაში გაერკვეთ დიდი ალბათობით ისინი მოიგონებენ რაიმე მიზეზს რომ შემოგთავაზონ შეიტანოთ ანგარიშზე თანხა, რათა მიიღოთ თქვენი მოგება. ან უბრალოდ არ უპასუხებენ თქვენს მეილებსა და ზარებს და საბოლოოდ თქვენს ანგარიშს დაბლოკავენ.
როგორ დავიცვათ თავი თაღლითი ბროკერებისაგან?
მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორ მოახდინოთ თაღლითი ბროკერის იდენტიფიცირება და დაიცვათ თავი თაღლითობისაგან:
- შეამოწმეთ აქვს თუ არა საბროკერო კომპანიას რეგულაცია მარეგულირებელი ორგანოსაგან. ბროკერის საიტზე აუცილებლად უნდა იყოს მოცემული ლიცენზიის ნომერი და მითითებული იყოს რომელ მარეგულირებელ ორგანოსთან არის საბროკერო კომპანია რეგისტრირებული. გადაამოწმეთ ნამდვილია და მოქმედია თუ არა ლიცენზია მარეგულირებელი ორგანოს საიტზე. თაღლითი საბროკერო კომპანიები ხშირად მიუთითებენ სხვა კომპანიის ლიცენზიის ნომერს, ან ლიცენზიას რომელიც შეჩერებულია მარეგულირებელის მიერ.
- ნუ ენდობით კომპანიებს რომლებიც რეგისტრირებულია ოფშორულ ტერიტორიებზე. ასეთ ქვეყნებში ლიცენზიის მიღება ძალიან იაფი და მარტივია, შესაბამისად თაღლითი საბროკერო კომპანიები ხშირად რეგისტრირდებიან ვანუატუში, სენტ ვინსენტ და გრენადინებში და მსგავს ტერიტორიებზე.
- კარგად წაიკითხეთ ხელშეკრულება და დარწმუნდით რომ ბროკერი არ გაკისრებთ დამატებით გადასახადებს, სავაჭრო და ანგარიშიდან თანხის გამოტანის პირობები აქვს აღწერილი დეტალურად და გამჭირვალედ.
ყოვეთვის წაიკითხეთ საბროკერო კომპანიების შესახებ მომხმარებლების კომენტარები.
ახლა უკვე იცით როგორ უნდა ამოიცნოთ თაღლითი საბროკერო თუ საინვესტიციო კომპანია. თუ შეძლებთ სწორად შეარჩიოთ ბროკერი რომელთანაც ვაჭრობას დაიწყებთ შეგიძლიათ არ ინერვიულოთ იმაზე, რომ თაღლითი კომპანიები თქვენს სავაჭრო კაპიტალს და მოგებას მიითვისებენ და დარწმუნდებით რომ ფორექსი ნამდვილად სანდოა.