რა არის საკრედიტო მხარი და როგორ უნდა გამოიყენოთ ის

რა არის საკრედიტო მხარი და როგორ უნდა გამოიყენოთ ის post thumbnail image

ფორექსზე ვაჭრობა განსაკუთრებით მიმზიდველია მცირე კაპიტალის მქონე ტრეიდერებისათვის რადგან ფორექსზე, სხვა ფინანსურ ბაზრებთან შედარებით შესაძლებელია ყველაზე მაღალი საკრედიტო მხარის გამოყენება. საკრედიტო მხარი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს განახორციელონ ისეთი ტრანზაქციები, რომელთა ფინანსური ღირებულება ბევრად აღემატება მათ სავაჭრო ანგარიშზე არსებულ კაპიტალს. რამდენადაც საქართველოში ფორექსის შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე მცირეა, გადავწყვიტეთ განვმარტოთ რა არის საკრედიტო მხარი, როგორ ხდება მისი გამოყენება, რამხელა საკრედიტო მხარი შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორექსზე ვაჭრობისას და საერთოდ უნდა გამოიყენოთ თუ არა ის.

რა არის საკრედიტო მხარი

რა არის ლევერეჯი, იგივე საკრედიტო მხარი?  ეს ერთგვარი კრედიტია, რომელსაც ფორექს ბროკერები აძლევენ ტრეიდერებს ვაჭრობისთვის. როგორც წესი, როდესაც დამწყები ტრეიდერები ხსნიან სავაჭრო ანგარიშს ფორექს ბროკერთან მათ არ აქვთ დიდი სავაჭრო კაპიტალი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მზად ხართ 10,000 დოლარით დაიწყოთ ვაჭრობა, ეს თქვენი, როგორც დამწყები ტრეიდერის მხრიდან ირაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა. ტრეიდერების უმრავლესობა ვაჭრობას იწყებს 10-100 დოლარის დეპოზიტით რათა მინიმუმამდე შეამცირონ ფინანსური დანაკარგი.  თუმცა, იმისთვის, რომ მეტი მოგება მიიღონ, ტრეიდერებს ჭირდებათ ვაჭრობა დიდი თანხებით. ამისთვის ბროკერი შესაძლებლობას აძლევს მათ გამოიყენონ ბროკერის თანხა. მოდით განვიხილოთ მაგალითები და ვნახოთ როგორ მუშაობს საკრედიტო მხარი.

როგორ გამოიყენება საკრედიტო მხარი

ვთქვათ, თქვენს მეზობლად იყიდება საკუთარი სახლი. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თუ ამ სახლს იყიდით, შეძლებთ ბევრად უფრო უკეთეს ფასად გაყიდოთ და მიიღოთ მოგება. სახლის გასაყიდი ფასი 100 000 დოლარია, თქვენ კი მხოლოდ 1000 დოლარი გაქვთ რაც, რა თქმა უნდა, საკმარის თანხასთან ახლოსაც ვერ მივა. მაგრამ თქვენ ძალიან გინდათ სახლის ყიდვა რადგან დარწმუნებული ხართ რომ უფრო ძვირად გაყიდით. თქვენი სეხულობთ დარჩენილ თანხას 99 000 დოლარს მეგობრისგან და ყიდულობთ სახლს. ამის შემდეგ, ყიდით სახლს 105 000 დოლარად, თქვენი მეგობარი იბრუნებს თავის 99 000 დოლარს, თქვენ კი გრჩებათ თქვენი მოგება 4000 დოლარი.

მოდი დავაკავშიროთ ეს მაგალითი ფორექსთან. როდესაც თქვენ 100 000 დოლარიანი ვაჭრობა განახორციელეთ თქვენი 1000 დოლარით, თქვენ გამოიყენეთ 1:100 საკრედიტო მხარი. თქვენი წილი მთლიან თანხაში იყო 1000 დოლარი, ხოლო სრული თანხა, რაც ვაჭრობის განსახორციელებლად გჭირდებოდათ 100 ჯერ მეტი – 100 000 დოლარი.

თუ თქვენ საბროკერო კომპანიასთან სავაჭრო ანგარიშზე გაქვთ 1000 დოლარი და გსურთ განახორციელოთ ვაჭრობა, რომლის ღირებულებაცაა 100 000 დოლარი, თქვენ ირჩევთ საკრედიტო მხარს 1:100. დარჩენილ თანხას იღებთ ბროკერისაგან ერთგვარი კრედიტის სახით. საკრედიტო მხარი საშუალებას გაძლევთ დაკავდეთ მარგინალური ვაჭრობით. ამ მაგალითის შემთხვევაში, თქვენი მარჟა 1000 დოლარია, საკრედიტო მხარი 1:100 და თანხა, რომელსაც ბროკერი გაძლევთ 99 000 დოლარი.

თუ თქვენ წარმატებულად ივაჭრეთ თქვენ იღებთ მოგებას იმავე პრინციპით, როგორიც სახლის მაგალითის შემთხვევაში, მაგრამ რა ხდება როდესაც თქვენი ვაჭრობა თქვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდა?  ასეთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება სრულიად დაკარგოთ თქვენი სავაჭრო ანგარიში.

რასაკვირველია, ისევე როგორც თქვენ, საბროკერო კომპანიას, რომელთანაც ვაჭრობთ არ უნდა თავისი თანხის დაკარგვა. იმისთვის რომ ამისგან თავი დაიზღვიოთ უნდა გამოიყენოთ ე.წ სტოპ ლოს ბრძანება. ასეთ შემთხვევაში პოზიციის გახსნისას უნდა მიუთითოთ ბრძანება, რომ თქვენი პოზიცია დაიხუროს მაშინვე, როდესაც თქვენი დანაკარგი თქვენ მიერ არჩეულ ნიშნულს მიუახლოვდება. მაგალითად თქვენ მზად ხართ დაკარგოთ 500 დოლარი, ასეთ შემთხვევაში მიუთითებთ ბრძანებას დაიხუროს პოზიცია ისე, რომ თქვენი დანაკარგი არ გაცდეს 500 დოლარს.
ხშირ შემთხვევაში, ამაზე საბროკერო კომპანიებიც მიუთითებენ. მაგალითად როდესაც განახორციელეთ ვაჭრობა, რომელშიც 1000 დოლარი თქვენია, ხოლო 99 000 დოლარი საბროკერო კომპანიის და დანაკარგი უახლოვდება 99 000 დოლარს, ბროკერი ანხორციელებს მარჯინ ქოლს, მოგიწოდებთ რომ ან შევასოთ თქვენი სავაჭრო ანგარიში დამატებითი თანხით, ან დახუროთ პოზიცია.

კიდევ ერთი გარემოება, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსური ლევერიჯს გამოყენებისას საბროკერო კომპანიასთან არის ნეგატიური ბალანსისგან დაცვა. ზოგიერთი საბროკერო კომპანია სთავაზობს მომხმარებელს ნეგატიური ბალანსისგან დაცვას, ეს ნიშნავს, რომ თუ არ გაქვთ დაყენებული სტოპ ლოს ფუნქცია და დროულად ვერ დახურეთ პოზიცია, თქვენი პოზიცია დაიხურება თავისთავად, როდესაც დანაკარგი მიაღწევს 1000 დოლარს. სხვა შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ მოახერხეთ პოზიციის დროულად დახურვა, შეიძლება დაკარგოთ უფრო მეტი თანხა ვიდრე თქვენს სავაჭრო ანგარიშზეა, ანუ თქვენი სავაჭრო ბალანსი გავიდეს მინუსში.  ბევრი საბროკერო არაკეთილსინდისიერად იქცევა, მომხმარებელს არწმუნებს რომ აქვს ნეგატიური ბალანსისგან დაცვა, როდესაც სინამდვილეში ასეთი რამ არ აქვს. ამიტომ, საბროკერო კომპანიის შერჩევამდე უნდა დარწმუნდეთ რომ ბროკერი ნამდვილად უზრუნველყოფს ნეგატიური ბალანსისგან დაცვას.

რამხელა საკრედიტო მხარის გამოყენებაა შესაძლებელი

ყველა საბროკერო კომპანია განსხვავებულ საკრედიტო მხარს სთავაზობს მომხმარებელს. ეს მთლიანად ფორექს ბროკერზეა დამოკიდებული.  თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც 1:2  ასევე 1:2000 საკრედიტო მხარით.

საკრედიტო მხარის გამოყენებას თან დიდი რისკი ახლავს, რადგან ბევრი ტრეიდერი, განსაკუთებით დამწყები მოვაჭრეები ვერ ითვალისწინებენ მასთან დაკავშირებულ რისკებს და შესაბამისად კარგავენ დიდ თანხებს.  ამის გამო, ქვეყნების უმრავლესობაში ფინანსურ მარეგულირებელს დაწესებული აქვს მაქსიმალური საკრედიტო მხარი.
მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში ფორექსზე ვაჭრობისას ნებადართული მაქსიმალური საკრედიტო მხარი, რისი შეთავაზებაც საბროკერო კომპანიებს მომხმარებლებისათვის შეუძლიათ 1:30 – ია. საქარველოში მაქსიმალური საკრედიტო მხარი საბაზისო აქტივების რისკიანობის მიხედვით განისაზღვრება 1:50 -ით. ეს დადგენილია ფორექს რეგულაციებით, რომელსაც ეროვნული ბანკი აწესებს.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ გაქვთ მეტი საკრედიტო მხარის გამოყენების უფლება.  თუ საქართველოში დარეგისტირებულ საბროკერო კომპანიებს მხოლოდ 1:50 საკრედიტო მხარის შემოთავაზება შეუძლიათ ისეთი საერთაშორისო ბროკერები რომლებიც ეროვნულ ბანკთან რეგისტრირებულები არ არიან და არ გააჩნიათ ოფისი საქართველოში მომხმარებლებს სთავაზობენ საკრედიტო მხარს 1:1 – 1:2000 მდეც კი. თუმცა მანამდე, სანამ საკრედიტო მხარის გამოყენებას გადაწყვეტდეთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ამის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

საკრედიტო მხარის გამოყენების დადებითი მხარეები

ამაზე გარკვეულწილად უკვე ვილაპარაკეთ. მთავარი დადებითი მხარე რაც საკრედიტო მხარის გამოყენებას აქვს, არის შესაძლებლობა განახორციელოთ ვაჭრობა, რომელსაც ლევერიჯის გამოყენების გარეშე ვერ შეძლებდით. ფორექსზე ვაჭრობისას მცირე თანხებით შეიძლება მოგების მოღება, თუმცა მოგება გაცილებით დიდია, როდესაც დიდი თანხით ვაჭრობთ. მაგალითად, თქვენ მიიღებთ მცირე მოგებას 1000 დოლარით, მაგრამ თუ 100 000 დოლარის ღირებულების ვაჭრობას განახორციელებთ, თქვენი მოგება გაცილებით დიდი იქნება.

თუ თქვენ მხოლოდ 1000 დოლარი გავქთ, მაგრამ დიდი მოგების მიღება გსურთ შეგიძლიათ მანამდე აგროვოთ ფული, სანამ 100 000 დოლარს შეაგროვებთ, რაც რა თქმა უნდა დიდ დროს წაიღებს და თანაც ლოგიკურ აზრს იქნება მოკლებული.

ამის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ საკრედიტო მხარი, ისე რომ გქონდეთ მაღალი მოგება და რისკი მინიმუმამდე შეამციროთ სტოპ ლოსის გამოყენებით.

საკრედიტო მხარის გამოყენების უარყოფითი მხარეები

საკრედიტო მხარს ხშირად ორმხრიან ხანჯალსაც უწოდებენ. მისი დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ დიდი მოგება, და ამასთანავე დაკარგოთ დიდი თანხებიც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფორექსზე ვაჭრობაში ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ.  რაც უფრო დიდ საკრედიტო მხარს გამოიყენებთ, მით უფრო დიდია თქვენი რისკი. ამიტომაც, დამწყები ტრეიდერებისათვის დიდი საკრედიტო მხარის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ამასთანავე, არ არის რეკომენიდრებული დიდი საკრედიტო მხარის გამოყენება, მაშინ, როდესაც თქვენი სავაჭრო კაპიტალი კონკრეტული პოზიციისთვის ისედაც მაღალია.

უნდა გამოიყენოთ თუ არა საკრედიტო მხარი

უნდა გამოიყენოთ თუ არა საკრედიტო მხარი ეს სრულად დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე. საკრედიტო მხარზე სრულად უარის თქმა, ან მაქსიმალური საკრედიტო მხარის ათვისება რეკომენდირებული არ არის. უმჯობესია განსაზღვროთ თქვენი სავაჭრო კაპიტალი, გაანალიზოთ რისკები და შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური საკრედიტო მხარი რომელიც ერთის მხრივ საშუალებას მოგცემთ ივაჭროთ მაღალი მოგებით, მეორე მხრივ – არ ჩაგაყენებთ ფინანსურად რთულ მდგომარეობაში. ნუ ენდობით საბროკერო კომპანიებს როდესაც ისინი მაქსიმალური საკრედიტო მხარის გამოყენებას გთავაზობენ, ასევე სხვა ტრეიდერებს, რომლებიც იყენებენ მაღალ საკრედიტო მხარს. დაიმახსოვრეთ რომ ლევერიჯი უნდა აირჩიოთ მხოლოდ თქვენი შესაძლებლობის, ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით რისკების გაანალიზების შემდეგ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *